აპოელ-რეალი 0:3: გასეირნება ნიქოზიაში

AutoSharing Option
მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო და აბსოლუტურად ლოგიკურია: მადრიდის "რეალმა" ნიქოზიაში მოიგო, თანაც მსუყე ანგარიშით და ნახევარფინალში თამაში პირველივე რაუნდში გაინაღდა.

ბევრი ფიქრობდა, რომ ჟოზე მოურინიოს შეგირდები აპოელ-თან ბრძოლით თავს არ მოიკლავდნენ და რეალურად, ასეც მოხდა, მაგრამ მაინც არ განმეორდა ის, რაც "რეალმა" მერვედფინალის პირველ რაუნდში გააკეთა (1:1 მოსკოვში, ცსკა-სთან). აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში აპოელ-მა სამბურთიანი სხვაობით პირველად წააგო და ეჭვი გვაქვს, კვიპროსელებს არც საპასუხო მატჩში, 4 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაადგებათ კარგი დღე.

რეაქციები

ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი):
"ჩვენი მიზნები დღეს კარგი ფეხბურთის თამაში და მოგება იყო. ფაქტია, ორივე მიზანს მივაღწიეთ.

აპოელ-ი ძალიან კარგი გუნდია და მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ისეთი ფინანსური შესაძლებლობები, როგორიც სხვა ევროპულ კლუბებს აქვთ, ეს გუნდი იდეალურადაა ორგანიზებული. დასამალი არაფერია: ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ ნიქოზიელები საერთო ჯამში სერიოზულ პრობლემებს ვერ შეგვიქმნიდნენ და ჩემთვის დღეს ყველაზე კარგი ის იყო, რომ ნური შაჰინმა კარგად ითამაშა. ვფიქრობ, დღევანდელი მატჩი მას სამომავლოდ ძალიან წაადგება".

ნური შაჰინი (რეალი): "ბოლო დროს უდიდესი მონდომებით ვვარჯიშობდი და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში გამამწესებდა. ვფიქრობ, ჟოზე მოურინიოს იმედები არ გავუცრუე".

TOP ფეხბურთელი
კაკა (რეალი)

ბრაზილიელ ნახევარმცველს 27 წუთი ეყო იმისათვის, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო. კაკა თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო და ჯერ ქარიმ ბენზემას ანგარიში გაახსნევინა, მერე კი თავადაც გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. აღსანიშნავია, რომ კაკასთან ერთად, ძალიან კარგი იყო მარსელოც, რომელიც მოურინიომ ასევე შეცვლაზე ათამაშა - მის ანგარიშზე ორი საგოლე პასია.

FLOP ფეხბურთელი
გონსალო იგუაინი (რეალი)

არგენტინელ თავდამსხმელს საერთოდ არაფერი გამოუვიდა, რადგან სანამ მოედანზე იყო, ნიქოზიელები იდეალურად მეურვეობდნენ - იგუაინამდე პასებიც იშვიათად მიდიოდა. ჟოზემ გონსალო 64-ე წუთზე შეცვალა - არგენტინელს კარში ერთხელაც არ დაურტყამს.

ტაქტიკა-სტრატეგია
აპოელ-ს მთავარი ლიდერის, მანდუკას გარეშე უწევდა თამაში - ეს უკანასკნელი დისკვალიფიცირებული გახლდათ. შესაბამისად, უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციაზე ტრიკოვსკი ვიხილეთ და მწვრთნელმა ივან იოვანოვიჩმა ცენტრფორვარდ აილტონის გადამწყვეტი პასებით მომარაგება სწორედ მას დაავალა.

ორივე გუნდის ტაქტიკური სქემები ფაქტობრივად იდენტური (4-5-1) იყო - განსხვავება მხოლოდ ის გახლდათ, რომ ტრიკოვსკის უფრო ეთქმოდა თავდამსხმელი (შესაბამისად, აპოელ-ის სქემა 4-4-1-1 გამოვიდა), ვიდრე "რეალის" რომელიმე შემტევ ნახევარმცველს (4-2-3-1). თანაც, მოურინიომ მცირე როტაციას მიმართა: შაჰინი და კოენტრაო ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, მარსელო კი ჟოზემ სკამზე დატოვა (ჩაბი ალონსო დისკვალიფიცირებული იყო). ამასთან, მოურინიომ ბენზემას თამაში გარემარბის პოზიციაზე დააწყებინა.

ანალიზი
აპოელ-ს და "რეალს" ტაქტიკური მონახაზი თითქმის იდენტური ჰქონდათ, სტრატეგიით კი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, აპოელ-მა თამაში უკიდურესად კონსერვატიული (თუკი შეიძლება, რომ ასე ითქვას) დაიწყო - კვიპროსელები უბურთოდ ყოფნისას პრესინგს ნაკლებად მიმართავდნენ და უმეტესად მხოლოდ ზონების დაკეტვაზე ფიქრობდნენ. როცა ნიქოზიელები ბურთს მოიპოვებდნენ, მაქსიმუმ 3-4 პასის გაკეთებას ახერხებდნენ და ისევ კარგავდნენ, რადგან შეტევების ორგანიზებაზე უარს ამბობდნენ - აპოელ-ის მთელი კონცენტრაცია მხოლოდ თავდაცვისკენ იყო მიმართული.

"რეალს" კი აშკარად უჭირდა ხეირიანი შეტევების განხორციელება, რადგან ფლანგებზე გამწესებულები, რონალდო და ბენზემა ვერც იგუაინს ამარაგებდნენ და თავადაც ვერ ახერხებდნენ დრიბლინგებს. გაცილებით მეტი რამ გამოსდიოდათ ფაბიო კოენტრაოს და ნური შაჰინს.

სურათი რეალურად არც მეორე ტაიმში შეცვლილა: იგუაინი ისევ არ ჩანდა, რადგან მორაისი, პაოლო ჟორჟე, კაკა და პინტუ ცენტრსა და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებს მშვენივრად კეტავდნენ. მოურინიო მიხვდა, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და სწრაფად იმოქმედა: იგუაინი მოედნიდან გაიყვანა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაცილებით მოქნილი ბენზემა გადასწია, ნახევარდაცვას კი, კაკას სახით კიდევ ერთი მოაზროვნე ფლეიმეიქერი დაამატა. ამ გადაადგილებამ გაამართლა: კაკასთან ერთად, თამაშში მარსელოც ძალიან კარგად ჩაერთო და მადრიდელებსაც უცებ გაცილებით მეტი ხეირიანი კომბინაცია გამოუვიდათ.

აპოელ-ის ფეხბურთელები, ფაქტობრივად, იძულებულები გახდნენ, პოზიციური შეცდომები დაეშვათ, რაც კაკამ ჯერ მშვენიერი საგოლე პასის სახით, მერე კი გოლის სახით გამოიყენა და "რეალს" ნახევარფინალის კარი ფართოდ გაუღო. 90-ე წუთზე ბენზემამ ანგარიში 3:0 რომ გახადა, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ "სამეფო გუნდმა" ნახევარფინალში შეაბიჯა. საპასუხო მატჩი, რა თქმა უნდა, ფორმალობაა.

დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელებს დიდხანს უჭირდათ და მხოლოდ დასკვნით ფაზაში შეძლეს ნიქოზიელთა გატეხვა, "რეალის" გამარჯვება დამსახურებულია, ანგარიში კი - ლოგიკური. აპოელ-ს უკეთესი შედეგის დასაფიქსირებლად ბოლოს აღარც ძალა ეყო და აღარც ჭკუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული