A ჯგუფი
მანჩესტერ სიტი-ბაიერნი 2:0
გოლები: 1:0 სილვა (36), 2:0 ი. ტურე (52)
ბურთის ფლობა: 53%-47%; დარტყმა: 17-10; კუთხურები: 4-2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დავიდ სილვა
ოქტომბრის ბოლოს "ბაიერნი" გერმანიის თასზე მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერ "ინგოლშტადტს" შეხვდა და 6:0 გაანადგურა - ის თამაში არა გომესმა, რიბერიმ და რობენმა, არამედ პეტერსენმა, პრანიჩმა და
თუმცა ეს გამარჯვება "სიტის" არაფერში წაადგა - ახალი წლიდან "სიტის" უძვირფასესი გუნდი მეორეხარისხოვან ევროტურნირზე, ევროპა ლიგაზე ითამაშებს.
ვილიარეალი-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ინლერი (65), 0:2 ჰამშიკი (76)
ბურთის ფლობა: 51%-49%; დარტყმა: 6-12; კუთხურები: 5-14
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი)
"ნაპოლიმ" კი მერვედფინალში თამაში ასი პროცენტით დაიმსახურა - სამხრეთიტალიელებმა ექვსივე შეხვედრაში უდიდესი ვნებით იბრძოლეს და კარგია, რომ მოტივაციადაკარგული "ბაიერნის" მიერ "სიტისთვის" გაკეთებულმა საჩუქარმა ვალტერ მაძარის გუნდს ვერაფერი დააკლო. ნეაპოლელები "ვილიარეალის" კარს პირველი წუთიდან მიაწყდნენ და თუ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოახერხეს, ეს ესპანელთა მეკარე ლოპესის დამსახურება გახლდათ.
"სიტი" "ბაიერნს" უგებდა და ის ის იყო, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ლოგიკურად ნერვიულობა უნდა დაეწყოთ, როცა ინლერმა უძლიერესი დარტყმით უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და თანაგუნდელები დაამშვიდა. 11 წუთში ჰამშიკი ბურთს საჭირო ადგილზე დახვდა და კარში უპრობლემოდ შეაგორა, რითაც საბოლოოდ ცხადყო, რომ მაძარის გუნდს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ჩემპიონთა ლიგის დაარსების შემდეგ "ნაპოლი" ამ ტურნირზე პირველად თამაშობს და ჯგუფიდანაც გავიდა - იოლი წარმოსადგენია, რა ხდებოდა საფინალო სასტვენის შემდეგ ნეაპოლში. ქუჩები მოზეიმე ნეაპოლელებით გადაიჭედა - ჩვენი იტალიელი კოლეგები ირწმუნებიან, მარადონას ეპოქის შემდეგ იქ ასეთი ეიფორია პირველად იყოო.
"ვილიარეალზე" კი, აბა, რა უნდა ვთქვათ? ფაქტია, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" სრულად ჩაიძირა. 0 ქულას და ბურთების კატასტროფულ შეფარდებას (2:14) ნამდვილად ვერ გაამართლებს ის ფაქტი, რომ წამყვანი ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. რაც არ უნდა იყოს, "ვილიარეალი" წელს ჩემპიონთა ლიგაში ხომ პრიმერადივიზიონის მესამეადგილოსნის სტატუსით თამაშობდა...
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 6 4 1 1 11-6 13
2. ნაპოლი 6 3 2 1 10-6 11
3. მანჩესტერ სიტი 6 3 1 2 9-6 10
4. ვილიარეალი 6 0 0 6 2-14 0
B ჯგუფი
ინტერი-ცსკა 1:2
გოლები: 0:1 დუმბია (50), 1:1 კამბიასო (51), 1:2 ვ. ბერეზუცკი (86)
ბურთის ფლობა: 49%-51%; დარტყმა: 13-13; კუთხურები: 6-8
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ვაგნერ ლავი (ცსკა)
"სან სიროზე" ხალხი არ მივიდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ "ინტერისთვის" ამ შეხვედრას აზრი აღარ ჰქონდა და თანაც, მოსკოვის ცსკა არ არის ისეთი მეტოქე, რომელიც სპორტული თვალსაზრისით უმოტივაციო მატჩზე ბევრ მაყურებელს მიიყვანდა. არადა, ორი საკმაოდ საინტერესო ჰაილაითი გამოტოვეს: ჯერ ერთი, ცსკა არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და პლუს ამას, "ინტერისთვის" ტექნიკა იმდენად წავიდა წინ, რომ შესაცვლელად გამზადებული ფეხბურთელები მწვრთნელისგან ტაქტიკურ მითითებებს სპეციალურ ეკრანზე იღებდნენ.
ვერ ვიტყვით, რომ შეხვედრა ცუდი საყურებელი იყო, რადგან "ინტერმა" თამაში კარგად დაიწყო, ცსკა კი თავისი აგრესიული სტილით მილანურ გრანდს პრობლემებს უქმნიდა. მოსკოველთაგან გამორჩეული იყო ვაგნერ ლავი, რომელიც "ინტერის" მცველებს ხშირად წნეხავდა, მომენტები კი ვერ გამოიყენა.
სამაგიეროდ, საგოლე შანსი გამოიყენა სეიდუ დუმბიამ, რომელმაც რუსული კლუბი 50-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში ესტებან კამბიასომ ანგარიში გაათანაბრა. მალე "ინტერს" სულაც დაწინაურება შეეძლო, მაგრამ დიეგო მილიტოს თავური დარტყმისას, რომელიც "ნერაძურის" რიგებში თავის მე-100 მატჩს ატარებდა, ცსკა ძელმა იხსნა. ამ უკანასკნელს მატჩის მიწურულს ვასილი ბერეზუცკიმ უჩვენა, როგორ უნდა თავით გოლის გატანა და ამ ფეხბურთელისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მისმა გოლმა ცსკა-ს და ზოგადად რუსულ ფეხბურთს ისტორიული წარმატება მოუტანა. რუსებს ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ორი გუნდი (ცსკა და ზენიტი) პირველად ეყოლებათ.
ლილი-ტრაბზონი 0:0
ბურთის ფლობა: 62%-38%; დარტყმა: 21-6; კუთხურები: 10-1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედენ ჰაზარი (ლილი)
გამარჯვება "ლილს" მერვედფინალში გაიყვანდა და ამიტომაც იყო, ფრანგები უკანმოუხედავად რომ უტევდნენ და "ტრაბზონსპორი" საკუთარ საჯარიმოს რომ მიაჯაჭვეს.
ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, ედენ ჰაზარი აქტიურობდა, რომელმაც პეიესთან და კოულთან ერთად რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმიც იგივე სცენარით განვითარდა, მაგრამ სულ ბოლოს ტრაბზონელებმა კინაღამ მოიგეს - კონტრშეტევისას თურქული კლუბის გოლეადორმა ბურაქ ილმაზმა ბრწყინვალე შანსი გაანიავა. ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგას ორივე გამოეთიშა, ევროპა ლიგაზე კი თურქები გადაინაცვლებენ.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 6 3 1 2 8-7 10
2. ცსკა 6 2 2 2 9-8 8
3. ტრაბზონი 6 1 4 1 3-5 7
4. ლილი 6 1 3 2 6-6 6
C ჯგუფი
ბაზელი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
გოლები: 1:0 შტრელერი (9), 2:0 ა. ფრაი (84), 2:1 ჯოუნსი (89)
ბურთის ფლობა: 48%-52%; დარტყმა: 11-21; კუთხურები: 2-7
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ქსერდან შაქირი (ბაზელი)
"ბაზელისთვის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადალახვა ზღაპრული წარმატებაა, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჯგუფში ჩარჩენა კი - უდიდესი კოლაფსი. შესაბამისად, შვეიცარიელები ამ დღით და გამარჯვებით დიდხანს, ძალიან დიდხანს იამაყებენ, სერ ალექს ფერგიუსონს კი ამ დღეებში ბევრი არასასიამოვნო ეპიტეთის მოსმენა მოუწევს.
"ბაზელმა" ოდნავადაც არ სცა პატივი "იუნაიტედს" და ინგლისურ გრანდს შემტევი ფეხბურთი შესთავაზა. მარკო შტრელერმა მატჩის დებიუტშივე რომ შეძლო გოლის გატანა, ეს დე ხეასთან ერთად, რომელმაც მორიგი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, მანჩესტერელი მცველების პოზიციური შეცდომის ბრალიც იყო.
მანკუნიანელები შოკიდან მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს გამოვიდნენ და აზრიანად შეუტიეს, გოლი კი მაინც ვერ გაიტანეს. მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა - "ბაზელი" დაცვაში არ ჩაჯდა, "იუნაიტედმა" კი ძალიან გვიან დაიწყო აფექტური იერიშები. შესაბამისად, ლოგიკურია ის, რაც მოხდა:
გასული სეზონის ფინალისტმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2005/06 წლების სეზონის შემდეგ, ჯგუფური ეტაპი პირველად ვერ გადალახა. სხვათა შორის, ფერგიუსონის გუნდს ჯგუფში მაშინაც "ბენფიკა" ჰყავდა.
ბენფიკა-ოცელული 1:0
გოლი: 1:0 კარდოსო (7)
ბურთის ფლობა: 58%-42%; დარტყმა: 11-8; კუთხურები: 5-1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოსკარ კარდოსო
ამ მატჩზე ორი წინადადებაც საკმარისია: ლისაბონის "ბენფიკამ" პირველი ადგილი ისე დაიკავა, რომ ერთხელაც არ დამარცხებულა. "ოცელული" კი "ვილიარეალთან" და ზაგრების "დინამოსთან" ერთად ის გუნდია, რომელმაც ჯგუფში ექვსივე მატჩი წააგო.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბენფიკა 6 3 3 0 8-4 12
2. ბაზელი 6 3 2 1 11-10 11
3. მანჩესტერ იუნაიტედი 6 2 3 1 11-8 9
4. ოცელული 6 0 0 6 3-11 0
D ჯგუფი
აიაქსი-რეალი 0:3
გოლები: 0:1 კალეხონი (14), 0:2 იგუაინი (41), 0:3 კალეხონი (93)
ბურთის ფლობა: 55%-45%; დარტყმა: 17-8; კუთხურები: 5-2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რაფაელ ვარანე (რეალი)
ამ ჯგუფში ისეთი ამბები დატრიალდა, რომ გუშინ უეფას საკონტროლო კომისიამ გამოძიებაც კი დაიწყო, ემანდ, მანიპულირებულ მატჩებთან ხომ არ გვქონდა საქმეო, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
ჰოლანდიური გრანდი ბოლო ტურის წინ უკიდურესად კომფორტულ მდგომარეობაში იყო: "აიაქსს" "ლიონთან" სამქულიანი უპირატესობის გარდა, ბურთების შეფარდების მხრივ 7-ბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა. ჰოლანდიელებს ნერვიულობა არც მაშინ დასტყობიათ, როცა ხოსე კალეხონმა ანგარიში გახსნა, რადგან სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და თან ისიც არ ეგონათ, რომ "ლიონი" ზაგრებში ექვსბურთიანი სხვაობით მოიგებდა.
სამაგიეროდ, ნამდვილად პრობლემა იყო ის, რომ მსაჯმა "აიაქსს" ორი გოლი არ ჩაუთვალა - არადა, არც ლოდეირო და არც სულეიმანი თამაშგარე მდგომარეობაში არ ყოფილან. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კი გონსალო იგუაინმა "რეალის" კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა და ტაბლოზეც 2:2-ის ნაცვლად 0:2 აენთო. მეორე ტაიმში ზაგრებიდან ცნობა მოვიდა, "ლიონს" გოლი გოლზე გააქვსო და "აიაქსიც" აენთო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სხვათა შორის, "რეალმა" პირადი რეკორდი დაამყარა: მართალია, ჯგუფში 18 ქულა მადრიდელებს ადრეც აუღიათ, სამაგიეროდ ბურთების ასეთი შეფარდება (19:2) პირველად დააფიქსირეს.
დინამო (ზ)-ლიონი 1:7
გოლები: 1:0 კოვაჩიჩი (40), 1:1 გომისი (45), 1:2 გომისი (48), 1:3 გონალონსი (47), 1:4 გომისი (52), 1:5 ლისანდრო ლოპესი (64), 1:6 გომისი (70), 1:7 ბრიანი (75)
ბურთის ფლობა: 36%-64%; დარტყმა: 9-24; კუთხურები: 0-6
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ბაფეტიმბი გომისი (ლიონი)
ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი ახლა უკვე გომისია (სამი გოლი 7 წუთში), ყველაზე მოკლე პერიოდში ზედიზედ 4 გოლის რეკორდი კი ამიერიდან "ლიონს" ეკუთვნის.
უეფამ ამ მატჩზე გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ ფრანგებს გოლები ენით აუწერლად მარტივად გაჰქონდათ, მეხუთე გოლის დროს კი, დინამოს მცველმა ვიდამ გომისს თვალი საეჭვოდ ჩაუკრა, მაგრამ არც ევროპის და არც აზიის ტოტალიზატორებში ამ მატჩზე საეჭვოდ დიდი თანხმები არ დადებულა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 6 6 0 0 19-2 18
2. ლიონი 6 2 2 2 9-7 8
3. აიაქსი 6 2 2 2 6-6 8
4. დინამო (ზ) 6 0 0 6 3-22 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"