თუკი სამი კვირის წინ, "ველოდრომზე" გამართულ შეხვედრაში ანდრე აიუმ 93-ე წუთზე შეძლო გამარჯვების გოლის გატანა, ამჯერად "მარსელის" გმირად ბრანდაო მოევლინა, რომელმაც 91-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და ცხადი გახადა, რომ მილანელები მეოთხედფინალში ვეღარ გავიდოდნენ, რადგან კლაუდიო რანიერის გუნდს ორი გოლის გასატანად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დრო აღარ რჩებოდა.
მართალია, პაცინიმ 95-ე წუთზე პენალტით "ინტერი" მაინც გაიყვანა წინ, მაგრამ
რეაქციები
კლაუდიო რანიერი ("ინტერის" მწვრთნელი): "დღევანდელი უიღბლობა "ინტერის" მთელი სეზონის უიღბლობის სარკეა. ისევე, როგორც პირველ მატჩში, "მარსელს" დღესაც ვაჯობეთ, მაგრამ მაინც გამოვარდით. ორი მატჩის ჯამში მეტოქემ კარში ზუსტად მხოლოდ სამჯერ დაგვირტყა, ჩვენ კი რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ფეხბურთი ასეთია: ვისაც გოლები გააქვს, ის იგებს. "მარსელი" ზოგადად კომპლიმენტებს იმსახურებს. სამწუხაროდ, დღეს "ინტერმა" თავისი მაქსიმუმი აჩვენა, ამ ეტაპზე ამაზე მეტი მართლა არ შეგვიძლია. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ 20 წუთის შემდეგ ეს კარგი ფეხბურთიც დამთავრდა. ახლა ჩვენი მიზანი იტალიის ჩემპიონატში უკეთ თამაშია."
დიდიე დეშამი ("მარსელის" მწვრთნელი): "ძალიან გაგვიჭირდა, ბოლოს კი გაგვიმართლა. როცა ბრანდაო მოედანზე შემყავდა, შემპირდა, ერთ გოლს აუცილებლად გავიტანო და მართლაც სასწაული მოახდინა. საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიურ კლუბს იტალიურად მოვუგეთ."
TOP ფეხბურთელი
ნიკოლა ნ’კულუ (მარსელი)
"მარსელის" ცენტრალურმა მცველმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ნ’კულუ ბრწყინვალე იყო როგორც პოზიციურად, ისე ორთაბრძილებშიც და შეტევებსაც უდიდესი თავდაჯერებით იწყებდა. მასთან ვერას გახდნენ ვერც დიეგო მილიტო და მით უმეტეს ვერც დიეგო ფორლანი.
FLOP ფეხბურთელი
იუტო ნაგატომო (ინტერი)
"ინტერის" მარცხენა მცველმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ოღონდ, უარყოფით ასპექტში. ნაგატომო არ იყო კონცენტრირებული და ხშირად უაზრო გადაწყვეტილებებს იღებდა. დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს ძალიან შეშინებული ჩანდა, შეტევაში კი ერთი ხეირიანი გარღვევა ან ჩაწოდებაც კი ვერ გვაჩვენა.
ტაქტიკა-სტრატეგია
რანიერიმ ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა: კივუს, კამბიასოსა და სარატეს ნაცვლად, "ნერაძურის" სასტარტო თერთმეტეულში ნაგატომო, პოლი და მილიტო ვიხილეთ. "მარსელის" თავკაც დიდიე დეშამს კი მბია და რემი დაუბრუნდნენ, რომლებმაც ძირითადში შეირუსა და ბრანდაოს ადგილები დაიკავეს.
რანიერის ტაქტიკურად არაფერი შეუცვლია: "ინტერის" სქემა ისევ 4-3-1-2 გახლდათ, სადაც ნახევარდაცვაში თითქმის ყველაფერი ვესლი სნეიდერის კრეატივზე გახლდათ დამოკიდებული. დეშამმა კი ისევ ასე პოპულარული 4-2-3-1 აირჩია, ფლანგებზე ამალფიტანო და ვალბუენა დატვირთა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი გამოჯანმრთელებული ლოიკ რემი.
ანალიზი
შეხვედრის დასაწყისი "მარსელს" კარგს არაფერს უქადდა, რადგან მილანელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და დეშამის გუნდი გვარიანად დაწნეხეს. თავად განსაჯეთ: ათი წუთის შემდეგ შეიძლებოდა, ანგარიში უკვე 2:0 ყოფილიყო - "ნერაძურის" სასარგებლოდ. "ინტერი" განსაკუთრებით კარგად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც ხავიერ ძანეტი და მაიკონი იდეალურად კომბინირებდნენ.
სადღაც 20 წუთის შემდეგ "მარსელი" გამოსწორდა და ველოდრომელთა რამდენიმე ხეირიანი იერიშიც ვნახეთ. რაც მთავარია, დეშამის გუნდი დაცვაში კომპაქტურად იდგა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში სნეიდერი, მილიტო და ფორლანი განსაკუთრებული მონდომებით არ გამოირჩეოდნენ.
მეორე ტაიმი გაცილებით ინერტულად დაიწყო და გუნდებს საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდათ იმისათვის, რომ აზრზე მოსულიყვნენ. ეს უფრო "ინტერისგან" გაგვიკვირდა, თორემ "მარსელს" არსად ეჩქარებოდა. "ნერაძურის" შეტევაში იდეებთან ერთად თითქოს კლასიც აკლდა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო მას მერე გახდა, რაც სნეიდერი დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
"ინტერი" თითქოს მოთმინებით ელოდა თავის შანსს, რომელიც მილანელებს 75-ე წუთზეღა მიეცათ და გამოიყენეს კიდეც: კუთხურის დროს მილიტომ ყველაზე ჭკვიანურად იმოქმედა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ "მარსელი" მხოლოდ იმასღა ცდილობდა, რომ თამაში როგორმე დამატებით დროში გადაეყვანა, თუმცა ვერც იმას დავიჩემებთ, რომ "ინტერს" ძალიან უნდოდა ძირითად დროში მეორე გოლის გატანა.
იმ დროს, როცა ყველამ იფიქრა, რომ დამატებითი ტაიმები გარდაუვალი იყო, შეცვლაზე შესულმა ბრანდაომ "ინტერის" მცველების უხეში შეცდომებით ისარგებლა და ყველასათვის მოულოდნელად წონასწორობა აღადგინა. მერე კი გამოცოცხლდნენ მილანელები და პენალტიც მოიპოვეს, რომელიც პაცინიმ გაიტანა, მაგრამ ცხადია, უკვე ზედმეტად გვიანი იყო.
დასკვნა
"ინტერი" ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობა და წესით, მასიმო მორატის რანიერის დღეები "ნერაძურის" მწვრთნელის პოსტზე დათვლილი უნდა ჰქონდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"