ნახევარფინალის კარი ღიაა: "შალკე" უნდა შევიდეს!

AutoSharing Option

გელზენკირხენი. „ფელტინს არენა აუფ შალკე“. 22:45
"შალკე"-"ინტერი"
პირველი მატჩი: 5:2

სავარაუდო შემადგენლობები
"შალკე" (4-1-3-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, შარპეი - პაპადოპულოსი - დრაქსლერი, ბაუმიოჰანი, ხურადო - რაული, ედუ.
"ინტერი" (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ნაგატომო - ხ. ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი - სნეიდერი - ეტო’ო, მილიტო.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

„შალკე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში - ამას ვინ იფიქრებდა? უარესი სენსაციებიც გვახსოვს, მაგრამ გელზენკირხენული კლუბი ბუნდესლიგაში მთელი სეზონის განმავლობაში იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, მართლა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლევან ყენიას გუნდი
ევროპის 4 საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრასთან ასე ახლოს იქნებოდა.

მას მერე, რაც „შალკემ“ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მილანის „ინტერი“ სტუმრად 5:2 გაანადგურა, ალბათ არ დარჩა ფეხბურთის მოყვარული, ვინც 2002 წელთან პარალელები არ გაავლო. მაშინ „ლევერკუზენი“ სულაც ფინალში გავიდა, სადაც „რეალთან“ 1:2 დამარცხდა. გეხსომებათ, კლაუს ტოპმიოლერის მიერ გაწვრთნილმა „ფარმაცევტებმა“ ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბარიერი გადალახეს, რაც უდიდესი სენსაცია იყო, მანამდე კი, მეოთხედფინალში, „ლივერპული“ დაიფრინეს...

პარალელების გავლება ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინ „ლევერკუზენს“ გაცილებით ძლიერი გუნდი ჰყავდა, ვიდრე დღეს „შალკეს“ ჰყავს. თვითონ განსაჯეთ: ტოპმიოლერის შეგირდები ჰანს-იორგ ბუტი, ლუსიო, დიეგო პლასენტე, კარსტენ რამელოვი, ბერნდ შნაიდერი, მიხაელ ბალაკი, ილდირაი ბაშთურქი, ოლივერ ნოივილი, დიმიტარ ბერბატოვი, ზე რობერტო და თვით ულფ კირსტენი იყვნენ...

დავუბრუნდეთ დღევანდელ შეხვედრას: გელზენკირხენში უდიდესი ზეიმია დაგეგმილი, რადგან „შალკე“ პირველად გადის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. „ხუმარების“ მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი დღეს გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ჯეფერსონ ფარფანს ვერ გამოიყენებს - პერუელი მილანში მიღებული მეორე გაფრთხილების გამოა დისკვალიფიცირებული. „პროფესორი რალფი“ მის ნაცვლად, ალბათ ახალგაზრდა იულიან დრაქსლერს ათამაშებს. არის ჩინელი ხუნმინ ჰაოს ვარიანტიც.

მიუხედავად პირველ შეხვედრაში მოპოვებული უდიდესი უპირატესობისა, რანგნიკი შეგირდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცდილობს, თითოეულ მათგანს შთააგონოს, რომ „შალკე“ ნახევარფინალში ჯერ არ გასულა. „მერე რა, რომ პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოვიგეთ - საჭიროა სრული კონცენტრაცია და ასპროცენტიანი თავდადება, თორემ „ინტერი“ აუცილებლად დაგვსჯის,“ - ამბობს რანგნიკი.

მილანელებს კი სასწაულის იმედი აქვთ. მართალია, „ინტერის“ ფეხბურთელების უმრავლესობამ ნახევარფინალზე ხელი უკვე ჩაიქნია, მაგრამ ზოგიერთი მოთამაშე ოცნებას აგრძელებს. მაგალითად, სამუელ ეტო’ომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ყველას შეახსენა, რომ „ნერაძურის“ ნახევარფინალზე ოცნებას მანამდე ვერ აუკრძალავენ, სანამ საპასუხო შეხვედრაში საფინალო სასტვენი არ გაისმება. არადა, „ინტერმა“ „შალკეს“ „ფელტინს არენაზე“ მინიმუმ ოთხი გოლი უნდა გაუტანოს და თუ ერთი მაინც გაუშვა, უკვე ხუთი ექნება გასატანი. „ინტერს“ დაცვის ბურჯი ლუსიო უბრუნდება - ფეხბურთელი, რომელიც მილანურ კლუბს პირველ შეხვედრაში აშკარად ძალიან დააკლდა. ბრაზილიელმა უკანახაზელმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და დღეს აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

იტალიის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა „ინტერმა“ „კიევოსთან“ 2:0 მოიგო და საფინალო სასტვენის შემდეგ, ესტებან კამბიასომ მეკარე ჟულიო სეზარი გულში ჩაიკრა, თან, საჩვენებელი და ცერა თითების კომბინაციით ნულს უჩვენებდა. ეს იმიტომ, რომ „მილანთან“ 0:3-ისა და „შალკესთან“ 2:5-ის შემდეგ, „ინტერმა“ როგორც იქნა, კარი მშრალად შეინახა.

„გელზენკირხენში სასეირნოდ არ მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ეს უტოპიაა, ნახევარფინალში გასვლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ,“ - ეს სწორედ კამბიასოს სიტყვებია.

„ერთხელ, „ბარსელონაში“ თამაშისას, „ხეტაფეს“ 5:1 მოვუგეთ, სტუმრად კი 0:4 დავმარცხდით და ესპანეთის თასს გამოვეთიშეთ... ჩემი აზრით, „ინტერს“ გელზენკირხენში დიდი ანგარიშით მოგება ნამდვილად შეუძლია,“ - ეს კი ეტო’ოს განცხადებაა.

მანუელ ნოიერის კარში მინიმუმ ოთხი გოლის გატანა, დაცვა საერთოდ რომც არ არსებობდეს, ძალიან ძნელია...





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული