ვალენსია-ჩელსი
ჯგუფის ტოპ-დუელზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ”ვალენსიამ” ”ჩელსისთან” დაპირისპირების რეპეტიცია ამ უქმეებზე ”სევილიასთან” გაიარა და ჩააგდო - ”ღამურები” 0:1 დამარცხდნენ და ეს პრიმერადივიზიონში ვალენსიელთა პირველი წაგებაა. ლონდონელებმა კი ”სუონსის” უპრობლემოდ მოუგეს (4:1). დღევანდელი შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრების ფორვარდ მატასთვის, რომელიც ”მესტალიაზე” ბრუნდება - როგორც იცით, მატა ”ჩელსიში” ცოტა ხნის წინ სწორედ ”ვალენსიადან” გადავიდა და სხვათა შორის, ”არისტოკრატებში” სწრაფად გაშინაურდა.
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - მიგელი, რუისი, რამი, მატიო - ბანეგა, ტოპალი - ერნანდესი, კანალესი,
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, ტერი, ივანოიჩი, კოული - მეირელეში, ობი მიკელი, რამირესი - ანელკა, ტორესი, მატა.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
ლევერკუზენი-გენკი
გერმანიის ვიცე-ჩემპიონი ძალიან ცუდ ფორმაშია და ჯერჯერობით ვერავინ ხსნის, რა და რატომ სჭირს ”ლევერკუზენს”. მართალია, ”ფარმაცევტების” მიუნხენში წაგებამ (0:3) არავინ გააკვირვა, მაგრამ ეს ”ბაიერისთვის” ზედიზედ მესამე მარცხი გახლდათ. თუმცა ლევერკუზენელები პროგრესის დაწყებას ”გენკთან” საშინაო მატჩით იმედოვნებენ - გერმანელებმა ბელგიის ჩემპიონთან ექვსი ქულის მოპოვება დაგეგმეს, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ”ბაი არენაზე” აუცილებლად უნდა მოუგონ. დიდი შანსია, რომ ”ბაიერის” თავკაცმა რობინ დუტმა ორი თავდამსხმელით ითამაშოს და წინა ხაზზე ერენ დერდიოკს შტეფან კისლინგი შეუწყვილოს, რომლებსაც ფლანგებიდან სწრაფი გარემარბები, ანდრე შიურლე და სიდნი სემი მიეხმარებიან.
”გენკმა” ამ უქმეებზე ”ლეუვენთან” 1:1 ითამაშა. პოზიტიური ის იყო, რომ ბელგიურ კლუბს 20 წლის იმედის მომცემი ნახევარმცველი დე ბრუინი დაუბრუნდა, რომელიც აგვისტოს აქეთ ტრავმირებული იყო. ეს უკანასკნელი დღეს სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება გამწესებული.
სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - კასტრო, რაინარტცი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი - სემი, შიურლე - დერდიოკი, კისლინგი.
გენკი (4-4-2): კიოტელესი - ნგჩონგჩა, სიმაეისი, ნადსონი, პუდილი - ბაფელი, ჰუბერტი, ტიოშერი, დე ბრუინი - ბარდა, ვოსენი.
არბიტრი: ალან კელი (ირლანდია)
F ჯგუფი
მარსელი-ბორუსია (დ)
წარუმატებელი სტარტის შემდეგ, დორტმუნდის ”ბორუსიამ” ”მაინცთან” მოპოვებული გამარჯვებით არა მარტო მდგომარეობა, არამედ ხასიათიც გამოისწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ჩემპიონები მარსელში თავაწეულები ჩავიდნენ. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ დორტმუნდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი მოედანზე ისევ იმ თერთმეტ ფეხბურთელს გაიყვანს, რომლებმაც ”მაინცი” დაამარცხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ 44 წლის იურგენი გამოჯანმრთელებულ ფორვარდ ლუკას ბარიოსს ისევ სკამზე დატოვებს.
სეზონი ”მარსელმაც” ცუდად, მეტიც, ”დორტმუნდზე” უარესად დაიწყო - ველოდრომელები საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილში ქვედა ნახევარში იმყოფებიან. გასულ უქმეებზე ”ოლიმპიკმა” ”ვალანსიენთან” 1:1 ითამაშა და ვერც ამ მატჩში აჩვენა იმედის მომცემი ფეხბურთი. ”დორტმუნდთან” კი, მწვრთნელი დიდიე დეშამი დაცვის ტრავმირებულ ბურჯ მბიას ვერ გამოიყენებს, ფანი კი დისკვალიფიცირებულია.
სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სპილიკუეტა, დიავარა, ნკულუ, დ. ტრაორე - ა. დიარა, კაბორე - ვალბუენა, ლუჩო გონსალესი, აიევი - რემი.
ბორუსია დ. (): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, ლიოვე - გიუნდოგანი, კელი - გიოტცე, კაგავა, პერიშიჩი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)
არსენალი-ოლიმპიაკოსი
ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლონდონის ”არსენალი” ”ოლიმპიაკოსთან” ფავორიტადაა შერაცხული. ”ბოლტონთან” 3:0-ზე მოგებულ თამაშში ყველაზე კარგად ”მეთოფეთა” ახალმა კაპიტანმა, რობინ ვან პერსიმ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა. ”ოლიმპიაკოსთან” საშინაო მატჩში ”არსენალის” თავკაც არსენ ვენგერს ისევ ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა, რადგან დისკვალიფიკაცია ჯერ არ მოუხდია. ბერძნებს ეროვნულ ჩემპიონატში ორივე თამაში მოგებული აქვთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კი, ”მარსელთან” 0:1 დამარცხდნენ.
G ჯგუფი
ზენიტი-პორტუ
G ჯგუფში ერთი თამაში საღამოს 8 საათზე იწყება: ”ზენიტი” ”პორტუს” მასპინძლობს და შედარებით მოკრძალებული ამბიციების მქონე გუნდებით დაკომპლექტებულ ჯგუფში ეს ცენტრალური მატჩია. რუსებმა პირველ ტურში ”აპოელთან” მოულოდნელი მარცხი (1:2) განიცადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიურ გრანდთან საშინაო შეხვედრაში წნეხის ქვეშ არიან მოქცეულები - თუ პეტერბურგელებს რამის პრეტენზია აქვთ, დღეს უნდა მოიგონ. ”ზენიტის” თავკაცი ლუჩანო სპალეტი დისკვალიფიცირებულ ბრუნო ალვეშს ვერ გამოიყენებს - ეს უკანასკნელი ”აპოელთან” გააძევეს. დიდი შანსია, რომ იტალიელმა მწვრთნელმა ეს უკანასკნელი სლოვაკი უკანახაზელით, ტომას ჰუბოკანით შეცვალოს.
”პორტუ” საკმაოდ კარგად გამოიყურება, ჯერჯერობით ამ სეზონში წაუგებლად ასპარეზობს და გასულ უქმეებზე კი ”ბენფიკასთან” უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 2:2 ითამაშა. ვიტორ პერეირა დისკვალიფიცირებულ გუარინს ვერ გამოიყენებს, სამაგიეროდ, მას ჯალმა და მანგალა დაუბრუნდნენ.
სავარაუდო შემადგენლობები
ზენიტი (4-1-3-2): ჟევნოვი - ანიუკოვი, ლომბერტსი, ჰუბოკანი, კრიშიტო - შიროკოვი - დენისოვი, დანი, ფაიზულინი - კერჟაკოვი, ბუხაროვი.
პორტუ (4-3-3): ჰელტონი - ფუჩილე, როლანდო, ოტამენდი, ალვარო პერეირა - მოუტინიო, ფერნანდო, დეფური - ჰალკი, კლებერი, როდრიგესი.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
შახტარი-აპოელ
პარალელურ მატჩში ”შახტარი” ”აპოელის” დამარცხებას შეეცდება და ფაქტია, რომ დონეცკელებს ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება არა მარტო შეუძლიათ, არამედ ვალდებულებიც არიან, მოიგონ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკრაინელებს დისკვალიფიცირებულები, ჩიგრინსკი და რაკიცკი არ ეყოლებათ.
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): რიბკა - სრნა, კუხერი, ჩიჟოვი, შევჩუკი - ჰიუბშმანი, ჟადსონი - ედუარდო, ტეიშეირა, ვილიანი - ლუის ადრიანო.
აპოელ (4-2-3-1): კიოტისი - პურსაიტიდისი, ჟორჟე, ოლივეირა, ბოავენტურა - მორაისი, პინტუ - ტრიკოვსკი, მარცინიო, მანდუკა - აილტონი.
არბიტრი: რობერტ შიორგენჰოფერი (ავსტრია)
H ჯგუფი
ბატე-ბარსელონა
პირველი ტურის შემდეგ, ამ ჯგუფში სამი ქულა არცერთ გუნდს არ აქვს, რაც იმის დამსახურებაა, რომ ”ბარსელონა” და ”მილანი” ერთმანეთში თამაშობდნენ და ზუსტად ისე გაიყვეს ქულები (1:1), როგორც ჯგუფის აშკარა და უშანსო აუტსაიდერებმა, ”ბატემ” და პლზენის ”ვიქტორიამ”. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბორისოვოში დიდი საფეხბურთო ზეიმია, რადგან ამ (განსაკუთრებით საფეხბურთო კუთხით) მოკრძალებულ ქალაქში თვით ”ბარსა” ითამაშებს. კატალონიელებმა ამ უქმეებზე მადრიდის ”ატლეტიკოს” გადაურბინეს (5:0) და ლოგიკურად, ბელორუსებსაც შავი დღე უნდა აყარონ. პეპ გვარდიოლა ალექსის სანჩესს და ანდრეს ინიესტას ვერ გამოიყენებს - ორივე ტრავმირებულია.
სავარაუდო შემადგენლობები
ბატე (4-4-1-1): გუტორი - ბაგა, შიმიჩი, ფილიპენკო, ბორდაჩევი - ვოლოდკო, ბრეშანი, გორდეიჩუკი, ოლეხნოვიჩი - რუდიკი - კეჟმანი.
ბარსელონა (4-3-3); ვიქტორ ვალდესი - ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - კეიტა, ბუსკეტსი, ჩავი - პედრო, მესი, ვილია.
არბიტრი: მანუელ გრეფე (გერმანია)
მილანი-ვიქტორია
როლები ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაშიც მკვეთრადაა გადანაწილებული: ”ვიქტორიასთან” საშინაო შეხვედრაში ”მილანისგან” მხოლოდ გამარჯვებას ველით - სხვა ნებისმიერი შედეგი უდიდესი სენსაცია იქნება და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ”როსონერის” დღეს არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრის განსაკუთრებით თავდასხმაში უჭირს. იბრაჰიმოვიჩი, პატო, გატუზო, რობინიო და კევინ-პრინს ბოატენგი ვერ ითამაშებენ. იმის გამო, რომ ფილიპო ინძაგი ”მილანის” საჩემპიონთალიგო განაცხადში შეყვანილი არ არის, ალეგრის განკარგულებაში ფორვარდებიდან მხოლოდ ანტონიო კასანოა.
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-2-1): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ტაივო - ამბროზინი, ვან ბომელი, აკვილანი - ზეედორფი, ემანუელსონი - კასანო.
ვიქტორია (4-2-3-1): ჩეხი - ლიმბერსკი, ბისტრონი, ჩისოვსკი, რაიტორალი - ჰორვატი, ირჟაჩეკი - პილარი, კოლარი, პეტრჟელა - ბაკოსი.
არბიტრი: ფლორიან მაიერი (გერმანია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"