ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: აი, ზლატანი! აი, "მილანი"!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი
მილანი-არსენალი 4:0

"მილანი" ჩემპიონთა ლიგის გუნდია - სერია A-ში იშვიათად თამაშობს ისეთი შემართებით, როგორც ოთხშაბათს, "არსენალთან" ითამაშა.

ეს არ იყო უბრალო გამარჯვება; მთლად სუპერგრანდი არა, მაგრამ ძალიან ამბიციურ და ბევრი სუპერგრანდისთვის კერკეტ კაკლად აღიარებულ "არსენალთან" - ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ "მილანი" ძლიერია. იმაზე გაცილებით ძლიერი, ვიდრე ამ თამაშამდე გვეგონა.

ტაქტიკა და სტრატეგია
მასიმილიანო ალეგრის ტაქტიკურ სქემას ხშირად 4-3-1-2-ად მოვიხსენიებთ ხოლმე, მაგრამ უმჯობესია, კიდევ უფრო დავკონკრეტდეთ და ვთქვათ, რომ "მილანმა" "არსენალთან" უფრო რომბისებული შუა ხაზის მქონე 4-4-2-ით
ითამაშა, ვიდრე სამი ტიპიური საყრდენით. ასეთ შემთხვევაში "მილანის" სქემა 4-1-2-1-2 გამოდის, რომელშიც კლასიკური "ექვსიანი" მხოლოდ მარკ ვან ბომელი გახლდათ, კლარენს ზეედორფი (უკვე მე-12 წუთიდან ურბი ემანუელსონი) და ნოჩერინო კი ჩაშლაზე მეტად, შექმნაზე იყვნენ ორიენტირებულები.

ფლანგები მთლიანად განაპირა მცველებს, აბატეს და ანტონინის უნდა ეკონტროლებინათ. გამოჯანმრთელებული კევინ-პრინს ბოატენგი პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში ჩაჯდა და გამთამაშებლის პოზიცია დაიკავა, ხოლო ფორვარდები რობინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან ხშირად გვევლინებოდნენ შემტევი ნახევარმცველების პოზიციებზე - ეს განსაკუთრებით იბრაზე ითქმის, რომელმაც ამ შეხვედრაში უჩვეულოდ ბევრი საქმე გააკეთა და დაგვანახვა, რომ შეუძლია გუნდური მოთამაშეც იყოს. გამოჯანმრთელებული იყო ალესანდრო ნესტაც, მაგრამ ალეგრიმ ვეტერანი მცველი სკამზე დატოვა.

არსენ ვენგერმა იმაზე შემტევი ტაქტიკა აირჩია, ვიდრე ველოდით. მართალია, სქემა 4-2-3-1 იყო, მაგრამ შემტევი ნახევარმცველებიდან (უოლკოტი, რემსი, არტეტა) არცერთი არ არის დაცვაზე ორიენტირებული და ასე განსაჯეთ, ორი საყრდენიდან ერთიც (როსიცკი) უფრო შემქმნელია, ვიდრე ჩამშლელი. ამრიგად, ლონდონელებს მხოლოდ ერთი კლასიკური ექვსიანი (სონგი) ჰყავდათ.

რეაქციები
ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი): "ამ მატჩმა 2007 წელს ჩატარებული კიდევ ერთი ზღაპრული შეხვედრა გამახსენა - მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედი" გავანადგურეთ და "მილანმა" მაშინაც სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ მატჩის მოგება უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო - მაგალითად, 6:0 ან 7:0."

არსენ ვენგერი (არსენალის მწვრთნელი): "საშინლად ვითამაშეთ და შედეგიც საშინელია. ეს იყო ყველაზე ცუდი საღამო ევროთასებზე იმ საღამოებს შორის, რასაც მე "არსენალის" მწვრთნელის რანგში მოვსწრებივარ. მკაცრად დავისაჯეთ და არ მიჭირს იმის აღიარება, რომ ეს დავიმსახურეთ კედეც.

ვცოდავდით როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც. ჩემთვის ასეთი უსუსური "არსენალის" ყურება უმაღლესი სასჯელია."

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი): "უდიდესი, გენიალური ემოციების საღამო გამოვიდა. ურთულესი მატჩი უმარტივესად მოვიგეთ და ისე ვითამაშეთ, როგორც "მილანს" ეკადრება. მარტო მე კი არა, მთელმა გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. ყველანი ერთმანეთს ვაზღვევდით და ვეხმარებოდით. რაც მთავარია, მაღალ ტემპში ვითამაშეთ, რაც ზოგადად "არსენალის" კოზირია ხოლმე. მიხარია, რომ "მილანმა" თავისი მენტალიტეტი აჩვენა".

TOP ფეხბურთელი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი)
ზლატანმა ერთი გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. ამას ემატება ორი გენიალური საგოლე პასიც, მაგრამ იბრაჰიმოვიჩი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ამის გამოც არ დაგვისახელებია.

შვედი ყველგან იყო - წინაც, უკანაც, ფლანგებზეც; არიგებდა პასებს და ორთაბრძოლებში დიდი ენთუზიაზმით შედიოდა.

ზლატანი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ყოველთვის ასეთი შემართებით არ თამაშობს ხოლმე. მასთან ერთად, შესანიშნავად იასპარეზა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა ბოატენგმაც.

FLOP ფეხბურთელი
თომას ვერმაელენი (არსენალი)
ბელგიელი მცველი ვენგერის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია და "არსენალის" თავკაცს იმედები ყველაზე მეტად სწორედ მან გაუცრუა. ორთაბრძოლებში ხანდახან მოწოდების სიმაღლეზე კი იდგა, მაგრამ ვერაფრით აგვიხსნია, რატომ აბითურებდნენ მილანელები წამდაუწუმ და რატომ დაუშვა ამდენი პოზიციური შეცდომა. მესამე გოლის დროს კი სულაც კატასტროფულად გამოიყურებოდა.

ანალიზი
როგორც სჩვევიათ, ლონდონელებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს და "მილანის" წნეხის ქვეშ მოქცევა იმ ფეხბურთით გადაწყვიტეს, რომელიც "მეთოფეებს" ყველაზე კარგად გამოსდით ხოლმე, მაგრამ ვენგერის ბიჭებს არაფერი გამოუვიდათ, რადგან "მილანი" "არსენალს" ტემპში იდეალურად აჰყვა!

თანაც, ლონდონელები დაცვაში პოზიციურ შეცდომებს უშვებდნენ, რამაც "როსონერის" ხელ-ფეხთან ერთად, დერეფნებიც გაუხსნა. ბოატენგი იოლად ახერხებდა რობინიოს ან იბრაჰიმოვიჩის დასარტყმელ პოზიციებზე გაყვანას.

მთელი "მილანი" უჩვეულოდ კარგად მოძრაობდა - თითოელ ფეხბურთელს, ბურთის მიღებისას, მინიმუმ ორი თანაგუნდელი ეხსნებოდა. შესაბამისად, ბოატენგის ზღაპრული გოლი აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ და ამ გოლმა ალეგრის გუნდს თავდაჯერება შემატა, "არსენალს" კი მეტ რისკზე წასვლა აიძულა. ამ ყველაფერმა კი, ერთობლიობაში გამოიწვია ის, რაც ოთხშაბათს "სან სიროზე" მოხდა.

მეორე გოლი იდეალურად აღწერს ერთი მხრივ იმას, თუ რაოდენ ცუდად თამაშობდა "არსენალის" დაცვა პოზიციურად და მეორეს მხრივ ამტკიცებს იბრაჰიმოვიჩის კლასს. რობინიოს თავით იშვიათად გააქვს ხოლმე გოლები, მაგრამ ამ შემთხვევაში ლონდონელ მცველებს სწორედ ამ მხრივ აჯობა.

მეორე ტაიმში "მილანი" უკვე ძალების ასპროცენტიან დემონსტრირებას მოჰყვა, რობინიოს მეორე გოლმა კი, რომელიც დიდ საშემსრულებლო ოსტატობას მოითხოვდა, ვენგერის გუნდი საბოლოოდ გატეხა. რაც ყველაზე საინტერესოა, "როსონერიმ" მოედნის ცენტრი არც მეორე ტაიმში დათმო, რაც პირველ რიგში ვან ბომელის, ბოატენგისა და ნოჩერინოს დამსახურებაა. წინ კი იბრაჰიმოვიჩი ერთობოდა.

ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ იტალიელებმა ლონდონელების საბოლოოდ მიწასთან გასწორება აღარ მოისურვეს, თორემ "არსენალი" ისე იყო აჭრილი, ალეგრის ბიჭები კიდევ შეძლებდნენ მომენტების შექმნას და გოლების გატანასაც. მაგრამ 4:0-იც სავსებით საკმარისია - იტალიის ჩემპიონი უკვე თითქმის ორივე ფეხით მეოთხედფინალშია.

დასკვნა
ასეთ "მილანს" ნამდვილად ხელეწიფება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და მისი მოგებაც. საქმე ისაა, იქნება თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ასეთ კარგ ხასიათზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული