”შალკე” იყო და არა იყო რა

AutoSharing Option
„შალკე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ ვერ გავიდოდა, ამაში პირველი მატჩის შემდეგაც დავრწმუნდით, ლევან ყენიას გუნდმა საკუთარ მოედანზე 0:2 რომ წააგო, გუშინწინ კი, „ოლდ ტრეფორდზე“ უკვე ოფიციალურად გაფორმდა ის, რაც გარდაუვალი იყო: 28 მაისს, ლონდონში, „ბარსელონას“ წინააღმდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ითამაშებს.

გელზენკირხენელები ცოტას კი იმუქრებოდნენ, მანჩესტერში ასე და ასე ვითამაშებთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ჩვენსას ვეცდებითო, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ, რომ ყოველგვარი ვარაუდები და მარჩიელობა უაზრო იყო, რადგან როცა სერ ალექს ფერგიუსონი წამყვანი ფეხბურთელების დასვენებას გადაწყვეტს, იქ სამარჩიელო აღარაფერია. უბრალოდ, დასანანია, რომ ჩემპიონთა
ლიგის ნახევარფინალში „იუნაიტედმა“ თავს იმის უფლება მისცა, რომ უეინ რუნი, მაიკლ ქერიკი და რიო ფერდინანდი განაცხადშიც კი არ ყოფილიყვნენ, დაცვის ცენტრში კი ევანსსა და სმოლინგს ეთამაშათ.

წესით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი სულ სხვანაირი უნდა იყოს, გუშინწინ კი, მანჩესტერელები მომავალ უქმეებზე „ჩელსისთან“ გასამართ მატჩზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე „შალკესთან“ პაექრობაზე და რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად ამისა, მაინც გაიმარჯვეს და თანაც, დიდი ანგარიშით. საინტერესოა ისიც, რომ „შალკე“ იმ დღეს 107 წლის გახდა და იუბილეზე, ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.


მატჩის წინ
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, რალფ რანგნიკმა ძირითად შემადგენლობაში ორი ფეხბურთელი შეცვალა: ათამაშა გამოჯანმრთელებული ჰიოვედესი და მასთან ერთად ახალგაზრდა ნახევარმცველი დრაქსლერი, მატიპი და ედუ კი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. „შალკეს“ მწვრთნელმა ტაქტიკური სქემაც შეცვალა: 4-2-3-1 4-4-2-ის ნაცვლად. ის ერთადერთი ცენტრფორვარდი კი რაული გახლდათ.

„მანჩესტერი“ კი მოედანზე ფაქტობრივად სრულიად ახალი შემადგენლობით გავიდა. სასტარტოში მხოლოდ ვალენსია და ვან დერ სარი შემორჩნენ - ფერგიუსონმა ცხრა (!) ფეხბურთელი, მათ შორის, დაცვის ხაზი მთლიანად შეცვალა. ფერდინანდი, ქერიკი და რუნი განაცხადში საერთოდ არ ყოფილან. არა, ფერგიუსონს ამით „შალკეს“ მასხრად აგდება ნამდვილად არ სურდა - უბრალოდ, „იუნაიტედი“ „ჩელსისთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ემზადება, „შალკესთან“
დაპირისპირება კი ფაქტობრივად ფორმალობა იყო.

მატჩი
„შალკემ“ თამაში შეტევით, უფრო სწორად, ფაფხურით დაიწყო, გოლები კი ისევ მანჩესტერელებმა გაიტანეს: 26-ე წუთზე ხურადომ ბურთი დაკარგა, გიბსონმა კი ბრწყინვალე პასით ვალენსია ნოიერს შეატოვა და მანკუნიანელთა გარემარბმა „შალკეს“ კიპერს შანსი არ დაუტოვა - 1:0; ხუთი წუთის შემდეგ, რაფაელის აუტს ანდერსონი გამოეხმაურა, ვალენსიას უპასა, ამ უკანასკნელმა კი გიბსონი მოძებნა, რომლის უძლიერესი დარტყმა ნოიერისთვის სერიოზული პრობლემა გახდა - მანუელმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, გაექცა, ძელს მოხვდა და კარში შევარდა - 2:0.

მაგრამ „შალკემ“ ძალიან მალე შეძლო იმედის გოლის გატანა, რომელიც სმოლინგის სინდისზეა. „მანჩესტერის“ მცველმა ბურთი ნახევარდაცვაში დაკარგა, დრაქსლერმა კი ჭკვიანური პასით მოძებნა უჩიდა, რომელმაც რაულს ჩაუწოდა, ორთაბრძოლას მოგერიება მოჰყვა და ბურთი ხურადოს მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით დაამწუხრა ვან დერ სარი - 2:1.

ზუსტად ორ წუთში უკვე „მანჩესტერს“ შეექმნა მორიგი „ასპროცენტიანი“ მომენტი: ვალენსია ნოიერთან ისევ პირისპირ დარჩა, „შალკეს“ კიპერი მოატყუა და დაარტყა, მაგრამ ბურთს კარის ხაზზე ჰიოვედესი დახვდა. ეს იყო მომენტი, როცა „შალკეს“ უკანასკნელი ოპტიმისტი ფანებიც მიხვდებოდნენ, რომ მათი საყვარელი გუნდი უშანსოდ იყო.

55-ე წუთზე ანდერსონის მშვენიერი დარტყმა ნოიერმა ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია, აი, 72-ე წუთზე კი, მანუელი ანდერსონის წინააღმდეგ უკვე უძლური გახლდათ: ნანის მეტცელდერმა ხელი ვერაფრით შეუშალა, პორტუგალიელმა კი ანდერსონი მოძებნა, რომლის პირველ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ „შალკეს“ მცველებმა ამით ვერ ისარგებლეს, ანდერსონმა კი განმეორებითი დარტყმით 3:1 დააფიქსირა. მისი მეორე გოლიც საკმაოდ ეფექტური კომბინაციის შედეგი იყო: ნანიმ ბერბატოვი მოძებნა, ბულგარელმა მეტცელდერი ჩამოიშიროა და გამჭოლი პასით იპოვნა ანდერსონი, რომელსაც ისღა დარჩენოდა, რომ ოთხი მეტრიდან ბურთი კარში შეეგორებინა - 4:1.

79-ე წუთზე ვან დერ საარს შეცვლაზე შესული ჰუნტელაარი დაემუქრა, მაგრამ „იუნაიტედის“ გამოცდილმა მეკარემ თანამემამულეს აჯობა, აი, 82-ე წუთზე კი, ედვინმა მას უკვე ვეღარ დაასწრო და ჰუნტელაარმაც გოლი გაიტანა, მაგრამ მასზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. 92-ე წუთზე კი მაიკლ ოუენის ოსტატობა ვიხილეთ და წამით ძველი ოუენი გაგვახსენდა: მან პაპადოპულოსი ჩამოიშორა და 16 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ნოიერმა ისევ ივარგა.

დასკვნა: „მანჩესტერმა“ საუკეთესო ფეხბურთელები დაასვენა, „შალკე“ კი მაინც შემოეჩაგრა. გელზენკირხენულ კლუბს ყველაფერი აკლდა - კლასიც, კრეატიულობაც,
მონდომებაც. 4:1 აბსოლუტურად დამსახურებული ანგარიშია.


რეაქციები
სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი): „ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და თანაც, პირველი შეხვედრა 2:0 გვქონდა მოგებული. როცა ასეთ სიტუაციაში ხარ, ექსპერიმენტებიც გამართლებულია და წამყვანი ფეხბურთელების დასვენებაც. მით უმეტეს, რომ სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და მომავალ უქმეებზე „ჩელსისთან“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. აღარაფერს ვამბობ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომლის მოგებაც ძალიან გვინდა.“
რალფ რანგნიკი (შალკეს მწვრთნელი): „ნახევარფინალამდე რომ მოვედით, ესეც ძალიან დიდი მიღწევაა და თუნდაც 2-3 თვის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ნახევარფინალში კი, შევხვდით მეტოქეს, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია. პირველი გოლის დროს სამარცხვინო, ბავშვური შეცდომა დავუშვით...“


Top ფეხბურთელი
პოლ სქოულზი (მანჩესტერ იუნაიტედი)
სხვა არცერთ პოზიციაზე არ იგრძნობოდა „შალკესა“ და „მანჩესტერს“ შორის განსხვავება ისე მკაფიოდ, როგორც ნახევარდაცვის ცენტრში, რაც პირველ რიგში პოლ სქოულზის დამსახურებაა. მანჩესტერელი მცველები ბურთს პირველ რიგში მას აძლევდნენ და ისიც სიამოვნებით იწყებდა იერიშებს. მოკლე პასები, დიაგონალურები, გრძელი პასები - სქოულზის ყველა გადაცემა აზრიანი და ზუსტი იყო. შედარებისთვის: „შალკეს“ „ექვსიანმა“ პაპადოპულოსმა რამდენჯერაც 30 ან 40-მეტრიანი პასის გაკეთება სცადა, ბურთი იმდენჯერ აუტში გაგზავნა. სქოულზთან ერთად, ძალიან კარგად ითამაშეს ვალენსიამ, ანდერსონმა და გიბსონმა.


Flop ფეხბურთელი
ალექსანდერ ბაუმიოჰანი (შალკე)
რით დაგვამახსოვრა თავი „შალკეს“ 24 წლის ნახევარმცველმა? სუსტი ორთაბრძიოლებით, ბევრი არაზუსტი პასითა და უაზრო, უშედეგი დრიბლინგებით. და სხვათა შორის, რომ არა ბაუმიოჰანის ასეთი ცუდი თამაში, შეხვედრის მთავარ Flop-ად მანუელ ნოიერი უნდა დაგვესახელებინა - მეკარე, რომელიც პირველი მატჩის გმირი გახდა. მანუ ამჯერად მოულოდნელად სუსტი გახლდათ, მეორე გოლის დროს კი აშკარად შეცდა.


მსაჯი
პედრო პროენსამ ნორმალურად იმსაჯა, შეცდომები არ დაუშვია. სიმართლე ითქვას, ეს არ იყო დაძაბული და ემოციური შეხვედრა და მცირე იყო იმის შანსი, რომ პორტუგალიელს სადავეები გაჰქცეოდა.


ანალიზი
რანგნიკმა ისევ ზედმეტად თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ძირითად შემადგენლობაში კვლავ მხოლოდ ერთი ტიპიური საყრდენი (პაპადოპულოსი) ათამაშა - ფარფანს, ხურადოს, ბაუმიოჰანსა და დრაქსლერს ხომ ჩამშლელობის იოტისოდენა ნიჭიც არ აქვთ. თეორიულად ეს გამართლებული ნაბიჯი გახლდათ, პრაქტიკლად კი - არა! ბაუმიოჰანი და ხურადო იმდენად ბევრ არაზუსტს პასს აკეთებდნენ, რომ თავიდანვე გამოჩნდა: რანგნიკის კონცეფცია განწირული იყო წარუმატებლობისთვის. „მანჩესტერს“ კი ერთი სქოულზი ჰყავს „შალკეს“ მთელი ნახევარდაცვის ფასი...

იოლად შესამჩნევი იყო ისიც, რომ გელზენკირხენულ კლუბს ბალანსი აკლდა. იმ დროს, როცა „იუნაიტედის“ სამი ნახევარმცველი (სქოულზი, ანდერსონი და გიბსონი) შეტევასა და დაცვაში თანაბრად აქტიურები იყვნენ, „შალკეს“ შუამარბებმა თავი ხეირიანად ვერცერთ ამოცანას ვერ გაართვეს. რანგნიკი ბოლო 20 წუთისთვის სამი თავდამსხმელითა და სამი შემტევი ნახევარმცველით ვაბანკზე წავიდა, მაგრამ „შალკესთვის“ არაფერი შეცვლილა: მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერი“ ფაქტობრივად სარეზერვო გუნდით თამაშობდა, გელზენკირხენელები მეტოქეზე მთელი ერთი თავით დაბლა იდგნენ. მოკლედ, „შალკე“ უშანსოდ იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული