"შალკე" ლოგიკის წინააღმდეგ

AutoSharing Option
26. 04. 2011. გელზენკირხენი. „ფელტინს არენა აუფ შალკე“. 22:45
შალკე-მანჩესტერი

სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი (ან მატიპი), მეტცელდერი, შარპეი - მატიპი (ან კლუგე), პაპადოპულოსი - ფარფანი, ხურადო (ან ბაუმიოჰანი) - რაული, ედუ.
მანჩესტერი (4-2-2-2): ვან დერ სარი - რაფაელი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ქერიკი, გიგზი - პარკი, ვალენსია (ან ნანი) - რუნი, ერნანდესი.
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)


რანგნიკი: აუტსაიდერები ვართ! ეს სასიამოვნოა...
„ბრწყინვალე ფანტაზია გქონიათ! ამგვარი შედარება აზრადაც კი არ მომივიდოდა“, - ასეთი პასუხი გასცა „შალკეს“
მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა გუშინ ერთ-ერთ გერმანელ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია, „შალკეს“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა, 1969 წელს მთვარეზე ადამიანის პირველ ნაბიჯს შევადაროთ. თუმცა, „პროფესორმა რალფმა“ იქვე დასძინა, სამშაბათს გასამართი მატჩი, თავისი მნიშვნელობით, ნაღდად უდიდესია ყველა იმ შეხვედრებს შორის, რაც მწვრთნელის რანგში გამომიცდიაო.

ორი აზრი არ არსებობს: „შალკემ“ წელს უკვე ზღაპრულ წარმატებას მიაღწია - სამწუხაროდ, ლევან ყენიას გარეშე - მაგრამ „მადა ჭამაში მოდის“ და გელზენკირხენელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მილანის „ინტერის“ შემდეგ, ევროპის კიდევ ერთი სუპერგრანდი, „მანჩესტერ იუნაიტედიც“ გაამწარონ.

რანგნიკთან ერთად, პრესკონფერენციას გელზენკირხენელთა მთავარი იმედი, რაულიც ესწრებოდა. „ლოგიკა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მხარესაა, მაგრამ ჩვენ თავს არ დავზოგავთ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ამ დუელს ალოგიკური დასასრული ჰქონდეს,“ - თქვა ვეტერანმა ესპანელმა გოლეადორმა.

რაული ფინალზე ოცნებობს, კონკრეტულად, ისეთ ფინალზე, რომელშიც „თავის“ „რეალს“ დაუპირისპირდება - გუნდს, რომლის ღირსებას 18 წლის მანძილზე იცავდა. ჟურნალისტებს ოცნება რომ გაუმხილა, რამდენიმე წამით ჩაფიქრდა, მიხვდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალის“ წინააღმდეგ თამაში მასში ამბივალენტურ გრძნობებს გამოიწვევს და აზრი ასე დაასრულა: „ჩვენ რომ ფინალში გავიდეთ, ეს დაუჯერებელი, წარმოუდგენელი წარმატება იქნება. თუ ეს შევძელით, მართლა მინდა, რომ ფინალში „რეალს“ ვეთამაშოთ - მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის მძიმე იქნება. მაგრამ თუ დღეს ვინმე იმის გარანტიას მომცემს, რომ ფინალსაც მოვიგებთ, მაშინ ლონდონში მეტოქედ „ბარსელონას“ ვისურვებდი.“

თუმცა, „რეალამდე“ ან „ბარსელონამდე“ „მანჩესტერია“ და გელზენკირხენელები სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს საუკეთესო ეპითეტებით ამკობენ. „ეს არის გუნდი, რომელიც 20 წელია, მუდმივად ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს და თითქმის ყოველთვის მეოთხედფინალში გადის ხოლმე. „იუნაიტედი“ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სუპერგრანდია, რომელსაც ინდივიდუალურად უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. ამასთან, ფერგიუსონის სამწყსო გუნდური სულისკვეთებითაც გამოირჩევა, - ეს „შალკეს“ მცველის, კრისტოტ მეტცელდერის სიტყვებია, რომელიც იქვე დასძენს, - რუნი, გიგზი და სხვები ფავორიტები არიან. სამშაბათს, მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება გელზენკირხენისკენ იქნება მომართული. ჩვენ ეს ნამდვილად დავიმსახურეთ და ახლა, „იუნაიტედთან“ ორ დუელში, ჩვენი მიზანი ამ ზღაპრული გზის გაგრძელებაა.“

„მანჩესტერის“ ფავორიტობას, რა თქმა უნდა, რანგნიკიც აღიარებს, მაგრამ არც „პროფესორი“ მალავს, რომ ლონდონში გასამართ ფინალზე სერიოზულად ფიქრობს.

„ჩვენ ვიცით, რომ „მანჩესტერთან“ აუტსაიდერები ვართ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთი როლი ძალიან მომწონს. „ინტერთანაც“ აუტსაიდერები ვიყავით... ჩვენი მიზანი ისაა, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმუმი მივიღოთ. რაკი ნახევარფინალში გავედით, უფლება არ გვაქვს, რომ ფინალზე არ ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, გვინდა ლონდონში გამგზავრება!“ - აცხადებს რანგნიკი.

„პროფესორ რალფს“ მხოლოდ ერთი სერიოზული საკადრო პრობლემა აქვს: ცენტრალური მცველის, ბენედიქტ ჰიოვედესის თამაში გუშინ საღამომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. რანგნიკმა თქვა, შეძლებს თუ არა ბენედიქტი მოედანზე გასვლას, ეს უშუალოდ თამაშის დღეს გადაწყდებაო. ჰიოვედესი „შალკეს“ ძირითადი შემადგენლობის წევრი, მეტცელდერის მეწყვილე და გელზენკირხენული გუნდის დაცვის ბურჯია, რის გამოც, მისი არყოფნა „ხუმარებისთვის“ სერიოზული დანაკლისი იქნება. რანგნიკი დასძენს, რაც უნდა იყოს, რისკზე არ წავალთ, რადგან წინ საპასუხო მატჩია და შესაძლოა, ჰიოვედესი „ოლდ ტრეფორდზე“ უფრო დაგვჭირდესო.

თუ ჰიოვედესი ვერ ითამაშებს, დაცვის ცენტრში მას სავარაუდოდ საყრდენი ნახევარმცველი ჯოელ მატიპი შეცვლის, ხოლო მის ადგილს კი, ნახევარდაცვის ცენტრში სავარაუდოდ პეერ კლუგე დაიკავებს. დაცვაში თამაში კიდევ ერთ საყრდენს, კირიაკოს პაპადოპულოსსაც შეუძლია.


ო’ში გამოჯანმრთელდა, ბერბატოვი ვერ ითამაშებს
რაც შეეხება „მანჩესტერს“: ფერგიუსონს დღეს ბულგარელ თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვზე უარის თქმა მოუწევს, თუმცა ფერგი ამ უკანასკნელს ჩემპიონთა ლიგაში ისედაც იშვიათად ათამაშებს ხოლმე. თუმცა ბერბატოვი „იუნაიტედისთვის“ უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა რომ არის, ეს პირველ რიგში პრემიერლიგაში ჩანს, სადაც ბულგარელი 21 გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირია. ბერბატოვი „მანჩესტერს“ გელზენკირხენში ვერ გაჰყვა. მასთან ერთად, „მანჩესტერს“ ვერც დარენ ფლეტჩერი, ოუენ ჰარგრივზი და თავდამსხმელი ბებე დაეხმარებიან, თუმცა მათ დიდი ხანია, ტრავმები აწუხებთ.

სამაგიეროდ, ფერგიუსონს ჯონ ო’ში გამოუჯანმრთელდა. ამ უკანასკნელის თამაში „ევერტონთან“ მატჩის დროს მიღებული ტრავმის გამო იყო საეჭვო, მაგრამ ფეხზე დადგომა მოასწრო და თანაგუნდელებს გელზენკირხენში გაჰყვა. 29 წლის ო’ში, რომელიც „მანჩესტერის“ ღირსებას 16 წლის ასაკიდან იცავს, „იუნაიტედს“, რა თქმა უნდა, ფავორიტად მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად, თანაგუნდელებს აფრთხილებს, „შალკე“ ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არისო.

„გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ „ინტერს“ ამდენ გოლს გაუტანს, ნებისმიერისთვის საშიში მეტოქეა. „შალკე“ ნახევარფინალში შემთხვევით არ გასულა. სწორედ ამიტომ, დიდი სიფრთხილე და მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, - ამბობს ო’ში, - გელზენკირხენულ პუბლიკაზე ლეგენდები დადის, „ფელტინს არენაზე“ წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. მთელი ჩვენი გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ“.

დღეს ისტორიის შექმნა მანჩესტერელთა ვეტერან მეკარესაც შეუძლია. თუ „შალკე“ გოლის გატანას ვერ მოახერხებს, ედვინ ვან დერ სარი რეკორდსმენი გახდება - ჰოლანდიელი პირველი მეკარე იქნება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 50 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული