მოურინიო: პეპი მსაჯების სწორ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "რეალის" მატჩის ირგვლივ ვნებათაღელვა მატულობს. ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და გუნდების მწვრთნელები პეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო აქტიურ დისკუსიაში ჩაებნენ.

პორტუგალიელმა ესპანეთის თასის მოგების შემდეგ ძალების მოზღვავება იგრძნო და გვარდიოლას მისამართით სარკაზმულ გამონათქვამებს მიმართა. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს გერმანელი ვოლფგანგ შტარკი განსჯის. მაგრამ ჯერ კიდევ მის დანიშვნამდე გვარდიოლამ თქვა, რომ მოურინიო ბედნიერი იქნებოდა არბიტრი პორტუგალიელი რომ ყოფილიყო. ამ სიტყვების წაყრუება და ისეთი სახის მიღება, თითქოს არაფერი მომხდარა, ჟოზეს უბრალოდ არ შეეძლო.

"პეპმა მწვრთნელთა კლასიფიკაციაში ახალი ერა გახსნა. ადრე მწვრთნელების ორი ტიპი არსებობდა: პირველები არასდროს საუბრობდნენ მსაჯობაზე, მეორენი კი, როგორც მე, მათ ფატალურ შეცდომებს აკრიტიკებდნენ, მაგრამ მათ სწორ გადაწყვეტილებებსაც აღნიშნავდნენ. ახლა შევიტყვე, რომ არსებობს მესამე კატეგორია, რომელსაც მხოლოდ პეპ გვარდიოლა მიეკუთვნება. ეს ისაა, რომელიც მსაჯების სწორ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს. იცით, ასეთი რამ აქამდე ნამდვილად არ მსმენია", - თქვა პორტუგალიელმა.

ბუნებრივია, ამით ისტორია ვერ დამთავრდებოდა, ან როგორ უნდა დასრულებულიყო, როდესაც ერთ-ერთი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა. როგორც კი "ბარსელონას" თავკაცმა "განსაკუთრებულის" პასუხი მოისმინა, მაშინვე გრძელი ტირადით უპასუხა.

"მინდა უშუალოდ მოურინიოს მივმართო. ოთხშაბათს საღამოს ჩვენი გუნდები მოედანზე შეხვდებიან, იქ გავიგებთ ვინ უკეთესია. არ ვაპირებ მას პრესკონფერენციებზე მრავალსიტყვაობაში შევეჯიბრო. იქ ის, რა თქმა უნდა, უკონკურენტოა. მის მუშაობაში არის რაღაც საინტერესო და მე ამის შემჩნევას ვცდილობ, მაგრამ რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, მისგან არაფრის აღებას ვაპირებ", - განაცხადა გვარდიოლამ.

დავძენთ, რომ პირველ მატჩში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება, ანდრეს ინიესტა მონაწილეობას ვერ მიიღებს. ესპანელმა მადრიდში მხოლოდ 10 წუთი ივარჯიშა, შემდეგ კი მოედანი დატოვა და გასახდელისკენ გაემართა.

მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული