მადლობა და ნახვამდის, "შახტარ"!

AutoSharing Option

შახტარი-ბარსელონა 0:1 (1:5)

როგორც მოსალოდნელი იყო, „ბარსელონა“ ნახევარფინალში აბსოლუტურად უპრობლემოდ გავიდა. „ნოუ კამპზე“ „შახტარის“ 5:1-ზე განადგურების შემდეგ, კატალონიელებმა „დონბას არენაზეც“ გაიმარჯვეს და ახლა „რეალთან“ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებისთვის (პრიმერადივიზიონში, ესპანეთის თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში) ემზადებიან.

მესის გოლი მისთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რიგით მე-9 გახლდათ, ზოგადად კი, ლეოს ამ სეზონში 48 გოლი აქვს შედგებული.


მატჩის წინ
„შახტარს“ არ ჰყავდა ორი უმთავრესი ფეხბურთელი მცველი რაცი (დისკვალიფიკაცია) და კაპიტანი (ასევე მცველი) სრნა (ტრავმა). მირჩა ლუჩესკუმ მათ ნაცვლად, კობინი და შევჩუკი ათამაშა. „ბარსელონას“ შემთხვევაში
კი, ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობის მოლოდინი არ გამართლდა: პეპ გვარდიოლამ მოედანზე ფაქტობრივად პირველი გუნდი გაიყვანა. „ბარსას“ ანდრეს ინიესტა დისკვალიფიკაციის გამო აკლდა და მის ნაცვლად, გვარდიოლამ აფელაი ათამაშა, ნახევარდაცვის ცენტრში კი, ხავიერ მასკერანოს მისცა თავის გამოჩენის შანსი.

 

Top ფეხბურთელი

იბრაჰიმ აფელაი (ბარსელონა)

„ბარსელონას“ აფელაი ძირითადი შემადგენლობისთვის არ უყიდია, მაგრამ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, როცა დაგვჭირდება, ამ ბიჭმა უნდა დაამტკიცოს, რომ „ბარსაში“ თამაშის ღირსია და მე მას თავის გამოჩენის შანსს არაერთხელ მივცემო. ინიესტას დისკვალიფიკაციის გამო მიღებული შანსი ჰოლანდიელმა ძალიან კარგად გამოიყენა და დაამტკიცა, რომ გვარდიოლად შეუძლია, ნებისმიერ დროს ენდოს. აფელაი ძალიან ბევრს მოძრაობდა, მარცხენა ფლანგზე მუდმივად აქტიურობდა და თამამად ვიტყვით, მოედანზე საუკეთესო იყო.


Flop ფეხბურთელი

დავიდ ვილია (ბარსელონა)

მოედანზე დავიდ ვილიაც იყო, მაგრამ არცერთ განსაკუთრებულ სცენაში არ მიუღია მონაწილეობა. გვარდიოლამ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი 75-ე წუთზე შეცვალა. ეს ნამდვილად არ იყო ვილიას დღე.


მსაჯი
გერმანელ არბიტრ ფლორიან მაიერს პრობლემები არ შეჰქმნია, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ თვითონ მატჩიც აბსოლუტურად უპრობლემო იყო. თუმცა ნამდვილად დასაფასებელია ის, რომ გერმანელმა მსაჯმა ასი პროცენტით სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.


ანალიზი
თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, „შახტარმა“ თავისი თამაში იპოვნა, „ბარსელონა“ კი ინერტული გახლდათ. გვარდიოლას შეგირდები თავს აშკარად არ იკლავდნენ, რის გამოც ვერც გავამტყუნებთ და მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ახორციელებდნენ მათთვის ჩვეულ პრესინგს. დონეცკელები კი თითქმის ყველა ორთაბრძოლაში ზომიერად აგრესიულად შედიოდნენ.

ალბათ პირველი მატჩის ანგარიშის ბრალი იყო ისიც, რომ კატალონიელებს ბურთის ფლობის მხრივ დიდი უპირატესობა არ ჰქონიათ და არც მოპოვება უცდიათ. ცხადი იყო, რომ „ბარსა“ ამ თამაშში ძალების დაზოგვას აპირებდა, რაც ლოგიკურია. „შახტარი“ მეტწილად მარცხენა ფრთიდან უტევდა და დონეცკელთა ყველა იერიში ჟადსონზე გადიოდა.

დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, მეტ-ნაკლებად „ბარსელონამაც“ იპოვნა თავისი თამაში. როგორც კი მეტად მოინდომეს, კატალონიელებმა „შახტარის“ კართან მაშინვე ორი მომენტი შექმნეს. მეორე მომენტი მესიმ გოლით დააგვირგვინა.

„ბარსელონა“ მეორე ტაიმშიც ფხიზლად იყო, დონეცკელებმა კი მხოლოდ პირველ წუთებში მოინდომეს, ხოლო დაახლოებით 65-ე წუთიდან, „შახტარი“ დანებდა და „ბარსამ“ პირველი „ელ კლასიკოსთვის“ მზადება დაიწყო. საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, „ბარსელონამ“ მაინც მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული