კიდევაც დაიზრდებიან...

AutoSharing Option
„ბარსელონას“ აღსაზრდელებმა ბატე-ს ოთხი გოლი გაუტანეს, საერთო ჯამში კი კატალონიურმა გრანდმა ჯგუფურ ეტაპზე 20 გოლის გატანა შეძლო, რითაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ რეკორდი გაიმეორა.

გარდა ამისა, სამშაბათს მთელი საბერძნეთი დორტმუნდის „ბორუსიას“ აგინებდა, დორტმუნდში კი „არსენალით“ იყვნენ იმედგაცრუებულნი, ამ ორომტრიალში კი მარსელის „ოლიმპიკი“ გამოვიდა გამარჯვებული. „პორტუმ“ „ზენიტის“ მეკარეს ვერაფერი დააკლო, პლზენის „ვიქტორიამ“ კი „მილანთან“ ვაჟკაცურად ითამაშა, რაც დაუფასდა კიდეც.

E ჯგუფი
ჩელსი-ვალენსია 3:0
გოლები: 1:0 დროგბა (3), 2:0 რამირესი (22), 3:0 დროგბა (76)
ბურთის ფლობა: 34%-66%; დარტყმა: 13-10; კუთხურები: 4-8
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დიდიე
დროგბა (ჩელსი)

ვილაშ-ბოაშმა ძირითადი შემადგენლობის დაყენებისას, ბევრისთვის მოულოდნელად, უარი თქვა ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან ლემპარდი, ტორესი და მალუდა. გაგიკვირდებათ და, მათ გარეშე ლონდონურმა კლუბმა გაცილებით უკეთ ითამაშა - მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის მხრივ „ვალენსიას“ კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა: 34%-66%.

ტერი და ლუისი დაცვას იდეალურად ამაგრებდნენ, მატა, რამირესი და სტარიჯი წინა ხაზზე მუდმივად აქტიურობდნენ და ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდნენ, ცენტრფორვარდი დროგბა კი თითქოს თავიდან დაიბადა. ამ ყველაფერთან ერთად, ჩეხმა ორი აუღებელი ბურთი აიღო. ვფიქრობთ, ეს ჩამონათვალი აბსოლუტურად საკმარისია იმის ასახსნელად, თუ რატომ გაუთენდა სამშაბათს „ვალენსიას“ შავი დღე. ამრიგად, ლონდონელთა თავკაცი გათავისუფლებას გადაურჩა და მეტსაც გეტყვით: ასეთი „ჩელსისგან“ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. თანაც, „არისტოკრატებმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერვედფინალში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის შანსი აქვთ.

...და „ვალენსია“? ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ამ გუნდმა წელს სწორედ მესამე ადგილის დაკავება დაიმსახურა. ახალი წლიდან „ღამურები“ ევროპა ლიგაში გადაინაცვლებენ.

გენკი-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 1:0 ფოსენი (30), 1:1 დერდიოკი (79)
ბურთის ფლობა: 42%-58%; დარტყმა: 7-18; კუთხურები: 5-7
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფაბიენ კამიუ (გენკი)

არ შეუძლია „ლევერკუზენს“ ჩემპიონთა ლიგაში გასვლითი მატჩის მოგება და რა ქნას? იცით, როდის გაიმარჯვა „ბაიერმა“ ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში ბოლოს სტუმრად? 2001-2002 წლების სეზონში, როცა „ფარმაცევტებმა“ ფინალში ითამაშეს. არადა, „გენკთან“ მოგების შემთხვევაში „ლევერკუზენი“ ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა... თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ „გენკმა“ წელს საკუთარ კედლებში არცერთი თამაში არ წააგო - „ვალენსიას“ და „ჩელსისაც“ ფრეები გაუგორა.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 6 3 2 1 13-4 11
2. ლევერკუზენი 6 3 1 2 8-8 10
3. ვალენსია 6 2 2 2 12-7 8
4. გენკი 6 0 3 3 2-16 3

F ჯგუფი
ოლიმპიაკოსი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 ჯებური (16), 2:0 ფუსტერი (36), 2:1 ბენაიუნი (57), 3:1 მოდესტო (89)
ბურთის ფლობა: 47%-53%; დარტყმა: 22-11; კუთხურები: 8-2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დავიდ ფუსტერი (ოლიმპიაკოსი)

ბერძნებს ამ ბოლო დროს გერმანელები ისედაც არ ეხატებათ გულზე (პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზების გამო) და იოლი წარმოსადგენია, როგორ აგინებდა სამშაბათს მთელი საფეხბურთო საბერძნეთი გერმანიის ჩემპიონ დორტმუნდის „ბორუსიას“. საქმე შემდეგშია: „მარსელს“ დორტმუნდში რომ არ მოეგო, მერვედფინალში ფრანგული კლუბი კი არა, „ოლიმპიაკოსი“ გავიდოდა. ასე კი, ბერძნული გრანდი მესამე ადგილზე დარჩა და ევროპის ლიგაში გადანაცვლებას უნდა დასჯერდეს.

ისე, ისიც აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ დორტმუნდელებსაც ჰქონდათ მაგალითად „არსენალის“ იმედი და სხვათა შორის, სანამდეც იყო იმის შანსი, რომ „ოლიმპიაკოსს“ „არსენალთან“ არ მოეგო (ბერძნები კი 36-ე წუთიდან 2:0-ს იგებდნენ), „ბორუსია“ „მარსელს“ მედგრად უტევდა და უგებდა კიდეც. მოკლედ, არსენ ვენგერის მეორე გუნდმა სამარცხვინოდ ითამაშა - თუმცა ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი, რომ ჩემბერლენი, კოქელინი და კომპანია „ოლიმპიაკოსთან“ იბრძოლებდნენ. ბერძნები კი მართლა მაგრად იბრძოდნენ და თავიდანვე დანებებულ ლონდონელებს შანსი არ დაუტოვეს.

პირველი გოლის დროს სკილაჩიმ დაუშვა კატასტროფული შეცდომა, მეორე გოლის დროს კი ტრავმირებული ფაბიანსკის ნაცვლად „მეთოფეთა“ კარში ჩამდგარმა მენონმა
თავი სასაცილოდ გაიხადა. „არსენალის“ მხრიდან პოზიტიური მხოლოდ ბენაიუნის მართლა კარგი გოლი გახლდათ და რეალურად პოზიტიურია ისიც, რომ ბერძნების მესამე გოლის მომენტში მენონი ნაღდად უშანსოდ იყო.

ბერძნები 88-ე წუთამდე მერვედფინალში გასვლას ზეიმობდნენ, მერე კი „მარსელმა“ დორტმუნდში გამარჯვების გოლი გაიტანა და ზეიმი დრამად გადაიქცა: მეომარი ბერძნები, რომლებმაც „არსენალს“, „დორტმუნდს“ და „მარსელს“ თითო თამაში მოუგეს, ბოლოს ცხარე ცრემლებით ტიროდნენ...

ბორუსია (დ)-მარსელი 2:3
გოლები: 1:0 ბლაშჩიკოვსკი (23), 2:0 ჰუმელსი (32-პენ), 2:1 რემი (45+4), 2:2 ა. აიუ (85), 2:3 ვალბუენა (88)
ბურთის ფლობა: 56%-44%; დარტყმა: 15-9; კუთხურები: 3-6
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანდრე აიუ (მარსელი)

ბოლოს დორტმუნდელები ხელცარიელები დარჩნენ - აბსოლუტურად ხელცარიელები! ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლას ვინ ჩივის, გერმანიის ჩემპიონმა ვერც მესამე ადგილი დაიკავა, „მარსელს“ კი ჯგუფიდან გასვლის საშუალება მისცა - 88-ე წუთზე ვალბუენას გამარჯვების გოლი რომ არ გაეტანა, ფრანგული კლუბი ჯგუფში ჩარჩებოდა. გერმანული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მოხდა ისე, რომ გერმანიის ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავა. მანამდე ასეთი სირცხვილი „შტუტგარტმა“ ჭამა - 2008-ში...

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 6 3 2 1 7-6 11
2. მარსელი 6 3 1 2 7-4 10
3. ოლიმპიაკოსი 6 3 0 3 8-6 9
4. ბორუსია (დ) 6 1 1 4 6-12 4

G ჯგუფი
პორტუ-ზენიტი 0:0
ბურთის ფლობა: 58%-42%; დარტყმა: 25-3; კუთხურები: 10-2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვიაჩესლავ მალაფეევი (ზენიტი)

„პორტუმ“ „ზენიტი“ კედელთან მიაყენა და ბევრი, მართლა ძალიან ბევრი ურახუნა, მაგრამ ვერაფერი დააკლო, რაც რუსული კლუბის მეკარის, ვიაჩესლავ მალაფეევის დამსახურებაა, რომელმაც არაერთი მკვდარი ბურთი მოიგერია. პორტუგალიურ კლუბს ვერ უშველა იმან, რომ თავდამსხმელი ჰალკი „ზენიტის“ მცველებს იოლად ჩაგრავდა - საბოლოო ჯამში რუსებმა უგოლო ფრეს პირველ რიგში ბრწყინვალე მეკარის და მასთან ერთად, იღბლიანობის ხარჯზე მიაღწიეს.

„ზენიტი“ დაცვაში იდგა და „პორტუს“ მასირებულ იერიშებს უმკლავდებოდა. რაც დრო გადიოდა, პორტუგალიელები უფრო და უფრო ნერვიულობდნენ, რუსები კი, ან ცივსისხლიანად იგერიებდნენ ბურთებს ტრიბუნებისკენ, ანაც მალაფეევი ყოჩაღობდა.

აი, ასე გააღწია „ზენიტმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „პორტუ“ კი გაისად ევროპის ლიგაზე გადაერთვება და ევროპის მეორეხარისხოვან საკლუბო ტურნირზე წინა სეზონში მოგებული ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება.

აპოელ-შახტარი 0:2
გოლები: 0:1 ადრიანო (62), 0:2 სელეზნიოვი (78)
ბურთის ფლობა: 41%-59%; დარტყმა: 7-21; კუთხურები: 5-7
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ურკო პარდო (აპოელ)

ცოტა არ იყოს, პარადოქსულად კი ჟღერს, მაგრამ ფაქტია: ბოლოადგილოსანს პირველადგილოსანი მაგრად შემოეჩაგრა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნიქოზიელებს ეს ოდნავადაც არ სწყენიათ, რადგან ჯგუფიდან გასვლა უკვე განაღდებული ჰქონდათ - აპოელ-მა ისტორიულ წარმატებას მიაღწია.

თ მ ფ წ ბ ქ
1. აპოელ 6 2 3 1 6-6 9
2. ზენიტი 6 2 3 1 7-5 9
3. პორტუ 6 2 2 2 7-7 8
4. შახტარი 6 1 2 3 6-8 5

H ჯგუფი
ბარსელონა-ბატე 4:0
გოლები: 1:0 სერხი რობერტო (35), 2:0 მონტოია (60), 3:0 პედრო (63), 4:0 პედრო (89-პენ)
ბურთის ფლობა: 70%-30%; დარტყმა: 22-2; კუთხურები: 6-0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ისააკ კუენსა (ბარსელონა)

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: „ბარსელონამ“ ბატე იოლად დაჩაგრა და 4:0 გაანადგურა. საინტერესო კი ისაა, რომ ვალდესს, დანი ალვეშს, პუიოლს, ბუსკეტსს, აბიდალს, ინიესტას, ჩავის, მასკერანოს, ფაბრეგასს, სანჩესს, ვილიას და მესის არ უთამაშიათ! დააკვირდით, 11 კი არა, სულაც 12 წამყვანი ფეხბურთელი ჩამოვთვალეთ. ეს ბიჭები ტრიბუნაზე იხსდნენ და ღიმილიანი სახეებით ადევნებდნენ თვალს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, რეალურად კი, მომავალ უქმეებზე გასამართ ელ-კლასიკოზე ფიქრობდნენ.

პეპ გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამი ისეთი ფეხბურთელი გაამწესა, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ „ბარსას“ სასტარტოში მოხვედრა - პედროს, ტიაგოსა და მაქსველს ვგულისხმობთ. დანარჩენებიდან კი, შედარებით მეტად ნაცნობია კვენკა, რომელიც ამ ბოლო დროს განაცხადში საკმაოდ ხშირად ხვდება ხოლმე. 20 წლის მონტოიას, 18 წლის რაფინიას, 19 წლის მუნიესას, 20 წლის რივეროლასა და 17 წლის დეულოფეუს კი ევროპაში დებიუტი ჰქონდათ. ჰო, პიკე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მოკლედ, „ბარსელონა ბ-მ“, რომელიც ესპანეთის მეორე ლიგაში მე-13 ადგილზეა, ბატე გაანადგურა.

სერხი რობერტო ძალიან ჰგავს ჩავი ერნანდესს, კუენსა მთელ რიგ მომენტებში ინიესტას სტილში თამაშობდა (3 საგოლე პასი), ტიაგო და რაფინია კი ბურთს ხანდახან ისე ეპყრობოდნენ, როგორც მესი და ფაბრეგასი ეპყრობიან ხოლმე. მონტოიამ კი დაამტკიცა, რომ დიდი შანსია, დანი ალვეშის ღირსეული შემცვლელი გახდეს.

ვიქტორია-მილანი 2:2
გოლები: 0:1 პატო (47), 0:2 რობინიო (48), 1:2 ბისტრონი (89), 2:2 დურისი (93)
ბურთის ფლობა: 44%-56%; დარტყმა: 19-13; კუთხურები: 8-2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დავიდ ბისტრონი (ვიქტორია)

პაველ ვრბა - გეცნობათ ეს სახელი და გვარი? არა? ნუ ინერვიულებთ, რადგან პლზენის „ვიქტორიას“ მთავარი მწვრთნელი თითო-ოროლა ფანს თუ ეცოდინება. არადა, ეს სამწუხაროა, რადგან ამ კაცსმა თავისი გუნდი „მილანთან“ მატჩისთვის ისე მოამზადა, თქვენი მოწონებული!

ჩეხები პირველივე წუთიდან მედგრად უტევდნენ და ამ შეხვედრაში მთელი სული და გული ჩადეს. მართალია, კლასში განსხვავება აშკარა იყო, მაგრამ მაინც - „ვიქტორია“ იბრძოდა. როგორც ჩანს, იტალიელები მეტოქის ასეთ აქტიურობას არ ელოდებოდნენ, რადგან მასიმილიანო ალეგრის გუნდს პირველ ტაიმში არაფერი გამოუვიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი „როსონერიმ“ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩეხური კლუბის შოკში ჩაგდება მაინც ვერ შეძლო. ვიქტორიამ მთელი გულისყურით თამაში განაგრძო და ბოლოს დამსახურებული გოლებიც მიიღო - 2:2.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 6 5 1 0 20-4 16
2. მილანი 6 2 3 1 11-8 9
3. ვიქტორია 6 1 2 3 4-11 5
4. ბატე 6 0 2 4 2-14 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული