A ჯგუფი
ნაპოლი-ბაიერნი 1:1
გოლები: 0:1 კროოსი (2), 1:1 ბადშტუბერი (39-საკ. კარში)
ბურთის ფლობა: 47%-53%; დარტყმა: 2-15; კუთხურები: 4-5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: უგო კამპანიარო (ნაპოლი)
ქულა უნდოდა, ქულა აიღო: მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" ვერ მოიგო და 12-მატჩიანი პაუზის შემდეგ გოლიც გაუშვა, მიუნხენელები პირველ ადგილზე დარჩნენ და შესაბამისად, კმაყოფილები არიან. იტალიურმა
თავის მხრივ, ამ თამაშის მოგება "ბაიერნსაც" შეეძლო - იუპ ჰაინკესის ბიჭებს რეალური თუ ნახევრადმომენტები მრავლად ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ერთადერთი რამ, რაზეც ბაიერნელებს გული დასწყდათ, იყო ის, რომ ოფიციალურ მატჩებში 1147-წუთიანი უგოლო სერია მე-13 შეხვედრაში შეწყდა. უკმაყოფილო გახლდათ მარიო გომესიც, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა.
"ბაიერნი" იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ფრითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ მაინც გული მწყდება, რადგან თამაშის დროს აშკარად დავინახე, რომ მოგებაც შეგვეძლო. რაც მთავარია, მერვედფინალისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და თანაც, არცთუ ურიგო შანსით," - ეს ნეაპოლელთა დამრიგებლის, ვალტერ მაძარის სიტყვებია.
მანჩესტერ სიტი-ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1 კანი (4), 1:1 მარჩენა (43-საკ. კარში), 2:1 აგუერო (93)
ბურთის ფლობა: 58%-42%; დარტყმა: 16-15; კუთხურები: 5-3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალეკსანდარ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი)
შევიდა, ნახა, გაიმარჯვა: სერხიო აგუერო 62 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მიხვდა რა, რომ "სიტის" მხოლოდ ის თუ იხსნიდა, რობერტო მანჩინიმ არგენტინელი მოედანზე შეუშვა. სერხიო კი კიდევ ერთხელ გახდა გმირი. აგუერომ უკანასკნელ წამზე გაიტანა გოლი და "სიტის" ძალიან საჭირო სამი ქულა "ჩაახუტა".
აგუეროს გამოჩენამდე მანჩესტერელებს საქმეები ცუდად მისდიოდათ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თამაში ჯერ ხეირიანადაც კი არ იყო გახურებული, როცა "ვილიარეალი" კანის გოლით დაწინაურდა. ეს გოლი დავიდ სილვას სინდისზეა, რომელმაც კანის გოლამდე ბურთი კატასტროფული შეცდომის წყალობით დაკარგა: როსის შესანიშნავ დარტყმას "სიტის" მეკარე ჰარტი კი გაუმკლავდა, მაგრამ დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, მერე კი კანიმ ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მანჩესტერელებს შოკიდან გამოსასვლელად დაახლოებით 10 წუთი ეყოთ, პირველი ტაიმის შუიდან კი მოედანზე მიმდინარე პროცეზებზე კონტროლი დაამყარეს. მანჩინის შეგირდთაგან ყველაზე მეტად მარცხენა მცველი კოლაროვი აქტიურობდა, რომელმაც ესპანელთა დაცვის მარჯვენა ფლანგიც აიკლო, შესაშური ჩაწოდებებითაც გამოირჩეოდა და მის მიერ შესრულებული ყველა სტანდარტულიც უაღრესად სახიფათო გახლდათ.
მანჩესტერელთა პრობლემა მხოლოდ მომენტების გამოუყენებლობა გახლდათ - ეს განსაკუთრებით ედინ ჯეკოს ეხება. აქედან გამომდინარე, თითქოს სიმბოლური იყო ის, რომ "სიტიმ" წონასწორობა კარლოს მარჩენას ავტოგოლის წყალობით აღადგინა.
მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა: "ვილიარეალი" თავს იცავდა, "სიტი" კი უტევდა, მაგრამ მანჩინის გუნდს გადამწყვეტ მომენტში ალღო აკლდა. მერე "მანჩომ" მოედანზე აგუერო შეუშვა და ამის შემდეგ რაც მოხდა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ...
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 3 2 1 0 5-1 7
2. ნაპოლი 3 1 2 0 4-2 5
3. მანჩესტერ სიტი 3 1 1 1 3-4 4
4. ვილიარეალი 3 0 0 3 1-6 0
B ჯგუფი
ცსკა-ტრაბზონსპორი 3:0
გოლები: 1:0 დუმბია (29), 2:0 ცაუნა (76), 3:0 დუმბია (86)
ბურთის ფლობა: 43%-57%; დარტყმა: 13-14; კუთხურები: 1-9
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სეიდუ დუმბია (ცსკა)
აი, ასე სწრაფად ხდება ხოლმე ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაში: მესამე ტურის წინ მოსკოვის ცსკა ბოლო ადგილზე იყო, "ტრაბზონთან" კარგად ჩატარებული 90 წუთის შემდეგ კი უკვე მეორე ადგილზეა და შესაბამისად, რუსები მერვედფინალზე ოცნებობენ.
მართალია, მატჩის დასაწყისში თურქებს საკმაოდ კარგი, ყოველ შემთხვევაში, მეტოქეზე უკეთესი მომენტები შეექმნათ, მაგრამ საერთო ჯამში ცსკა-მ მეტოქე დაჯაბნა და ანგარიშიც ლოგიკურია.
ისე, რუსებმა პირველი რეალური მომენტი მხოლოდ 23-ე წუთზეღა შექმნეს. ეს ალან ძაგოევმა გააკეთა, რომლის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ტრაბზონელთა კარტს ბურთი სანტიმეტრებში ასცდა. ექვსი წუთის შემდეგ, სეიდუ დუმბიამ მომენტი უკეთ გამოიყენა: ვაგნერ ლავთან გათამაშებული კომბინაციის წყალობით, თურქი მცველები გათიშა და მოსკოველები დააწინაურა. რუსები მეორე ტაიმშიც საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ - თავად განსაჯეთ, მეორე გოლამდე ორი შესანიშნავი შანსი გაანიავეს. მეორე გოლი კი ცსკა-მ 76-ე წუთზეღა გაიტანა: ვაგნერ ლავმა ალექსანდერ ცაუნას მარჯვენა ფლანგიდან ბურთი პირდაპირ ფეხზე დაასვა, ამ უკანასკნელს კი ძალიან ლამაზი გოლი გამოუვიდა. ამ გოლმა თურქეთის ვიცე-ჩემპიონი უფრო არია და ათ წუთში დუმბიამ დუბლიც გაიფორმა.
თურქებმა პირველ ტურში "ინტერს" მილანში რომ მოუგეს, ბევრმა იფიქრა, რომ "ტრაბზონსპორს" ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლა შეეძლო, მაგრამ ამ შეხვედრამ გამოაჩინა, რომ თურქებს არ შესწევთ თუნდაც მეორე ადგილისთვის ბრძოლის უნარი - მიუხედავად იმისა, რომ შანსი ჯერაც მშვენიერი აქვთ.
ლილი-ინტერი 0:1
გოლი: 0:1 პაცინი (21)
ბურთის ფლობა: 59%-41%; დარტყმა: 17-5; კუთხურები: 12-3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯამპაოლო პაცინი (ინტერი)
ამ გამარჯვებისთვის "ინტერს" დადებითი ეპითეტებით ვერ შევამკობთ, რადგან "ნერაძურიმ" თავი ვერაფრით მოგვაწონა, მაგრამ რაც მთავარია, მილანელები შინ სამი ქულით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ, ეს კი კლაუდიო რანიერის გუნდს მაგრად სჭირდებოდა.
ჯამპაოლო პაცინიმ ერთადერთი და გამარჯვების გოლი ფაქტობრივად არაფრისგან გაიტანა - მილანური გრანდი "ლილს" არც მანამდე სჯობდა და მერე ხომ მით უმეტეს გაფრთხილდა. 21-ე წუთზე გამოჯანმრთელებული სნეიდერის მიერ დაწყებული შეტევა სარატემ განაგრძო და პაცინი იდეალური პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, იშვიათი საგოლე ალღო რომ აქვს - ანგარიში 11 მეტრიდან ძლიერი დარტყმით გახსნა.
რაც დარჩენილ 70 წუთში მოხდა, სალაპარაკოდ არც ღირს. უნდა აღინიშნოს მხოლოდ ის, რომ მოგვიანებით მოედანზე მარსელის "ოლიმპიკის" ფორმაში გამოწყობილი კაცი შევარდა და მაყურებლებთან ერთად ფეხბურთელებიც გაახალისა, საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე კი, "ინტერის" საჯარიმოში განხორციელებულ ჩაწოდებას ქაოსი მოჰყვა, მაგრამ "ნერაძური" ამ სიტუაციიდან უვნებელი გამოძვრა.
ის, რომ პირველ ტურში "ინტერი" ტრაბზონთან შერცხვა, ქომაგების ნახევარზე მეტს უკვე აღარ ახსოვს, რადგან მილანელები ახლა უკვე პირველ ადგილზე არიან...
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 3 2 0 1 4-3 6
2. ცსკა 3 1 1 1 7-5 4
3. ტრაბზონსპორი 3 1 1 1 2-4 4
4. ლილი 3 0 2 1 3-4 2
C ჯგუფი
ოცელული-მანჩესტერ იუნაიტედი 0:2
გოლები: 0:1 რუნი (64-პენ), 0:2 რუნი (94-პენ)
ბურთის ფლობა: 37%-63%; დარტყმა: 15-11; კუთხურები: 2-1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
"მანჩესტერ იუნაიტედი" მოწოდების სიმაღლეზე ისევ ვერ იდგა და "ოცელულის" ადგილზე, სხვა საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის გუნდი ამ შანსს მინიმუმ ზუსტად ისე გამოიყენებდა, როგორც "ბაზელმა" გამოიყენა მეორე ტურში, როცა "ოლდ ტრეფორდზე" ფრეს (3:3) მიაღწია.
რუმინელები დაცვაში მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშობდნენ და პრინციპში, სწორ გზაზე იდგნენ, მაგრამ მერე უეინ რუნი გაიხსნა...
შეიძლებოდა ასეც გვეთქვა: ...მაგრამ მერე სერგიუ კოსტინს რაღაც დაემართა. "ოცელულის" კაპიტანმა, რომელიც მანამდე ძალიან კარგად თამაშობდა, 64-ე წუთზე რუნის ჩაწოდების შემდეგ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. თუ რატომ გააკეთა ეს, ალბათ თვითონაც არ იცის.
იგივე უნდა ვთქვათ ლივიუ ანტალზეც, რომელმაც რუნი ასევე უაზროდ წააქცია საჯარიმოში. ფაქტი ის არის, რომ რუნიმ ორივე პენალტი იოლად გაიტანა.
ორი სისულელე "ოცელულის" ფეხბურთელებისგან, ორი თერთმეტმეტრიანი, ორჯერ რუნი და 0:2 - სულ ეს იყო.
ჰო, კიდევ ისიც, რომ 25 წლის რუნი ამ დუბლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე შედეგიანი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა. მას ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში უკვე 26 გოლი აქვს გატანილი, რითაც პოლ სქოულზს, ფრენკ ლემპარდს და სტივენ ჯერარდს გაასწრო.
ბაზელი-ბენფიკა 0:2
გოლები: 0:1 სეზარი (20), 0:2 კარდოსო (75)
ბურთის ფლობა: 56%-44%; დარტყმა: 16-10; კუთხურები: 2-4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბრუნო სეზარი (ბენფიკა)
ვინც ფიქრობს, რომ თამაშის კონტრშეტევებზე აგება თანამედროვე ფეხბურთში უკვე უაზრობაა, ეს მატჩი საპირისპიროს დაუმტკიცებდა. საქმე ისაა, რამდენად ეფექტურად ითამაშებ კონტრშეტევების დროს. "ბაზელი" "ბენფიკასთან" ბურთსაც უფრო დიდხანს ფლობდა და შვეიცარიელებმა ორჯერ მეტი მომენტიც შექმნეს, მაგრამ...
პორტუგალიელებმა ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს, განსაკუთრებით თვალსასეირო კი ბრუნო სეზარის გოლი გახლდათ, რომელმაც გაიტანთან ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა, როდრიგო ამ უკანასკნელის პასს ჭკვიანურად გადაახდა, სეზარმა კი ლისაბონელები დააწინაურა.
მეორე გოლი კარდოსოს ნიჭის დამსახურება გახლდათ: მან შორეული საჯარიმო დარტყმა შვეიცარიელთა კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში ბილიარდის სიზუსტით ჩასვა. ბოლოს "ბაზელის" ფეხბურთელებს ნერვები მოეშალათ და სამ ყვითელთან ერთად, ერთი წითელი ბარათიც დაიმსახურეს, მაგრამ ეს ყველაფერი ლისაბონელებს, რა თქმა უნდა, არ აინტერესებთ. სამი ტურის შემდეგ "ბენფიკა" ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბენფიკა 3 2 1 0 4-1 7
2. მანჩესტერ იუნაიტედი 3 1 2 0 6-4 5
3. ბაზელი 3 1 1 1 5-6 4
4. ოცელული 3 0 0 3 1-5 0
D ჯგუფი
რეალი-ლიონი 4:0
გოლები: 1:0 ბენზემა (19), 2:0 ხედირა (47), 3:0 ლორისი (55-საკ. კარში), 4:0 სერხიო რამოსი (81)
ბურთის ფლობა: 62%-38%; დარტყმა: 18-8; კუთხურები: 8-1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ქარიმ ბენზემა (რეალი)
მატჩის წინ ჟოზე მოურიონიომ თქვა, გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად გავინაღდოთ მერვედფინალში თამაში და წელს უფრო შორს გავიდეთ, ვიდრე შარშანო, რაც მისმა შეგირდებმა ყურად იღეს და "ლიონს" შავი დღე აყარეს - ესეც რბილი ნათქვამია. ამრიგად, მითი იმის შესახებ, რომ ეს ფრანგული კლუბი "რეალისთვის" პრობლემატური მეტოქეა, უკვე საბოლოოდ დამსხვრეულია.
ლორისის კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს კი მადრიდელები ფრანგებს აბსოლუტურად არაფერს აბედინებდნენ. მიუხედავად ამისა, ჟოზეს ბიჭებმა პირველი ტაიმის მხოლოდ ერთბურთიანი უპირატესობით მოიგეს, მაგრამ რაც "ლიონს" მატჩის პირველ ნახევარში დააკლეს, მეორეში ბოლომდე აუნაზღაურეს.
თამამად უნდა ვთქვათ, რომ ასეთ ფორმაში მყოფი "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია - მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ცუდ ფორმაში მყოფი "ლიონი" "სამეფო გუნდის" ძალების რეალურ საზომად არ გამოდგება.
დინამო (ზ)-აიაქსი 0:2
გოლები: 0:1 ბოერიგტერი (49), 0:2 ერიკსენი (90)
ბურთის ფლობა: 43%-57%; დარტყმა: 14-19; კუთხურები: 2-9
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დერკ ბოერიგტერი (აიაქსი)
ზაგრების "დინამომ" მაგრად მოინდომა, რაც განსაკუთრებით რუკავინაზე ითქმის, რომელიც მარცხენა ფრთაზე გადარეულივით დარბოდა, მაგრამ "დინამომ" მაინც ვერ შეძლო თუნდაც რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის შექმნა. ამსტერდამელებმა კი მეტოქე ჯერ კარგად დაზვერეს, მერე კი, დაინახეს რა, რომ ხორვატები ტყუილად ბაქი-ბუქობდნენ, კლასის ხარჯზე საკმაოდ მარტივად მოუგეს.
ამ გამარჯვების წყალობით ფრანკ დე ბურის გუნდი მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს, "დინამო" კი ამიერიდან მხოლოდ მესამე ადგილზე თუ იოცნებებს, მაგრამ ამ პოზიციასაც უკვე 4 ქულით ჩამორჩება. ასე რომ...
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 3 0 0 8-0 9
2. აიაქსი 3 1 1 1 2-3 4
3. ლიონი 3 1 1 1 2-4 4
4. დინამო (ზ) 3 0 0 3 0-5 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"