უეფას სიურპრიზი - ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა ერთ დიდ სუპერლიგად იქცევა?

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საფეხბურთო ევროპას ყველაზე დიდ სიურპრიზს უმზადებს.

გამორიცხული არაა, რომ 2015/16 წლების ევროპის ლიგის ფინალი არ შედგეს; სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგა იქცეს იმაზე გაცილებით დიდ ტურნირად, ვიდრე დღესაა.

ჯერ ღიად არგაცხადებული პროექტის თანახმად, სუპერლიგაში (მომავლის ჩემპიონთა ლიგა) 80 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 20 ჯგუფში, ოთხ-ოთხად იქნება განაწილებული - არცთუ ურიგო სტიმულია ინგლისური ანბანის შესასწავლად, რომლის ასო-ნიშნებითაც უეფა ტრადიციულად ევროთასების ჯგუფებს ასათაურებს. ასე რომ, ახალ ლიგაში ჯგუფები A-დან T-მდე იქნება.

ევროპის "დიდი
ხუთეული" (ინგლისი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ლიგაში ექვს-ექვსი გუნდით გამოვა, რომელთაგან ოთხი - პირდაპირ ჯგუფური ეტაპიდან, ორი კი - საკვალიფიკაციოდან ჩაერთვება.

"ასეთი იდეა მართლაც არსებობს უდიდეს საფეხბურთო წრეებში და ჭორის სტატუსსაც ალბათ მალე გასცდება", - თქვა წარსულში ცნობილმა პოლონელმა ფეხბურთელმა პბინგევ ბონეკმა, რომელიც პლატინისთან ჯერ კიდევ 80-იანებში, "იუვენტუსში" თამაშისას მეგობრობდა.

ევროთასების ფორმატში რევოლუციური ცვლილებების აუცილებლობაზე მთავარ არგუმენტად კი, ჩემპიონთა ლიგასთან შედარებით, ევროპალიგის არცთუ სახარბიელო ფინანსური მიმზიდველობა სახელდება. აი, მაგალითად, წინა ევროპალიგის გამარჯვებულმა "პორტუმ" 7,84 მლნ ევრო მოიხვეჭა მაშინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მომგებმა "ბარსელონამ" - 51 მლნ, ამავე ტურნირის ჯგუფური ეტაპის შემდეგ გავარდნილმა "ოსერმა" კი - 13,7 მლნ.

სხვათა შორის, თავის დროზე თასების მფლობელთა თასისა და უეფას თასის გაუქმებაც ევროპის წამყვანი კლუბების მონაწილეობით ახალი ტურნირის - G14-ის დაფუძნების იდეამ განაპირობა. კონტინენტის გრანდები კი, რომლებიც არც ევროპალიგით ინტერესდებიან, კვლავაც აგრძელებენ სუპერლიგის შექმნაზე ფიქრს.

"რა შედარებაა? ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის ვამჯობინებ ევროპალიგას. პირველში მონაწილეობით 20-იდან 30 მლნ ევრომდე გამომუშავებას ვვარაუდობთ, მეორეში კი - მხოლოდ 5-10 მლნ-ის", - აცხადებს ფრანგული "ლიონის" პრეზიდენტი მიშელ ოლია.

"ტოტენჰემის" თავკაცი და მთავარი კანდიდატი ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰარი რედნაპი კი კიდევ უფრო პირდაპირია და აცხადებს, რომ "ევროპალიგა პრემიერლიგის მკვლელია":

"ყოველ ხუთშაბათს - ევროპაში, ყოველ უქმეებზე კი შინ თამაშის შემდეგ, შანსი აღარ გრჩება, რომ პრემიერლიგის მოგებაზე იფიქრო. ამ ტურნირში (ევროპალიგა) თამაში კოშმარია!"

იმასაც ამბობენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ევროპალიგიდან შეგნებულად გავარდნენ, რადგან ერთმანეთში ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლა აქვთ გაჩაღებულიო.

ნიშნები იმისა, რომ ევროთასებზე დიდი ცვლილებები მხოლოდ ფანტაზიის სფეროს არ მიეკუთვნება, საკმარისია. ამის შესახებ უკვე თავად ფეხბურთელებიც საუბრობენ:

"საფეხბურთო NBA"-ს მსგავს პროექტზე რაღაც მეც მსმენია, რომელიც განსახილველად უკვე მზადაა", - უთხრა BBC-ს "მილანის" ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა.

* * *
20 მარტს გაცხადდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ფინალს - ლისაბონი, ამავე წლის ევროპალიგის გადამწყვეტ მატჩს კი ტურინი უმასპინძლებს.

თავის მხრივ "გაძეტა დელო სპორტმა" კულუარული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის გათამაშების ფინალის მასპინძელი ქალაქი მილანი იქნება. აი, ევროპალიგის 2016 წლის ფინალის მასპინძლის შესახებ კი სიჩუმეა.

ამჟამად ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ყველა სარეკლამო და სატელევიზიო კონტრაქტი 2015 წლამდეა განსაზღვრული და ამრიგად, არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ ამ ვადის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ევროთასების ფორმატის შეცვლას წინ რამე აღუდგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული