ჩემპიონთა ლიგა სუპერპიროს გარეშე!

AutoSharing Option
ევროტურნირების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ფილიპო ინძაგი ჩემპიონთა ლიგაში არ ითამაშებს. "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვიტა, რომ "სუპერპიპოზე" უარი თქვას და 38 წლის ვეტერანი გოლეადორი "როსონერის" საჩემპიონთალიგო განაცხადს მიღმა დატოვა. ალეგრიმ ბოლო მომენტში ინძაგის "პალერმოდან" გადაბირებული ახალწვეული, საყრდენი ნახევარმცველი ანტონიო ნოჩერინო ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ინძაგის, რომელსაც 38 წელი ცოტა ხნის წინ შეუსრულდა, ევროტურნირებზე 70 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს, რაულს ჩამორჩება. 70 გოლიდან, პიპოს ჩემპიონთა ლიგაში 46 აქვს გატანილი.

ინძაგიმ წინა სეზონში
სერიოზული ტრავმა გადაიტანა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ორი გოლის გატანა მაინც მოახერხა და სხვათა შორის, ორივე მადრიდის "რეალს" ერთ მატჩში გაუტანა. მერე კი, გოლეადორმა, რომელსაც იტალიის ნაკრებში 57 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს ექვსი თვით დაემშვიდობა.

დღესდღეობით, ინძაგის "მილანის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ აქვს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკვე 38 წლისაა, რაც ნამდვილად აღარ არის საფეხბურთო ასაკი (მით უმეტეს, თავდამსხმელისთვის), "როსონერის" ფანებს მისი იმედი ყოველთვის აქვთ, რადგან პიპო ისეთი თავდამსხმელია, რომელსაც ასაკი ხელს არასდროს უშლიდა.

ალეგრი ინძაგიზე წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ალეშანდრე პატოს, რობინიოსა და ანტონიო კასანოს აყენებს. შეგახსენებთ, რომ "მილანი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "ბარსელონასთან", "ბატესთან" და "ვიქტორია პლზენთან" ერთად მოხვდა.

ფაქტია, ფილიპო ინძაგის გარეშე ჩემპიონთა ლიგა ცოტათი უფრო მოსაწყენი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული