ბენფიკა-ჩელსი 0:1: ცალი ფეხით ნახევარფინალში

AutoSharing Option
ესეც ასე: ჯერ კიდევ მერვედფინალის პირველი რაუნდის შემდეგ (1:3 ნეაპოლში) გამოტირებული, კრიზისში მყოფი "ჩელსი" ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია! 

ლონდონელებმა ლისაბონში "ბენფიკას" მსგავს მეტოქესთან პაექრობის კვალობაზე საკმაოდ კომფორტული ანგარიშით, 1:0 მოიგეს და პირდაპირ ვთქვათ, პორტუგალიური გრანდი არ ჰგავს იმ გუნდს, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" ამ ანგარიშის თავისთვის სასიკეთოდ შეატრიალებს.

გამარჯვების გოლი სალომონ კალუმ 75-ე წუთზე გაიტანა, რითაც "ბენფიკას" საქმე უკიდურესად გაურთულა, "ჩელსის" კი ნახევარფინალის კარი გაუღო.

65 275 ქომაგის ყიჟინით გულანთებულმა ლისაბონელებმა "ჩელსის" თავიდანვე შეუტიეს და ცხადად გამოჩნდა, რომ სწრაფი გოლის
გატანა სურდათ, მაგრამ ლონდონელები დაცვაში მედგრად იდგნენ და ორთაბრძოლების აბსოლუტურ უმეტესობას იგებდნენ. შესაბამისად, ოსკარ კარდოსოს დარტყმა (10 მეტრიდან, მე-19 წუთზე) ლისაბონელთა საუკეთესო საგოლე მომენტი გახლდათ პირველ ტაიმში.

კარდოსოს მომენტის შემდეგ "ჩელსიმაც" დაიწყო, მართალია, შედარებით მოკრძალებული, მაგრამ მაინც იერიშები. ლონდონელთაგან ანგარიშის გახსნის ყველაზე კარგი შანსი რაულ მეირელეშს ჰქონდა - მე-40 წუთზე არტურის დამწუხრება 20 მეტრიდან სცადა, მაგრამ "ბენფიკას" კიპერმა აუღო.

ბენფიკა უტევდა, ჩელსიმ გაიტანა
მეორე ტაიმიც ისე დაიწყო, როგორც პირველი - პორტუგალიელები სიფრთხილეს არად დაგიდევდნენ და ისევ ეკვეთნენ მეტოქეს, კარდოსოს კი მალევე შეექმნა მეორე რეალური მომენტი, რომელიც ასევე ვერ გამოიყენა: მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან დავიდ ლუიზმა გამოიტანა.

ლონდონელებს წინა ხაზზე კომბინაციები არ გამოსდიოდათ და შესაბამისად, არ გაგვიკვირდა, რობერტო დი მატეოს გუნდს მომდევნო შანსი მეკარის პასის შემდეგ რომ მიეცა: პეტრ ჩეხის გრძელ პასს ხუან მატა გამოეხმაურა, არტურს გასცდა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

ამ ყველაფრიდან და ზოგადად, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, სალომონ კალუს გოლს ალოგიკური უნდა ვუწოდოთ: ეს უკანასკნელი ფერნანდო ტორესის მშვენიერ პასს გამოეხმაურა და ბურთი არტურის კარში გადაგზავნა.

შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ლონდონელებს, ცოტა არ იყოს, გაუმართლათ, ეს თამაში რომ მოიგეს - ფრე უფრო ლოგიკური შედეგი იქნებოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "ჩელსი" ცალი ფეხით ნახევარფინალშია, რადგან "ბენფიკას" "სტემფორდ ბრიჯზე" სასურველი ანგარიშით მოგება უკიდურესად გაუჭირდება.

რეაქციები
ჟორჟე ჟესუსი ("ბენფიკას" მწვრთნელი): "კარგი თამაში გამოვიდა, მაგრამ დავმარცხდით და ეს სამწუხაროა; თუმცა ჩემს ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ - მათ კარგად ითამაშეს.

"ჩელსის" ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და აქვს ჩვენზე დიდი გამოცდილება, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ვდონიმირებდით და საგოლე მომენტებიც შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა. მეტოქეს კი ბევრი არაფერი გავაბედინეთ, მაგრამ რაც გავაბედინეთ, ლონდონელებმა მოსაგებად ისიც იკმარეს. ვფიქრობ, წაგება არ დავიმსახურეთ, მაგრამ წინ საპასუხო მატჩია და მე არ ვფიქრობ, რომ უშანსოდ ვართ. "ბენფიკას" "სტემფორდ ბრიჯზე" გოლის გატანა შეუძლია..."

რობერტო დი მატეო ("ჩელსის" მწვრთნელი): "ამაზე უკეთეს შედეგს ვერ ვინატრებდით - კარი მშრალად შევინახეთ და ჩვენი უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს იყო და გავიტანეთ გოლი, რამაც თამაში მოგვაგებინა. მიხარია, რომ მცველებს თამაშზე კონტროლი ერთი წამითაც არ დაუკარგავთ და შესაბამისად, ჩეხს ბევრი საქმე არ ჰქონდა. "ბენფიკა" საკუთარ მოედანზე იშვიათად აგებს და ეს ფაქტორი ჩვენს გამარჯვებას ფასს მატებს. ნახევარფინალში ჯერ არ გავსულვართ - წინ საკმაოდ რთული მატჩი გველის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული