გაიტანეთ გერმანიის ჩემპიონი... გაიტანეთ!

AutoSharing Option
ფერნანდო ტორესმა „ჩელსის“ ფორმით ბოლოს და ბოლოს გაილაღა; „ბარსელონამ“ და „მილანმა“ საშინაო დავალებები მთლად ხუთიანზე ვერა, მაგრამ კარგად შეასრულეს; „არსენალმა“ კი მარსელში ბოლო წუთზე, ვენგერის სწორი და დროული გადაწყვეტილების წყალობით მოიგო.

განცდები და რეაქციები ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვაში:

E ჯგუფი
ლევერკუზენი-ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 ჟონასი (24), 1:1 შიურლე (52), 2:1 სემი (56)
ბურთის ფლობა: 40%-60%; დარტყმა: 13-17; კუთხურები: 4-7
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელები: ბერნდ ლენო (ლევერკუზენი)

„ბაი არენაზე“ ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ნახევარში „ვალენსია“ აშკარად დომინირებდა და გოლიც
ასი პროცენტით დაიმსახურა, რადგან გერმანელები თითქმის ყველა ასპექტში, განსაკუთრებით კი დაცვაში მოიკოჭლებდნენ. შესვენებაზე „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და უსუსტესი, ძალიან აჭრილი ცენტრალური მცველის, რაინარტცის ნაცვლად მოედანზე მანუელ ფრიდრიხი შეუშვა. ამ უკანასკნელმა კი გერმანიის ვიცე-ჩემპიონის დაცვის ხაზი მეორე ტაიმის პირველივე წუთიდან დაასტაბილურა.

დაცვაში გამოსწორებას შეტევაში გააქტიურებაც დაემატა და ზუსტად 190 წამში გერმანელებმა თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანდრე შიურლეს და სიდნის სემის გოლებმა დუტი უმძიმესი ზეწოლისგან გაათავისუფლეს - ხომ იცით, „ლევერკუზენმა“ ეს სეზონი ცუდად დაიწყო და ზაფხულში დანიშნული რობინი ფაქტობრივად ჩემოდნებზე ზის. უფრო სწორად, იჯდა.

ამრიგად, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში „ლევერკუზენმა“ მთავარი კონკურენტის დამარცხებით მერვედფინალისკენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. საკმარისია, „ფარმაცევტებმა“ მომდევნო ტურში „მესტალიაზე“ არ წააგონ და „ვალენსიასთან“ 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნონ, რომ ჯგუფიდან გასვლა თეორიულად გარანტირებული ექნებათ.

ჩელსი-გენკი 5:0
გოლები: 1:0 მეირელეში (8), 2:0 ტორესი (11), 3:0 ტორესი (27), 4:0 ივანოვიჩი (42), 5:0 კალუ (73)
ბურთის ფლობა: 61%39%; დარტყმა: 28-4; კუთხურები: 5-4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რაულ მეირელეში (ჩელსი)

ბელგიელები ლონდონიდან ხელცარიელები რომ გაბრუნდებოდნენ, ამაზე ბევრი ჩავიდოდა ფსონს, ასეთი ანგარიშითა და მით უმეტეს თამაშით შერცხვენა კი, პირდაპირ ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგას არ უხდება. „ჩელსი“ პირველი წუთიდან ბომბავდა „გენკს“ და ერთის მხრივ რაულ მეირელეშის, მეორე მხრივ კი ფერნანდო ტორესის დამსახურება გახლდათ ის, რომ მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყდა. მეორე ტაიმიც იგივე სცენარით განვითარდა: „ჩელსი“ უტევდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა, „გენკი“ კი თავს იცავდა - როგორც შეეძლო...

„მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშეთ და ამიტომაც მოვიგეთ ასეთი ანგარიშით. ვწუხვარ, რომ ტორესმა მესამე გოლი ვერ გაიტანა,“ - ეს პეტრ ჩეხის სიტყვებია.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 3 2 1 0 8-1 7
2. ლევერკუზენი 3 2 0 1 4-3 6
3. ვალენსია 3 0 2 1 2-3 2
4. გენკი 3 0 2 2 0-7 1

F ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-ბორუსია (დ) 3:1
გოლები: 1:0 ჰოლებასი (8), 1:1 ლევანდოვსკი (26), 2:1 ჯებური (40), 3:1 მოდესტო (78)
ბურთის ფლობა: 45%-55%; დარტყმა: 9-9; კუთხურები: 3-3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:Lკევინ მირალიაში (ოლიმპიაკოსი)

ალალად ვთქვათ: დორტმუნდის „ბორუსიასგან“ ასეთ უსუსურობას არ ველოდით - გერმანიის ჩემპიონმა ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში ბუნდესლიგა შეარცხვინა! თუკი „არსენალთან“ საკუთარ მოედანზე მიღწეული ფრე ნორმალურ შედეგად ჩაითვალა, მეორე ტურში მარსელში განცდილი კრახი (0:3) უკვე ცუდის ნიშანი იყო, მაგრამ დორტმუნდელებმა „ველოდრომზე“ კარგად ითამაშეს და BVB-ს ფანებსაც ამიტომ ჰქონდათ იმედი, რომ საქმე არც ისე ცუდად იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. აი, სამშაბათს კი, დორტმუნდელთა იმედები ფაქტობრივად დასამარდა. მართალია, „ბორუსიას“ ჯერ კიდევ აქვს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი, მაგრამ ეს უკვე უდიდესი წარუმატებლობაა.

ისევე, როგორც მარსელში, დორტმუნდელებმა პირეოსშიც ძალიან ბევრი, უფრო სწორად, უფრო მეტი ინდივიდუალური შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, პირველი გოლის დროს მატს ჰუმელსი და მარსელ შმელცერი გამოიყურებოდნენ სამარცხვინოდ, მეორე გოლის დროს ნევენ სუბოტიჩი, რომან ვაიდენფელერი და ისევ ჰუმელსი შეცდნენ, მესამე გოლის მომენტში კი შმელცერმა დაუშვა მეორე სერიოზული და სავალალო შეცდომა. მოკლედ, ამდენი შეცდომის ფონზე გერმანიის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგაში არაფერი ესაქმება. ეს ყველაფერი მარტო გამოუცდელობის ბრალი არ უნდა იყოს...

მარსელი-არსენალი 0:1
გოლები: 0:1 რემსი (92)
ბურთის ფლობა: 46%-54%; დარტყმა: 8-7; კუთხურები: 1-9
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სტივ მანდანდა (მარსელი)

თამაში ისე დაიწყო და ისე გაგრძელდა, რომ ძალიან დიდხანს ასდიოდა 0:0-ის სუნი და თუ საბოლოოდ „არსენალმა“ მაინც მოახერხა გამარჯვების გოლის გატანა, ეს ლონდონელთა თავკაც არსენ ვენგერის დამსახურებაა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ყნოსვა აქვს: ვენგერმა აბსოლუტურად უსარგებლო ანდრეი არშავინის ნაცვლად, 78-ე წუთზე მოედანზე აარონ რემსი შეუშვა, 92-ე წუთზე გასული ერთადერთი გოლი სწორედ ამ უკანასკნელის ანგარიშზეა.

ის ერთადერთი ლონდონელი გამოდგა, რომელმაც სტივ მანდანდას კარში გოლის გატანა მოახერხა. მანამდე, „მეთოფეების“ სხვადასხვანარი დარტყმები, კუთხურები, ჯარიმები, თავური დარტყმები თუ ჩაწოდებები მანდანდას ნადავლი ხდებოდა. ველოდრომელთა მეკარე მხოლოდ მე-20 წუთზე აიჭრა, მაგრამ მაშინ ბურთი კარის ხაზიდან სულეიმან დიავარამ გამოიტანა. ამრიგად, სამი ტურის შემდეგ, „არსენალი“ ამ ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს და გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვენგერს უკვე შეუძლია, მერვედფინალზე იფიქროს.

„მატჩის წინ ჩემი გუნდის მცველებს აკრიტიკებდნენ და იმედი მაქვს, ამ შეხვედრის შემდეგ მათი კრიტიკა შეწყდება. ძალიან კარგად ვითამაშეთ და ჩვენი გამარჯვება დამსახურებულია,“ - განაცხადა ვენგერმა საფინალო სასტვენის შემდეგ.

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 3 2 1 0 4-2 7
2. მარსელი 3 2 0 1 4-1 6
3. ოლიმპიაკოსი 3 1 0 2 4-4 3
4. ბორუსია (დ) 3 0 1 2 2-7 1

G ჯგუფი
პორტუ-აპოელ 1:1
გოლები: 1:0 ჰალკი (13), 1:1 აილტონი (19)
ბურთის ფლობა: 63%-37%; დარტყმა: 23-7; კუთხურები: 6-4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჰალკი (პორტუ)

მოუგო „ზენიტს“, არ წააგო დონეცკში, არ წააგო პორტუში - კვიპროსელები მართლა აღარ ხუმრობენ! ახლა უკვე ფაქტია, რომ ნიქოზიის „აპოელი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მთავარი აღმოჩენაა. არადა, ამ შეხვედრაში ფაქტობრივად მთელი ევროპა პორტუგალიური გრანდის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა.

პორტუგალიელებმა კვიპროსელები თავიდანვე უდიდესი ზეწოლის ქვეშ მოაქციეს და ჰალკის გოლიც ლოგიკური გახლდათ, მაგრამ ნიქოზიელებმა ანგარიშის გათანაბრება სწრაფადვე შეძლეს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აილტონის გოლი აბსოლუტურად ალოგიკური და მოულოდნელი იყო. ეს მე-19 წუთზე მოხდა, რის შემდეგაც „პორტუ“ მედგრად უტევდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ კვიპროსელებს საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უჭირდათ. ერთადერთი პორტუგალიელი, რომელიც ნიქოზიელებს მართლა აწიოკებდა, ჰალკი გახლდათ. მერე ამ უკანასკნელსაც მოეშალა ნერვები და ერთ მომენტში ბურთი ისე მოიგერია, მსაჯს ყვითელი ბარათი გამოსტყუა. ბოლო წუთებზე კი „აპოელს“ რეალური საგოლე მომენტი შეექმნა - უდიდესი სენსაციის მოხდენის შანსი ხელიდან ადორნომ გაუშვა.

„არ გვივარგა შედეგები და არც თავდაჯერებულები ვართ. არადა, თავდაჯერებულობა სწორედ შედეგს მოაქვს. დღევანდელი შედეგითაც ძალიან უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს მეტოქის დამსახურებაცაა. „აპოელი“ სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის. კვიპროსელები ორგანიზებულები არიან და თავსაც იდეალურად იცავენ. ჯგუფში ისეთი ვითარებაა, რომ მერვედფინალში გასვლა რეალურად ჯერ კიდევ ყველას შეუძლია. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ მომდევნო ტურში, ნიქოზიაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ,“ - ეს პორტუს თავკაც ვიტორ პერეირას სიტყვებია.

შახტარი-ზენიტი 2:2
გოლები: 1:0 ვილიანი (15), 1:1 შიროკოვი (33), 2:1 ადრიანო (45), 2:2 ფაიზულინი (60)
ბურთის ფლობა: 53%-47%; დარტყმა: 13-24; კუთხურები: 5-10
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რომან შიროკოვი (ზენიტი)

„შახტარი“ და „ზენიტი“ ფაქტობრივად ერთი დონის გუნდებია და მათი დუელი ძალიან საინტერესო გამოვიდა. მართალია, რუსებმა უკრაინელებს ცოტათი აჯობეს (ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმზე ითქმის), მაგრამ საბოლოო ჯამში ფრე მაინც სამართლიანი შედეგია. თანაც, დონეცკში ფრით რუსები უფრო კმაყოფილები უნდა იყვნენ, ვიდრე უკრაინელები - ასეცაა.

მეორე ტაიმში ფაიზულინმა ანგარიში რომ გაათანაბრა, ეს „შახტარის“ მცველების „დამსახურებაა“. დარჩენილ დროში რუსები უფრო დომინირებდნენ და მოგებაც შეეძლოთ, ბოლო 15 წუთში კი „შახტარი“ ისევ მოვიდა აზრზე, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 3 1 2 0 4-3 5
2. ზენიტი 3 1 1 1 6-5 4
3. პორტუ 3 1 1 1 4-5 4
4. შახტარი 3 0 2 1 4-5 2

H ჯგუფი
მილანი-ბატე 2:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (33), 2:0 ბოატენგი (70)
ბურთის ფლობა: 54%-46%; დარტყმა: 14-5; კუთხურები: 5-1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალბერტო აკვილანი (მილანი)

თუ მხოლოდ დარტყმების რაოდენობა-შეფარდებით ვიმსჯელებთ, შეხვედრა კი ნანახი არ გვექნება, ვიტყვით, „მილანმა“ „ბატე“ პირწმინდად დაჩაგრა და კუდით ქვა ასროლინაო, მაგრამ ასე არ ყოფილა. „ბატემ“ „სან სიროზე“ საკმაოდ კარგად იბრძოლა, რაც განსაკუთრებით პირველ ნახევარ საათზე ითქმის. თუკი ბელორუსები თავიდან მხოლოდ თავის დაცვაზე ზრუნავდნენ, მერე ნელ-ნელა შეუთამამდნენ „მილანს“, რაც იმის ბრალიცაა, რომ მილანელები შეტევაში ისე არ აქტიურობდნენ, როგორც საჭირო იყო.

მართალია, გოლის მომენტში ინაციო აბატეს ჩაწოდება და ალბერტო აკვილანის მოქმედება ძალიან ლამაზი სანახავი იყო, მაგრამ იმას, რომ ბურთი იბრაჰიმოვიჩს ფეხზე „დააჯდა“, უკვე გამართლება ეთქმის. „ბატეს“ კი ასეთი იღბლის ბედი ვინ მისცა: მაქსიმ ბორდაჩევს მეორე ტაიმის დასაწყისში ორი რეალური საგოლე მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინა, ვინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები... ჰო, კევინ-პრინს ბოატენგის გოლი ულამაზესი იყო და მისი ნახვა (თუ ჯერაც არ გინახავთ), ნამდვილად ღირს.

„დღეს დამტკიცდა, რომ ნელ-ნელა კარგ ფორმაში შევდივართ. როცა ყველა წამყვანი მოთამაშე გამოგვიჯანმრთელდება, დარწმუნებული ვარ, უფრო უკეთ ავთამაშდებით. ჩვენი მიზანი ისაა, რომ „ბარსელონას“ საშინაო შეხვედრამდე კატალონიელებს არ ჩამოვრჩეთ, რათა პირველ ადგილზე გადასვლის შანსი გვქონდეს,“ - განაცხადა საფინალო სასტვენის შემდეგ „მილანის“ თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ. ანუ, „ბატეს“ ბორისოვოშიც მოვუგებთო...

ბარსელონა-ვიქტორია 2:0
გოლები: 1:0 ინიესტა (10), 2:0 ვილია (82)
ბურთის ფლობა: 72%-28%; დარტყმა: 18-0, კუთხურები: 7-0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

ნუთუ შესაძლებელია, რომ არაერთი რეალური საგოლე მომენტი გააფუჭო და მიუხედავად ამისა, მაინც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელონ? რა თქმა უნდა! ოღონდ, თუ ლიონელ მესი გქვია. არგენტინელს პლზენელთა მცველების მოტყუება ოდნავადაც არ უჭირდა, ხანდახან კი 2-3 მათგანს ისე ჩამოიშორებდა, გეგონებოდათ, პლასტმასის კაცუნებს შორის დასეირნობსო.

გოლი რომ ვერ გაიტანა, ეს გარკვეულწილად ჩეხთა მეკარე მარეკ ჩეხის დამსახურებაცაა, მაგრამ ამ უკანასკნელსაც არ უთამაშია ისე კარგად, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დაგვესახელებინა - მესის მეტწილად უბრალოდ არ უმართლებდა, ორჯერ კი ბურთი სულაც ძელს მოარტყა. მოკლედ, ლეომ ჩემპიონთა ლიგის მე-60 შეხვედრაში მე-40 გოლი სამშაბათს ვერაფრით გაიტანა.

ჩეხებს კი „ბარსელონას“ კარში ერთხელაც არ დაურტყამთ. თუმცა „ბარსას“ მეკარე ვიქტორ ვალდესი უსაქმურობას მიჩვეულია: ჩემპიონთა ლიგის სამივე შეხვედრაში მას ჯამში მხოლოდ სამჯერ დაურტყეს...

„მერე რა, რომ მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით მოვიგეთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდად ვითამაშეთ. გადახედეთ სტატისტიკას, მეტოქეს ჩვენს კარში ერთხელაც არ დაურტყამს. მთავარი ისაა, რომ მოვიგეთ,“ - ეს პეპ გვარდიოლას სიტყვებია.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 3 2 1 0 9-2 7
2. მილანი 3 2 1 0 6-2 7
3. ვიქტორია 3 0 1 2 1-5 1
4. ბატე 3 0 1 2 1-8 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული