ვან დერ სარი: მე მგონი, მესი მართლა უცხოპლანეტელია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ედვინ ვან დერ სარისთვის კარიერის უკანასკნელი ოფიციალური მატჩი იყო. ამავე დროს, ეს გახლდათ რიგით მე-100 შეხვედრა, რომელშიც ჰოლანდიელმა მეკარემ მონაწილეობა მიიღო. მას მესამედ შეეძლო ევროპის საუკეთესო საკლუბო ჯილდოს მოგება, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. 1995 წელს ვან დერ სარმა ჩემპიონთა ლიგა ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად მოიგო, 2008 წელს კი „მანჩესტერთან“ ერთად. გერმანული „შპორტ აინსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ედვინმა 21-წლიანი კარიერა შეაჯამა და ფინალი კიდევ ერთხელ გაანალიზა.

- კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ფინალი და ის განცდები, რაც „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ დაგეუფლათ.
- დღემდე
ცუდად ვარ, უშუალოდ ფინალის შემდეგ კი იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ვიყავი. ვიცოდით, რომ „ბარსელონა“ ბრწყინვალე გუნდია, მაგრამ რაკი ფინალში გავედით, თასის მოგებაც გვინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ „ბარსამ“ ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაგვიტარა, მე მაინც ვფიქრობ, რომ კატალონიური გუნდი არ არის დაუმარცხებელი და ჩვენ შეგვეძლო იმ თამაშის მოგება. თუმცა ნამდვილმა სპორტსმენმა მეტოქის სიძლიერე უნდა აღიაროს და მეც ვალდებული ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ძლიერი გუნდია. მეტიც: დღევანდელი „ბარსა“ დიდი, ისტორიული გუნდია.

- თქვენ ამბობთ, რომ მიუხედავად განსხვავებისა, „მანჩესტერს“ „ბარსელონას“ დამარცხება შეეძლო. მაშინ ისიც გვითხარით, რა შეცდომები დაუშვა „იუნაიტედმა“?
- ისევე, როგორც 2009 წლის ფინალში, თამაში ამჯერადაც ძალიან კარგად დავიწყეთ. ზომიერად აგრესიული პრესინგი მეტოქის ნახევარზე, „ბარსელონას“ უკანახაზელების მუდმივი შეწუხება და მხოლოდ შეტევაზე ფიქრი – ეს სწორი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, ცოტა მეტი იღბალი იყო საჭირო – მაგალითად, რომ გაგვმართლებოდა და პირველი გოლი შეგვეგდო, მერე სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა და დარწმუნებული ვარ, რომ „ბარსას“ მატჩში გარდატეხის შეტანა გაუჭირდებოდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, პირველი გოლი ვერ გავიტანეთ.

- მაგრამ ხომ გაათანაბრეთ?
- ეს უკვე სულ სხვა რამეა. მერე „ბარსელონას“ თავისი თამაშის ჩვენთვის თავზე მოხვევის უფლება მივეცით, მოედნის ცენტრში ასე საჭირო აგრესია დავკარგეთ და ეს უკვე დამღუპველი შეცდომა იყო. საერთო ჯამში, ჩვენ მხოლოდ ორი-სამი შეცდომა დავუშვით და სამივე შემთხვევაში მკაცრად დავისაჯეთ.

- ანუ, მანჩესტერელებმა წაგება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოთ?
- გულახდილად უნდა ვთქვა, რომ „ბარსელონამ“ ფინალი აბსოლუტურად დამსახურებულად მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ თამაში და წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია, რაც ჩვენ „უემბლიზე“ კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეორედ გამოვცადეთ. ნახეთ ფინალი განმეორებით და დააკვირდით, როგორ ფლობენ ბურთს კატალონიელი ფეხბურთელები, რამდენ ხანს და რამდენად ხარისხიანად აკონტროლებენ თამაშს, რამდენ მომენტს ქმნიან და რაც ყველაზე მთავარია, როგორ ქმნიან ამ მომენტებს. მართალია, უეინ რუნის გოლის შემდეგ იმედი გამიჩნდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ იმ დროს „ბარსამ“ ტემპს კიდევ უფრო უმატა, ჩვენ კი მეტოქეს თამაშში ვეღარ ავყევით.

- „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის მთავარი განსხვავება ამჯერადაც ლიონელ მესი იყო. როგორი გრძნობაა მეკარისთვის, როცა მის კარს მესი უტევს?
- მის შესახებ ახალი რა უნდა ვთქვა: მესი უსწრაფესი და ძალიან ტექნიკური თავდამსხმელია, რომელიც მცველებს და მეკარეებს შიშის ზარს სცემს. არგენტინელის გაკონტროლება ვერ მოვახერხეთ და ეს მართლა შეუძლებელია. მგონი, მესი მართლა უცხოპლანეტელია...

- ამ ფინალით თქვენი უდიდესი და ძალიან წარმატებული კარიერა მთავრდება.
- ფინალის შემდეგ ძალიან დამწუხრებული ვიყავი. არ მინდოდა, რომ ჩემი ხანგრძლივი კარიერა ასეთი იმედგაცრუებით დამთავრებულიყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ედვინ ვან დერ სარის კარიერა მხოლოდ ეს ფინალი არ არის. „მანჩესტერთან“ ერთად ექვსი ბრყინვალე სეზონი ჩავატარე და ეს პერიოდი არასდროს დამავიწყდება. ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებით კი ცხოვრება არ მთავრდება – წინ ბევრი საინტერესო რამ მელის. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ახლა ოჯახისთვის ბევრი დრო დამრჩება. ახლა შვებულებაში გავდივარ, მერე კი ფეხბურთში დაბრუნებაზეც ვიფიქრებ.

- მენეჯერის თანამდებობა უფრო გიზიდავთ, თუ მწვრთნელის?
- ჯერ არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ერთიც შესაძლებელია და მეორეც, მაგრამ საჩქარო არაფერია. შესაძლოა, ინგლისში დავრჩე. გამორიცხული არც ისაა, რომ ჰოლანდიაში დავბრუნდე.

- დაბოლოს: როგორი გრძნობაა ფეხბურთელის რანგში ერთერთი უკანასკნელი ინტერვიუს მიცემა?
- ჰმ... არაფერი განსაკუთრებული...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული