"მანჩესტერი"-"შალკეს" წინ - ფერგი რუნის და ჩიჩარიტოს ასვენებს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მეორე საპასუხო მატჩის წინ „შალკეს“ შანსები იმდენად მცირეა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თამამად ამბობს, რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დავასვენებო.

„იუნაიტედმა“ გელზენკირხენში დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 მოუგო და მხოლოდ „შალკეს“ უკანასკნელ ოპტიმისტ ფანებს თუ სჯერათ, რომ რალფ რანგნიკის გუნდს „ოლდ ტრეფორდზე“ სასურველი ანგარიშით მოგება შეუძლია. „მანჩესტერს“ კი მართლაც სჭირდება ძალების დაზოგვა, რადგან ფერგიუსონის ბიჭები გასულ უქმეებზე, პრემიერლიგაში „არსენალთან“ დამარცხდნენ (0:1), რის შემდეგაც, უახლოეს მდევარ „ჩელსის“ მხოლოდ სამი ქულითღა უსწრებენ. ინგლისის ჩემპიონატის მომდევნო ტურში კი, „იუნაიტედი“ სწორედ
„ჩელსის“ უნდა შეხვდეს...

მართალია, მანკუნიანელები ოდნავ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებენ, მაგრამ „იუნაიტედის“ საყრდენი ნახევარმცველი მაიკლ ქერიკი დარწმუნებულია, რომ „შალკეს“ მაინც არ აქვს დღევანდელი შეხვედრის თუნდაც ფრედ დამთავრების შანსი.

„გამორიცხულია, რომ ფრეზე ვითამაშოთ. შევუტევთ ზუსტად ისე, როგორც პირველ მატჩში ვუტევდით. ასე რომ, რაულსა და კომპანიას ფინალში გასვლის თუნდაც მცირე იმედიც ნუ ექნებათ, - აცხადებს მანჩესტერელთა 29 წლის ნახევარმცველი და იქვე დასძენს, - მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაასვენებს ფერგიუსონი. ვინც მოედანზე გავა, ყველა უდიდესი თავდადებით ითამაშებს. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, სადაც ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.“

„მანჩესტერმა“ პირველი მატჩი რაიან გიგზისა და უეინ რუნის გოლების წყალობით მოიგო, თანაც, ორივე გოლი სამი წუთის ინტერვალში გაიტანა და დღევანდელი დაპირისპირების წინ ძალიან კომფორტულ მდგომარეობაშია. მეტიც: ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ 28 მაისს, ლონდონში სწორედ „იუნაიტედი“ ითამაშებს, „შალკესთვის“ კი ჩემპიონთა ლიგის ზღაპარი ნახევარფინალში მთავრდება, რაც ნამდვილად „ჰეფი ენდად“ უნდა მოვნათლოთ, რადგან გელზეკირხენული კლუბისთვის ესეც უდიდესი მიღწევაა.


რუნი და ერნანდესი დაისვენებენ
რაც შეეხება კონკრეტულ საკადრო ცვლილებებს: „მანჩესტერის“ ძირითად შემადგენლობაში დღეს ვერც რუნის ვიხილავთ და ვერც ხავიერ ერნანდესს. ეს თვითონ ფერგიუსონმა დაადასტურა: „სასტარტოში რამდენიმე ცვლილება იქნება, ეს გარდაუვალია, რადგან მომავალ უქმეებზე „ჩელსისთან“ უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს და ძალები ზუსტად უნდა გადავანაწილოთ. სწორედ ამიტომ, „შალკესთან“ თავდასხმაში მაიკლ ოუენისა და დიმიტარ ბერბატოვის დუეტს ვათამაშებ“, - განაცხადა ფერგიუსონმა გუშინწინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბულგარელი გოლეადორი ბერბატოვი, რომელიც პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს და მექსიკელ ერნანდესს შეცვლის, ხოლო ოუენს კი რუნის ადგილზე, უკან დახეული ფორვარდის პოზიციაზე ვიხილავთ. გაგახსენებთ, რომ ერნანდესმა პირველ მატჩში არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რადგან „შალკეს“ მეკარე მანუელ ნოიერი შესანიშნავად თამაშობდა, რუნიმ კი მეორე გოლი გაიტანა.

სამაგიეროდ, ფერგიუსონი ცვლილებებს არ განახორციელებს უკანა ხაზში, სადაც, სავარაუდოდ, ისევ იმ ფეხბურთელებს ენდობა, რომლებიც გელზენკირხენში ათამაშა. აღსანიშნავია, რომ ფერგის დარენ ფლეტჩერი გამოუჯანმრთელდა. ამ უკანასკნელმა „ფელტის არენა აუფ შალკეზე“ ავადმყოფობის გამო ვერ იასპარეზა.


შალკეს სჭირდება სასწაული, რომელიც...
გუშინწინ გამართულ პრესკონფერენციაზე, „შალკეს“ თავკაც რალფ რანგნიკს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა ველოდოთ თუ არა თქვენი გუნდისგან მორიგ, ზუსტად ისეთ სასწაულს, როგორიც „შალკემ“ ერთი თვის წინ მილანში მოახდინაო. ამ კითხვამ „პროფესორი რალფი“ ძალიან გააბრაზა - ყოველ შემთხვევაში, „შალკეს“ თავკაცს ერთობ ალერგიული რეაქცია ჰქონდა.

„რას ნიშნავს მორიგი სასწაული? „ინტერს“ სტუმრად 5:2 რომ მოვუგეთ, ის გამარჯვება სულაც არ იყო სასწაული. ეს იყო აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომელიც იდეალურად შევასრულეთ და „ინტერი“ ყველა ასპექტში დავჯაბნეთ. შესაძლოა, „ინტერი“ ინდივიდუალურად არანაკლებ კარგადაა დაკომპლექტებული, ვიდრე „მანჩესტერი“, მაგრამ როგორც გუნდი, „იუნაიტედი“ გაცილებით ძლიერია, ვიდრე მილანური გრანდი“, - აღნიშნა გაწიწმატებულმა რანგნიკმა.

მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, რას დავარქმევთ, გნებავთ სასწაული უწოდეთ, გნებავთ სენსაცია, ფაქტი ის არის, რომ „შალკეს“ „ოლდ ტრეფორდზე“ მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდება. გელზენკირხენული კლუბის უკიდურესად ოპტიმისტი ქომაგები ამბობენ, სად უნდა მოხდეს ამგვარი სასწაული, თუ არა „ოლდ ტრეფორდზე“, ანუ, „ოცნებების თეატრშიო“.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ხელი ბოლომდე არც ფეხბურთელებს ჩაუქნევიათ. მაგალითად, 30 წლის საყრდენი ნახევარმცველი პეერ კლუგე ამბობს, ვინ იფიქრებდა, რომ მილანში ხუთ გოლს გავიტანდითო, რითაც იმის თქმა უნდა, რომ „შალკეს“ გამარჯვება მანჩესტერშიც შეუძლია. „სანამ რამე შესაძლებელია, წარმატების ყოველთვის უნდა გჯეროდეს,“ - ეს კი 24 წლის ალექსანდერ ბაუმიოჰანის სიტყვებია.

რანგნიკი კი იმას უსვამს ხაზს, რომ მის გუნდს დასაკარგი აღარაფერი აქვს, რამაც „შალკეს“ წესით ფრთები უნდა შეასხას - თუკი ეს შესაძლებელია. მაგრამ „პროფესორი რალფი“ იმასაც ამბობს, რომ „მანჩესტერთან“ უკანმოუხედავ შეტევებზე წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია, შემტევ და დაცვით ფეხბურთს შორის ბალანსს კი ტაქტიკური თვალსაზრისით საუკეთესო მზადყოფნა სჭირდება.

თუ როგორ უნდა ითამაშოს „შალკემ“ მანჩესტერში, ამაზე დეტალურად გელზენკირხენელთა ცენტრალურმა მცველმა, 30 წლის კრისტოფ მეტცელდერმა ისაუბრა: „გაცილებით კომპაქტურად უნდა ვიდგეთ და ბურთთან უფრო აგრესიულად უნდა ვიმუშავოთ. „იუნაიტედი“ ჩვენზე ძლიერია, რის გამოც, თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ თავს უნდა გადაახტეს. იმისათვის, რომ სასწაულის მოხდენა მართლაც რეალური გახდეს, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ!“

აღსანიშნავია ისიც, რომ „შალკეს“ მეორე მცველი, უკანა ხაზის ბურჯი ბენედიქტ ჰიოვედესი მწყობრში ჰყავს და სხვათა შორის, გამოჯანმრთელდა ჰოლანდიელი თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარიც, მაგრამ ეს უკანასკნელი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. ჰუნტელაარს რანგნიკის ფორმაციის „შალკეში“ ჯერ არ უასპარეზია და მაქსიმუმ შეცვლაზე ითამაშოს.


4. 05. 2011. მანჩესტერი. „ოლდ ტრეფორდი“. 22:45
მანჩესტერი-შალკე
პირველი მატჩი: 2:0
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-4-2): ვან დერ სარი - ფაბიო და სილვა, რ. ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, ქერიკი, სქოულზი, ნანი - ოუენი, ბერბატოვი.
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, სარპეი - კლუგე, პაპადოპულოსი - ფარფანი, ხურადო - რაული, ედუ.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული