რაც შეეზება "ბაზელს": რომ არა ეს 0:7, შვეიცარიელები ჩემპიონთა ლიგას თავაწეულები დატოვებდნენ, ამ სამარცხვინო, არასაფეხბურთო ანგარიშმა კი ჰაიკო ფოგელის გუნდის ყველა მიღწევა (მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედის" ჯგუფში ჩატოვებაც) გააბათილა.
რეაქციები
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "მთელი კვირის განმავლობაში ვატყობდი, რომ ბიჭები ძალიან მონდომებულები იყვნენ და რომ
ჰაიკო ფოგელი ("ბაზელის" მწვრთნელი): "ასეთი ანგარიშით წაგება ჯოჯოხეთია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ეს დავიმსახურეთ. "ბაიერნმა" სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა."
TOP ფეხბურთელი
მარიო გომესი (ბაიერნი)
გასაგებია, რომ მარიო გომესს თანაგუნდელებმა საქმე ძალიან გაუადვილეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ოთხი გოლის გატანა ნებისმიერ შემთხვევაში გრანდიოზული მიღწევაა. "ჰოფენჰაიმთან" ჰეთ-თრიკი, "ბაზელთან" პოკერი - "ბაიერნის" გოლეადორმა საგოლე ალღო თავიდან აღმოაჩინა. გომესს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების 7 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.
FLOP ფეხბურთელი
პარკი (ბაზელი)
"ბაზელის" ყველა ფეხბურთელმა ცუდად ითამაშა, განსაკუთრებით კი კორეელი შერცხვა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ პარკს მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ეს ალიბად არ გამოადგება. მან პირველ ტაიმში არიენ რობენს ვერაფერი მოუხერხა და ყველა გადამწყვეტი ორთაბრძოლა წააგო. მეორე ნახევარში ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია.
ტაქტიკა-სტრატეგია
ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა მოედანზე ზუსტად ის შემადგენლობა გაიყვანა, რომლითაც შაბათს "ჰოფენჰაიმიც" გაანადგურა. ამრიგად, "დონ იუპმა" ახალგამოჯანმრთელებული ბასტიან შვაინშტაიგერი კვლავ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა. შვეიცარიელებს პარკი დაუბრუნდათ. "ბაზელმა" რეკორდმაისტერის 4-2-3-1-ს კლასიკური 4-4-2 დაუპირისპირა.
ანალიზი
მიუნხენელებს ბევრი დრო არ დასჭირდათ იმისათვის, რომ თავიანთი თამაში ეპოვნათ. მართალია, შვეიცარიული კლუბი რეკორდმაისტერს პირველ წუთებში გაცილებით მედგრად ებრძოდა, ვიდრე "ჰოფენჰაიმი" შაბათს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჰაინკესის შეგირდებს მაინც შეექმნათ საგოლე მომენტები და რობენმა ანგარიში მესამე მცდელობისას გახსნა.
თუკი პირველ მატჩში ბავარიელები ინერტულები იყვნენ და ცოტას მოძრაობდნენ, ამჯერად რადიკალურად განსხვავებული, გაცილებით მონდომებული და ეფექტური "ბაიერნი" ვნახეთ. შესამჩნევი იყო ისიც, რომ მიუნხენური გრანდის ფლანგის მცველები და ნახევარმცველები ამჯერად უკვე ძალიან კარგად კომბინირებდნენ: მარჯვნივ ლამისა და რობენის წყვილი იდგა მოწოდების სიმაღლეზე, მარცხნივ კი ალაბა აზღვევდა რიბერის იდეალურად.
მართალია, ლამს მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში არ უყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ რობენს გაცილებით უკეთ უგებს, ვიდრე რაფინია. ფილიპი ხშირად ერთვებოდა შეტევაში, რობენს ასწრებდა და ყოველთვის მინიმუმ ერთი მოწინააღმდეგე მიჰყავდა, რითაც ჰოლანდიელს მარწუხებიდან ათავისუფლებდა. რობენი კი დერეფნებს ცივსისხლიანად იყენებდა.
"ბაზელის" ტაქტიკა ფურცელზე 4-4-2 იყო, პრაქტიკაში კი 4-1-4-1 გამოვიდა, რადგან ალექსანდერ ფრაიც უკან იხევდა. ზოგადად "ბაზელი" ზედმეტად უკან იდგა, წინ კი ეულად და შესაბამისად უმოქმედოდ რჩებოდა აყლაყუდა ცენტრფორვარდი მარკო შტრელერი. როცა შვეიცარიელები გათამამდნენ და მეტი მოინდომეს, "ბაიერნმა" მაშინვე მეორე გოლი გაიტანა და მალე მესამეც მიაყოლა, რითაც თამაშისა და ზოგადად ამ დუელის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
შესაბამისად, მეორე ტაიმი უკვე მხოლოდ გართობა გახლდათ - ეს "ბაიერნისთვის", თორემ "ბაზელი" ზუსტად ისე იტანჯებოდა, როგორც შაბათს "ჰოფენჰაიმი". მიუნხენელებმა მეოთხე გოლი სწრაფადვე გაიტანეს, რის შემდეგაც "ბაზელიც" მცველებმა თეთრი დროშები ააფრიალეს, რათა მარიო გომესს გოლების რაოდენობა კიდევ გაეზარდა. "ბაიერნი" კი ხომ იცით, როგორი გუნდია - იყნოსეს რა, რომ მეტოქე განადგურებული იყო, მიუნხენელებმა უფრო მეტად მოინდომეს და შვეიცარიელები ბოლომდე ჩაქოლეს.
დასკვნა
მორიგი არასაფეხბურთო ანგარიში ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ ესეც აბსოლუტურად ლოგიკური და დამსახურებული იყო. ჩვენ კი უბრალოდ გული დაგვწყდა: "ბაზელმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფში იმიტომ ჩატოვა, რომ მერე ასე შერცხვენილიყო?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"