დიონისის ქიოტისმა პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია
ფრანგულ გრანდს ანგარიშის გათანაბრების საუკეთესო შანსი 25-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ქიოტისმა თავისიანები შესანიშნავი რეფლექსით იხსნა. საერთო ჯამში კი უნდა ითქვას, რომ აპოელ-ის ფეხბურთელები თამაშს თავიდან ბოლომდე თითქმის უპრობლემოდ აკონტროლებდნენ. მეტიც: მეორე ტაიმში "ლიონს" გაუმართლა კიდეც, როცა ხარალამბიდისის საჯარიმო დარტყმის შემდეგ სისოხომ ბურთს მიმართულება უნებლიეთ საკუთარი კარისკენ შეუცვალა - ბურთი ძელს მოხვდა.
რეაქციები
ივან იოვანოვიჩი (აპოელ-ის მწვრთნელი): "აპოელ-ის ისტორიაში ნოქოზიელი ფანებისთვის და ზოგადად კვიპროსული ფეხბურთისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ზღაპრული საღამოა. ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონთა ლიგაში ასე შორს გავიდოდით, მაგრამ როდესაც ასეთი მებრძოლი და თავდაჯერებული ფეხბურთელები გყავს, როდესაც ასეთი ფანტასტიკური ფანები გყავს, როგორც ხედავთ, ყველაფერი შესაძლებელია.
თამაშის წინ შეგირდებს ვუთხარი, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სრულყოფილი ფეხბურთის თამაში გვჭირდება-მეთქი. ბიჭებმა დღეს ძალიან ბევრი ირბინეს და ორთაბრძოლებს ერთი ამოსუნთქვით იგებდნენ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ფეხბურთელებმა, რომლებმაც პენალტები დაარტყეს, თვითონ გამოთქვეს ამის სურვილი. ჩვენ ვიმსახურებდით ამ გამარჯვებას, რადგან ძალიან ბევრი ვიშრომეთ. მე კი ბედნიერი ვარ, რომ ამ ზღაპრის მონაწილე გავხდი."
რემი გარდი ("ლიონის" მწვრთნელი): "დღევანდელი საღამო ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა. ჰო, აპოელ-ი არ არის ევროპის გრანდი, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს გუნდი მერვედფინალშიც დამსახურებულად გავიდა და დღესაც დამსახურებულად გაიმარჯვა, ასეთი რამ კი შემთხვევით ნამდვილად არ ხდება. ყველანი საშინელ ხასიათზე ვართ, მაგრამ ახლა დეპრესიაში ჩავარდნის დრო არ არის, საფრანგეთის ჩემპიონატი ხომ გრძელდება. წინ საფრანგეთის ლიგის თასის და თასის მატჩები გვაქვს, რაც ბიჭებისთვის საკმარისი მოტივაცია უნდა იყოს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"