"პორტუ" მაინც "პორტუა"!

AutoSharing Option
"ბარსა"-"მილანმა" გვასიამოვნა, მაგრამ ბევრით ვერაფრით გაგვაოცა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როცა კატალონიური გრანდი "ნოუ კამპზე" ვერ იგებს, გინდა, არ გინდა, მაინც უნდა გაოცდე.

სამაგიეროდ, "პორტუმ" გადაიტანა დრამატული ბრძოლა, "გენკმა" "ვალენსიასთან" დასაფასებელ ფრეს მიაღწია და ნამდვილად გაგვაოცა ნიქოზიის "აპოელ"-მაც.

განცდები და შთაბეჭდილებები სამშაბათის მატჩების მიმოხილვაში:

E ჯგუფი

ჩელსი-ლევერკუზენი 2:0
გოლები: 1:0 დავიდ ლუიზი (67), 2:0 მატა (92)
ბურთის ფლობა: 59%:41%, დარტყმები: 22:11, კუთხურები: 6:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბერნდ ლენო (ლევერკუზენი)

სამშაბათს საღამოს, "სტემფორდ ბრიჯზე" მთავარი თემა მიხაელ ბალაკის დაბრუნება იყო -
"ლევერკუზენის" თავკაცმა რობინ დუტმა 33 წლის გერმანელი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს თავი არ შეურცხვენია.

ბალაკმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მეორე ტაიმში კი დაღლა დაეტყო და შეცვალეს. მოედნიდან გასვლისას, მიხაელს "სტემფორდ ბრიჯის" ფეხზე წამოუდგა - ლონდონელებმა "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ტაშით გააცილეს.

ლევერკუზენელები განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში გამოიყურებოდნენ, მედგრად იბრძოდნენ და "არისტოკრატების" უსწრაფეს შეტევებს მშვენივრად უძლებდნენ. თუმცა მაინც ჩანდა, რომ "ჩელსი" გაცილებით მაღალი კლასის გუნდია, "ბაიერი" კი ლონდონიდან ქულას ან მით უმეტეს ქულებს, მხოლოდ გამართლების ხარჯზე თუ წაიღებდა.

"ფარმაცევტებს" პრობლემები მარჯვენა ფლანგზე ექმნებოდა, სადაც კასტრო კოულს და მატას ვერ უძლებდა. ხანდახან კი, ლოდნონელთა ამ დუეტს სტარიჯიც ეხმარებოდა და კასტრო აშკარად დაიტანჯა.

ლონდონელებმა საგოლე მომენტების უმეტესობა სწორედ ამ ფლანგიდან შექმნეს და თუ უფრო დიდი ანგარიშით ვერ მოიგეს, ეს "ლევერკუზენის" ახალგაზრდა მეკარის, ბერნდ ლენოს დამსახურებაა, რომელსაც ვასახელებთ კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

გენკი-ვალენსია 0:0
ბურთის ფლობა: 36%:64%, დარტყმები: 7:21, კუთხურები: 5:6
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ადილ რამი (ვალენსია)

მიუხედავად იმისა, რომ თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდნენ და საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, ესპანელებმა ბელგიელთა კარში გოლი ვერაფრით გაიტანეს.

საუკეთესო საგოლე მომენტები დანი პარეხომ და ადილ რამიმ ვერ გამოიყენეს. ამ უკანასკნელმა ნახევრად მაკრატელა დარტყმის შემდეგ ბურთი სულაც ძელს მოარტყა.

"გენკს" საუკეთესო მომენტი მეორე ტაიმის დასაწყისში შეექმნა, რომელიც ვოსენმა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ კი 0:0, რომლითაც ვალენსიელები უკმაყოფილოები დარჩნენ, "გენკმა" კი ჩემპიონთა ლიგაში პირველივე თამაშში ქულის მოპოვებით გაიხარა.


F ჯგუფი


ბორუსია (დ)-არსენალი 1:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (42), 1:1 პერიშიჩი (88)
ბურთის ფლობა: 57%:43%, დარტყმები: 15:5, კუთხურები: 6:4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მატს ჰუმელსი (ბორუსია დ)

რვა წელია, დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგაში არ უთამაშია და ისედაც მუდამ ცეცხლდანთებულ "ვესტფალენშტადიონზე", რა საკვირველია, ამჯერადაც გრანდიოზული ატმოსფერო იყო შექმნილი.

მართალია, გერმანიის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაში კარგად გამობრძმედილი "არსენალი" ვერ დაამარცხა, მაგრამ დორტმუნდელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ქებას იმსახურებენ.

რაღა შორს წავიდეთ, მატჩის დასაწყისში დორტმუნდელებს სამი ე.წ. ასპროცენტიანი საგოლე მომენტი შეექმნათ და ანგარიშის გახსნამდე სამივე შემთხვევაში ძალიან ცოტა დააკლდათ.

შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კი დორტმუნდელთა გამოცდილმა საყრდენმა ნახევარმცველა სებასტიან კელმა, რომელიც იურგენ კლოპმა ბოლო მომენტში ახალგაზრდა ილქაი გიუნდოგანს ამჯობინა, საბედისწერო, კატასტროფული შეცდომა დაუშვა, როცა ბურთი უწყინარ სიტუაციაში ლონდონელებს ჩააბარა - თეო უოლკოტის მშვენიერი პასით კი, რომელმაც დორტმუნდელთა მთელი უკანა ხაზი გააუვნებელყო, რობინ ვან პერსიმ ისარგებლა და ვაიდენფელერს აუღებელი დაურტყა.

მეორე ტაიმშიც ლაღი ფეხბურთი ვიხილეთ. ცხადია, დორტმუნდი მეტს ცდილობდა და ბოლოს მიაღწია კიდეც მიზანს, ოღონდ არა კომბინაციური შეტევით, არამედ უფრო საშემსრულებლო ოსტატობის ხარჯზე გატანილი გოლით: 88-ე წუთზე ივან პერიშიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან "არსენალის" კარისკენ მაღალი ბურთი გაგზავნა და შჩესნის ცხრიანში ჩაუსვა - "მეთოფეების" მეკარე ამ დარტყმას ვერ აიღებდა.

ოლიმპიაკოსი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 ლუჩო გონსალესი (51)
გაძევება: ფანი (90. მარსელი)
ბურთის ფლობა: 54:46, დარტყმები: 8:11, კუთხურები: 2:3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯერემი მორელი (მარსელი)

"ოლიმპიაკოსისა" და "მარსელის" მატჩი მოსალოდნელზე საინტერესო გამოვიდა. უმაღლესი კლასის ფეხბურთი ვერ ვიხილეთ, მაგრამ დაძაბულობა საკმარისზე მეტი იყო. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და თითქმის მთელი შეხვედრა შეტევებში გაატარეს, ფრანგებმა კი თამაში კონტრშეტევებზე ააგეს და საკმაოდ კარგი მომენტებიც ჰქონდათ.

"მარსელის" გოლიც, რომელიც ველოდრომელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანეს, სწორედ ხარისხიანი კონტრშეტევის დამსახურება გახლდათ: ველოდრომელთა მარცხენა მცველმა მორელმა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან აქტიურობდა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ულაპარაკოდ დაიმსახურა, ხსენებულ მომენტში მარცხენა ფრთაზე გაინავარდა და ცენტრში გახსნილი ლუჩო გონსალესი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

ლუჩოს გოლის შემდეგ მოედანზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ბერძნები "მარსელის" საჯარიმოს მიაწყდნენ, მაგრამ ვეღარაფერი გააწყვეს. ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ "ოლიმპიკი" F ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

G ჯგუფი

პორტუ-შახტარი 2:1
გოლები: 0:1 ლუის ადრიანო (12), 1:1 ჰალკი (28), 2:1 კლებერი (51)
გაძევება: რაკიცკი (40. შახტარი), ჩიგრინსკი (80. შახტარი)
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმები: 28:7, კუთხურები: 8:7
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰალკი (პორტუ)

გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს იყო პირველი ტურის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი, სადაც ვნახეთ ყველაფერი, რაც ფეხბურთს დრამატულობისთვის სჭირდება ხოლმე: შემოტრიალებული თამაში, გაძევებები, გაცუდებული თერთმეტმეტრიანი.

თამაში დონეცკელებმა გაცილებით უკეთ დაიწყეს. "შახტარი" უმეტესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც დარიო სრნა ტრადიციულად ძალიან კარგად გამოიყურებოდა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ალოგიკური იყო ის, რომ მე-10 წუთზე "პორტუს" ანგარიშის გახსნის საუკეთესო შანსი მიეცა: რაკიცკის ფოლის გამო, მსაჯმა ფელიქს ბრიხმა "შახტარის" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ჰალკმა ვერ გამოიყენა.

არ გასულა ორ წუთზე მეტი და უკრაინელები დამსახურებულად დაწინაურდნენ: 16 მეტრიდან ვილიანის ძლიერ დარტყმას "პორტუს" მეკარე ჰელტონი ხეირიანად ვერ გაუმკლავდა, რითაც ლუის ადრიანომ ისარგებლა და "შახტარი" დააწინაურა.

გაფუჭებული პენალტის გამო ჰალკი უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა და გაშვებული გოლის შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ მან მოუმატა, მერე კი თანაგუნდელებიც აჰყვნენ, რამაც შედეგი 28-ე წუთზე გამოიღო: ჰალკმა შეცდომა 34 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა.აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დონეცკელთა მეკარე რიბკას ამ დარტყმის მოგერიება მართებდა.

მე-40 წუთზე "შახტარს" რაკიცკი გაუძევეს და მეორე ტაიმში, რა საკვირველია, ცალკარა გაჩაღდა. "პორტუ" უტევდა, "შახტარი" თავს იცავდა და 51-ე წუთზე კლებერის მიერ გატანილ გოლს ალოგიკურს ვერავინ უწოდებს - მან როდრიგესის კარგი პასით იხეირა.

პორტუგალიელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეტევები წინ გასვლის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ, მაგრამ დონეცკელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მაინც მიეცათ, მაგრამ ლუის ადრიანომ ამჯერად ვეღარ ივარგა.

საბოლოოდ, უკრაინელებმა თამაში 9 კაცით დაამთავრეს, რადგან მატჩის მიწურულს ჩიგრინსკიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი მასაც დაატოვებინეს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ "პორტუმ" დამსახურებული გამარჯვება იზეიმა. ყოველ შემთხვევაში, ლიდერ ფალკაოს დაკარგვა პორტუგალიელებს "შახტართან" მატჩში დიდად არ დასტყობიათ.

აპოელ-ზენიტი 2:1
გოლები: 0:1 ზირიანოვი (63), 1:1 მანდუჩა (73), 2:1 აილტონ ალმეიდა (75)
გაძევება: ბრუნო ალვეში (76)
ბურთის ფლობა: 55%:45%, დარტყმები: 12:19, კუთხურები: 2:4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: აილტონ ალმეიდა (აპოელ)

"ზენიტმა" პირველ წუთებში ისე შეუტია, ვიფიქრეთ, რუსები მთელ მატჩს ასეთ იერიშებში გაატარებდნენ, მაგრამ ნიქოზიელებმა თავიანთი თამაში ნელ-ნელა იპოვნეს.

მართალია, მასპინძლები მაინც უფრო დაცვიდან თამაშობდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ რუსებს პრობლემები შეუქმნეს. შესაბამისად, "ზენიტის" მიერ 63-ე წუთზე გატანილ გოლს გარკვეულწილად ალოგიკური უნდა ვუწოდოთ - დანისთან გათამაშებული კომბინაციით ანგარიში ზირიანოვმა გახსნა.

"აპოელზე" ხმაურიანმა პუბლიკამაც იმოქმედა - გაშვებული გოლის შემდეგ კვიპროსელებმა მედგრად შეუტიეს და ორ წუთში "ზენიტს" ორი გოლი გაუტანეს. თამამად უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად ასეთი სცენარისა, კვიპროსელებმა მატჩი დამსახურებულად მოიგეს და წესით, საკუთარ მოედანზე პრობლემები "პორტუსა" და "შახტარსაც" უნდა შეუქმნან.

H ჯგუფი

ბარსელონა-მილანი 2:2
გოლები: 0:1 პატო (1), 1:1 პედრო (36), 2:1 ვილია (50), 2:2 ტიაგო სილვა (92)
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმები: 22:6, კუთხურები: 11:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

პირველი ტურის ცენტრალური მატჩისგან ყველანი თვალსასეირო სპექტაკლს ველოდოთ და ვიხილეთ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, მატჩის დასაწყისი ნაღდად საოცარი იყო: პირველივე წუთზე, პატოს სოლოდრიბლინგს, რომელმაც გზად ბუსკეტსი და მასკერანო დაჯაბნა, ვალდესის შერცხვენა მოჰყვა - ბრაზილიელმა "ბარსას" მეკარეს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა.

კატალონიელებს შოკში ჩავარდნა არ სჩვევიათ და ამჯერადაც მშვიდად შეუდგნენ საქმეს: მე-12 და მე-14 წუთებზე "ბარსელონას" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ვერც ვილიამ და ვერც მესიმ შეტევები ხეირიანად ვერ დააგვირგვინეს.

მე-19 წუთზე მესიმ ჯარიმა უნაკლოდ კი შეასრულა, მაგრამ ბურთი "როსონერის" კარის მარჯვენა ძელს მოარტყა. მიუხედავად ამდენი რეალური საგოლე მომენტის გაცუდებისა, კატალონიელები მშვიდად უტევდნენ, ჩვეულად დომინირებდნენ და საწადელს მაინც მიაღწიეს: 36-ე წუთზე მესის დრიბლინგს გზად აბატე შეეწირა, ლეომ კი პედრო მოძებნა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.

ცხადია, "ბარსელონამ" მეორე ტაიმიც შეტევებით დაიწყო და თუკი 48-ე წუთზე ჩავიმ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, ზუსტად ორ წუთში დავიდ ვილიამ 27 მეტრიდან საჯარიმო დარტყმით ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული წინ გაიყვანა.

მიუხედავად კატალონიელთა დაწინაურებისა, სცენარი არ შეცვლილა - მასპინძლები უტევდნენ, "მილანი" კი თავს იცავდა, განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ "ბარსელონას" რეალურის საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა.

კატალონიელთა გამარჯვებაში ეჭვი ალბათ აღარავის ეპარებოდა, როცა იტალიის ჩემპიონმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა: მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე იტალიელთა კუთხურს ტიაგო სილვას ცივსისხლიანი თავური დარტყმა მოჰყვა და "ნოუ კამპის" ტაბლოზე თამაშის სცენარიდან გამომდინარე ცოტათი ალოგიკური 2:2 დაფიქსირდა. ამით "მილანის" მიღწევის დაკნინება ნამდვილად არ გვინდა - ბარსელონაში არწაგება ხომ ნებისმიერი გრანდისთვის ძალიან რთულად მისაღწევი და ყველა შემთხვევაში დიდად დასაფასებელი შედეგია.

ვიქტორია-ბატე 1:1
გოლები: 1:0 ბაკოსი (45), 1:1 რენანი (69)
ბურთის ფლობა: 58%:48%, დარტყმები: 17:15, კუთხურები: 3:5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რენანი (ბატე)

"ზესტაფონს" "შტურმი" რომ გამოეგდო და მერე ბატე-ც ზედ მიეყოლებინა, საქართველოს ჩემპიონი "ნოუ კამპზე" ითამაშებდა, "სან სიროზეც" და პლზენის "ვიქტორიასთან" მატჩსაც "ავიტანდით"... ოცნებები - თქვენი მოწონებული და რაც შეეხება რეალობას: ბორისოვოს ბატე-მ პლზენში ფრეს მიაღწია და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა წაგებით არ დაუწყია.

ეს ამ ჯგუფის აუტსაიდერთა დუელი გახლდათ, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ივაჟკაცეს, ახლა კი ჯგუფში მესამე ადგილისთვის უნდა იბრძოლონ, რადგან "მილანს" და "ბარსელონას" კონკურენციას, რა თქმა უნდა, ვერ გაუწევენ. ბატე-ს ფეხბურთელები თავიდანვე ვაჟკაცურად ირჯებოდნენ და მომენტებიც მასპინძლებზე მეტი შეექმნათ: რუდიკს (მე-18 წუთზე), კეჟმანს (22) და გორდეიჩუკს სამგზის შეეძლოთ "ვიქტორიას" კარის დალაშქვრა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, ანგარიში კი მაინც პლზენელებმა გახსნეს.

მეორე ტაიმშიც გახსნილი ფეხბურთი ვიხილეთ: ჯერ ისევ კეჟმანს ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ მცირე მანძილით ააცილა და ანგარიში ვერ გაათანაბრა, მერე კი პილარს მართებდა სხვაობის გაზრდა.

თუმცა ბატე-მ მაინც მოახერხა გათანაბრება: რუდიკმა რენანი საჯარიმოში შეგზავნა, ამ უკანასკნელმა კი პლზენელთა მეკარეს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა. დარჩენილ 20 წუთში ორივე გუნდი უტევდა, მაგრამ გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 1:1, რაც ბატე-ს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უპირატესობას ანიჭებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული