მარსელი-ბაიერნი 0:2: სადაც "რეალი", იქაც "ბაიერნი"!

AutoSharing Option
ოთხი მეოთხედფინალური ჯახიდან, მეორე რაუნდისთვის რეალური ინტრიგა მხოლოდ "მილანისა" და "ბარსელონას" წყვილს შემორჩა, რადგან ისევე, როგორც "რეალმა" და "ჩელსიმ" სამშაბათს, "ბაიერნმაც" სტუმრად მოიგო (2:0), რაც იმას ნიშნავს, რომ მიუნხენში გასამართი საპასუხო შეხვედრა, ფაქტობრივად, ფორმალობაა.

ეს კი მხოლოდ იმ გუნდებისთვის და მათი ქომაგებისთვისაა კარგი, რომლებიც ცალი თუ ორივე ფეხით ნახევარფინალში არიან. "მარსელმა" ძალიან კარგ ფორმაში მყოფ "ბაიერნს" წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

რეაქციები
ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი): "ძალიან კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, რადგან თუ გახსოვთ, ჯგუფურ ეტაპზე "ოლიმპიკმა" დორტმუნდშიც სამი გოლი
გაიტანა. შესაბამისად, ჯერ მაინც ადრეა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ.

რაც შეეხება იმას, რომ ხალხი ფიქრობს, თითქოს ყვითელი ბარათი განგებ მივიღე, რათა საპასუხო მატჩი გამოვტოვო და ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის საფრთხე აღარ დამემუქროს: შეგიძლიათ, ასე იფიქროთ, მაგრამ ეს არასწორია, რადგან არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ".

მარიო გომესი (ბაიერნი): "თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს იოლი გასეირნება იყო, ძალიან ცდება! ძალიან კარგად ვითამაშეთ და ორბურთიანი სხვაობით მოგება დავიმსახურეთ. სამი გოლის გატანაც შეგვეძლო..."

ფრანკ რიბერი (ბაიერნი): "საპასუხო მატჩის წინ ძალიან კარგ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონცენტრაცია უნდა დავკარგოთ. მიუნხენშიც ასეთივე შემართებით უნდა ვითამაშოთ. ნახევარფინალი ძალიან ახლოსაა!"

TOP-ფეხბურთელი
არიენ რობენი (ბაიერნი)

ვერ ვიტყვით, რომ ჰოლანდიელმა პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მოწოდების სიმაღლეზე იდგა და მთავარიც ესაა. რობენმა ერთი გოლი თავად გაიტანა, ერთი კი გომესს გაატანინა. ამასთან, არიენმა ორთაბრძოლების 58 პროცენტი მოიგო და დაცვასაც ხშირად ეხმარებოდა.

FLOP-ფეხბურთელი
ელინტონ ანდრადე (მარსელი)

სტივ მანდანდას არყოფნაში "მარსელის" თავკაცი დიდიე დეშამი მესამე მეკარეს ენდო და ძალიანაც მიჰქარა! ანდრადე რამდენიმე ჩაწოდებისას თავდაუჯერებელი გახლდათ და როგორც პირველ, ისე მეორე გოლშიც ბრალი მიუძღვის.

ტაქტიკა-სტრატეგია
როგორც მოსალოდნელი იყო, 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში იუპ ჰაინკესმა მარჯვენა მცველად ფილიპ ლამი გაამწესა, მარცხნივ კი დავიდ ალაბას ენდო. "დონ იუპმა" ახალგამოჯანმრთელებული ბასტიან შვაინშტაიგერი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, პეტერსენი და უსამი კი 18-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანა.

დეშამმა, როგორც ზემოთაც ვთქვით, დისკვალიფიცირებული მანდანდა ბრაზილიელი ანდრადეთი შეცვალა. ანდრე აიუმ და ლოიკ რემიმ გამოჯანმრთელება მოასწრეს და ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო დაცვაში ტრავმირებული დიავარა ნ’კულუმ შეცვალა.

ანალიზი
ბავარიელებმა თამაში ოდნავ მოკრძალებულად, უფრო სწორად, გერმანელებისთვის დამახასიათებელ სტილში, კონსერვატიულად დაიწყეს: მიუხედავად იმისა, რომ "მარსელის" სტრატეგია ამის საშუალებას იძლეოდა, ჰაინკესის ბიჭები ზედმეტ რისკებს ერიდებოდნენ. ფრანგები ორთაბრძოლებში ხისტად შედიოდნენ, მაგრამ პრესინგს არ მიმართავდნენ და მიუხედავად ამისა, "ბაიერნს" "მარსელის" მძლავრად დაწნეხვა არ უცდია. მეტიც: ტონი კროოსი და ლუის გუსტავო ზედმეტად ხშირად კარგავდნენ ბურთს. რიბერი შეწუხებული ჩანდა იმის გამო, რომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობდა, რასაც "ველოდრომის" პუბლიკა ბურთთან მისი თითოეული შეხებისას სტვენით უწყობდა ხელს.

დეშამის მიზანი გასაგები იყო: მან აქცენტი კონტრშეტევებზე და, შესაბამისად, ფლანგის ნახევარმცველებზე, აიუსა და ამალფიტანოზე გააკეთა, თუმცა ფრანგებს განსაკუთრებით პირველ ტაიმში აბსოლუტურად არაფერი გამოუვიდათ. მეტსაც ვიტყვით: ასეთი "ოლიმპიკი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყოფნას არ იმსახურებს.

ტაიმის მიწურულს "ბაიერნს" ოდნავ გაუმართლა, ანგარიში რომ გახსნა, რამაც რეკორდმაისტერი საბოლოოდ დაამშვიდა. ამიტომაც იყო, მეორე ნახევარში მიუნხენელებმა უკან რომ დაიხიეს, მარსელელები კი წინა ხაზზე უფრო აქტიურები გახდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ბაიერნელებს შეტევაში წასვლა აღარ სურდათ, კროოსმა კი მეორე ტაიმში არაზუსტ პასებს არნახულად უმატა, რის გამოც ჰაინკესმა გაიყვანა კიდეც მოედნიდან.

რობენის გოლი მშვენიერ კომბინაციას მოჰყვა, რამაც არა მარტო ამ მატჩის, არამედ, თამამად უნდა ვთქვათ, საერთოდ ამ წყვილის ბედი გადაწყვიტა და მიუნხენელებმა თამაში მშვიდად ჩაამთავრეს.

დასკვნა
"ბაიერნს" საუკეთესო ფეხბურთი ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ რაც მთავარია, რეკორდმაისტერმა კარი მშრალად შეინახა და ორი გოლი გაიტანა. შესაბამისად, უკვე წყალი არ გაუვა იმას, რომ ნახევარფინალში "რეალისა" და "ბაიერნის" უმძაფრეს დუელებს ვნახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული