ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. წინათქმა: წნეხის ქვეშ "მილანი" კი არა, "ბარსელონაა" მოქცეული

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. პირველი მატჩები. წინათქმა

მილანი-ბარსელონა 22:45

ათი წელი საკმარისი დროა იმისათვის, რომ ამა თუ იმ გუნდზე დასკვნები გაკეთდეს და მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" და "მილანი" დასკვნებს არ საჭიროებენ, ჩვენი ვალია, მკითხველებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ "ბარსამ" ამ ათ წელიწადში ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, "მილანმა" კი ორჯერ.

ევროპის ორი სუპერკლუბის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ცენტრალური, ყურადღების ცენტრში მოქცეული დუელია და 28 მარტს საღამოს ამ სიამოვნების პირველი სერია გველის. "სან სიროზე" გასამართ ამ სუპერმატჩს ინტრიგას ის ფაქტორიც მატებს, რომ "ბარსა"
და "მილანი" ჯგუფშიც ერთად იყვნენ.

თუმცა, ცხადია, ეს გუნდები ერთმანეთს მხოლოდ მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპიდან არ იცნობენ. 1959 წლიდან დღემდე "ბარსა" და "მილანი" ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდნენ, მაგრამ ამ 11 მატჩიდან ფინალი მხოლოდ ერთი იყო - ოღონდ ისეთი, რომლის დავიწყება შეუძლებელია. არადა, კატალონიური გრანდის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ძალიან უნდა, რომ ის ფინალი თავისი მეხსიერებიდან ამოშალოს. იმიტომ კი არა, რომ "ბარსამ" წააგო; არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ის ფინალი უაღრესად ამაყი და ძლევამოსილი "ბარსელონას" დემონტაჟი გახლდათ: 1994 წლის მაისში "როსონერიმ" კატალონიური გიგანტი ათენში გამართულ ფინალში 4:0 გაანადგურა.

ეს მხოლოდ ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი მიზეზია იმისა, რაც გვარდიოლამ 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა - "მილანი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო, დიდი გუნდიაო. მაშინ, 1994-ში, "როსონერიმ" ჩემპიონთა თასი ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით და ისეთი დიდი ფეხბურთელებით მოიგო, როგორებიც იყვნენ მალდინი, დონადონი, დესაი, ბობანი, სავიჩევიჩი და სხვები. იმ ფინალიდან 18 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონას" დამარცხება ისევ უკიდურესად ძნელია და ნებისმიერი, ვინც "ბარსას" მოუგებს, ავტომატურად ტურნირის მთავარი ფავორიტი ხდება.

მართალია, ექს-ბარსელონელმა, ამჯერად კი "მილანის" მთავარმა იარაღმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამაყად თქვა, "ბარსა" მარტო მესი არ არის, ჩვენ მთელი გუნდი უნდა შევაჩეროთ და არა მხოლოდ მესიო, მაგრამ ფაქტია, რომ "მილანის" უკანახაზელების პირველი და უმთავრესი ამოცანა სწორედ ლეოს შეჩერება იქნება, რაც "ბარსელონას" განიარაღებას ნიშნავს. არგენტინელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ერთი გოლი აშორებს იქამდე, რომ თავისი და რუუდ ვან ნისტელროის ერთობლივი რეკორდი (13 გოლი ერთ სეზონში) გაიმეოროს.

24 წლის მესი დღეს ევროპის ელიტურ საკლუბო ლიგაში 64-ე მატჩს ჩაატარებს და თუ გაიტანს, ეს მისი 50-ე გოლი იქნება ჩემპიონთა ლიგაში.

"კატალონიელებს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ. ჩვენ კი დასაკარგი არაფერი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ წნეხის ქვეშ "მილანი" კი არა, "ბარსელონაა" მოქცეული", - ამბობს იბრაჰიმოვიჩი და პრინციპში, მართალიცაა, რადგან "ბარსელონასთან" გავარდნის გამო "როსონერის" არავინ გაკიცხავს, "ბარსა" კი ნებისმიერი სახის წარუმატებლობის შემთხვევაში გაიკიცხება.

ჯგუფურ ეტაპზე "ნოუ კამპზე" გამართული დუელი 2:2 დამთავრდა, ხოლო "სან სიროზე" "ბარსელონამ" 3:2 მოიგო. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ კატალონიელები "სან სიროზე" თავს საკმაოდ კარგად გრძნობენ ხოლმე: ბოლო ათი სტუმრობიდან ამ სტადიონზე ოთხჯერ გაიმარჯვეს, ოთხჯერ ფრეს მიაღწიეს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ.

საერთოდ, ჩემპიონთა ლიგაში გვარდიოლას გუნდის ბოლო წაგება 2011 წლის 16 თებერვლით თარიღდება - მაშინ "ბარსამ" მერვედფინალის პირველი მატჩი ლონდონში, "არსენალთან" 1:2 დათმო.

თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყოს, "ბარსასთვის" ისიც პლუსია, რომ "მილანს" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. "როსონერის" თავკაც მასიმილიანო ალეგრის მარკ ვან ბომელი დისკვალიფიცირებული ჰყავს; ანტონიო კასანო, ჯენარო გატუზო, ინაციო აბატე, ალეშანდრე პატო და ტიაგო სილვა კი ტრავმირებულები არიან.

მიუხედავად ამისა, გვარდიოლა მაინც ურთულეს მატჩზე საუბრობს: "საკადრო პრობლემები "მილანს" დიდად ვერ შეასუსტებს. "როსონერის" ძალიან ბევრი გამოცდილი და ჭკვიანი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც ყოველთვის შეუძლიათ საგოლე მომენტების შექმნა, მათი გამოყენება და დაცვაშიც ძალიან კარგად დგანან", - აღნიშნა გუშინდელ პრესკონფერენციაზე 41 წლის პეპმა.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ბონერა, ნესტა, მექსე, ძამბროტა - ნოჩერინო, ამბროზინი, ემანუელსონი - კ. პ. ბოატენგი - იბრაჰიმოვიჩი, ელ შაარავი.
ბარსელონა (3-4-3): ვიქტორ ვალდესი - პიკე, მასკერანო, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი, ინიესტა - სანჩესი, მესი, პედრო.

არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

* * *
მარსელი-ბაიერნი 22:45
"ბაიერნი" ამ წყვილის უდავო ფავორიტია და მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენური გრანდის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, მარსელში ფრეც დაგვაკმაყოფილებსო, ცხადია, რეკორდმაისტერი მოგებას "ველოდრომზევე" შეეცდება.

გერმანული გრანდი ძალიან კარგ ფორმაშია, რაც ბუნდესლიგის ბოლო ტურებში და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩშიც (7:0 ბაზელთან) გამოჩნდა. აი, "მარსელზე" კი იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით. დიდიე დეშამის გუნდს კრიზისი აქვს და თუ მერვედფინალური ბარიერი გადალახა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მეტოქედ უარეს დღეში მყოფი "ინტერი" ჰყავდა.

ამ უქმეებზე "მარსელმა" "ნიცასაც" ვერ მოუგო (1:1), მაგრამ დეშამმა იხტიბარი არ გაიტეხა - "ბაიერნთან" მოსალოდნელი დუელის წინ არც ეს შედეგია ურიგოო.

ფრანგულ კლუბს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: მეკარე მანდანდა და დაცვის ბურჯი დიავარა დისკვალიფიცირებულები არიან. მართალია, ეს უკანასკნელი მანდანდასგან განსხვავებით მხოლოდ ერთი მატჩითაა დასჯილი, მაგრამ აქედანვე ცხადია, რომ ვერც მიუნხენში ითამაშებს, რადგან "ნიცასთან" სერიოზული ტრავმა მიიღო.

ეს ფაქტორები "ბაიერნის" ფავორიტობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მაგრამ ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები მაინც მოკრძალებულ გაცხადებებს აკეთებენ.

სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა თქვა, "მარსელი" ხელწამოსაკრავი გუნდი არ არისო და ქომაგებს ჯგუფური ეტაპი გაახსენა, სადაც "ოლიმპიკმა" გერმანიის ჩემპიონ დორტმუნდის "ბორუსიას" ორივე თამაში მოუგო. ნერლინგერმა ამით, ერთი მხრივ, ეიფორია შეაჩერა, მეორე მხრივ კი, ხელიდან არ გაუშვა მორიგი შანსი, ეკბინა "დორტმუნდისთვის"...

დღევანდელი მატჩი განსაკუთრებულია შესანიშნავ ფორმაში მყოფი ფრანკ რიბერისთვის, რომელიც "ბაიერნში" 2007 წელს სწორედ "მარსელიდან" გადავიდა. 28 წლის ფრანგი "ოლიმპიკს" კარგად იცნობს და ჯერ კიდევ წილისყრის შემდეგ თქვა, ვინც ფიქრობს, რომ ნახევარფინალში იოლად გავალთ, ძალიან ცდებაო. ასე რომ, რიბერი დღეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვათა შორის, "ბაიერნში" კიდევ ერთი ექს-მარსელელია - დანიელ ვან ბუიტენი, რომელიც ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს.

მარსელში გაფრინდა ბასტიან შვაინშტაიგერი, მაგრამ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბავარიელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა თქვა, შევიყვან თუ არა შვაინის განაცხადში, ამას უშუალოდ მატჩის წინ გადავწყვეტო. ვან ბუიტენთან ერთად, მიუნხენში დარჩა ბრენოც...

სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-2-3-1): ელინტონ ანდრადე - ასპილიკუეტა, ფანი, ნ’კულუ, მორელი - ა. დიარა, მბია - ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ - რემი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.

არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული