პორტუგალიელმა ესპანეთის თასის მოგების შემდეგ ძალების მოზღვავება იგრძნო და გვარდიოლას მისამართით სარკაზმულ გამონათქვამებს მიმართა. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გერმანელი ვოლფგანგ შტარკი განსჯის. მაგრამ ჯერ კიდევ მის დანიშვნამდე გვარდიოლამ თქვა, რომ მოურინიო ბედნიერი იქნებოდა არბიტრი პორტუგალიელი რომ ყოფილიყო. ამ სიტყვების წაყრუება და ისეთი სახის მიღება, თითქოს არაფერი მომხდარა, ჟოზეს უბრალოდ არ შეეძლო.
ბუნებრივია, ამით ისტორია ვერ დამთავრდებოდა, ან როგორ უნდა დასრულებულიყო, როდესაც ერთ-ერთი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. როგორც კი "ბარსელონას" თავკაცმა "განსაკუთრებულის" პასუხი მოისმინა, მაშინვე გრძელი ტირადით უპასუხა.
"მინდა უშუალოდ მოურინიოს მივმართო. ოთხშაბათს საღამოს ჩვენი გუნდები მოედანზე შეხვდებიან, იქ გავიგებთ ვინ უკეთესია. არ ვაპირებ მას პრესკონფერენციებზე მრავალსიტყვაობაში შევეჯიბრო. იქ ის, რა თქმა უნდა, უკონკურენტოა. მის მუშაობაში არის რაღაც საინტერესო და მე ამის შემჩნევას ვცდილობ, მაგრამ რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, მისგან არაფრის აღებას ვაპირებ", - განაცხადა გვარდიოლამ.
დავძენთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, ანდრეს ინიესტა მონაწილეობას ვერ მიიღებს. ესპანელმა მადრიდში მხოლოდ 10 წუთი ივარჯიშა, შემდეგ კი მოედანი დატოვა და გასახდელისკენ გაემართა.
მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით