ჟოზე "რეალს" არ უხდება

AutoSharing Option
მესამე „ელ კლასიკო“ 12 დღის განმავლობაში, ზღვა ემოციები, თავიდან ძალიან ზანტი, მერე კი ზედმეტად უხეში თამაში, წითელი ბარათები, „ბარსელონას“ დამსახურებული გამარჯვება, ფინალისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი და შესაბამისად, ისევ ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული ჟოზე მოურინიო...

„რეალის“ პორტუგალიელი მწვრთნელი გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს ჯერ კიდევ თამაშამდე ლანძღავდა და რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რას იტყოდა საფინალო სასტვენის შემდეგ - შტარკმა ხომ პეპე გააძევა და მერე მოურინიოც ზედ მიაყოლა. არც ისაა გასაკვირი, რომ ჟოზემ თამაშის შემდეგ უეფასაც აგინა. აი, იმას კი ნაღდად ვერ
წარმოვიდგენდით, რომ მოურინიო Uნიცეფ-საც გადასწვდებოდა...

ამრიგად, „ბარსა“ ცალი ფეხით ფინალშია, რადგან წარმოუდგენელია, რომ „რეალმა“ „ნოუ კამპზე“ სამბურთიანი სხვაობით მოიგოს. მოსისხლე მტრებს შორის გადამწყვეტი განსხვავება ლიონელ მესიმ დააფიქსირა - ორივე გოლი მის ანგარიშზეა (ლეოს 51-ე და 52-ე გოლები მიმდინარე სეზონში) - კრიშტიანო რონალდოს კი მთელი მატჩის განმავლობაში სახეირო არაფერი გაუკეთებია.

გააძევეს პეპე, გააძევეს მოურინიო, მანამდე კი, „ბარსას“ სათადარიგო კიპერ პინტუსაც აუფრიალეს წითელი ბარათი - იმის გამო, რომ შესვენებაზე „რეალის“ ფეხბურთელებსა და ფუნქციონერებს ჩხუბი დაუწყო. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც 3 მაისს გაიმართება, დისკვალიფიკაციის გამო ვერც სერხიო რამოსი ითამაშებს.


მატჩის წინ
ზუსტად ისე, როგორც ესპანეთის თასის ფინალში, მოურინიომ ამჯერადაც 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია, ოღონდ ძირითად შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ: ნახევარდაცვის ცენტრში, ტრავმირებული სამი ხედირა ლასანა დიარამ შეცვალა, დისკვალიფიცირებული რიკარდო კარვალიო კი, დაცვაში, რაულ ალბიოლმა ჩაანაცვლა.

როგორც მოსალოდნელი იყო, „ბარსელონას“ ანდრეს ინიესტა გამოაკლდა, რომლის ნაცვლად, სასტარტო შემადგენლობაში კეიტა ვიხილეთ. რაკი პეპ გვარდიოლას არცერთი ნომინალური მარცხენა მცველი აღარ ჰყავდა, ამ პოზიციაზე კაპიტანი კარლეს პუიოლი გაამწესა. მასკერანომ თამაში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო, დაცვაში კი, პიკეს გვერდით ბუსკეტსი თამაშობდა, მაგრამ მათ მალევე გაცვალეს პოზიციები - მასკერანომ დაცვის ცენტრში გადაინაცვლა, ბუსკეტსმა კი ნახევარდაცვაში.


მატჩი
თამაში ძალიან ინერტულად, დუნედ დაიწყო და გულშემატკივრებს იმედები ნაღდად გაუცრუვდებოდათ. „რეალის“ ფეხბურთელები „ბარსას“ ნახევარზე არ გადადიოდნენ და არც კატალონიურმა გუნდმა მოისურვა შეტევაში წასვლა. შესაბამისად, ხანდახან ასეთ სურათსაც ვხედავდით: კატალონიელები თავიანთ ნახევარზე ბურთს მშვიდად აგორებდნენ და მოედნის ცენტრს „რეალის“ არცერთი მოთამაშე არ სცდებოდა.

შესაბამისად, პირველ ტაიმში დასამახსოვრებელი მომენტები ფაქტობრივად არ ყოფილა - თუ არ ჩავთვლით ჩავის შორეულ დარტყმას (მე-3 წუთზე), რომელსაც კასილიასი უპრობლემოდ დახდვა; ვილიას დარტყმას 20 მეტრიდან, რომელიც კარს ასცდა; მესის გარღვევას და ჩავის დარტყმას, რომელიც მადრიდელთა მეკარემ ასევე უპრობლემოდ გააუვნებელყო და რონალდოს მზაკვრულ დარტყმას, რომლის შემდეგაც ვალდესმა ბურთი ვერ შეიმაგრა და დამატებაზე იოზილსაც აუღო, თუმცა ეს უკანასკნელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შესვენებაზე კატალონიელთა მეორე მეკარე პინტუმ დიდი ამბები ატეხა, მადრიდელ ფეხბურთელებსა და ერთ-ერთ ფუნქციონერს ეჩხუბა, მუშტებიც იქნია და წითელი ბარათი აუფრიალეს.

მეორე ტაიმი გუნდებმა შედარებით აქტიურად და უფრო აგრესიულად დაიწყეს, პირველი საინტერესო მომენტი კი პეპეს გაძევება გახლდათ: პორტუგალიელი დანი ალვეშისკენ გაშლილი ფეხით გაფრინდა და ჩაარტყა. ეს იყო მატჩის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი სცენა და შტარკის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებულია. ცხადია, გერმანელ არბიტრს შეეძლო პეპე დაენდო და არ გაეძევებინა, რითაც სუპერკლასიკოს ასპროცენტიან ინტრიგას შეუნარჩუნებდა, მაგრამ ეს აშკარად „რეალის“ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება იქნებოდა. მოურინიო კი გადამეტებული პროტესტის გამო გაუშვეს ტრიბუნაზე.

68-ე წუთზე ჩავიმ მშვენიერი პასი მისცა ვილიას, რომელიც არბელოასთან დუელში შევიდა, ცენტრისკენ წაიწია და კარგად დაარტყა, მაგრამ კასილიასმა ბრწყინვალე ნახტომში აუღო. მერე კი იყო მესის პირველი გოლი: შეცვლაზე შესულმა აფელაიმ მარსელოს წაფორხილებით ისარგებლა, ბრაზილიელს გასცდა და უმძაფრესი, დაბალი ჩაწოდებით, საჯარიმოში შეჭრილი მესი მოძებნა, რომელმაც რამოსს დასწრო და კასილიასს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა - 0:1.

87-ე წუთი და მესის მეორე გოლი: არგენტინელმა ბურთი „რეალის“ კარიდან 50 მეტრში მიიღო, ტურბო ჩართო, ბრწყინვალე სოლორეიდი წამოიწყო, ოთხი მადრიდელი ერთმანეთის მიყოლებით მიაწვინა და შვიდი მეტრიდან, ნახევრად მემარჯვენე პოზიციაზე გასულმა, კასილიასს მარჯვენა ფეხით გაუტანა - ესეც ლეოს მორიგი შედევრი!

დასკვნა: კატალონიელებმა ვერ იბრწყინეს და ვერც იფრინეს, მაგრამ მაინც დაამარცხეს უნიათო მადრიდელები, რომლებმაც მეორე ტაიმში ნერვებიც ვეღარ მოთოკეს და მხოლოდ აგრესიით გამოირჩეოდნენ.


Top ფეხბურთელი
ლიონელ მესი (ბარსელონა)
არგენტინელმა პირველ ტაიმში ფაქტობრივად ვერაფერი გააწყო - მადრიდელები მესის მშვენივრად აკონტროლებდნენ. აი, მეორე ნახევარში კი, ლეომ გაცილებით მეტად მოინდომა და მეტიც შეძლო. ორივე გოლი მის ანგარიშზეა - პირველის დროს დასწრებაზე ითამაშა იდეალურად და შესრულებად უნაკლო გამოუვიდა, მეორე გოლის დროს კი გვაჩვენა ის, რისთვისაც ლეო ასე უყვართ. მესისთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოვყოთ პუიოლიც, რომელიც მისთვის უჩვეულო, მარცხენა მცველის პოზიციაზე იდგა და კრიშტიანო რონალდოს ფაქტობრივად არაფერი გააბედინა.


Flop ფეხბურთელი
მესუთ იოზილი (რეალი)
ახალგაზრდა გერმანელმა გამთამაშებელმა თავი ვერც მესამე „ელ კლასიკოში“ გამოიჩინა და უფრო მეტიც: იოზილი საერთოდ არ ჩანდა. თვითონ განსაჯეთ: მესუთი 45 წუთის განმავლობაში ბურთს სულ 16-ჯერ შეეხო, არც ჩაწოდებები უვარგოდა და ვერც ორთაბრძოლებში ბრწყინავდა. ამიტომაც გაიყვანეს მოედნიდან შესვენებაზე.


მსაჯი
ჟოზე მოურინიო, „რეალის“ ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ვოლფგანგ შტარკს ალბათ დღესაც უშვერი სიტყვებით ლანძღავენ (ჟოზემ გერმანელ მსაჯს კრიტიკა არც თამაშის წინ დააკლო), მაგრამ ჩვენ პორტუგალიელი მწვრთნელის და მისი თანამოაზრეების აზრს ვერ გავიზიარებთ. საფეხბურთო წესების მიხედვით, პეპე ნამდვილად გასაგდები იყო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ შტარკს შეეძლო, „რეალი“ და ზოგადად „კლასიკო“ დაენდო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შტარკი შეცდა. საერთოდ კი, ძალიან ემოციურ, უხეშ და დაძაბულ მატჩს ის საკმაოდ კარგად გაუძღვა.


ანალიზი
როგორც მოსალოდნელი იყო, „რეალმა“ „ბარსელონას“ ბურთი დაუთმო. ცხადია, მოურინიომ ფონს გასვლა კონტრშეტევებით დაგეგმა, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“, რადგან პირველ ტაიმში არც „ბარსას“ შეუტევია. ამიტომაც წარიმართა შევხედრის პირველი ნახევარი ასე უინტერესოდ. „სამეფო გუნდიდან“ მეტოქის ნახევარზე პრესინგი არც მთავარ შემტევებს, რონალდოს, დი მარიასა და იოზილს მიუმართავთ. ეს ტრიოც უმეტესად ბურთის უკან იდგა და რაკი არც კატალონიელებმა მოინდომეს დიდად, პირველ ტაიმში სპექტაკლი საერთოდ არ შედგა.

მესის თავიდან მარტო ჩაბი ალონსო მეურვეობდა, მერე კი ეს საქმე ლასანა დიარასაც გაუნაწილა და უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში ამ ამოცანას თავი ორივემ კარგად გაართვა. გვარდიოლას ჭკვიანურ გადაწყვეტილებად უნდა ჩავუთვალოთ ის, რომ შეგირდებს „რეალის“ გამოწვევა არ მიაღებინა - მადრიდელებმა პირველ ნახევარში კატალონიელთა თავიანთ ნახევარზე გადატყუება არ გამოუვიდათ. მოკლედ, აქცენტი ორივე გუნდმა სიფრთხილეზე გააკეთა და ნეიტრალური ქომაგი პირველ ტაიმში ამიტომაც დაამთქნარებდა არაერთხელ.

მეორე ტაიმში, ჟოზემ ადებაიორის სახით მოედანზე „ნაღდი თავდამსხმელი“ შეუშვა და მადრიდელებმა პრესინგსაც მიმართეს, რითაც ბარსელონელებს თამაშის აწყობაში რამდენიმე, არცისე მტკივნეული შეცდომა დააშვებინეს. მიუხედავად მეტი აქტიურობისა, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე გუნდი დიდი გულისყურით უტევდა. აი, პეპეს გაძევების შემდეგ კი, „რეალმა“ ისევ უკან დაიხია, „ბარსელონამ“ კი უფრო თამამად დაიწყო შეტევაზე ზრუნვა, თუმცა მადრიდელები თავს მაინც კარგად იცავდნენ.

„ბარსელონას“ თამაშზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გვარდიოლას მიერ განხორციელებულმა ცვლილებამ, როცა პეპმა სუსტი პედრო თამაშიდან მოხსნა, მოედანზე კი აფელაი შეუშვა - მესის პირველი გოლი ხომ სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურება იყო. გოლმა „რეალი“ არია, მადრიდელებმა უხეშობებს უმატეს და მეორე ტაიმის მეორე ნახევარში მხოლოდ აგრესიით, ხშირად ძალიან უაზრო აგრესიით (ადებაიორის უხეშობა) გამოირჩეოდნენ. „რეალი“ თითქოს სწორედ ამის გამო დაისაჯა მეორე გოლითაც, რომელმაც ამ წყვილის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. „ბარსელონამ“ პირველიდან ბოლო წუთამდე მოთმინებით ითამაშა, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტაბლოზე დაფიქსირებული „რეალისთვის“ ძალიან ცუდი ანგარიში კი ყველაზე მეტად მესის დამსახურებაა.


გამოხმაურება
მოურინიომ კიდევ ერთხელ არ აღიარა მარცხი და წარუმატებლობა სხვებს, უფრო სწორად, ყველას და ყველაფერს დააბრალა. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, როგორ შეაფასებს მომხდარს და უშუალოდ გამოხმაურებას „სამეფო გუნდის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რომელსაც არ მოსწონს, როცა „რეალის“ მწვრთნელები მსაჯებს აკრიტიკებენ ხოლმე.

დეკემბერში, „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც „რეალმა“ 1:0 მოიგო, ჟოზემ არბიტრები ასევე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, პერესმა კი მაშინ მოურინიოს ამ საქციელს არასასურველი უწოდა და თქვა, რომ მსაჯებზე ლაპარაკი არა მწვრთნელის, არამედ გენერალური დირექტორის, ხორხე ვალდანოს საქმეა.

Porque?“ - ეს სიტყვა მოურინიომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ძალიან ბევრჯერ გაიმეორა და ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ასე ითარგმნება: „რატომ“.
„რატომ? რატომ მექცევიან ასე უსამართლოდ? - ეს იყო მოურინიოს მთავარი მესიჯი და ჟოზემ პრესკონფერენციაზე ყველა ხერხით სცადა, ჟურნალისტების ეჩვენებინა, რომ იმ საღამოს მსხვერპლი იყო, - რატომ ანიჭებენ მსაჯები „ბარსელონას“ უპირატესობას, რატომ აკეთებენ უეფა და მისი მსაჯები ყველაფერს იმისათვის, რომ „ბარსას“ მოწინააღმდეგებს კატალონიური გუნდის დამარცხების შანსი მოუსპონ, რატომ ვართ პეპე, სერხიო რამოსი და მე საპასუხო მატჩისთვის დისკვალიფიცირებულები? რატომ, რატომ, რატომ?“

„ბარსელონა“ კი ოფიციალურად აპირებს ჩივილს, რადგან კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ მოურინიო „ბარსას“ ღირსებას და სახელს ლახავს. ჩვენ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ როცა ასეთ ტაქტიკას ირჩევ, მეტოქეს ბურთს უთმობ და აგრესიულ ორთაბრძოლებზე აკეთებ გათვლას, იმაზეც უნდა მოაწერო ხელი, რომ შენს ფეხბურთელებს ბარათებს ჩამოურიგებენ. ფაქტი ერთია: არც სერხიო რამოსის გაფრთხილება და არც პეპეს გაძევება გადაჭარბებული, ან, მით უმეტეს უსამართლო არ ყოფილა... სხვა საქმეა ის, რომ პეპეს გაძევების დროს, დანი ალვეში მინდორზე ისე იკლაკნებოდა, თითქოს უმძიმესი ტრავმა მიიღო - ეს არასპორტული საქციელია, მაგრამ პეპე გასაგდები იყო.

ჟოზემ გარკვეულ კითხვებს თვითონ უნდა გასცეს პასუხი. მაგალითად: რატომ ვერ ბედავდნენ „რეალის“ ფეხბურთელები პირველ ტაიმში „ბარსელონას“ ნახევარზე გადასვლას? და სად გაქრა ის მუქარა და სიამაყე, რომლითაც „სამეფო გუნდი“ ესპანეთის თასის მოგების შემდეგ განიმსჭვალა? ადამიანური თვალსაზრისით კი, მოურინიოს განრისხება აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, რადგან „რეალისთვის“ ეს სეზონი ფაქტობრივად დამთავრებულია. პრესკონფერენციაზე ჟოზემ თქვა, მორჩა, გავარდით, ფინალში ვეღარ გავალთო და შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ბედიც გადაწყვეტილია - „ბარსელონას“ სასარგებლოდ.

ერთსღა დავამატებთ: მოურინიოს სტილი „რეალს“ არ უხდება და არც ეკადრება... აი, მილანის „ინტერს“ უხდებოდა და ეკადრებოდა კიდეც, „რეალს“ კი - არა! შესაძლოა, ამ ყველაფერს ოთხშაბათს ფლორენტინო პერესიც მიხვდა...

მკითხველის კომენტარები / 8 /
ზოგიერთი იტყვის ბარსელონასკენაა ავტორიო, მაგრამ მგონი რომ რეალისკენაა, ვინაიდან ეს რეალი რეალის ისტორიის სირცხვილია. მაურინიო უალაპარაკოდ გასაშვებია. ხუან დე რამოსის რეალი უტევდა და ისე მაინც აგებდა, ეს კი?
რონალდოს რაც შეეხება პუიოლი მოედანზე იყო და რას იზამდა? რამდენჯერაც შეხვდნენ იმდენჯერ უფუნქციოდ დატოვა ბარსელონას კაპიტანმა
daviti
12:03 29-04-2011
0
ღირსეულად წაგება დაამის აღიარება, არანაკლებ დასაფასებელია, მაგრამ ჟოზეს ეს კიდე ერთხელ დაავიწყდა.
levani kaxeti
13:56 29-04-2011
0

სიახლეები პოპულარული