101 რეალური 103-ში

AutoSharing Option
გაგიკვირდებათ და "რეალმა" ლიონში პირველად მოიგო და დიდი შანსია, რომ ფრანგული კლუბი 2002/2003 წლების სეზონის შემდეგ ჯგუფში პირველად ჩარჩეს. ამასობაში, კრიშტიანო რონალდო "სამეფო გუნდის" ასიანთა კლუბში ბრწყინვალე მაჩვენებლით ჩაეწერა.

"ვილიარეალი" ესპანურ საკლუბო ფეხბურთს არცხვენს, თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს, მარიო გომესი კი პირველი გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. გაგიკვირდებათ და ქართველ ფეხბურთელს ასეთი რამ ჩემპიონთა ლიგაში გაცილებით ადრე ჰქონდა გაკეთებული. ისედაც მიხვდებოდით: ლევან კობიაშვილის ჰეთ-თრიკს ვგულისხმობთ, "შალკეს" ფორმით "ეინდჰოვენთან" რომ შეასრულა...

A ჯგუფი
ვილიარეალი-მანჩესტერ სიტი 0:3
გოლები: 0:1 იაია
ტურე (30), 0:2 ბალოტელი (45+3-პენ), 0:3 იაია ტურე (71)
ბურთის ფლობა: 38%-62%; დარტყმა: 5-10; კუთხურები: 2-2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იაია ტურე (მანჩესტერ სიტი)

ერთ დროს "სიკვდილის ჯგუფად" შერაცხულ კომპანიაში, მერვედფინალის ორი საგზურისთვის სამი გუნდიღა იბრძვის, რადგან ესპანურმა "ვილიარეალმა" იმედები გაგვიცრუა და ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფიდან გასვლაზე ოცნებას 0 ქულით საბოლოოდ დაემშვიდობა. მეტიც: ესპანელებისთვის მესამე ადგილიც მხოლოდ თეორიულადღაა მისაწვდომელი.

მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მანჩინიმ ედინ ჯეკოსა და სერხიო აგუეროს სახით ორი ლიდერი დაასვენა, "სიტის" პრობლემები არ შეჰქმნია. როგორც მოსალოდნელი იყო, საკადრო პრობლემებით შეწუხებულმა "ვილიარეალმა" მანჩინის გუნდს წინააღმდეგობა ვერ გაუწია - იაია ტურეს ორი გემრიელი დარტყმა, მარიო ბალოტელის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტი და "სიტიმ" მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ჭირვეულმა იტალიელმა გოლი საინტერესო პოზით აღნიშნა - ამჯერად "Why-always-me მაისურის" გარეშე.

მომდევნო ტურში მანჩესტერელები ნეაპოლში ჩადიან და იქ ამბავი იქნება, დედა შვილს არ აიყვანს ხელში...

ბაიერნი-ნაპოლი 3:2
გოლები: 1:0 გომესი (17), 2:0 გომესი (23), 3:0 გომესი (42), 3:1 ფერნანდესი (45), 3:2 ფერნანდესი (79)
ბურთის ფლობა: 68%-32%; დარტყმა: 18-6; კუთხურები: 6-5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:Lმარიო გომესი (ბაიერნი)

მარიო გომესი არა მარტო ამ მატჩის, არამედ მთლიანად იმ საღამოს გმირი იყო - თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ (რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს) პირველი გერმანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა. იდეალურ ფორმაში მყოფ სუპერმარიოს ლიგაში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი და ევროპის ელიტალური საკლუბო ლიგის საუკეთესო გერმანელი ბომბარდირია. სხვათა შორის, მეორე ადგილზე მიხაელ ბალაკია - 16 გოლით, მესამეზე მიროსლავ კლოზე (14), მეოთხეზე კარსტენ იანკერი (13), მეხუთეზე კი მეჰმეთ შოლი (12).

"მიუხედავად ამისა, ეს არ იყო სრულყოფილი საღამო," - თქვა გომესმა მატჩის შემდეგ. მიზეზი: "ბაიერნმა" ორი გოლი გაუშვა, ორივე სტანდარტულებიდან და თანაც ბასტიან შვაინშტაიგერმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო.

რეკორდმაისტერი 3:0-ს რომ იგებდა, ყველამ იფიქრა, ვითარება აღარ დაიძაბებოდა, მაგრამ "ნაპოლი" დაბრუნდა და მატჩის ბოლოს გერმანული გრანდი გვარიანად ანერვიულა. ცუნიგას გაძევებას ბადშტუბერის გაგდებაც მოჰყვა და სტატუს-კვო აღდგა, რამაც ვითარება დაძაბა. ნეაპოლელები ბოლო წუთებში ბევრს ეცადნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი მაინც მიუნხენელებმა შექმნეს, როცა მეკარიანად წინ წასულ "ნაპოლის" გომესმა მეოთხე გოლი კინაღამ 80 მეტრიდან გაუტანა - დე სანკტისი ბურთს მაინც წამოეწია და კარის ხაზიდან გამოიტანა.

ახლა ნეაპოლელთა ბედი მათსავე ხელშია: მომდევნო ტურში "სან პაოლოზე" "სიტი" უნდა დაამარცხონ, ბოლოს კი "ვილიარეალს" ესტუმრებიან.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 3 1 0 8-3 10
2. მანჩესტერ სიტი 4 2 1 1 6-4 7
3. ნაპოლი 4 1 2 1 6-5 5
4. ვილიარეალი 4 0 0 4 1-9 0


B ჯგუფი
ტრაბზონი-ცსკა 0:0
ბურთის ფლობა: 47%-53%; დარტყმა: 6-14; კუთხურები: 6-4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: თოლგა ზენგინი (ტრაბზონი)

ეს თამაში კარგი საყურებელი ნამდვილად არ იყო. კარგი მხოლოდ ისაა, რომ ამ ჯგუფში ჯერ კიდევ ყველას შეუძლია მერვედფინალში გასვლა. "ტრაბზონსპორმა" საკუთარი პუბლიკის გახარება კვლავ ვერ შეძლო - არადა, თურქები ბოლო 17 წუთის განმავლობაში მეტნი იყვნენ, მაგრამ კაცნაკლულ ცსკა-საც ვერაფერი მოუხერხეს. თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ტრაბზონელებს მაინც შეეძლოთ სანატრელი გოლის გატანა: ჩელუსტკას თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მოსკოველთა კარის ძელს მოხვდა.

საერთო ჯამში კი, რუსები უნდა შევაქოთ, რადგან გაცილებით აზრიანად თამაშობდნენ. ტრაბზონელთა მხრიდან მხოლოდ ბურაკ ილმაზი გახლდათ შესამჩნევი, რომელიც ამ გუნდს ფაქტობრივად მარტო დაათრევს. მისი მეწყვილე ჰალილ ალთინთოფი კი უმეტესად იქ იყო, სადაც ბურთი ვერ აღწევდა, რის გამოც შეცვალეს კიდეც.

შანსი ყველას აქვს, მაგრამ საუკეთესო მდგომარეობაში აშკარად რუსები არიან. ცსკა მომდევნო ტურში "ლილს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, მერვედფინალში თამაში გაინაღდოს - გააჩნია, რას იზამს "ტრაბზონი" "ინტერთან"...

ინტერი-ლილი 2:1
გოლები: 1:0 სამუელი (18), 2:0 დ. მილიტო (65), 2:1 ტულიო (83)
ბურთის ფლობა: 50%-50%; დარტყმა: 14-16; კუთხურები: 3-13
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დიეგო მილიტო (ინტერი)

"ინტერს" ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი საშინაო მატჩი წაგებული ჰქონდა და რაკი ოთხშაბათს ეს არასასიამოვნო სერია შეწყდა, "ნერაძურის" ფანებმა შვებით ამოისუნთქეს - მილანურმა გრანდმა "ლილი" 2:1 დაამარცხა. ამრიგად, "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაში გაცილებით უკეთ ასპარეზობს, ვიდრე იტალიის ჩემპიონატში.

საკმაოდ დიდხანს ისე ჩანდა, თითქოს მილანელთა თავდამსხმელი დიეგო მილიტო ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული იყო. შეხვედრის დასაწყისში ბურთი ძელს მოარტყა, მერე კი რამდენჯერმე უაღრესად ეგოისტურად მოიქცა, როცა გაცილებით უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს პასები არ მისცა - გოლის გატანა და კლაუდიო რანიერისთვის თავისი შესაძლებლობების დამტკიცება მაინცდამაინც თვითონ უნდოდა. ამის იდეალური დასტური ის მომენტი იყო, როცა არგენტინელმა სტანკოვიჩის პასის შემდეგ, ათი მეტრიდან კარს ძალიან დიდი მანძილით ააცილა. თუმცა 65-ე წუთზე, როგორც იქნა გაუმართლა და გაიტანა. მერე გაირკვა, რომ "ინტერმა" სწორედ ამ გოლის წყალობით მოიგო.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 4 3 0 1 6-4 9
2. ცსკა 4 1 2 1 7-5 5
3. ტრაბზონი 4 1 2 1 2-4 5
4. ლილი 4 0 2 2 4-6 2

C ჯგუფი
მანჩესტერ იუნაიტედი-ოცელული 2:0
გოლები: 1:0 ვალენსია (8), 2:0 რუნი (87)
ბურთის ფლობა: 62%-38%; დარტყმა: 17-9; კუთხურები: 6-5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფილ ჯოუნსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მდიდარი ინგლისელებისა და ღარიბი რუმინელების მეორე ბრძოლის ბედი მე-8 წუთზე უკვე გადაწყვეტილი იყო: ვალენსია ფილ ჯოუნსის ლამაზ ჩაწოდებას გამოეხმაურა და "იუნაიტედი" დააწინაურა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუმინელები იმითაც ბედნიერები ჩანდნენ, რომ "ოლდ ტრეფორდზე" თამაშის საშუალება მიეცათ და მრისხანე მეტოქის შეწუხებაც არც კი ცდილობდნენ. მიუხედავად ამისა, ტაიმის მიწურულს მანჩესტერელთა მეკარე დავიდ დე ხეას მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა მოუხდა იმისათვის, რომ თავისიანები ყველასათვის მოულოდნელი გოლისგან გადაერჩინა.

თუკი "ოცელულის" ფეხბურთელები მანჩესტერიდან ქულის წაღებას დიდხანს ოცნებობდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ უეინ რუნიმ რუმინულ კლუბს მეორე გოლი მხოლოდ 87-ე წუთზეღა გაუტანა. სხვათა შორის, ეს დიმიტარ ბერბატოვის ბრალიცაა, რომელმაც რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა ბულგარელს მომენტები მაინც შეექმნა, აი, მაიკლ ოუენი კი იმ დღეს აშკარად მარცხენა ფეხზე ამდგარიყო - 31 წლის თავდამსხმელი მე-11 წუთზე დაშავდა და შეცვალეს...

ბენფიკა-ბაზელი 1:1
გოლები: 1:0 როდრიგო მორენო (4), 1:1 ჰუგელი (64)
ბურთის ფლობა: 45%-55%; დარტყმა: 15-11; კუთხურები: 9-4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: როდრიგო მორენო (ბენფიკა)

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის შემდეგ "ბენფიკას" მთელმა სტადიონმა უსტვინა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ "ბაზელთან" ფრემ ლისაბონური კლუბის მდგომარება არ დაამძიმა. "ბენფიკა" ისევ დაუმარცხებელია და კურსი მერვედფინალისკენ აქვს აღებული. თანაც, როდრიგო მორენოს გოლის ნახვა ერთ რამედ ღირდა.

შვეიცარიელებმა განსაკუთრებით კარგად მეორე ტაიმში ითამაშეს და წონასწორობის აღდგენაც მოახერხეს: 64-ე წუთზე სკოტ შიპერფილდის ჭკვიანურ პასს ბენიამინ ჰუგელი დახვდა და ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც "ბენფიკამ" ვეღარაფერი გააწყო. თუმცა ლისაბონელები შვეიცარიულ კლუბს სამი ქულითYუსწრებენ და ურთიერთშეხვედრებშიც სჯობნიან, რადგან ბაზელი სტუმრად 2:0 დაამარცხეს. მომდევნო ტურში პორტუგალიური გრანდი მანჩესტერში კი ჩადის, მაგრამ რომც წააგოს, ბოლო ტურში "ოცელულს" უნდა უმასპინძლოს და ახლა თავად განსაჯეთ, რთულია თუ არა "ბენფიკას" მდგომარეობა.

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერ იუნაიტედი 4 2 2 0 8-4 8
2. ბენფიკა 4 2 2 0 5-2 8
3. ბაზელი 4 1 2 1 6-7 5
4. ოცელული 4 0 0 4 1-7 0

D ჯგუფი
ლიონი-რეალი 0:2
გოლები: 0:1 რონალდო (24), 0:2 რონალდო (69-პენ)
ბურთის ფლობა: 48%-52%; დარტყმა: 15-26; კუთხურები: 6-8
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

როგორც იქნა, მეხუთე მცდელობისას, "რეალმა" "სტად ჟერლანზე" მოგებაც შეძლო და "ბარსელონასა" და "მილანის" შემდეგ მესამე გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური გაინაღდა. "ლიონს" კი აშკარად მძიმე დროება უდგას - ფრანგულ გრანდს 2002/2003 წლების სეზონის შემდეგ პირველად ემუქრება ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე.

გარდა იმისა, რომ "რეალმა" ოთხივე თამაში მოიგო და თან გოლიც არ მიუღია, მადრიდელებს ორი ცალკეული ტრიუმფატორიც ჰყავდათ: მადრიდული გრანდის არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია 75 მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიოზე უკეთესი შედეგი, კრიშტიანო რონალდოს კი, "სამეფო გუნდის" გუნდის მაისურით ჩატარებულ 103 შეხვედრაში უკვე 101 გოლი აქვს გატანილი. ბრავო!

0:2 ისეთი ანგარიშია, რომელიც ნათლად ვერ გამოხატავს იმ უპირატესობას, "რეალი" "სტად ჟერლანდზე" რომ ფლობდა. მადრიდელებს, რეალურად, მინიმუმ შვიდი გოლის გატანა შეეძლოთ და რომ არა "ლიონის" მეკარე ლორისი, ხუთს მაინც გაიტანდნენ. თუმცა მოურინიოს და კომპანიას ეს, ცხადია, ნაკლებად ადარდებთ...

აიაქსი-დინამო (ზ) 4:0
გოლები: 1:0 ვან დერ ვილი (20), 2:0 სულეიმანი (25), 3:0 დე იონგი (65), 4:0 ლოდეირო (90)
ბურთის ფლობა: 59%-41%; დარტყმა: 14-7; კუთხურები: 10-4
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრისტიან ერიკსენი (აიაქსი)

"ნეფთჩი", "ჰელსინკი", "მალმიო" - ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიმავალი გზიდან ისეთი გუნდები ჩამოიცილა, რომ ხორვატიის ჩემპიონისგან ბევრს არც არაფერს ველოდით. ნიქოზიის აპოელ-ისგან განსხვავებით, ზაგრების "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე აბსოლუტურად უსიცოცხლო გუნდია, თუმცა აქ ისიც გასათვალიწინებელია, რომ "რეალის", "აიაქსისა" და "ლიონის" სახით ხორვატებს მრისხანე მეტოქეები შეხვდათ. "დინამო" ამსტერდამშიც განადგურდა და 4 ტურის შემდეგ ერთი გოლიც კი არ აქვს გატანილი.

"აიაქსი" კი მერვედფინალს უახლოვდება. ჰოლანდიურ გრანდს მომდევნო ტურში გადამწყვეტი მატჩი ელის - სტუმრად, "ლიონთან", რომლის წაგება ამსტერდამელებისთვის არაფრით არ შეიძლება, რადგან "ამსტერდამ არენაზე" "ლიონს" ვერ მოუგეს. ფრანგები კი ჰოლანდიელებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან და თან "რეალთან" ორივე თამაში მოშორებული აქვთ.

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 4 0 0 10-0 12
2. აიაქსი 4 2 1 1 6-3 7
3. ლიონი 4 1 1 2 2-6 4
4. დინამო (ზ) 4 0 0 4 0-9 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული