მან თქვა, რომ „რეალისთვის“ ეს იყო „შეუსრულებელი მისია ნომერი 4“ და ისიც აღნიშნა, რომ ამ ოთხიდან, მადრიდულმა გრანდმა ერთი მისია მაინც შეასრულა (პორტუგალიელმა ესპანეთის თასის მოგება იგულისხმა), იმის გათვალისწინებით, რომ „ბარსას“ აშკარად ეხმარებიან“, საკმაოდ დიდი მიღწევააო.
და რონალდომ უეფას შეუთვალა, კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის თასი ბარემ პირდაპირ გადაეცითო. იკერ კასილიასის აზრით, პირველ მატჩში გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს პეპე რომ არ გაეძევებინა, ის შეხვედრა 0:0 დამთავრდებოდა და რაკი „ნოუ კამპზე“
ვარაუდები, ფაქტები, კიდევ ერთი სკანდალური „ელ კლასიკო“ - ფაქტი ის არის, რომ ლონდონში „ბარსელონა“ ჩავა, „რეალის“ ხელმძღვანელებმა კი, დაგვერწმუნეთ, უკვე სერიოზულად დაიწყეს იმაზე ფიქრი, ღირს თუ არა მოურინიოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვება.
მატჩის წინ
პეპ გვარდიოლამ დიდი ხნის შემდეგ პირველად დააყენა თითქმის სასურველი ძირითადი შემადგენლობა: 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში, ნახევარდაცვაში ტრიო ბუსკეტსმა, ჩავიმ და გამოჯანმრთელებულმა ინიესტამ შეკრეს. მიუხედავად ერიკ აბიდალის გამოჯანმრთელებისა, მარცხენა მცველის პოზიციაზე კვლავ კარლეს პუიოლი ვიხილეთ, დაცვის ცენტრში კი, პიკეს გვერდით ისევ მასკერანო დადგა.
„რეალს“ მოურინიოს გარდა, პეპე და სერხიო რამოსიც დისკვალიფიცირებული ჰყავდა. სამაგიეროდ, სასტარტოში რიკარდო კარვალიო დაბრუნდა. მოურინიო სტადიონზე არც მისულა - მატჩს თვალი სასტუმროდან მიადევნა. „სამეფო გუნდის“ ძირითად შემადგენლობაში, იოზილის ნაცვლად კაკა ვიხილეთ და პირველი მატჩისგან განსხვავებით, „რეალმა“ თამაში ნაღდი ცენტრფორვარდით დაიწყო - უპირატესობა გონსალო იგუაინს მიენიჭა, ქარიმ ბენზემა და ემანუელ ადებაიორი კი სკამზე დასხდნენ. ჟოზეს არყოფნაში, „რეალს“ აიტორ კარანკამ უხელმძღვანელა.
მატჩი
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, გუშინწინდელი სუპერკლასიკო გაცილებით აქტიურად დაიწყო, რაც პირველ რიგში „რეალის“ დამსახურებაა. მადრიდელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდათ და თავიდანვე თამამად შეუტიეს. მიუხედავად ამისა, პირველი რეალური საგოლე მომენტი მაინც კატალონიელებს შეექმნათ: 33-ე წუთზე მესიმ ბურთი მკერდზე მოხდენილად მიიღო, ცრუმოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიცილა და 14 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ კასილიასის კარს ააცილა. ზუსტად ერთ წუთში, „ბარსამ“ საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა - მესიმ ვილია მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი შორეული, მაღალი კუთხისკენ გაგზავნა, მაგრამ კასილიასმა ისევ იყოჩაღა. არ გასულა ორ წუთზე მეტი და ისევ „ბარსას“ მომენტი: მესიმ „რეალის“ საჯარიმოში ბურთი ოთხ მადრიდელთა ბრძოლაში შეინარჩუნა, მერე კი ვილიას უპასა, რომელმაც მაშინვე ჩავი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ქუსლით დაუგორა მესის, რომლის დარტყმა კვლავ კასილიასმა გააუვნებელყო.
რაღა კასილიასი და რაღა მანუელ ნოიერი „მანჩესტერის“ წინააღმდეგ? არა, მთლად ეგრეც არ ყოფილა! მე-40 წუთზე ჩაბი ალონსომ შესანიშნავი პასი მისცა რონალდოს, რომელმაც ფლანგიდან იგუაინისკენ გაგზავნა ბურთი, მაგრამ ვალდესმა კარი დროულად დატოვა და არგენტინელ თავდამსხმელს არაფერი გააბედინა.
49-ე წუთზე „რეალმა“ გაიტანა გოლი, რომელიც, სამართლიანად არ ჩაითვალა, რადგან რონალდო იგუაინისთვის პასის მიცემის მომენტში დაეცა და მასკერანოს ფეხებში გაებლანდა. შესაძლოა, მასკერანოს იგუაინისთვის ვეღარც მიესწრო, მაგრამ ფაქტია, რომ ჯარიმა იყო.
54-ე წუთზე კი კატალონიელებმა ანგარიში გახსნეს: დანი ალვეშისა და ინიესტას კომბინაციას, ამ უკანასკნელის გენიალური პასი მოჰყვა პედროსკენ, რომელიც კასილიასთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩა, „რეალის“ მეკარე კი ამჯერად უძლური აღმოჩნდა.
ათ წუთში მადრიდელებმა წონასწორობა აღადგინეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს გოლი პიკეს სინდისზეა, რომელმაც საშინელი პასი გააკეთა. დი მარიამ ბურთი ძელს მოარტყა, იქიდან ასხლეტილი კი მარსელოს მიუვიდა, რომელმაც ვალდესის კარი უპრობლემოდ დალაშქრა. ამრიგად, 1:1 და „რეალს“ ფინალში გასასვლელად კიდევ ორი გოლი სჭირდებოდა.
90-ე წუთზე გვარდიოლამ მოედანზე აბიდალი შეუშვა და ფრანგს მთელი „ნოუ კამპი“ უდიდესი ოვაციით შეეგება. რაც შეეხება „რეალს“: მადრიდელებს მომენტები აღარ ჰქონიათ.
დასკვნა: „რეალმა“ გაცილებით უკეთ ითამაშა, ვიდრე პირველ შეხვედრაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „სამეფო გუნდისთვის“ ამდენ წუწუნს ის აჯობებდა, რომ პირველ მატჩშიც შეეტიათ...
რეაქციები
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): „ჩვენ უბრალოდ კმაყოფილები ვართ იმით, რომ „რეალი“ გავაგდეთ და ფინალში გავედით. საბოლოო ჯამში მთავარი ნაღდად არ არის ის, თუ ვინ უფრო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს - ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. მე კი უბრალოდ მიხარია, რომ ჩვენ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და ფინალშიც სწორედ ასეთი ფეხბურთით გავედით. შარშან „ინტერმა“ მახინჯი ფეხბურთით მოგვიგო, მაგრამ არ მითქვამს, რომ მილანელები იმ წარმატებას არ იმსახურებდნენ...“
პედრო (ბარსელონა): „დღეს „რეალმა“ უკვე ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ მაინც მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. მოგება „ნოუ კამპზეც“ გვინდოდა, მაგრამ რაც მთავარია, ფინალში ვართ. უბედნიერესი ადამიანი ვარ იმის გამო, რომ გოლი გავიტანე. დიდი მადლობა ინიესტას მაგიური პასისთვის.“
იკერ კასილიასი (რეალი): „პირველ შეხვედრაში პეპე რომ არ გაეძევებინათ, ის მატჩი 0:0 დამთავრდებოდა და რაკი დღეს 1:1-ს მივაღწიეთ, ფინალში ჩვენ გავიდოდით. იგუაინის გოლი, ჩემი აზრით, უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე...“
კრიშტიანო რონალდო (რეალი): „ეს იყო მორიგი მისია, რომლის შესრულებაც შეუძლებელი გახლდათ. წესით, აქ საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავით... ადგნენ და „ბარსას“ პირდაპირ ჩაახუტონ თასი. რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?“
Top ფეხბურთელი
ჩავი ერნანდესი (ბარსელონა)
„ბარსას“ მთავარმა ფლეიმეიქერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მშვენიერ პასებს რომ თავი დავანებოთ, ჩავი ბურთს 102-ჯერ შეეხო და მისი პასების 94 პროცენტი (!) ზუსტი გახლდათ. ჩავისთან ერთად, საუკეთესო იყო ინიესტაც.
Flop ფეხბურთელი
კაკა (რეალი)
პირველი დაპირისპირების ყველაზე უსახური ფეხბურთელი მესუთ იოზილი გახლდათ, გუშინწინდელ მატჩში კი, მთავარი Flop მოთამაშე უკვე კაკა იყო - ფეხბურთელი, რომელმაც იოზილი შეცვალა. ბრაზილიელი პირველ ტაიმში საერთოდ არ ჩანდა. კაკამ გამთამაშებლის მოვალეობებს თავი საერთოდ ვერ გაართვა. თვითონ განსაჯეთ: ის პირველ ტაიმში ბურთს მხოლოდ 13-ჯერ შეეხო. ერთი სიტყვით, კაკა „ბარსელონასთვის“ არანაირ ხიფათს არ წარმოადგენდა. ამიტომაც გაიყვანეს მოედნიდან.
მსაჯი
ბელგიელი ფრანკ დე ბლეეკერე შეეცადა, მშვიდი ყოფილიყო. მართალია, ნაკლებად აგრესიული ორთაბრძოლების დროსაც უსტვენდა, სამაგიეროდ, ყვითელი ბარათის ამოღებას არ ჩქარობდა. მან მე-13 წუთზე კარვალიო გააფრთხილა, მერე კი, სამი საკმაოდ უხეში ორთაბრძოლისას ყვითელი აღარ უჩვენა. 75-ე წუთზე მარსელომ მესი რომ მოცელა, მადრიდელი აშკარად გასაფრთხილებელი იყო, ისევე, როგორც ბარსელონელი პედრო დიარასთან ორთაბრძოლის შემდეგ. მოკლედ, ბელგიელმა არბიტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს „კლასიკო“ წითელი ბარათის გარეშე დამთავრებულიყო.
ანალიზი
შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ბარსელონაში კოკისპირული წვიმა წამოვიდა და „ნოუ კამპის“ მოედანი მაგრად დასველდა, რის გამოც ფეხბურთელები დიდ რისკზე წასვლას ვერ ახერხებდნენ. პირველი მატჩისგან განსხვავებით, „რეალმა“ თავიდანვე შეუტია - მადრიდელი ფეხბურთელები თამამად გადადიოდნენ „ბარსას“ ნახევარზე. რაკი „რეალმა“ თამაში გახსნა, კატალონიელებსაც გაეხსნათ ხელ-ფეხი, მაგრამ გვარდიოლას გუნდი პირველი ტაიმის პირველ ნახევარში უჩვეულოდ ბევრ არაზუსტ პასს აკეთებდა.
მართალია, „რეალი“ გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე პირველ შეხვედრაში, მაგრამ ბურთს მაინც „ბარსა“ აკონტროლებდა. თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში კი, კატალონიელებმა ტემპსაც მოუმატეს და რამდენიმე მომენტი შექმნეს, მაგრამ კასილიასი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
„ბარსელონა“ მეორე ტაიმშიც აკონტროლებდა სიტუაციას, მადრიდელები ვალდესის კართან მომენტებს ვერ ქმნიდნენ და კატალონიელთა კარს რეალურად მხოლოდ 55-ე წუთზე დაემუქრნენ. მარსელომ ანგარიში რომ გაათანაბრა, ვალდესის კარიდან ბურთი დიდი მონდომებით გამოიტანა და ცენტრისკენ წაიღო - „რეალმაც“ აშკარად მეტად მოინდომა, მაგრამ მადრიდელებმა ისეთი ვერაფერი მოიმოქმედეს, „ბარსელონას“ ფინალში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დამდგარიყო.