ორი სამყაროს ომი

AutoSharing Option
გნებავთ ამ სეზონის მიხედვით იმსჯელეთ, გნებავთ ბოლო წლების შედეგები გაითვალისწინეთ: „მანჩესტერისა“ და „ბარსელონას“ ჯახი უდავოდ საოცნებო ფინალია. თუმცა ასე იყო 2009 წელსაც, მაგრამ მაშინ „იუნაიტედისა“ და „ბარსას“ ფინალმა იმედები გაგვიცრუა. ორი წლის წინ „მანჩესტერმა“ კატალონიურ გრანდს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. იმედია, დღეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფინალს ვნახავთ.

სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): ვან დერ სარი - ფაბიო და სილვა, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ქერიკი, პარკი - ვალენსია, რუნი, გიგზი - ერნანდესი.
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი,
აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)


მანჩესტერ იუნაიტედი
გიგზი, ნანი, ვალენსია: ფერგის ასარჩევად აქვს საქმე


„მანჩესტერის“ დაცვის ხაზი დღესაც ზუსტად ისეა დაკომპლექტებული, როგორც 2009-ში იყო: კარში ვან დერ სარი, მარცხნივ ევრა, ცენტრში ვიდიჩი და ფერდინანდი, მარჯვნივ კი ოში (თუკი, სერ ალექს ფერგიუსონი მას ათამაშებს). ზოგადად, მანკუნიანელთა ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა რთული არაა - კითხვის ნიშნები მხოლოდ ფლანგებზეა...

მატჩის წინ, სტატისტიკის მოყვარულებმა, ცხადია, ყველაფერი დეტალურად დაითვალეს ისეთი სტატისტიკური მონაცემებიც კი ამოქექეს, აზრადაც რომ ვერავინ გაივლებდა. მაგალითად, ინგლისელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ „მანჩესტერისთვის“ კარგია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონასთან“ წაგებული რომ აქვს, რადგან როცა ინგლისის ჩემპიონს „ბარსასთან“ რევანშის შანსი ეძლეოდა, ბოლო სამი შემთხვევიდან, სამივეში შური იძია. ეს და სხვა სტატისტიკური მონაცემები, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ ფაქტია, რომ ფერგიუსონს ასეთი რაღაცები არ აინტერესებს - ინგლისელთა თავკაცს სულ სხვა კითხვები უტრიალებს თავში. ფერგის მთავარი თავსატეხი ისაა, თუ ვინ უნდა ათამაშოს მარჯვენა და მარცხენა გარემარბების პოზიციებზე.

„ბარსას“ ლიდერმა ჩავიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, იმის გამო, რომ ფერგიუსონი „იუნაიტედს“ უმეტესად მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდით (ხავიერ ერნანდესი) ათამაშებს და უეინ რუნი თითქმის ყოველთვის უკან დახეული ფორვარდის ადგილზე თამაშობს, „მანჩესტერისგან“ ზეწოლა განსაკუთრებით ფლანგებიდან მოდის ხოლმეო. ფერგის კი, ამ პოზიციებისთვის სამი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავს.

პირველ რიგში აუცილებლად 37 წლის რაიან გიგზი უნდა გამოვყოთ, რომელიც მიუხედავად ასეთი ასაკისა, „მანჩესტერის“ შეუცვლელ ფიგურად რჩება და როცა ფერგიუსონი მას ფლანგზე ამწესებს ხოლმე, უელსელს ოდნავადაც არ ეტყობა, რომ 37 წლისაა. ოთხი საგოლე გადაცემით გიგზი ჩემპიონთა ლიგაში „იუნაიტედის“ საუკეთესო მეპასეა. ორი აზრი არ არსებობს: რაიანი ფინალისთვის, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით, ასი პროცენტით მზადაა. სხვა საქმეა ის, რომ ფერგიუსონს ფლანგებისთვის ვალენსია და ნანიც ჰყავს, რის გამოც, ბოლო დროს გიგზს ხშირად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ამწესებდა ხოლმე და ვეტერან უელსელს თავი არც ნახევარდაცვის ცენტრში შეურცხვენია.

მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ფავორიტი ანტონიო ვალენსიაა - ფეხბურთელი, რომელიც ორიოდ თვის წინ ფინალში თამაშზე ვერც კი იოცნებებდა. ვალენსიამ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, „რეინჯერსთან“ უმძიმესი ტრავმა მიიღო, თუმცა დროზე ადრე გამოჯანმრთელდა და დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია.

მესამე კანდიდატი კი პორტუგალიელი ნანია, რომელიც „იუნაიტედის“ ქომაგებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად ტყუილად როდი დაასახელეს - პრემიერლიგაში მან 18 საგოლე გადაცემა გააკეთა და ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მეპასე გახდა. თანაც, პორტუგალიელი თანაბრად კარგად თამაშობს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე, მისი ერთადერთი მინუსი კი ისაა, რომ გიგზისგან და ვალენსიასგან განსხვავებით, დაცვითი ფუნქციების შესრულება არ ეხერხება. მიუხედავად ამისა, 24 წლის გარემარბი დარწმუნებულია, რომ დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება.

„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვიცი, რა შემიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ ვითამაშებ, - განაცხადა ნანიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, - ფერგიუსონმა ჩემს ნაცვლად ვალენსია რამდენჯერმე ათამაშა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მე დასვენება მჭირდებოდა. ახლა კი ძალიან კარგად ვარ.“


ბარსელონა
მესი და კომპანია: ყველა თავდაჯერებულია

„მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბარსელონას“ დამარცხების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ლიონელ მესი გახურების დროს დაშავდება და მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს,“ - ეს „ბარსას“ თავკაც პეპ გვარდიოლას სიტყვები არ გეგონოთ, ინგლისური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, თვით გარი ლინეკერმა თქვა. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსას“ ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზეა, ყურადღების ცენტრში მესია მოქცეული - ინტერესის უმთავრეს ობიექტად მაინც არგენტინელი რჩება.

„არც ისე ხშირად!“ - ასე უპასუხა მესიმ BBჩ-ის კორესპონდენტის კითხვას იმის შესახებ, უყურებს ხოლმე თუ არა ინგლისის ჩემპიონატის მატჩებს და იქვე დასძინა, სიმართლე გითხრათ, ფეხბურთს თითქმის არასდროს ვუყურებო. თუმცა ლეომ იცის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა. „პრემიერლიგის მოგება ძალიან ძნელია, „მანჩესტერის“ დამარცხენა იოლი არ იქნება,“ - ამბობს მესი.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლეომ „მანჩესტერის“ სისუსტეებზე საუბარი არ ისურვა - არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც მეტოქის სუსტ მხარეებზე ლაპარაკობს, მე მხოლოდ ის ვიცი, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და იმედია არ მიწყენთ, არც ამის შესახებ რომ არ ვისაუბრებო.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რაც შეგვიძლია და ეს ამას სეზონის განმავლობაში ვამტკიცებდით, - აცხადებს ლეო, - რაც მთავარია, ძალიან კარგ ფორმაში ვართ, ბიჭები კი უაღრესად მონდომებულები არიან.“

„ბარსელონას“ ევროტურნირების ფინალში 16-ჯერ აქვს ნათამაშები, დღეს კი მე-17 ფინალს ითამაშებს, რაც რეკორდია. ცხადია, უნდა გავიხსენოთ ორი წლის წინანდელი ფინალიც, რომელშიც „ბარსამ“ „მანჩესტერს“ 2:0 მოუგო და სხვათა შორის, მესიმ გოლი თავით გაიტანა. მაშინ ლეო 21 წლის იყო და ჯერ კიდევ არსებობდა გულშემატკივართა ისეთი კატეგორია, ვინც მას საუკეთესოს არ უწოდებდა, დღეს კი, არ არსებობს საღად მოაზროვნე ფეხბურთის მოყვარული, რომელიც მესის მინიმუმ მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მოთამაშედ არ მოიხსენიებს.

მის ანგარიშზე ამ სეზონში 52 (!) გოლია, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირობა კი ფაქტობრივად განაღდებული აქვს, რადგან 11 გოლით ერთპიროვნული ლიდერია და იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც დღეს „უემბლიზე“ ითამაშებენ, ლეოსთან ყველაზე ახლოს ხავიერ ერნანდესი და პედრო არიან 4-4 გოლით.


აბიდალი VS ვალენსია ან ნანი
ვისაც რა უნდა, ის თქვას, ფაქტი კი ფაქტად რჩება: „ბარსელონას“ სუსტი წერტილი დაცვის მარცხენა ფთაა. ერიკ აბიდალი საუკეთესო ფორმაში არ არის, მაქსველი და ადრიანო კი ყველანაირი ფორმისგან შორს არიან. ყოველ შემთხვევაში, „ბარსას“ დაცვის მარცხენა ფრთაზე არ ჰყავს ისეთი მოთამაშე, როგორიც დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჰყავს დანი ალვეშის სახით. 2009 წელს „ბარსელონას“ მარცხენა მცველი სილვინიო იყო...

ეჭვგარეშეა, რომ ფერგიუსონი ამის სათავისოდ გამოყენებას ეცდება - „იუნაიტედის“ ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე ნანი ითამაშებს, თუ ვალენსია, ფაქტია, რომ სერ ალექსი შეტევის მარჯვენა ფრთაზე განსაკუთრებულ აქტიურობას მოითხოვს.


მესი VS ფერდინანდი/ვიდიჩი/ქერიკი
გვარდიოლამ კარგად იცის, რომ „მანჩესტერის“ საჯარიმოში მაღალ ჩაწოდებებს აზრი არ აქვს, რადგან იქ ვიდიჩისა და ფერდინანდის სახით მაღალი, მეორე სართულზე იდეალურად მებრძოლი მცველები დგანან და ესეც რომ არ იყოს, „ბარსას“ ცენტრალური თავდამსხმელი მესია, რომელიც არცაა ტიპური ცენტრალური თავდამსხმელი. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს ლეომ „იუნაიტედს“ გოლი თავით გაუტანა, მეორე სართულზე თამაში მისი ძლიერი მხარე არაა. სამაგიეროდ, მესი უზადო დრიბლიორია, ასეთ თავდამსხმელებთან თამაში კი, ფერდინანდსაც უჭირს და ვიდიჩსაც, რადგან არცერთი არაა სწრაფი და მოქნილი. სწორედ ამიტომ, მესის თამაშიდან გათიშვას ფერგიუსონი პირველ რიგში პირველ საყრდენს, ქერიკს დაავალებს და საინტერესოა, როგორ გაართმევს ეს უკანასკნელი თავს ამ ამოცანას. სწორედ ქერიკმა არ უნდა მისცეს ჩავის და მესის კომბინაციების გათამაშების შესაძლებლობა და ერთი სიტყვით, ახალგაზრდა საყრდენზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.


რუნი და ერნანდესი VS პიკე და პუიოლი
„ბარსელონას“ მცველების მთავარი პრობლემა კი რა თქმა უნდა, რუნი და მისი მოძრაობის გზებია. უეინი ნომინალური თავდამსხმელია, მაგრამ უმეტესად გამთამაშებლის დიაპაზონში მოძრაობს. როცა „მანჩესტერი“ ბურთს ფლობს და უტევს, რუნისთვის თვალყურის დევნება ძალიან ძნელია, რადგან მისი მოძრაობა იშვიათადაა პროგნოზირებადი და რაკი მეტოქე გუნდის მცველები უმეტესად მას დაჰყვებიან, ხავიერ ერნანდესი, იგივე „ჩიჩარიტო“ საკმაოდ მარტივად იხსნება ხოლმე.

რუნის ერთერთი ამოცანა „ბარსელონას“ რომელიმე ცენტრალური მცველის უკან გამოტყუება იქნება ხოლმე, რათა ერნანდესი მეორე ცენტრალურ მცველს იოლად დაუძვრეს. ფაქტია, რომ პუიოლს და პიკეს რუნისა და ერნანდესის გაკოტროლება ძალიან გაუჭირდებათ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დგეს ბარსა მანჩესტერს აფარჩაკებს
0
და ასეც მოხდა..............
shorena
15:44 29-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული