E ჯგუფი
ლევერკუზენი-გენკი 2:0
გოლები: 1:0 ლ. ბენდერი (30), 2:0 ბალაკი (92)
ბურთის ფლობა: 62%:38%; დარტყმები: 18:11; კუთხურები: 6:9
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სიდნი სემი (ლევერკუზენი)
გერმანიის ვიცე-ჩემპიონს „გენკთან“ საშინაო მატჩში ნერვიულობა ეტყობოდა, რაც აშკარად იმის ბრალია, რომ „ლევერკუზენმა“ ეს სეზონი ძალიან არასტაბილურად დაიწყო. გერმანელები განსაკუთრებით პირველ
მეორე ტაიმიც ასეთივე სცენარით განვითარდა: „ლევერკუზენს“ აშკარად უფრო სუსტ „გენკთან“ მეტი მოეთხოვებოდა. თუმცა მეორე ნახევარში „ბაიერის“ თავკაცმა რობინ დუტმა, როგორც იქნა, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და აბსოლუტურად უმაქნისი რენატო აუგუსტო გამოცდილი მიხაელ ბალაკით შეცვალა, რომელმაც „ლევერკუზენის“ თამაშში მეტი სიცოცხლე შეიტანა, გოლიც გაიტანა და მასპინძლები საბოლოოდ დაამშვიდა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს გამარჯვება „ლევერკუზენს“ თავდაჯერებას ნამდვილად ვერ შემატებდა, მაგრამ რაც მთავარია, სამი ქულა შემატა, რისი წყალობითაც, ორი ტურის შემდეგ, „ბაიერი“ ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ვალენსია-ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 ლემპარდი (56), 1:1 სოლდადო (87-პენ)
ბურთის ფლობა: 56%:44; დარტყმები: 17:9; კუთხურები: 6:5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო ალვეში (ვალენსია)
„შემდეგ სალომონ კალუს დრო დადგა!“ - მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩის მთელი დრამატურგიის გადმოსაცემად მხოლოდ ეს ერთი წინადადებაც საკმარისი იქნებოდა. წესით, პირველ ტაიმზე ერთი სიტყვაც არ უნდა ვთქვათ, მაგრამ არ გამოდის: „ჩელსიმ“ თითქოს კარგად (ყოველ შემთხვევაში, „ვალენსიაზე“ უკეთ) დაიწყო, მაგრამ ლონდონელებს დიდი მონდომება არ ეტყობოდათ, „ვალენსიას“ კი, პირდაპირ ვთქვათ, გოლის გასატანად თავი საერთოდ არ შეუწუხებია.
რისი იმედი უნდა გვქონოდა შესვენებაზე? ცხადია, ვერ ვიფიქრებდით, რომ „ჩელსი“ მეორე ტაიმში ძალიან მაგრად შეუტევდა, რათა დიეგო ალვეშისთვის კიდევ რამდენჯერმე მიეცა იმის დამტკიცების შანსი, რომ შესანიშნავი მეკარეა. ამიტომაც, იმის იმედად ვიყავით, რომ „ვალენსია“ ფხას გამოაჩენდა. თუმცა ეს მანამდე მაინც არ მოხდა, სანამ ფრენკ ლემპარდმა ბოლოს და ბოლოს „ღამურების“ კიპერს არ აჯობა და „ჩელსი“ არ დაწინაურდა.
...შემდეგ სალომონ კალუს დრო დადგა! ამ უკანასკნელმა სწორედ ლემპარდი შეცვალა და „ვალენსიასთვის“ გმირი, „ჩელსისთვის“ კი ანტიგმირი გახდა. ერთ-ერთი კუთხურისას კალუმ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რასაც პენალტი მოჰყვა, რომელიც სოლდადომ გამოიყენა და „ვალენსიას“ ქულა გადაურჩინა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 2 1 1 0 3-1 4
2. ლევერკუზენი 2 1 0 1 2-2 3
3. ვალენსია 2 0 2 0 1-1 2
4. გენკი 2 0 1 1 0-2 1
F ჯგუფი
მარსელი-ბორუსია (დ) 3:0
გოლები: 1:0 დ. აიუ (20), 2:0 რემი (62), 3:0 დ. აიუ (69-პენ)
ბურთის ფლობა: 47%:53%; დარტყმები: 8:16; კუთხურები: 4:11
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სტივ მანდანდა (მარსელი)
მარსელში საღამოს 20 გრადუსი სითბო და უღრუბლო ცა იყო - მიუხედავად ამისა, სულეიმან დიავარამ იფიქრა, რომ შესცივდებოდა და მოედანზე ხელთათმანებით გავიდა. დორტმუნდელი ფანები კი შუადღეზე ბანაობდნენ და მერე პლაჟზე მზეს ეფიცხებოდნენ, საღამოს კი ყბები სულ სხვა რამის გამო ჩამოუვარდათ: ნახეს თავიანთი საყვარელი გუნდის საკმაოდ კარგი თამაში, დრიბლინგები და საგოლე მომენტები, მაგრამ „ბორუსიამ“ წააგო. თანაც, 0:3!
მოკლედ, „დორტმუნდის“ თავს ევროსარბიელზე წელსაც იგივე ხდება, რაც შარშან ევროპის ლიგაში ხდებოდა: იურგენ კლოპის გუნდი კარგად თამაშობს და მომენტებსაც ქმნის, მაგრამ ვერ იყენებს და დამსახურებულ ქულებს ანიავებს. ამჯერად გოლის გატანა ყველაზე ხშირად მარიო გიოტცეს შეეძლო, მაგრამ შესანიშნავ სტივ მანდანდას ვერაფერი მოუხერხა.
სამი უპატიებელი შეცდომა დაცვაში, ორჯერ მეტი არაკონცენტრირებული საქციელი თავდასხმაში და ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დიდიე დეშამის გუნდს სამბურთიანი უპირატესობით მოეგო. აუცილებლად უნდა ვახსენოთ და გავკიცხოთ მატჩის ერთ-ერთი გმირის, დედე აიუს ძმა ჯორდან აიუ, რომელიც თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო და ეგრევე ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რის შემდეგაც, დორტმუნდის კარიდან 25 მეტრში (!) მატს ჰუმელსთან ორთაბრძოლისას აბსოლუტურად უაზროდ ისიმულანტა, რის გამოც მეორე ყვითელი და შესაბამისად, წითელი ბარათი აუფრიალეს.
არსენალი-ოლიმპიაკოსი 2:1
გოლები: 1:0 ჩემბერლენი (8), 2:0 სანტოსი (19), 2:1 ფუსტერი (27)
ბურთის ფლობა: 54%:46%; დარტყმები: 10:15; კუთხურები: 5:6
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრეი არშავინი (არსენალი)
„არსენალის“ მწვრთნელის რანგში 15-წლიან იუბილემდე ორი დღით ადრე, ლონდონელთა თავკაცმა არსენ ვენგერმა ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და 18 წლის ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. ამ უკანასკნელს კი ზუსტად რვა წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ გამოცდილი სპეციალისტის ნდობა სადებიუტო მატჩშივე გოლით გაემართლებინა. მოგვიანებით, „არსენალის“ ხელმძღვანელობა სანტოსმა დაამშვიდა, რის შემდეგაც „მეთოფეებს“ ფეხბურთი აღარ უთამაშიათ. ვენგერის გუნდს დაეტყო ნერვიულობა, რის გამოც „მეთოფეებს“ საქმე პრემიერლიგაშიც ცუდად მისდით. თავად განსაჯეთ: ლონდონელებმა კარისკენ 10-ჯერ დაარტყეს, ბერძნებმა კი - 15-ჯერ. თუმცა „ოლიმპიაკოსს“ შეხვედრის გადასარჩენად კლასი არ ეყო - არადა, ტაბლოზე 2:1 27-ე წუთიდან ენთო.
თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 2 2 0 0 4-0 6
2. არსენალი 2 1 1 0 3-2 4
3. ბორუსია (დ) 2 0 1 1 1-4 1
4. ოლიმპიაკოსი 2 0 0 2 1-3 0
G ჯგუფი
ზენიტი-პორტუ 3:1
გოლები: 0:1 როდრიგესი (10), 1:1 შიროკოვი (20), 2:1 შიროკოვი (63), 3:1 დანი (72)
ბურთის ფლობა: 54%:46%; დარტყმები: 19:11; კუთხურები: 4:4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:Lდანი (ზენიტი)
ევროპის ლიგის მოქმედ გამარჯვებულ „პორტუს“ ცივ რუსეთში მოუხდა მგზავრობა, სადაც სითბოს მიჩვეულ პორტუგალიელებს რუსეთის ჩემპიონატის ლიდერი „ზენიტი“ ელოდათ. პეტერბურგელები ძალიან კარგ ფორმაში არიან, რაც ამ მატჩშიც დაეტყოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი „პორტუმ“ გაიტანა, რუსებმა პირველიდან ბოლო წუთამდე უკეთ ითამაშეს. თუმცა შეიძლებოდა, მოვლენები მაინც სულ სხვანაირად განვითარებულიყო, რომ არა ფუსილეს სულელური საქციელი, როცა უკვე გაყვითლებულმა, ხელით ითამაშა და შესვენებამდე მოედნიდან გააძევეს. რა გასაკვირია, რომ მეორე ტაიმში „ზენიტი“ დომინირებდა. კერჟაკოვმა და დანიმ არაერთი მომენტი შექმნეს და შეიძლებოდა, „პორტუს“ უფრო დიდი ანგარიშითაც წაეგო.
შახტარი-აპოელ 1:1
გოლები: 0:1 ტრიკოვსკი (61), 1:1 ჟადსონი (64)
ბურთის ფლობა: 62%:38%; დარტყმები: 26:4; კუთხურები: 9:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პაულო ჟორჟე (აპოელ)
უკრაინელები უპირატესობას ფლობდნენ, მოედანზე მიმდინარე პროცესებს აკონტროლებდნენ, ტექნიკურად და ტაქტიკურად მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, გოლების გატანა კი, 64-ე წუთის გამოკლებით, ვერაფრით მოახერხეს. შესაბამისად, სენსაცია ოთხშაბათსაც გამოცხვა: „შახტარმა“ „აპოელთან“ მხოლოდ ქულა რომ მოიპოვა, ეს დიახაც რომ სენსაციაა. არადა, დონეცკელებს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ ძალიან კარგადაც არ უთამაშიათ. კვიპროსელები კი პირველიდან ბოლო წუთამდე დაცვაში იდგნენ.
„აპოელმა“ გოლი ერთ-ერთი უიშვიათესი კონტრშეტევიდან გაიტანა და მერე რა, რომ „შახტარმა“ ანგარიში მაინც გაათანაბრა: ორი ტურის შემდეგ, ჯგუფს ნიქოზიელები ლიდერობენ, რასაც, დაგვეთანხმებით, არავინ ელოდა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 2 1 1 0 3-2 4
2. ზენიტი 2 1 0 1 4-3 3
3. პორტუ 2 1 0 1 3-4 3
4. შახტარი 2 0 1 1 2-3 1
H ჯგუფი
მილანი-ვიქტორია 2:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (53-პენ), 2:0 კასანო (66)
ბურთის ფლობა: 52%:48%; დარტყმები: 14:14; კუთხურები: 5:4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი)
„მილანი“ ჩემპიონთა ლიგაში წნეხის ქვეშაა მოქცეული. „ბარსელონასთან“ ერთად ჯგუფიდან გასვლა „როსონერისთვის“ უბრალოდ სავალდებულოა და სხვა ნებისმიერი შედეგი მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის არა მარტო სენსაცია, არამედ უდიდესი სკანდალიც იქნება. ასე რომ, „მილანმა“ „ბატესაც“ და პლზენის „ვიქტორიასაც“ ყველა თამაში უნდა მოუგოს და თანაც, მაქსიმალურად ლამაზად.
ლამაზად თამაში და დიდი ანგარიშით გამარჯვება მილანელებს გუშინწინაც სურდათ. ერთი ეგაა, რომ ეს სურვილი მხოლოდ ქუსლებით პასებსა და დრიბლინგების მცდელობებით გამოიხატებოდა. ამავდროულად, მილანელებს სირბილი ეზარებოდათ და როცა სირბილი გეზარება, ლამაზი ფეხბურთის თამაში პლზენის „ვიქტორიასთანაც“ შეუძლებელი ხდება. შესაბამისად, ჩეხებს საკმაოდ კარგი მომენტები ჰქონდათ და კარი მშრალად რომ შეინახეს, მილანელები აბიატის უნდა უმადლოდენ.
იბრაჰიმოვიჩი და კასანო ზედმეტად მარტივად ცდილობდნენ ჩეხი მცველების გაბითურებას, რაც ხშირად არ გამოსდიოდათ. ერთი სიტყვით, ანგარიშის გასახსნელად „მილანს“ პენალტი დასჭირდა, მერე კი, „ორი მსახიობის თეატრი“ კასანოსა და იბრაჰიმოვიჩის შესრულებით, მაინც შედგა. საბოლოო ჯამში, უკლასო „ვიქტორია“ მაინც უშანსოდ იყო.
ბატე-ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 ვოლოდკო (19-საკ. კარში); 0:2 პედრო (21), 0:3 მესი (37), 0:4 მესი (55), 0:5 ვილია (89)
ბურთის ფლობა: 34%:66%; დარტყმები: 5:25; კუთხურები: 1:11
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)
„დავითი გოლიათის წინააღმდეგ“ - ამ დუელისთვის ასეთი ეპითეთის მინიჭებაც კი გადაჭარბებულია. „ბატესა“ და „ბარსელონას“ შორის ძალიან დიდი სხვაობა რომაა, ამაზე საუბარი არც ღირს. თუკი ბორისოვოში მაინც სჯეროდა ვინმეს იმის, რომ „ბატეს“ ამ მატჩის მცირე სხვაობით წაგება შეეძლო, სტატისტიკურ მონაცემებს უნდა გადახედოს: კუთხყრები 11:1, ბურთის ფლობის მაჩვენებელი 70-ე წუთისთვის 77%:23% და ჩავის 112 პასი, საიდანაც 92 პროცენტი ზუსტი იყო.
„ბატეს“ ფეხბურთელებმა „ბარსას“ ნახევარზე ხეირიანად გადასვლით გაბედნიერება მხოლოდ ბოლო ათი წუთის განმავლობაში მოახერხეს, როცა ტაბლოზე 0:5 ენთო და კატალონიელებს ეს გართობა მობეზრდათ. ისე კი, გვარდიოლას ბიჭებმა მორიგი რეკორდი დაამყარეს: „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 23-ე შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არ დატოვა. ამ შეხვედრამდე კატალონიელები ამ რეკორდს მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად იყოფდნენ - რეკორდმაისტერმა ზედიზედ 22 მატჩში გოლის გატანა 1998-დან 2000 წლამდე მოახერხა.
მოკლედ, ჩემპიონთა ლიგას ან წელსაც „ბარსა“ მოიგებს, ანაც ის გუნდი, ვინც „ბარსას“ დამარცხებას შეძლებს.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 1 1 0 7-2 4
2. მილანი 2 1 1 0 4-2 4
3. ვიქტორია 2 0 1 1 1-6 1
4. ბატე 2 0 1 1 1-6 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"