ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: ლონდონის "ჩელსი" ინგლისის უკანასკნელი იმედია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ჩელსი-ნაპოლი 23:45

პირველი მატჩი: 1:3
სეზონის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ჩემპიონთა ლიგაში ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ბოლო იმედი "ჩელსი" იქნებაო, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენლები აუცილებლად დასცინებდნენ. არადა, ასე მოხდა: თუ "არისტოკრატები" დღეს "ნაპოლის" სასურველი ანგარიშით ვერ მოუგებენ, ჩემპიონთა ლიგაში პრემიერლიგის არცერთი წარმომადგენელი აღარ დარჩება.

მოკლედ, ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ღირსება ახლა იმ კლუბის ხელშია, რომელიც პრემიერლიგაში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა და რომელმაც ერთი კვირის წინ მწვრთნელი გამოიცვალა.

უარესიც: ჩვენი ინგლისელი კოლეგები წერენ, ფეხბურთელები ახალ, დროებით თავკაც რობერტო დი
მატეოს ანდრე ვილაშ-ბოაშზე მეტად ვერ იტანენო.

აქედან გამომდინარე, საქმეს ნამდვილად არ უჩანს ისეთი პირი, რომ "ჩელსი" ნეაპოლში განცდილ 1:3-ს შემოატრიალებს და ინგლისურ საკლუბო ფეხბურთს ღირსებას შეუნარჩუნებს. ეს სიტყვა (ღირსება) ამდენჯერ იმიტომ გავიმეორეთ, რომ დიდი შანსია, 14 მარტს მოხდეს ის, რაც 16 წელია არ მომხდარა: ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერცერთი ინგლისური კლუბი ვერ ვნახოთ. მაშინ, 1996 წელს "ბლექბერნი" ჯგუფში ჩარჩა და მას მერე ევროპის ამ ელიტარული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში მინიმუმ ერთი ინგლისური კლუბი ყოველთვის იყო ხოლმე წარმოდგენილი.

ფაქტია, რომ "ჩელსის" ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილები და გულშემატკივრებს "ნაპოლისთან" უდიდესი თავდადებით თამაშს ჰპირდებიან.
მაგალითად, ხუან მატამ ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ საშინაო მატჩებში დაფიქსირებული ანგარიშები გაიხსენა: 3:0, 2:0, 5:0. ამ სამიდან "ჩელსის" ახლა ნებისმიერი შედეგი ეყოფა.

"სტემფორდ ბრიჯზე" ყოველთვის კარგად ვთამაშობთ. "ნაპოლისთან" მატჩი ჩვენთვის ფინალია და მჯერა, რომ ამ ფინალს მოვიგებთ", - თქვა ლონდონელთა ესპანელმა ლეგიონერმა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

"ჩელსისთვის" მნიშვნელოვანი მხოლოდ გოლების გატანა როდია - მათ "არისტოკრატებმა" საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც უნდა იფიქრონ. თანაც, "ნაპოლის" ხომ ბრწყინვალე წინა ხაზი ჰყავს. იტალიელებმა ამ უქმეებზე "კალიარის" 6:3 მოუგეს და თამამად ვიტყვით, ეს მატჩი ვალტერ მაძარის გუნდისთვის შესანიშნავი რეპეტიცია იყო. თანაც, მან გუნდი მთელი ერთი საათი ტოპ-გოლეადორ ედინსონ კავანის გარეშე ათამაშა.

ურუგვაელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი, სამი კვირის წინ კი ნეაპოლელთა ლიდერ ესეკილ ლავეცისთან ერთად "ჩელსის" მცველებსაც კარგი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. თუმცა ლონდონელთა დაცვის ხაზი ლოგიკურად დღეს უფრო ძლიერი უნდა იყოს, რადგან "ჩელსის" კაპიტანი და დაცვის ბურჯი ჯონ ტერი დაუბრუნდა.

საინტერესოა ისიც, რომ იტალიურ კლუბსაც სწორედ დაცვაში უჭირს, რაც პარასკევსაც დამტკიცდა. მაძარიმაც თქვა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი ორბურთიანი უპირატესობით მოვიგეთ, "სტემფორდ ბრიჯზე" მთელი 90 წუთის მანძილზე მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთო. "ნაპოლის" მცველთა ტრიოს, კამპანიაროს, კანავაროსა და არონიკას უმძიმესი ბრძოლა ელით დიდიე დროგბასთან, რომელმაც ამ უქმეებზე "სტოკ სიტისთან" გამარჯვების გოლი გაიტანა და "ჩელსის" დი მატეოს ხელში მეორე თამაშიც მოაგებინა.

სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ ლონდონელი ფეხბურთელები დი მატეოს ვილაშ ბოაშზე მეტად ვერ იტანენ, გარი კეჰილი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ეს სისულელეა: "დი მატეოს ხელში ორივე თამაში მოვიგეთ, რაც ისედაც მოწმობს იმას, რომ მას თითოეული ჩვენგანი აფასებს".

ჯოჯოხეთურად ხმაურიან, ქაოსით აღსავსე ნეაპოლის ქუჩებში კი 14 მარტს ორი საათის მანძილზე უჩვეულო სიწყნარე დაისადგურებს, რადგან ყველა ტელევიზორთან იქნება მიჯაჭვული - მთელი ქალაქი და მთელი სამხრეთი იტალია იმაზე ოცნებობს, რომ "ნაპოლი" პირველად გავიდეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ასეთი რამ ნეაპოლიტანებს ხომ თვით დიეგო მარადონას დროსაც კი არ ღირსებიათ.

აღსანიშნავია, რომ მაძარის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების შვიდივე შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლი გაჰქონდა და თუ ეს სერია "სტემფორდ ბრიჯზეც" გაგრძელდა, "ჩელსის" საქმე ცუდად იქნება.

"წარმომიდგენია, რა მოხდება ნეაპოლის ქუჩებში, ჩვენ რომ მეოთხედფინალში გავიდეთ. ამ ზღაპრულ წარმატებასთან ძალიან ახლოს ვართ! ახლა მთავარია მაქსიმალური კონცენტრაცია პირველივე წუთებიდან", - ეს "ნაპოლის" კაპიტნის, პაოლო კანავაროს სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, გ. კეჰილი, ტერი, ე. კოული - ლემპარდი, ესიენი, რამირესი - სტარიჯი, დროგბა, მატა.
ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, გარგანო, ინლერი, ძუნიგა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

რეალი-ცსკა 23:45
პირველი მატჩი: 1:1
კიდევ კარგი, რომ ცსკა-მ პირველი მატჩის მიწურულს რაღაცნაირად მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თორემ საპასუხო შეხვედრას ის უკანასკნელი, "თითიდან გამოწოვილი" ინტრიგაც მოაკლდებოდა, რაც პონტუს ვერნბლუმის მიერ 93-ე წუთზე გატანილმა გოლმა შეუნარჩუნა.

მაინც რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ცსკა-მ ივაჟკაცოს? არ ვიცით! უფრო სწორად, არაფერი...

"რეალს" ქარიმ ბენზემა გამოუჯანმრთელდა. სამაგიეროდ, ჟოზე მოურინიო ანხელ დი მარიას, ფაბიო კოენტრაუს და რიკარდი კარვალიოს ვერ გამოიყენებს. რაც მთავარია, ითამაშებს იდეალურ ფორმაში მყოფი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც გასულ უქმეებზეც დუბლი შეასრულა, საერთო ჯამში კი, ბოლო ექვს მატჩში ცხრა გოლი აქვს გატანილი.

ჩვენი ესპანელი კოლეგების რწმენით, რონალდოს მხარდამხარ ნახევარდაცვის წინა ხაზზე მესუთ იოზილი და კაკა იასპარეზებენ. ბოლო დროს მოურინიო ბრაზილიელ გამთამაშებელს ხშირად ენდობა და მიუხედავად იმისა, რომ ადრე თითქმის სულ სათადარიგოთა სკამს ახეხინებდა, კაკა ჟოზეს მაინც აქებს - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელიაო...

ცსკა-ს კეისუკე ჰონდა გამოუჯანმრთელდა და მას ალბათ ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. მოსკოველებს რუსეთის ჩემპიონატში საქმეები ისე ვერ მისდით, როგორც უნდოდათ - ლიდერ "ზენიტს" ექვსი ქულით ჩამორჩებიან, ბოლო ტურში კი მოსკოვის "დინამოსთან" 1:1 ითამაშეს.

პაველ მამაევმა და კირილ ნაბაბკინმა დისკვალიფიკაცია მოიხადეს. მამაევი სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ძირითადი მეკარე იგორ აკინფეევი და მარკ გონსალესი კი დიდი ხნის ტრავმირებულები არიან. ცსკა თავდასხმაში ისევ მხოლოდ სეიდუ დუმბიაზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც მოსკოვის "დინამოსაც" გაუტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი მის ანგარიშზე 5 გოლია.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა, კ. რონალდო - ბენზემა.
ცსკა (4-2-3-1): ჩეპჩუგოვი - ა. ბერეზუცკი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენნიკოვი - ვერნბლუმი, მამაევი - ძაგოევი, ჰონდა, მუსა - დუმბია.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული