”ბარსელონა” ფეხბურთის ჩემპიონია!

AutoSharing Option
28 მაისი. ლონდონი. „უემბლი“. 22:45
ბარსელონა-მანჩესტერი 3:1
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში (88. პუიოლი), მასკერანო, პიკე, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია (86. კეიტა), მესი, პედრო (92. აფელაი).
მანჩესტერი (4-4-1-1): ვან დერ სარი - ფაბიო და სილვა (69. ნანი), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია, ქერიკი (77. სქოულზი), გიგზი, პარკი - რუნი - ერნანდესი.
გოლები: 1:0 პედრო (27), 1:1 რუნი (34), 2:1 მესი (54), 3:1 ვილია (69)
გაფრთხილება: დანი ალვეში, ვიქტორ ვალდესი - ქერიკი, ვალენსია
მაყურებელი: 87 695

ჩემპიონთა
ლიგის ნანატრ ფინალად წოდებული მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ინგლისელმა ოპერატორებმა, რომლებმაც მანამდე ბევრი მიქარეს (გახსნის ცერემონიალის დროს რატომღაც მოედანზე გამოსასვლელ გვირაბს გვაჩვენებდნენ), კადრში ფერგიუსონი მოახვედრეს - სერ ალექსი კევს აქამდე არნახული სისწრაფით ღეჭავდა და მარჯვენა ხელი უკანკალებდა. თამამად ვიტყვით: ეს კადრი იყო ფინალის მიმოხილვაც და ანალიზიც, ამ კადრმა დაიტია ყველაფერი, რაც უნდა გვეთქვა ან დაგვეწერა იმ ფინალის შემდეგ, რომლისგანაც დიდი სიამოვნება მივიღეთ. ფერგის აკანკალებული ხელი იყო ამომწურავი ახსნა-განმარტება იმისა, თუ რატომ დამარცხდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონასთან“, რომელიც უკვე ისტორიული გუნდია. ეს „ბარსა“ - მესი, ჩავი, ინიესტა, ვილია, გვარდიოლა და თუგინდ თვით კეიტა ან აფელაი - ფენომენალური გუნდია, ფეხბურთის უდიდესი ისტორიის მორიგი საინტერესო, დიდხანს სალაპარაკო და ყოველთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი ფურცელი.

მატჩის წინ
„ბარსელონას“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი, ისიც იძულებითი ცვლილება ვიხილეთ: ტრავმირებული პუიოლი დაცვის ცენტრში მასკერანომ შეცვალა. სხვა მხრივ, გვარდიოლამ მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გაიყვანა. ფერგიმ კი მესამე საყრდენზე უარი თქვა და ტიპურ ჩამშლელ ნახევარმცველ ქერიკს გვერდით გიგზი დაუყენა. მათთან ერთად, ლოგიკურად უფრო დაცვაზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო პარკიც, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. კორეელთან ერთად, უტევდნენ ვალენსია, რუნი (უკნიდან) და ერნანდესი. ნანი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მატჩი
საინტერესო მომენტების აღწერით ზედმეტ ადგილს არ დავიკავებთ: თამაში ხომ ყველამ ნახა. პროტოკოლის დარღვევა კი არ შეიძლება და ესეც ისტორიისთვის, აქ მხოლოდ გოლები აღვნიშნოთ:

27-ე წუთი: საგოლე შეტევა, რა თქმა უნდა, ინიესტა-ჩავის კომბინაციით დაიწყო. ანდრესმა „ბარსას“ მთავარ ფლეიმეიქერს ბურთი ჩააბარა, ამ უკანასკნელმა კი დიდი წინააღმდეგობის გარეშე შეძლო „მანჩესტერის“ საჯარიმოსთან მიახლოვება, საიდანაც, ჩვეულ სტილში, „უგემრიელესი“ პასით მოძებნა კარგად გახსნილი პედრო, რომელმაც ვან დერ სარი 13 მეტრიდან უშანსოდ დატოვა - ევრას პოზიცია დაკარგული ჰქონდა, ვიდიჩის ვარდნა კი დაგვიანებული იყო. შესაბამისად, 0:1.

34-ე წუთი: იშვიათი მოვლენა: ჩავიმ აუტის შემდეგ ბურთი დაკარგა, რითაც მანკუნიანელებმა იდეალურად ისარგებლეს: რუნიმ „ბარსას“ საჯარიმოსკენ მარჯვნიდან გაიწია, ქერიკთან გაათამაშა და გიგზს უპასა. უელსელმა ბურთი თამაშგარის ზღვარზე დაიმორჩილა და დროულად მოძებნა რუნი, რომელმაც 13 მეტრიდან, უნაკლო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. კატალონიელთაგან რეაქცია დანი ალვეშმა დააგვიანა, ვალდესი კი მართლა უშანსოდ იყო.

54-ე წუთი: ლეოს გოლი, რომელიც, თამამად ვიტყვით, გარკვეულწილად ვან დერ სარის სინდისზეა, ინიესტას 25-მეტრიანი პასით დაიწყო: არგენტინელს ხელი ვერავინ შეუშალა, ოდნავ წინ წაიწია და მოულოდნელად დაარტყა - სანამ მაღალი ვან დერ სარი გაწვა (უნდა ითქვას, რომ ჰოლანდიელი დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა), ბურთი უკვე „მანჩესტერის“ კარში „ფართხალებდა“ - 1:2.

69-ე წუთი: მესიმ მარჯვენა ფლანგზე იდრიბლიორა, ნანიმ რაღაცნაირად შეძლო ბურთის დაუფლება, მაგრამ ბუსკეტსმა ეგრევე აართვა და ვილია დაინახა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან აუღებელი ჩაუსვა ვან დერ სარს. ეს იყო ულამაზესი გოლი, რომელშიც „იუნაიტედის“ ვეტერან მეკარეს ნაღდად ვერ დავადანაშაულებთ.

რეაქციები
პეპ გვარდიოლა (ბარსელონას მწვრთნელი): „ეს ტრიუმფი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს გამარჯვება თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ვამაყობ ამ გუნდით! ბურთს მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით, მომენტებს ვქმნიდით და ეს ყველაფერი არა რომელიღაც გუნდთან, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ასეთი ფეხბურთელებისა და ზოგადად გუნდის მწვრთნელობა ჩემთვის უდიდესი პატივია. ახლა კი ზეიმისა და დასვენების დროა.“

სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერის მწვრთნელი): „ცხადია, ვიცოდით, რომ „ბარსა“ უძლიერესი გუნდია და ამ თამაშისთვის მართლა ძალიან კარგად მოვემზადეთ. როცა უეინმა ანგარიში გაათანაბრა, გარდატეხასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ რა ვქნა, უფრო სწორად, რა ვქნათ, რომ მესის განეიტრალება შეუძლებელია. სიმართლე გითხრათ, რუნის გოლის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ამ თამაშს მოვიგებდით, მაგრამ მერე მესიმ ისე და ისეთი გაგვიტანა, რომ მივხვდი, ეს შეუძლებელი იყო. წარმატებულ სერიას ყოველთვის ჩავარდნა მოყვება ხოლმე, დიდ გუნდებსაც უდგებათ კრიზისი, მაგრამ ეს „ბარსელონა“ ისეთი გუნდი ჩანს, რომელსაც, დიდი შანსია, კრიზისი არასდროს დაუდგეს. დღეს ღირსეულმა გაიმარჯვა, მე კი ჩემს ბიჭებს მაინც დიდ მადლობას ვეუბნები და ვფიქრობ, რომ „იუნაიტედის“ ყველა გულშემატკივარი ასე უნდა მოიქცეს.“

Top ფეხბურთელი


ლიონელ მესი (ბარსელონა)

ლეოს შესახებ ახალი რა უნდა ვთქვათ, მასზე ხომ უკვე ყველაფერი ითქვა და დაიწერა. არგენტინელში ყველაზე გენიალური ის არის, რომ ლეო ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას. თითქოს ყველამ იცის, როდის რას აკეთებს მესი, თითქოს მისი ფეხბურთი მარტივად განსაჭვრეტი, მოძრაობები კი პროგნოზირებადია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მის შეჩერებას ვერავინ ახერხებს. 2011 წლის 28 მაისი იყო დღე, როცა კითხვას, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ამომწურავად ეპასუხა - ეს არის ლეო მესი. და ეს განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება!

Flop ფეხბურთელი

 

რაიან გიგზი (მანჩესტერი)

მატჩის დროს „მანჩესტერის“ ქომაგებს ტრანსფარანტი ჰქონდათ გადმოკიდებული, რომელზეც ეწერა: „ჩვენ ჩვენი მესი გვყავს - რაიან გიგზი.“ მართლა გვიმძიმს იმის დაწერა, რომ გიგზი ფინალის მთავარი „ფლოპი“ იყო, მაგრამ ეს ლეგენდარულ უელსელს ოდნავადაც არ დააკნინებს. არავინ იცის, შეძლებდა თუ არა „მანჩესტერი“ წარმატების მიღწევას, ფერგიუსონს სამი ჩამშლელით რომ ეთამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ ფერგი კოლოსალურად შეცდა, როცა მოედნის ცენტრი მხოლოდ ქერიკს და გიგზს ჩააბარა. ქერიკი ორთაბრძოლების უმრავლესობა აგებდა, მაგრამ ორთაბრძოლები რომ ჰქონდა, ესეც მიღწევაა. აი, გიგზი კი საერთოდ დაკარგული იყო. სწორედ ამიტომ, ფერგიუსონმა მეორე ტაიმში რაიანი ფლანგზე გადასწია, ცენტრისთვის კი პარკი „გაწირა“...


მსაჯი
ვიქტორ კასაიმ ნორმალურად იმსაჯა - სადავეები ხელიდან არ გაჰქცევია და ისიც ვთქვათ, რომ გასაქცევი არც არაფერი იყო. რუნის გოლის დროს გიგზი თამაშგარე მდგომარეობაში ჩანდა და უნგრელს უფლება ჰქონდა, გოლი არ ჩაეთვალა. ვალენსიასთვის კი უფრო ადრე უნდა მიეცა ყვითელი ბარათი.

ანალიზი
საწყისმა წუთებმა 2009 წლის ფინალი გაგვახსენა: „მანჩესტერმა“ თამაში ამჯერადაც აგრესიულად, ექსტრემალური პრესინგით დაიწყო - თითქოს ფერგიუსონს კატალონიელთა შოკში ჩაგდება სურდა, რაც გარკვეულწილად მოახერხა კიდეც, რადგან პირველ წუთებში ბარსელონელები ნაღდად ორიენტაციადაკარგულები იყვნენ. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ გვარდიოლას ბიჭები დალაგდნენ, მოკლე პასებს მოჰყვნენ და „იუნაიტედი“ წნეხის ქვეშ მოაქციეს.
შესაბამისად, პირველ წუთებში გამოჩენილი გამბედაობა და აგრესიულობა „მანჩესტერს“ შიშში გადაეზარდა. ქერიკს და განსაკუთრებით გიგზს, მოედნის ცენტრში მეტი აქტიურობა მართებდათ, მათ კი ის ზომიერი აგრესიაც დაკარგეს, რაც თავიდან „მანჩესტერის“ ყველა ფეხბურთელს ასე უხდებოდა და რამაც გვაფიქრებინა, რომ ძალიან მაგარ ფინალს ვნახავდით.

ბარსელონელებს კი დაბნეულობა რუნის გოლის შემდეგაც არ დასტყობიათ. მესის გოლი, ვილიას გოლი და ბურთის ფლობის 65-პროცენტიანი მაჩვენებელი კი ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო.

საფინალო სასტვენამდე ჯერ კიდევ 20 წუთი იყო დარჩენილი, როცა, პირდაპირ ვთქვათ, „იუნაიტედმა“ კაპიტულაცია გამოაცხადა და სწორედ მაშინ აუკანკალდა ხელი ფერგიუსონს. აკი თქვა კიდეც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ჩემპიონთა ლიგას ასეთი ღირსეული გამარჯვებული იშვიათად ჰყოლიაო...

გამოხმაურება
იმ დროს, როცა „ბარსას“ ფეხბურთელები თასთან ერთად უდიდეს ტრიუმფს ზეიმობდნენ, ჩვენს მიერ ერთხელ უკვე გაკრიტიკებულმა ინგლისელმა რეჟისორებმა კიდევ ერთი მაგარი კადრი დაიჭირეს: მათ გვარდიოლა გვიჩვენეს. პეპი ფეხბურთელებისგან მოშორებით უემოციოდ დააბოტებდა და როცა მიხვდა, რომ რეჟისორის ყურადღების ცენტრში მოექცა, მუშტები შემართა და კამერას თბილად გაუღიმა. ეს იყო და ეს - „ბარსელონას“ თავკაცს სიხარულით თავი არ გაუგიჟებია, რაც 40 წლის მწვრთნელის კვალობაზე ცოტა არ იყოს, გასაკვირია.

ყველაზე საინტერესო კითხვაზე იმის შესახებ, თუ რას აპირებს მომავალში, გვარდიოლამ ასე უპასუხა: „ბარსასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და მე ამ ხელშეკრულების შესრულება მინდა. ამ ბიჭების მწვრთნელობა საამაყოა, თუმცა ეს არ არის იოლი სამსახური”...
ხავიერ მასკერანო: „ყველაზე მთავარი ის არის, რომ ისე ვითამაშეთ, როგორც უნდა გვეთამაშა და ჩემპიონთა ლიგა ულამაზესი, თავბრუდამხვევი ფეხბურთით მოვიგეთ.“
ნემანია ვიდიჩი: „რაც „მანჩესტერის“ ფეხბურთელი ვარ, თამამად ვიტყვი, ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ არ გვითამაშია.“

პრესის მიმოხილვა
ესპანეთი
Marca: „შაბათს „უემბლიზე“ ფეხბურთს თვით ღმერთი თამაშობდა: ლეო მესი უკვდავია! მას შაბათს ფეხბურთი არ უთამაშია - მესი „უემბლიზე“ სპორტის იმ სახეობით ერთობოდა, რომელსაც მხოლოდ ის ფლობს. „წითელმა ეშმაკებმა“ კი ცივი შხაპი მიიღეს. ფინალში ასეთი კლასი იშვიათობაა, ეს „ბარსა“ კი დიდი, უძლეველი იმპერიაა!“
AS: „ეს იყო ეპოქალური ფეხბურთი „ბარსელონას“ შესრულებით. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაში მხოლოდ ათ წუთს გაგრძელდა. ესპანური ფეხბურთი ავანგარდშია!“
El Mundo Deportivo: „ბარსელონას“ ხელში, „წითელი ეშმაკები“ მიამიტ ანგელოზებად გადაიქცნენ! მსოფლიოში საუკეთესო გუნდმა ჩემპიონთა თასი მეოთხედ მოიგო - „ბარსა“ სულ სხვა განზომილებაა.“

ინგლისი
The Sun/News of The World: „მესია! პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა „იუნაიტედი“ დაანგრია. „მანჩესტერი“ მიწასთანაა გასწორებული, უმოწყალოდაა ნაცემი, „მანჩესტერი“ განადგურებულია! ფერგიუსონს და მის ბიჭებს კი ჩემპიონთა თასისთვის ლოდინი დიდხანს მოუწევთ, რადგან მესი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა.“

The Guardian: „ბრავო, ბარსა! მაგიურმა მესიმ „მანჩესტერი“ კიდევ ერთხელ დაარბია. ლეო „უემბლიზე“ იყო საუკეთესო მაგალითი მოძრავი თავდამსხმელისა ნანდორ ჰიდეგკუტის შემდეგ, რომელმაც ლამის უხსოვარ წარსულში, მთელი ინგლისი გააოცა, როცა უნგრეთის ნაკრებმა ჩვენი გუნდი 6:3 გაანადგურა.“

The Sunday Times: „ლიონელ მესი ყველა დროის ყველაზე მომხიბვლელი ჯალათია! შაბათს მანჩესტერელები მის ჩრდილს დასდევდნენ.“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული