კარგი ფეხბურთი "სან სიროზე"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ

E ჯგუფი
ლევერკუზენი-ჩელსი

ეს შეხვედრას ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი „ლევერკუზენისთვის“ და გერმანელები ჯგუფის ფავორიტთან საშინაო მატჩს ერთობ თავდაჯერებულებიც ხვდებიან.

„ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობინ დუტმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენ არაფერს ვითვლით და მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებზე არც გვიფიქრია, უბრალოდ, ამ თამაშის მოგება გვინდა და ვიცით, რომ ეს ძალიან გვჭირდებაო.

მართალია, გერმანელებს წაგების ან (მით უმეტეს) ფრის შემთხვევაშიც შერჩებათ ჯგუფიდან გასვლის შანსი, მაგრამ სამაგიეროდ, ბოლო ტურში მათი ბედი მათსავე ხელში აღარ იქნება. სწორედ
ამიტომ, „ლევერკუზენი“ დღეს მედგრად იბრძოლებს და „ჩელსის“ დამარცხებას შეეცდება. თუ „ფარმაცევტები“ ამას მოახერხებენ, მერვედფინალში თამაშს ფაქტობრივად გაინაღდებენ კიდეც, ბოლო ტურისთვის კი „ჩელსის“ თავსატეხი გაუჩნდება.

ზუსტად ისე, როგორც გასულ პარასკევს, ბუნდესლიგის კალენდარულ მატჩში (2:0 კაიზერსლაუტერნთან), „ლევერკუზენის“ ძირითად შემადგენლობაში კვლავ ვიხილავთ მიხაელ ბალაკს და რაც მთავარია, ისევ გამთამაშებლის პოზიციაზე - 35 წლის ნახევარმცველი ძალიან ძალიან კარგ ფორმაშია და ყოფილი გუნდის (ჩელსის ღირსებას 2006-დან 2010 წლამდე იცავდა) წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. „ფარმაცევტებს“ ანდრე შიურლე გამოუჯანმრთელდათ (გრიპი ჰქონდა).

„ლევერკუზენისგან“ განსხვავებით, „ჩელსი“ ამ უქმეებზე დამარცხდა (1:2 საკუთარ მოედანზე, „ლივერპულთან“), რის შემდეგაც ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდი ინგლისის ჩემპიონატში მანჩესტერელ ლიდერებს უკვე გვარიანად ჩამორჩება. „ლივერპულთან“ წაგების შემდეგ დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ რომან აბრამოვიჩი ვილაშ-ბოაშს გაათავისუფლებდა, მაგრამ კლუბმა ეს ჭორები უარყო. თუმცა ლონდონელები იმ ფაქტს ვერსად გაექცევიან, რომ ზაფხულში დანიშნული სპეციალისტი წნეხის ქვეშაა. საინტერესო ის არის, რომ „ჩელსის“ მერვედფინალის საგზურის გასანაღდებლად დღეს, შესაძლოა, ფრეც ეყოს.

სავარაუდო შემადგენლობები
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, რაინარტცი - სემი, ბალაკი, შიურლე - კისლინგი.
ჩელსი (4-1-4-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ალექსი, ტერი, ე. კოული - მიკელი - სტარიჯი, რამირესი, ლემპარდი, მატა - ტორესი.
არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

ვალენსია-გენკი
ჯგუფის პარალელურ მატჩში „ვალენსია“ „გენკს“ სტუმრობს. ბელგიის ჩემპიონს განვლილ 4 ტურში არცერთი თამაში არ მოუგია, აუტსაიდერია და მხოლოდ მესამე ადგილზე თუ იოცნებებს - „გენკს“ ამ მიზნის მისაღწევადაც „ვალენსიას“ დამარცხება სჭირდება, რაც ბელგიელებს ძალიან გაუჭირდებათ.

მართალია, „ვალენსიელებმა“ ამ უქმეებზე „რეალთან“ წააგეს, მაგრამ მხოლოდ 2:3 და დაადასტურეს, რომ ძალიან კარგ ფორმაში არიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნაი ემერის გუნდისთვის ეს პრიმერადივიზიონში მხოლოდ მეორე წაგება იყო და „ვალენსია“ მეორე ადგილზეა. მოკლედ, მატჩის ფავორიტი „ვალენსია“ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ღამურებს“ სამი ქულა სჭირდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): ალვეში - მიგელი, რამი, რუისი, ალბა - ალბელდა, ტ. კოშტა - ფეგოული, ხონასი, მათიუ - სოლდადო.
გენკი (4-4-2): კოტელესი - ნგონგჩა, ვანდენ ბორე, ნადსონი, პუდილი - ბაფელი, დე ბრუინი, ჰილანდი - ვოსენი, ბარდა.
არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 2 2 0 9-2 8
2. ლევერკუზენი 4 2 0 2 5-6 6
3. ვალენსია 4 1 2 1 5-4 5
4. გენკი 4 0 2 2 1-8 2

F ჯგუფი
არსენალი-ბორუსია (დ)

მორჩა, გერმანიის ჩემპიონისთვის ლონდონური მატჩი მერვედფინალში გასვლის შანსის შენარჩუნების უკანასკნელი შანსია და თანაც, დორტმუნდის „ბორუსიას“ ამისათვის ქულაც კი არ ეყოფა - იურგენ კლოპის გუნდმა ლონდონში აუცილებლად უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერვედფინალზე ოცნებას დაემშვიდობება.

დორტმუნდელები ბუნდესლიგაში ისევ მოწოდების სიმაღლეზე დგანან - შაბათს „ბაიერნს“ მიუნხენში 1:0 მოუგეს და ლიდერ რეკორდმაისტერს ახლა მხოლოდ 2 ქულითღა ჩამორჩებიან. აი, ჩემპიონთა ლიგაში კი ცუდად აქვთ საქმე...

კლოპი „ემირეითს სთედიუმზეც“ ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს, რაც მან გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა: „ჩვენ ვიცით, რომ ამ მატჩს მხოლოდ იდეალური დისციპლინა და კარგი დაცვა თუ მოგვაგებინებს,“ - თქვა 44 წლის იურგენმა.

„ბაიერნთან“ გამარჯვებამ „ბორუსიას“ თავდაჯერება გაუორმაგა და თანაც, კლოპი მოედანზე ფაქტობრივად საუკეთესო შემადგენლობას გაიყვანს - „ბორუსიას“ მხოლოდ ნევენ სუბოტიჩი აკლია, რომელსაც ფელიპე სანტანას სახით, დაცვის ცენტრში იდეალური შემცვლელი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ ეს სეზონი „არსენალმაც“ „დორტმუნდის“ დარად, არასახარბიელოდ დაიწყო, თუმცა მერე არსენ ვენგერის გუნდიც გამოსწორდა. ახლა კი, „მეთოფეებს“ ბოლო რვიდან შვიდი ოფიციალური თამაში აქვთ მოგებული.

სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-1-4-1): შჩესნი - კოშელნი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, ანდრე სანტოსი - სონგი - უოლკოტი, რემსი, არტეტა, ჟერვინიო - ვან პერსი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, კელი - გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერე (ბელგია)

მარსელი-ოლიმპიაკოსი
მეორე შეხვედრაში „მარსელი“ „ოლიმპიაკოსს“ მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში, ფრანგული კლუბი მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. მეტიც, თუ „დორტმუნდმა“ ლონდონში ვერ მოიგო, სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში მარსელელები ფლეი-ოფის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებენ. თუმცა ბერძნული კლუბი არ ნებდება და მესამე ადგილისთვის იბრძვის. ამისათვის „ოლიმპიაკოსს“ დღეს მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს. ასე რომ, „მარსელს“ იოლი გასეირნება არ ელის.

სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, ნ’კულუ, მორელი - ლუჩო გონსალესი, დიარა, შეირუ - აიუ, რემი, ვალბუენა.
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კოსტანცო - ტოროსიდისი, პაპადოპულოსი, მელბერგი, ჰოლებასი - ფეისა, მოდესტე - ფუსტერი, ფეტფაციდისი, მირალასი - ჯებური.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 4 2 2 0 4-2 8
2. მარსელი 4 2 1 1 4-1 7
3. ბორუსია (დ) 4 1 1 2 3-7 4
4. ოლიმპიაკოსი 4 1 0 3 4-5 3

G ჯგუფი
ზენიტი-აპოელ

G ჯგუფის პირველი თამაში 21 საათზე დაიწყება - მეორე ადგილზე მყოფი „ზენიტი“ მოულოდნელ ლიდერ აპოელ-ს მასპინძლობს. ნიქოზიელებს იდეალური შანსი აქვთ, გახდნენ პირველი კვიპროსელები, ვინც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს გადალახავს, მაგრამ მერვედფინალის საგზურის ამავე ტურში განაღდებისთვის მათ მხოლოდ მოგება სჭირდებათ, რაც ძნელი იქნება, რადგან იგივე მიზნის მისაღწევად „ზენიტიც“ იბრძვის.

რუსული კლუბის თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ კარგად იცის, რომ აპოელ-ის დამარცხება ძნელია, მაგრამ ამბობს, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთო. სპალეტის დანი უბრუნდება, კერჟაკოვი კი ისევ აკლია. აპოელ-ის დამრიგებელი ივან იოვანოვიჩი კი აილტონის ტრავმაზე ნერვიულობს. თუ 27 წლის ფორვარდი ვერ ითამაშებს, მას სოლარი შეცვლის.

სავარაუდო შემადგენლობები
ზენიტი (4-4-2): მალაფეევი - ანიუკოვი, ალვეში, ლომბერტსი, კრიშიტო - ბისტროვი, დენისოვი, ზირიანოვი, შიროკოვი - ბუხაროვი, დანი.
აპოელ (4-2-2-2): პარდო - პურსაიტიდისი, ჟორჟე, იაჰიჩი, ოლივეირა - მორაისი, პინტუ - მარსინიო, მანდუკა - ტრიკოვსკი, აილტონი (ან სოლარი).
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

შახტარი-პორტუ
მეორე მატჩში, ერთ დროს ჯგუფის მთავარ ფავორიტად შერაცხული „პორტუ“ ჯგუფიდან გასვლის უკანასკნელი შანსისთვის იბრძვის - პორტუგალიური კლუბი რთული ამოცანის წინაშე დგას, რადგან დონეცკში უნდა მოიგოს. „შახტარი“ კი მხოლოდ მესამე ადგილისთვის იბრძვის და ამისათვის „პორტუს“ დამარცხება სჭირდება.

სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): რიბკა - კობინი, რაკიცკი, კუჩერი, რაცი - ჰიუბშმანი, მხითარიანი - დუგლას კოშტა, ტეიშეირა, ვილიანი - ლუის ადრიანო.
პორტუ (4-3-3): ჰელტონი - ფუსილე, ოტამენდი, როლანდო, ა. პერეირა - ფერნანდო, მოუტინიო, ბელუში - ჰალკი, კლებერი, როდრიგესი.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 4 2 2 0 6-4 8
2. ზენიტი 4 2 1 1 7-5 7
3. პორტუ 4 1 1 2 5-7 4
4. შახტარი 4 0 2 2 4-6 2

H ჯგუფი
მილანი-ბარსელონა

ამ ჯგუფში კი თითქმის ყველაფერი გარკვეულია - მერვედფინალში „ბარსელონა“ და „მილანი“ ითამაშებენ, ევროპის ლიგის საგზურისთვის კი, როგორც მოსალოდნელიც იყო, „ბატე“ და „ვიქტორია“ იბრძვიან. თუმცა „მილანისა“ და „ბარსელონას“ ულამაზეს მატჩს ინტრიგა მაინც არ აკლია, რადგან „ბარსას“ პირველი ადგილი ჯერაც არ გაუნაღდებია. საკმარისია, „როსონერიმ“ კატალონიური გრანდი დაამარცხოს, რომ პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ დღეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება. ადრიანო ტრავმირებულია, დანი ალვეში კი დისკვალიფიცირებული. მილანში არც ანდრეს ინიესტა გაემგზავრა - 27 წლის ნახევარმცველის დაშავებულია და მართალია, თამაში შეეძლო, მაგრამ პეპ გვარდიოლამ მისი დასვენება გადაწყვიტა, რადგან რისკს მოერიდა.

მილანელთაგან, ამ დუელს განსაკუთრებით ზლატან იბრაჰიმოვიჩი ელოდა - შვედი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უაღრესად მოტივირებულია. პირველ მატჩში (2:2) მან ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, ახლა კი ჯანმრთელადაა და აუცილებლად ითამაშებს. მასიმილიანო ალეგრის ალეშანდრე პატო გამოუჯანმრთელდა. ბრაზილიელმა შაბათს „ფიორენტინასთან“ (0:0) ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასე რომ, „ბარსასთან“ უპრინციპულესი დუელისთვის ისიც სრულ მზადყოფნაშია.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - ნოჩერინო, ვან ბომელი, აკვილანი - კ.-პ. ბოატენგი - იბრაჰიმოვიჩი, პატო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - პუიოლი, პიკე, მასკერანო, აბიდალი - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი - სანჩესი, ვილია, მესი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

ბატე-ვიქტორია
ბორისოვოშიც პრინციპული მატჩია, რადგან ბატე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ მეტოქეს, პლზენის „ვიქტორიას“ მასპინძლობს. მატი პირველი პაექრობა ფრედ დამთავრდა, ბატე-ს კი იმის გამო აქვს ერთქულიანი უპირატესობა, რომ წინა ტურში „მილანთან“ ფრეს გამოჰკრა ხელი.

სავარაუდო შემადგენლობები
ბატე (4-4-1-1): გუტორი - ბაგა, შიმიჩი, იურევიჩი, ბორდაჩევი - ვოლოდკო, ბრეშანი, კონტოსევოი, ოლეხნოვიჩი - რუდიკი - კეჟმანი.
ვიქტორია (4-5-1):Pპავლიკი - ლიმბერსკი, ბისტრონი, სევინსკი, რაიტორალი - პეტრჟელა, ირჟაჩეკი, ჰორვატი, კოლარი, პილარი - ბაკოსი.
არბიტრი: კევინ ბლომი (ჰოლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 3 1 0 13-2 10
2. მილანი 4 2 2 0 7-3 8
3. ბატე 4 0 2 2 2-9 2
4. ვიქტორია 4 0 1 3 1-9 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული