როგორ არ შეგვშურდეს?!

AutoSharing Option
"გენკმა" "ჩელსის" მოპარა ქულები, "მარსელმა" "არსენალს", ბატე-მ კი - "მილანს", მაგრამ სამშაბათის ყველაზე საინტერესო მოვლენა უდავოდ ნიქოზიის აპოელ-ის მორიგი წარმატება გახლდათ - კვიპროსის ჩემპიონმა "პორტუ" პირშიჩალაგამოვლებული დატოვა და ცალი ფეხით მერვედფინალშია. გვშურს!

E ჯგუფი
გენკი-ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 რამირესი (26), 1:1 ვოსენი (61)
ბურთის ფლობა: 44%-56%; დარტყმა: 15-19; კუთხურები: 5-5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იელე ვოსენი (გენკი)

"ჩელსის" ძალიან უნდოდა, რომ 4 ტურის შემდეგ ცალი ფეხით მერვედფინალში ყოფილიყო, მაგრამ "გენკთან" გასვლით მატჩში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელებს ჯგუფიდან
გასვლისკენ გადამწყვეტი ნაბიჯი ჯერ კიდევ არ გადაუდგამთ. ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ ბელგიელებმა მედგრად იბრძოლეს და ჯგუფის ფავორიტთან ქულის მოპოვება ნაღდად დაიმსახურეს. არადა, მატჩის დასაწყისი "გენკს" კარგს არაფერს უქადდა, რადგან ლონდონელები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, 26-ე წუთზე კი რამირესის გოლით დაწინაურდნენ. "არისტოკრატებს" გოლის შემდეგაც არაერთი რეალური მომენტი შეექმნათ - სხვაობის გაზრდა რაულ მეირელეშსა და დავიდ ლუიზს შეეძლოთ, ამ უკანასკნელმა სულაც პენალტი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმში "ჩელსიმ" უკლო, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და 61-ე წუთზე იელე ვოსენმა "გენკის" კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა. მატჩის დასკვნით ნაწილში ლონდონელებს ორჯერ შეეძლოთ ბელგიელთათვის სამი ქულის ხელიდან გამოგლეჯა, მაგრამ ლემპარდმა ოთხი მეტრიდან ვერ გაიტანა (79-ე წუთი), მალუდას დარტყმული კი "გენკის" მცველებმა ზედ კარის ხაზიდან გამოიტანეს (90).
მოკლედ, ბელგიელებმა ფავორიტთან მიღწეული ფრით გაიხარეს, "ჩელსის" ვერმოგება კი იმასაც ნიშნავს, რომ მომდევნო ტურში "არისტოკრატები" ლევერკუზენში უაღრესად მოტივირებულები ჩავლენ.

ვალენსია-ლევერკუზენი 3:1
გოლები: 1:0 ჟონასი (1), 1:1 კისლინგი (31), 2:1 სოლდადო (65), 3:1 რამი (75)
ბურთის ფლობა: 60%-40%; დარტყმა: 10-5; კუთხური: 2-7
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:Lრობერტო სოლდადო (ვალენსია)

"ლევერკუზენისთვის" მესტალიური თავგადასავალი კოშმარულად დაიწყო, შესანიშნავად გაგრძელდა და ცუდად დამთავრდა. მასპინძლები პირველივე წუთზე, "ბაიერის" ახალგაზრდა მეკარე ბერნდ ლენოს უპატიებელი შეცდომის წყალობით დაწინაურდნენ: ლენომ ბურთი პირდაპირ ჟონასს მიუგორა, რომელმაც ანგარიში მე-11 წამზე გახსნა. ეს გახლდათ რეიტინგით მეორე ყველაზე უსწრაფესი გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

გერმანელები შოკიდან 15 წუთში გამოვიდნენ, აზრიანი ფეხბურთი გააჩაღეს და 31-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს: კისლინგის გოლი აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ. პირველი ტაიმის დარჩენილ დროშიც "ლევერკუზენი" დომინირებდა და გერმანელებს ინიციატივა არც მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში დაუთმიათ და ის ის იყო, "მესტალიაზე" შეკრებილმა ქომაგებმა ნერვიულობა დაიწყეს, რომ გერმანელებს ჩაეძინათ.

სოლდადომ გოლი ფაქტობრივად არაფრიდან გაიტანა და გერმანიის ვიცე-ჩემპიონი მეორე შოკისთვის გაწირა, საიდანაც გამოსვლა "ფარმაცევტებმა" უკვე ვეღარ მოახერხეს, რასაც ათ წუთში რამის გოლიც მოჰყვა - გოლი, რომელმაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

3:1 კი ის ანგარიშია, რომელიც ქულების თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობას "ვალენსიას" მიანიჭებს, რადგან მე-3 ტურში გერმანელებმა მხოლოდ 2:1 მოიგეს.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 2 2 0 9-2 8
2. ლევერკუზენი 4 2 0 2 5-6 6
3. ვალენსია 4 1 2 1 5-4 5
4. გენკი 4 0 2 2 1-8 2

F ჯგუფი
არსენალი-მარსელი 0:0
ბურთის ფლობა: 53%-47%; დარტყმა: 8-7; კუთხურები: 1-1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: აარონ რემსი (არსენალი)

პრინციპში, დიდად თვალსასეირო ფეხბურთი ვერც ამ გუნდების პირველ მატჩში ვიხილეთ, მაგრამ იქ ერთი გოლი მაინც გავიდა ("არსენალმა" "ველოდრომზე" 1:0 მოიგო), ახლა კი კიდევ უფრო მოსაწყენი ფეხბურთი გაჩაღდა და გოლიც ვეღარ ვნახეთ. არადა, მოგების შემთხვევაში "მეთოფეები" მერვედფინალში თამაშს პრაქტიკულად ინაღდებდნენ.

თავიდან "მარსელი" მწარედ იკბინებოდა და ჯერ დედე აიუს, მერე კი ლოიკ რემის შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ლონდონელები კი აზრზე მოგვიანებით მოვიდნენ, თუმცა მთავარი დამრტყმელი ძალის, რობინ ვან პერსის გარეშე თამაშობდნენ და რა გასაკვირია, რომ წინა ხაზზე ბევრი ვერაფერი გააწყვეს. ვენგერმა ჰოლანდიელი თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში შეუშვა და ვან პერსის გამოჩენა "არსენალს" მაშინვე დაეტყო - ლონდონელთაგან საუკეთესო მომენტი სწორედ მას ჰქონდა, როცა 77-ე წუთზე მანდანდასთვის ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ სტივმა იყოჩაღა.

ბორუსია (დ)-ოლიმპიაკოსი 1:0
გოლი: 1:0 გროსკროიტცი (7)
ბურთის ფლობა: 48%-52%; დარტყმა: 8-11; კუთხურები: 2-5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მორიტც ლაიტნერი (ბორუსია დ)

გერმანიის ჩემპიონმა, როგორც იქნა, ჩემპიონთა ლიგაშიც მოიგო, თან გოლიც არ გაუშვა და მესამე ადგილზე აღზევდა - ეს იყო "ბორუსიას" პირველი მოგება ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში რვაწლიანი პაუზის შემდეგ. რაკი "არსენალმა" და "მარსელმა" ქულები გაიყვეს, ვერ ვიტყვით, რომ დორტმუნდელთა მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა, მაგრამ იმის თქმა კი შეგვიძლია, რომ "ბორუსიას" მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსი შეუნარჩუნდა.

ამთავითვე ცხადია, რომ თუ ჯგუფიდან გასვლა სურთ, იურგენ კლოპის ბიჭებმა მომდევნო ტურში ლონდონიდან სამი ქულა უნდა წაიღონ, ბოლოს კი "მარსელიც" უნდა დაამარცხონ. თანაც, შესაძლოა, ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი და "ბორუსიას" ბოლო ტურში "მარსელთან" ოთხბურთიანი სხვაობით მოგება დასჭირდეს, რადგან "ველოდრომზე" 0:3 დამარცხდა...

დორტმუნდელთა მხრიდან გამორჩეული იყო ახალგაზრდა მორიტც ლაიტნერი, რომელმაც ნახევარდაცვის ცენტრში კაპიტან სებასტიან კელის მხარდამხარ ითამაშა. სვენ ბენდერი ტრავმირებული გახლდათ, კლოპი ილქაი გიუნდოგანს ამჯერადაც არ ენდო, ლაიტნერმა კი შესანიშნავად იასპარეზა და შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს.

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 4 2 2 0 4-2 8
2. მარსელი 4 2 1 1 4-1 7
3. ბორუსია (დ) 4 1 1 2 3-7 4
4. ოლიმპიაკოსი 4 1 0 3 4-5 3

G ჯგუფი
ზენიტი-შახტარი 1:0
გოლი: 1:0 ლომბერტსი (45)
ბურთის ფლობა: 59%-41%; დარტყმა: 15-1; კუთხურები: 3-2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოლექსანდრ რიბკა (შახტარი)

ერთი შეხედვით იოლ ჯგუფში, დონეცკის "შახტარს" ფიასკოს საფრთხე ემუქრება. უკრაინული გრანდი, რომელმაც შარშან სენსაციურად იასპარეზა, ოთხი ტურის შემდეგ ჯერ კიდევ მოგების გარეშეა და ორი ქულით ბოლო ადგილს ტკეპნის.

მატჩი უაღრესად დაძაბული გამოვიდა, თუმცა "ზენიტის" უპირატესობა პირველიდან ბოლო წუთამდე იგრძნობოდა, რის გამოც შედეგს ალოგიკურს ვერავინ უწოდებს. რუსული კლუბის მცველმა ლომბერტსმა, პეტერბურგელები პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა. მეორე ნახევარშიც გახსნილი ფეხბურთი ვიხილეთ და თუ რუსებმა სხვაობის გაზრდა ვერ მოახერხეს. ვითარება უკიდურესად აღარ დაძაბულა, რადგან დონეცკელებს მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შეექმნათ, რომელიც მე-60 წუთზე ვილიანმა ვერ გამოიყენა.

აპოელ-პორტუ 2:1
გოლები: 1:0 აილტონი (42-პენ), 1:1 ჰალკი (89-პენ), 2:1 მანდუკა (90)
ბურთის ფლობა: 46%-54%; დარტყმა: 5-22; კუთხურები: 3-9
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: გუსტავო მანდუკა (აპოელ)

აი, ამას კი მართლა აღარავინ ელოდა: ნიქოზიის აპოელ-მა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების სენსაციური აღმოჩენის სტატუსი მეოთხე ტურშიც შეინარჩუნა და არც მეტი, არც ნაკლები, მერვედფინალს მიუკაკუნა. უაღრესად საინტერესო და ბოლო წუთებამდე დაძაბული მატჩი კვიპროსელებმა დამსახურებულად მოიგეს და "პორტუ" ოთხი ქულის დისტანციაზე ჩამოიტოვეს.

პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას პორტუგალიელები ფლობდნენ, მაგრამ მასპინძელთა კართან რეალური მომენტი ფაქტობრივად არ შექმნილა. აი, აილტონს კი ანგარიშის გახსნა გოლამდეც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. 42-ე წუთზე კვიპროსელების კონტრშეტევა "პორტუს" კარში დანიშნული პენალტით დამთავრდა, რომელიც აილტონმა უპრობლემოდ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ პორტუგალიელები ნიქოზიელთა საჯარიმოს მიაწყდნენ, მაგრამ კვიპროსელები თავს იმდენად ჭკვიანურად იცავდნენ, რომ მათ კართან მომენტები არ შექმნილა.

"პორტუს" ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად ისევ ჰალკი აქტიურობდა, ოღონდ ისიც მხოლოდ შორეული დარტყმებით გამოირჩეოდა. 89-ე წუთზე კი "პორტუმაც" მიიღო თერთმეტმეტრიანი, რომელიც ჰალკმა გარდასახა, მაგრამ ვინც იფიქრა, რომ ამ შეხვედრაში საინტერესო აღარაფერი მოხდებოდა, მწარედ შეცდა: ხარალამბიდისის ბრწყინვალე პასს შორეულ ძელთან მანდუკა დახვდა და გაიტანა გოლი, რომელმაც მიმდინარე სეზონის მორიგი სენსაცია სრულყო და აპოელ-ს ლიდერობა მე-4 ტურის შემდეგაც შეუნარჩუნა. პრინციპში, ნიქოზიელთა წარმატებები ბევრს აღარც უკვირს - აპოელ-ი იმდენად ეფექტურად თამაშობს, ფაქტობრივად სასწაული უნდა მოხდეს, კვიპროსელები ჯგუფიდან რომ ვერ გავიდნენ.

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 4 2 2 0 6-4 8
2. ზენიტი 4 2 1 1 7-5 7
3. პორტუ 4 1 1 2 5-7 4
4. შახტარი 4 0 2 2 4-6 2

H ჯგუფი
ბატე-მილანი 1:1
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (22), 1:1 ბრეშანი (55-პენ)
ბურთის ფლობა: 47%-53%; დარტყმა: 6-10; კუთხურები: 2-4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი)

"მილანმა" პირველ ტაიმში ისე ითამაშა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მოეშვა და საბოლოოდ, მინსკიდან მხოლოდ ერთი ქულით დაბრუნდა, რაც თავისთავად სენსაციაა, მაგრამ არა ხმაურიანი, რადგან ამით "როსონერის" ჯგუფიდან გასვლის საკითხს პრობლემა არ ექმნება. მეტიც: "მილანი" მომდევნო ტურში "ბარსელონას" უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გადავა.

იტალიელები წესით მე-17 წუთზე უნდა დაწინაურებულიყვნენ, მაგრამ ალბერტო აკვილანის დარტყმის შემდეგ, ბატე-ს კარს ბურთი მცირე მანძილით ასცდა. სამაგიეროდ, მიზანმა არ უმტყუნა ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც ჯერ მოედნის ცენტრში თავად მოიპოვა ბურთი, მერე კი საჯარიმოში ჩავიდა და რობინიოს ჩაწოდებას საჭირო ადგილზე დახვდა - 0:1. შესვენებამდე "მილანს" მეორე გოლის გატანაც შეეძლო - რობინიომ ბატე-ს მეკარე გუტორის მოტყუება კი მოახერხა, მაგრამ მერე ცარიელ კარში ვეღარ დაუმიზნა და ბურთი ძელს მოარტყა.

მეორე ტაიმში კი "როსონერიმ" აშკარად უკლო, თუმცა არა იმდენად, რომ ამას "ბატეს" გოლი მოჰყოლოდა, მაგრამ 55-ე წუთზე ბორისოვოელებმა მსაჯის ძალიან საეჭვო გადაწყვეტილების წყალობით პენალტი მოიპოვეს, რომელიც ბრეშანმა გოლად აქცია. კევინ-პრინს ბოატენგს დარჩენილ დროში ორჯერ შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ ვერ ივარგა და ასე მოიპოვა ბატე-მ "მილანთან" ისტორიული ქულა.

პლზენი-ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 მესი (24-პენ), 0:2 მესი (45+2), 0:3 ფაბრეგასი (72), 0:4 მესი (90)
ბურთის ფლობა: 29%-71%; დარტყმა: 4-21; კუთხურები: 2-3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

მართალია, "ბარსა" ამჯერად ძალიან სუსტ ჯგუფში მოხვდა ("მილანს" სუსტებში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ), მაგრამ კატალონიურ გრანდს მორიგ მიღწევას მაინც ვერ დავუკარგავთ: პეპ გვარდიოლას ბიჭებმა მერვედფინალის საგზური ისევ ნაადრევად გაიფორმეს.

ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა იმაში, რომ ბარსელონელები პლზენიდან სამ ქულას წაიღებდნენ, მაგრამ 22-ე წუთზე "ვიქტორიას" ისედაც იოტისოდენა პერსპექტივა საბოლოოდ გაქრა, რადგან მსაჯმა მასპინძლებს ჩიშოვსკი გაუძევა და თან პენალტი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ, რა თქმა უნდა, გამოიყენა. ეს გახლდათ არგენტინელის რიგით მე-200 გოლი ოფიციალურ მატჩებში. ისე კი, ლეომ ეს მატჩი მორიგი ჰეთ-თრიკით დაასრულა, ვიქტორ ვალდესმა კი მიგელ რეინას მიერ 1972/73 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა - 824 წუთი გაშვებული ბურთის გარეშე...

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 3 1 0 13-2 10
2. მილანი 4 2 2 0 7-3 8
3. ბატე 4 0 2 2 2-9 2
4. ვიქტორია 4 0 1 3 1-9 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული