დორტმუნდის "ბორუსია" ბარიოსის გარეშე!

AutoSharing Option
E ჯგუფი
ლევერკუზენი-ვალენსია
ჯგუფის ლიდერი და ფავორიტი „ჩელსია“. ფაქტობრივად არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ლონდონური კლუბი პირველ ადგილზე გავა. აქედან გამომდინარე, „ლევერკუზენისა“ და „ვალენსიას“ დაპირისპირებებს მეორე ადგილისთვის ბრძოლის კუთხით უდიდესი მნიშვნელოვა ენიჭება.

გერმანიის ვიცე-ჩემპიონი ამ სეზონში ერთობ არასტაბილური გუნდია - ახალი მწვრთნელის, რობინ დუტის კონცეფცია ხშირად ვერ ამართლებს. „ფარმაცევტებმა“ ვერც გასულ უქმეებზე მოიგეს (2:2 გლადბახთან) და მადლობა უნდა თქვას, რომ არ წააგეს. ჩემპიონთა ლიგაში კი „ბაიერს“ ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და სწორედ „ვალენსიასთან“ ორმა დუელმა უნდა გაარკვიოს, შეუძლიათ
თუ არა ლევერკუზენელებს ჯგუფიდან გასვლა.

თავის მხრივ, „ვალენსია“ ნორმალურ ფორმაშია - „ღამურები“ პრიმერადივიზიონის საუკეთესო ოთხეულში ბინადრობენ. უნაი ემერის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „მალიორკასთან“ 1:1 ითამაშა და იმ შეხვედრაში გუნდს ევერ ბანეგა იმის გამო დააკლდა, რომ ვარჯიშზე დააგვიანა და ემერიმ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. დღეს ბანეგა ისევ განაცხადში იქნება.

გერმანელებს ცენტრალური მცველი იომერ ტოპრაკი ჰყავდათ დაშავებული, მაგრამ ამ უკანასკნელმა გამოჯანმრთელება მოასწრო და დღეს მის მოედანზე გასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ბუნდესლიგაში დისკვალიფიცირებულ გონსალო კასტროს ჩემპიონთა ლიგაში თამაში შეუძლია და სავარაუდოდ ისიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ბალიტში, რაინარტცი, ტოპრაკი, კადლეცი - როლფესი, ლ. ბენდერი - კასტრო, სემი - კისლინგი, დერდიოკი.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბრუნო, რამი, ვიქტორ რუისი, ხორდი ალბა - ალბელდა, ტოპალი - პაბლო ერნანდესი, კანალესი, მათიუ - სოლდადო.

არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

ჩელსი-გენკი
„ჩელსი“ „გენკთან“ საშინაო მატჩში უპირობო ფავორიტია და სასწაული უნდა მოხდეს, ლონდონელებმა სამი ქულა რომ ვერ აიღონ. თუმცა ხანდახან სასწაულებიც ხდება ხოლმე - გაიხსენეთ „მანჩესტერ იუნაიტედის“ საშინაო ფრე „ბაზელთან“ (3:3). „ჩელსიმ“ გასულ უქმეებზე საშიშ მეტოქე „ევერტონს“ 3:1 მოუგო, „გენკმა“ კი „ლოკერენთან“ არასასურველი მარცხი იწვნია და ბელგიის ჩემპიონატში მისთვის უჩვეულო, მე-9 პოზიციაზეა.

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ბოსინგვა, დავიდ ლუისი, ტერი, კოული - მალუდა, მეირელეში, ლემპარდი - სტარიჯი, ტორესი, მატა
გენკი (4-3-1-2): კოტელესი - ნგონგჩა, მასუერო, ვანდენ ბორე, პუდილი - ჰილანდი, დე ბრუინი, ბაფელი - ტოშერი - ოგუნჯიმი, ბარდა.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 2 1 1 0 3-1 4
2. ლევერკუზენი 2 1 0 1 2-2 3
3. ვალენსია 2 0 2 0 1-1 2
4. გენკი 2 0 1 1 0-2 1

F ჯგუფი
მარსელი-არსენალი
„ოლიმპიკს“ ორივე თამაში მოგებული აქვს და ჯგუფის ლიდერია, საფრანგეთის ჩემპიონატში კი ველოდრომელები კატასტროფულ მდგომარეობაში არიან - „ტულუზასთან“ 0:0-ის შემდეგ „მარსელი“ მე-15 (!) ადგილზეა. საკმარისია, ფრანგებმა ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარონ უმაღლეს დონეზე და ჯგუფის მთავარი ფავორიტი „არსენალიც“ დაამარცხონ, რომ მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამენ.

ჯერჯერობით ამ სეზონში ლონდონური კლუბიც ვერ დაფრინავს: არსენ ვენგერის გუნდმა „სანდერლენდთან“ მოგებული თამაშის (2:1) შემდეგ მხოლოდ და მხოლოდ ცხრილის შუაში აინაცვლა.

სავარაუდო შემადგენლობა
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, ნ’კულუ, დიავარა, მორელი - ლუჩო გონსალესი, დიარა, შეირუ - ვალბუენა, რემი, ა. აიუ.
არსენალი (4-3-3): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, სანტოსი - არტეტა, სონგი, როსიცკი - უოლკოტი, ვან პერსი, ჟერვინიო.

ოლიმპიაკოსი-ბორუსია (დ)
„მარსელისა“ და „არსენალისგან“ განსხვავებით, დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბუნდესლიგაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოასწორა და 9 ტურის შემდეგ საუკეთესო სამეულშია. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იურგენ კლოპის გუნდმა პროგრესი ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა განიცადოს.

ფაქტია, რომ ორ თამაშში ერთი ქულა და ბოლოსწინა ადგილი გერმანიის ჩემპიონისთვის შეუფერებელი, ცუდი შედეგია. თუმცა კლუბის ხელმძღვანელები ამბობენ, ჩვენი „პური და ყველი ბუნდესლიგაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე ტურნირისთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე მიდგა საქმე, ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად გერმანიის ჩემპიონატს ვამჯობინებთო...“

თუმცა, კლოპის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგას ფეხებზე იკიდებს. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ოლიმპიაკოსს“ ორივე თამაში მოვუგოთ და მერვედფინალში გასვლისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ. ფაქტია, რომ საბერძნეთიდან სამი ქულის წამოღება ძალიან ძნელი იქნება. ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბერძენი ხალხი დღეს უკმაყოფილოა გერმანიით და შესაბამისად, სტადიონზე ჯოჯოხეთი გველის,“ - განაცხადა კლოპმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, იურგენი როტაციაც მიმართავს და ძირითად შემადგენლობაში, მეორე საყრდენად ილქაი გიუნდოგანის ნაცვლად სებასტიან კელს ათამაშებს, ივან პერიშიჩის ნაცვლად შინჯი კაგავას გაამწესებს, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი, ძირითადში ისევ ლუკაშ პიჟჩეკს დააბრუნებს, რადგან პარასკევს „ვერდერის“ კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი პატრიკ ოვომოიელა დაშავდა. ტრავმა მიიღო ახლახან გამოჯანმრთელებულმა თავდამსხმელმა ლუკას ბარიოსმაც, რომელიც კლოპმა საბერძნეთში ასევე არ წაიყვანა.

საკადრო პრობლემები არც „ოლიმპიაკოსს“ აკლია: ტოროსიდისი, იესტე და ფუსტერი ტრავმირებულები არიან. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელდა მარცხენა მცველი ჰოლებასი.

სავარაუდო შემადგენლობები
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კოსტანცო - მოდესტო, ა. პაპადოპულოსი, მელბერგი, ჰოლებასი - ორბაისი, მაკუნი - მირალასი, იბაგასა, აბდუნი - ჯებური.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, ლიოვე - ს. ბენდერი, კელი - გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.

არბიტრი: ბას ნიჰუისი (ჰოლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. მარსელი 2 2 0 0 4-0 6
2. არსენალი 2 1 1 0 3-2 4
3. ბორუსია (დ) 2 0 1 1 1-4 1
4. ოლიმპიაკოსი 2 0 0 2 1-3 0

G ჯგუფი
პორტუ-აპოელ
ყველაზე იოლ ჯგუფში მოხვედრით ყველაზე მეტი ხეირი პირველ ორ ტურში ნიქოზიის „აპოელმა“ ნახა - კვიპროსელებს ოთხი ქულა აქვთ და ცხრილს სათავეში უდგანან. თუმცა დღეს, „აპოელს“ ექვსიდან ყველაზე რთული მატჩი ელის: სტუმრად, ფავორიტ „პორტუსთან“. პორტუგალიის ჩემპიონს მხოლოდ მოგება სურს, კვიპროსელები კი ფრეზე ოცნებობენ.

სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-1-2-3): ჰელტონი - საპუნარუ, ოტამენდი, როლანდო, ა. პერეირა - ფერნანდო - გუარინი, მოუტინიო - ჰალკი, კლებერი, როდრიგესი.
აპოელ (4-2-3-1): კიოტისი - პურსაიტიდისი, ჟორჟე, იაჰიჩი, ბოავენტურა - მორაიში, პინტუ - ტრიკოვსკი, მარჩინიო, მანდუკა - აილტონი.

შახტარი-ზენიტი
ისე, „აპოელს“ წინა ტურში, „შახტართან“ გასვლით შეხვედრაშიც წაგებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნიქოზიელებმა დონეცკში ფრეს (1:1) მიაღწიეს. უკრაინელები ამჯერად „ზენიტს“ მასპინძლობენ და თუ ჯგუფიდან გასვლა უნდათ, პეტერბურგელებს სამი ქულა უნდა დაატოვებინონ.

„შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატში ბოლო ორი თამაში დამაჯერებლად მოიგო (4:1 და 3:1), რუსეთის ჩემპიონატის ლიდერმა „ზენიტმა“ კი ზედიზედ ორი ფრე ითამაშა („სპარტაკთან“ და „დინამოსთან“). თავის მხრივ, პეტერბურგელებს ამ შეხვედრაში ფრეც აწყობთ.

სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): რიბკა - სრნა, ჩიჟოვი, ჩიგრინსკი, შევჩუკი - ჰიუბშმანი, მხითარიანი - ედუარდო, ტეიშეირა, ვილიანი - ლუის ადრიანო.
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ლუკოვიჩი, ბრუნო ალვეში, ლომბერტსი, კრიშიტო - ფაიზულინი, დენისოვი, შიროკოვი - ზირიანოვი, ბუხაროვი, დანი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 2 1 1 0 3-2 4
2. ზენიტი 2 1 0 1 4-3 3
3. პორტუ 2 1 0 1 3-4 3
4. შახტარი 2 0 1 1 2-3 1

H ჯგუფი
მილანი-ბატე
„მილანმა“ იტალიის ჩემპიონატში ბოლოს და ბოლოს სიცოცხლის ნიშანწყალი გამოავლინა: „როსონერიმ“ გასულ უქმეებზე „პალერმო“ 3:0 დაამარცხა, რაც ხუთ თამაშში მხოლოდ ხუთი ქულის აღების შემდეგ ნამდვილად კარგი შედეგია. იტალიის მოქმედი ჩემპიონის თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ კი თქვა, ერთ თვეში შეიძლება პირველ ადგილზე ვიყოთო.

მარკ ვან ბომელს თამაში კი შეუძლია, მაგრამ ეს რისკი იქნებოდა, რის გამოც ალეგრი მას „ბატესთან“ შეხვედრაში დაასვენებს. „მილანის“ ფავორიტობაზე ლაპარაკი ზედმეტია და ლოგიკურად, „ბატე“ დღეს უშანსოდაა.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ბონერა, ანტონინი - ნოჩერინო, ვან ბომელი, აკვილანი - კ.-პ. ბოატენგი - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.
ბატე (4-4-1-1): გუტორი - ბაგა, შიმიჩი, რადკოვი, ბორდაჩევი - ვოლოდკო, ბრეშანი, კონტოსევოი, ოლეხნოვიჩი - რუდიკი - კეჟმანი.

ბარსელონა-ვიქტორია
მით უმეტეს უშანსოდაა პლზენის „ვიქტორია“, რომელსაც „ნოუ კამპზე“ თამაშის პატივი ექნება. ლიონელ მესისგან მორიგ შოუს ველით - მან არგენტინის ნაკრებში ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭიროა, სამაგიეროდ, „ბარსაში“ ყველაფერი იდეალურად გამოსდის.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, მასკერანო, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ტიაგო - პედრო, მესი, ვილია.
ვიქტორია (4-2-3-1): ჩეხი - ლიმბერსკი, ბისტრონი, ჩისოვსკი, რაიტორალი - ჰორვატი, ირჟაჩეკი - ფილო, კოლარი, პეტრჟელა - ბაკოსი.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 1 1 0 7-2 4
2. მილანი 2 1 1 0 4-2 4
3. ვიქტორია 2 0 1 1 1-3 1
4. ბატე 2 0 1 1 1-6 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული