იტალიამ "ნაპოლით" უნდა იამაყოს, "ინტერს" სულ არ რცხვენია?!

AutoSharing Option
„რეალს“ ზაგრებიდან სამი ქულის წაღება გაუჭირდა, „ინტერი“ კი საშვილიშვილოდ შერცხვა: ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებმა ვერ ივარგეს. სიკვდილის ჯგუფში „ბაიერნი“ გალიდერდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლისაბონში კინაღამ გამწარდა, მოსკოვის ცსკა-მ კი „ლილს“ ქულა ბოლო წუთზე წაართვა.

შთაბეჭდილებები ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვაში:

A ჯგუფი
მანჩესტერ სიტი-ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 კავანი (69), 1:1 კოლაროვი (74)
ბურთის ფლობა: 61%:39%, დარტყმები: 24:12, კუთხურები: 9:8
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედინსონ კავანი (ნაპოლი)

სიკვდილის ჯგუფში პირველმა ტურმა ყველაზე მეტად „ბაიერნი“ გაახარა: ჯერ ერთი, რეკორდმაისტერმა თავისი თამაში მოიგო, თანაც სტუმრად (2:0 ვილიარეალთან) და
თანაც, პარალელურ მატჩში მიუნხენური გრანდის მთავარმა კონკურენტებმა ფრე ითამაშეს. თამამად ვთქვათ: „ნაპოლისგან“ ასეთ კარგ თამაშს არავინ ელოდა. მანჩესტერელებმა თავიდანვე შეუტიეს და მოედანზე კონტროლი დაამყარეს, მაგრამ ნეაპოლელებმა თავიანთი თამაში მალევე იპოვნეს და მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა „სიტის“ დაუტოვეს, თუკი რომელიმე გუნდზე უნდა ვთქვათ, ეფექტურად თამაშობდაო, პირველ რიგში „ნაპოლიზე“.

რობერტო მანჩინიმ შეტევები სერხიო აგუეროსა და დავიდ სილვაზე ააგო, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ. „სიტი“ მოკლე პასებით და სწრაფი ფეხბურთით ცდილობდა „ნაპოლისთვის“ თავგზის აბნევას, მაგრამ ბოლო მომენტში იტალიური კლუბის მცველები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ და სილვა-აგუერო-ჯეკოს ტრიოს მშვენივრად უმკლავდებოდნენ. „ნაპოლი“ კი კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო იყო: განსაკუთრებით ეზიკილ ლავეცი და ედინსონ კავანი აქტიურობდნენ. ლავეციმ მე-18 წუთზე ბურთი მანჩესტერელთა კარის ძელს მოარტყა, მერე კი აგუეროს შესანიშნავი პასის შემდეგ, იაია ტურეს მასპინძელთა დაწინაურება შეეძლო.

მეორე ტაიმში ვალტერ მაძარის გუნდი უფრო აქტიური და ეფექტური გახდა. მისი ვიზავის, მანჩინის ბიჭების იერიშები კი ზედმეტად ერთფეროვანი გახლდათ. 49-ე წუთზე ვენსან კომპანიმ ჰამშიკის დარტყმული ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა (სიტის მეკარე ჯო ჰარტი იმ მომენტში უკვე უძლური იყო). მეორე ტაიმის შუაში „ნაპოლის“ კონტრშეტევები იმდენად სახიფათო გახდა, რომ ცხადი იყო, „სიტის“ კარში გოლი მწიფდებოდა: 69-ე წუთზე კრისტიან მაჯოს მართლაც უნაკლო პასით კავანი მანჩესტერელთა საჯარიმოში შეიჭრა და ჰარტი უშანსოდ დატოვა - ლოგიკური 0:1.

თუმცა მაპინძლები თამაშში მაინც დაბრუნდნენ: 73-ე წუთზე აგუერომ დე სანკტისის კარის ძელი შეაზანზარა, ზუსტად ერთ წუთში კი ანგარიში გათანაბრდა: ალექსანდერ კოლაროვმა საჯარიმოს მისადგომებიდან საჯარიმო დარტყმა ჩვეულ სტილში შეასრულა და ისიც უნდა ითქვას, რომ დე სანკტისს ამ დარტყმის მოგერიება მართებდა, რადგან ბურთი ახლო კუთხეში ისე გაუშვა, რეაქციაზე არც უფიქრია.

საბოლოო ჯამში ფრე ლოგიკური შედეგია, აპლოდისმენტებს კი ნეაპოლელები იმსახურებენ.

ვილიარეალი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 კროოსი (7), 0:2 რაფინია (76)
ბურთის ფლობა: 43%:57%, დარტყმები: 7:13, კუთხურები:L2:4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტონი კროოსი (ბაიერნი)

„ბაიერნმა“ ვილა-რეალში თავისი საქმე ზუსტად იქიდან გააგრძელა, სადაც ფრაიბურგში შეწყვიტა: რეკორდმაისტერი ისევ დომინირებდა, გოლებიც გაიტანა და თუ უფრო დიდი ანგარიშით ვერ მოიგო, მხოლოდ იმიტომ, რომ „ვილიარეალი“ „ფრაიბურგზე“ გაცილებით ძლიერი გუნდია. შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როცა ფრანკ რიბერიმ ტონი კროოსი დასარტყმელ პოზიციაზე მშვენიერი პასით გაიყვანა, ახალგაზრდა გამთამაშებელმა კი 12 მეტრიდან უპრობლემოდ გაიტანა. მიუხედავად ამისა, მიუნხენელებს შეტევები არ შეუწყვეტიათ.

„ვილიარეალის“ მხირდან მხოლოდ თავდამსხმელთა დუეტი, როსი და ნილმარი გამოირჩეოდნენ - „ბაიერნის“ დაცვას უმეტესად ეს უკანასკნელი აწუხებდა, მაგრამ ნილმარის აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია. ბავარიელებმა კი პირველ ტაიმში იმდენი მომენტი შექმნეს, „ვილიარეალის“ ფეხბურთელები შესვენებაზე ბედნიერები გავიდნენ, ტაბლოზე 0:1 ენთო.

მეორე ტაიმი „ბაიერნის“ ორი ბრწყინვალე შანსით დაიწყო, რომელთაგან შეცვლაზე შესულმა ნილს პეტერსენმა ვერცერთი ვერ გამოიყენა. გასული სეზონის მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირს (პეტერსენი „კოტბუსში“ თამაშობდა) ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა 61-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ ლოპესმა არ დაანება. პეტერსენზე უკეთ მომენტი მარჯვენა მცველმა რაფინიამ გამოიყენა - ბრაზილიელმა კარგი დრიბლინგი მახვილი კუთხიდან გატანილი გოლით დააგვირგვინა, რითაც მატჩის ბედი 76-ე წუთზე გადაწყვიტა.

დარჩენილ დროში „ვილიარეალს“ მანუელ ნოიერის კართან ხიფათი აღარ შეუქმნია, რაც იმასაც ნიშნავს, რომ რეკორდმაისტერის მეკარეს 658-წუთიანი მშრალი სერია აქვს. ამასთან, „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგაში ბოლო შვიდი სასტარტო შეხვედრა მშრალი ანგარიშით აქვს მოგებული.

B ჯგუფი
ინტერი-ტრაბზონი 0:1
გოლი: 0:1 ჩელუსტკა (76)
ბურთის ფლობა: 52%:48%, დარტყმები: 16:5, კუთხურები: 9:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მაურო სარატე (ინტერი)

ფაქტი იყო, რომ პირველი ტური სერიოზული სენსაციის გარეშე არ ჩაივლიდა და ამჯერად მილანის „ინტერს“ არ გაუმართლა. „ტრაბზონსპორმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ „ფენერბაჰჩე“ ცნობილი სკანდალის გამო დასაჯეს, ჩემპიონთა ლიგის 2010 წლის გამარჯვებული მისსავე „ჯუზეპე მეაცაზე“ დაამარცხა.

თამაში უკლასო და საყურებლად უინტერესო გახლდათ. „ნერაძური“ ფსევდო-უპირატესობას ფლობდა - მილანელები თურქული კლუბის კართან ხიფათს უმეტესად ვერ ქმნიდნენ. თუკი „ინტერიდან“ ვინმეზე ითქმის, აქტიურობდაო, ეს მხოლოდ მაურო სარატეა, რომელსაც 32-ე წუთზე შეეძლო თავისიანების დაწინაურება, მაგრამ ტრაბზონელთა მეკარე თოლგამ მისი დარტყმა შესანიშნავი რეფლექსით მოიგერია.

უჩვეულოდ სუსტი იყო ვესლი სნეიდერიც - ჰოლანდიელმა თურქების კართან ხიფათი სტანდარტულებითაც კი ვერ შექმნა, მისი ჯარიმები ან „ცოცხალ კედელს“ ხვდებოდა, ანაც თოლგას მისდიოდა პირდაპირ ხელებში. ანგარიშის გახსნის საუკეთესო შანსი კი მილანელთაგან შეცვლაზე შესულ დიეგო მილიტოს ჰქონდა, რომელმაც ესტებან კამბიასოს საოცნებო პასი ვერ გამოიყენა - თოლგასთან პირისპირ დარჩენილმა „ტრაბზონის“ მეკარეს ვერაფერი მოუხერხა.

„ტრაბზონსპორმა“ კი „ინტერის“ კართან ერთადერთი მომენტი შექმნა და ისიც გამოიყენა: ჰალილ ალთინთოფმა ბურთი „ნერაძურის“ კარის ძელს მოარტყა, იქიდან ასხლეტილი კი ონდრჟეი ჩელუსტას მიუვიდა, რომელმაც ბურთი „ინტერის“ კარში ვარდნით შეაგდო. „ტრაბზონმა“ გოლი 76-ე წუთზე გაიტანა და დარჩენილ დროში მილანელები უკონცეფციოდ, თავგზააბნეულები უტევდნენ, მაგრამ რეალური მომენტი ვერ შექმნეს. ასე რომ, ტრაპიზონელებს ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

ლილი-ცსკა 2:2
გოლები: 1:0 სოუ (45), 2:0 პედრეტი (57), 2:1 დუმბია (72), 2:2 დუმბია (90)
ბურთის ფლობა: 60:40, დარტყმები: 21:8, კუთხურები: 8:5.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სეიდუ დუმბია (ცსკა)

„ტრაბზონთან“ ერთად, ჯგუფში სამი ქულით დაწინაურება „ლილსაც“ შეეძლო. მეტიც: ფრანგები ვალდებულები იყვნენ, ცსკა დაემარცხებინათ, მაგრამ სამი ქულა უაზროდ გააჩუქეს. როცა 57-ე წუთზე 2:0-ს იგებ და ვერ მოიგებ, ამას სამი ქულის უაზროდ განიავება ჰქვია. პირველ ტაიმში „ლილი“ უკეთ გამოიყურებოდა, მუსა სოუს კი ფრანგების დაწინაურება მე-19 წუთზე შეეძლო, მაგრამ მაკრატელა დარტყმა გაუცუდდა. სამაგიეროდ, სოუმ მიზანი ტაიმის მიწურულს გაასწორა - ეს გახლდათ „ლილი“ პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაში 2006 წლის დეკემბრის შემდეგ. სოუსთან ერთად, აქტიური იყო ედენ ჰაზარი. მეორე ტაიმიც იგივე სცენარით დაიწყო და 57-ე წუთზე ბენუა პედრეტიმ ფლორენ ბალმონტის პასით სხვაობა ორამდე გაზარდა.

ერთი შეხედვით, მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა და მოსკოველები თითქოს უშანსოდ იყვნენ, მაგრამ მერე ცსკა-ს და კერძოდ სეიდუ დუმბიას დრო დადგა, რომელმაც ჯერ ერთი ბურთი გაქვითა, მერე კი, ბოლო წუთზე ანგარიშიც გაათანაბრა. ამრიგად, B ჯგუფს პირველი ტურის შემდეგ, „ტრაბზონსპორის“ სახით სენსაციური ლიდერი, „ინტერის“ სახით კი სენსაციური აუტსაიდერი ჰყავს.

C ჯგუფი
ბაზელი-ოცელული 2:1
გოლები: 1:0 ფ. ფრაი (39), 1:1 პენა (58), 2:1 ა. ფრაი (84-პენ)
გაძევება: სალაგეანუ (82. ოცელული), ჰუგელი (87. ბაზელი)
ბურთის ფლობა: 63%:37%, დარტყმები: 6:14, კუთხურები: 7:3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარკო შტრელერი (ბაზელი)

„ოცელულმა“ წააგო, მაგრამ დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის - ჩემპიონთა ლიგაში გაცილებით მეტი გამოცდილების მქონე „ბაზელმა“ რუმინულ კლუბს ძლივს მოუგო. შვეიცარიელები ფაბიან ფრაის გოლით იგებდნენ, რომელმაც 39-ე წუთზე მარკო შტრელერის კარგი პასით იხეირა, მაგრამ 58-ე წუთზე პენამ ანგარიში გაათანაბრა და „ბაზელს“ თავსატეხი გაუჩინა.

შეხვედრის მიწურულს კი ვითარება უკიდურესად დაიძაბა: რაკი სალაგეანუმ შტრელერთან ვარდნა დააგვიანა, მსაჯმა კოლუმმა „ოცელულის“ კარში პენალტის დანიშვნას სალაგეანუს მოედნიდან გაძევებაც მოაყოლა - ალექს ფრაიმ თერთმეტმეტრიანი უპრობლემოდ გაიტანა. თითქოს ყველაფერი ცხადი გახდა: „ბაზელი“ იგებდა, სტუმრები კაცნაკლულები იყვნენ და დროც ცოტა რჩებოდათ, მაგრამ საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე არბიტრმა მოედნიდან ჰუგელიც მიაბრძანა და რუმინელებს შანსი გაუჩნდათ, თუმცა ტორსტენ ფინკის გუნდმა ანგარიში შეინარჩუნა. მიუხედავად ამისა, „ოცელულის“ მწვრთნელი დორინელ მუნტეანუ და მისი გუნდი ქებას იმსახურებენ.

ბენფიკა-მანჩესტერ იუნაიტედი 1:1
გოლები: 1:0 კარდოსო (24), 1:1 გიგზი (42)
ბურთის ფლობა: 39%:61%, დარტყმები: 15:5, კუთხურები: 9:5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნიკოლას გაიტანი (ბენფიკა)

სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი გუნდი ერთბაშად რვა პოზიციაზე შეცვალა, ყველაზე საინტერესო კი დავიდ დე ხეას ნაცვლად, კარში ანდერს ლიდეგაარდის დაყენება გახლდათ. შესაძლოა, ამითაც იყო გამოწვეული ის, რომ მანჩესტერელები ორმხრივი შეტევებით დატვირთულ მატჩში დაულაგებლები ჩანდნენ - „იუნაიტედი“ ქაოტურად უტევდა. სამაგიეროდ, მოწოდების სიმაღლეზე იდგა „ბენფიკა“, რაც განსაკუთრებით აიმარსა და გაიტანზე ითქმის, რომლებიც ინგლისელთა უკანახაზელებს მუდმივად წნეხის ქვეშ ამყოფებდნენ. მართალია, „მანჩესტერი“ ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მაგრამ „იუნაიტედმა“ ამით სარგებლობა ვერ ნახა.

კარდოსოს გოლი, რომელიც მანჩესტერელების მიერ მარჯვენა ფლანგზე ბურთის დაკარგვას მოჰყვა, ლოგიკური იყო, რადგან მანამდე „ბენფიკა“ უფრო აქტიურობდა. ანგარიშის გათანაბრების პატივი კი, პირველი ტაიმის მიწურულს, უბერებელ რაიან გიგზს ხვდა წილად: 37 წლის ნახევარმცველმა მარჯვენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიწია და 17 მეტრიდან ბურთი ლისაბონელთა კარის მარჯვენა მაღალ კუთხეში ჩასვა.

ამ გოლით, ვეტერან უელსელს ზედიზედ 20 (!) სეზონში აქვს „მანჩესტერის“ ფორმით გოლი გატანილი. რაიანი ოთხშაბათს 37 წლის და 289 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც გოლის გატანა შეძლო.

მეორე ტაიმში „მანჩესტერმა“ მეტად მოინდომა, მაგრან „ბენფიკას“ უკეთესი მომენტები ჰქონდა: გოლების გატანა ნოლიტოს, გაიტანს და ემერსონს შეეძლოთ. საბოლოოდ კი 1:1, რაც „ბენფიკასთვის“ ცუდი შედეგი არ არის და არც „მანჩესტერისთვისაა“ კატასტროფა.

D ჯგუფი
აიაქსი-ლიონი 0:0
ბურთის ფლობა: 58%:42%, დარტყმები: 15:17, კუთხურები: 10:7
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: უგო ლორისი (ლიონი)

როგორც მოსალოდნელი იყო, „ამსტერდამ არენაზე“ გახსნილი ფეხბურთი გაჩაღდა. ეს იყო ორი თანაბარი დონის გუნდის დაპირისპირება, რომლებიც ამ ჯგუფში სავარაუდოდ მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ. ტემპი მაღალი გახლდათ, იყო საგოლე მომენტებიც, მაგრამ გოლები არ გავიდა.

მარტივად რომ ვთქვათ, ორივე გუნდის თითოეულ შემტევს მინიმუმ თითოჯერ შეეძლოთ გოლის გატანა, ეს განსაკუთრებით „ლიონის“ ფორვარდ გომისზე ითქმის. „აიაქსიდან“ ყველაზე აქტიური სულეიმანი გახლდათ და მასაც ჰქონდა ერთი ასპროცენტიანი შანსი. ცხადია, ფრით „ლიონი“ დარჩა კმაყოფილი.

დინამო (ზ)-რეალი 0:1
გოლი: 0:1 დი მარია (53)
გაძევება: მარსელო (73. რეალი)
ბურთის ფლობა: 44%:56%, დარტყმები: 11:23, კუთხურები: 11:6
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ქარიმ ბენზემა (რეალი)

„რეალი“ ზაგრებიდან ხელცარიელი რომ არ დაბრუნდებოდა, თავიდანვე ცხადი იყო. მოლოდინისამებრ, მადრიდელებს უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ „დინამოს“ მეკარე იმდენად კარგად თამაშობდა, რომ „სამეფო გუნდის“ ფეხბურთელებს ისიც უნდა უხაროდეთ, ანხელ დი მარიამ ერთხელ მაინც რომ შეძლო ხორვატთა კარის აღება.

„რეალიდან“ ყველაზე აქტიური ქარიმ ბენზემა გახლდათ, დაცვაში კი შეუდრეკელი იყო პეპე. სამაგიეროდ, ძალიან ცუდად ითამაშა, თითქმის არ ჩანდა მესუთ იოზილი. 73-ე წუთზე „რეალს“ მარსელო გაუგდეს - მარცხენა მცველმა მეორე ყვითელი ბარათი უნიჭო სიმულაციისთვის მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული