ბარსელონა VS მილანი - ეპოქალური ბრძოლა "ნოუ კამპზე"

AutoSharing Option
ბარსელონა-მილანი 22:45
პირველი მატჩი: 0:0
"მილანის" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის შეგირდების რეალური არგუმენტებით შეგულიანება ძალიან გაუჭირდება, რადგან "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩი ბოლოს ზუსტად ორწლინახევრის წინ წააგო.

ახლა იმას აღარ იკითხავთ, ვისთან და როგორ სიტუაციაში დამარცხდა მაშინ კატალონიური სუპერგრანდი "ნოუ კამპზე"? ვისაც არ ახსოვს, გავახსენებთ, რომ ეს 2009 წლის ოქტომბერში, ჯგუფურ ეტაპზე მოხდა - "ბარსა" შინ ყაზანის "რუბინთან" 1:2 დამარცხდა...

"მილანმა" პირველ მატჩში კარი მშრალად შეინახა და "სან სიროზე" უგოლო ფრე დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ჩემპიონს 3 აპრილს ნებისმიერი
შედეგიანი ფრეც აწყობს, მორიგი 0:0 კი თამაშს დამატებით დროში გადაიყვანს.

ასეა თუ ისე, ფაქტი ის არის, რომ მილანელების უპირველესი მიზანი კვლავ საკუთარი კარის უსაფრთხოება იქნება და აქვე კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემიც: გახსოვთ, როდის ვერ შეძლო "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში გოლის გატანა ბოლოს? ეს სამი წლის წინ მოხდა, ნახევარფინალში - "ბარსას" "ნოუ კამპზე" გოლი ჟოზე მოურინიოს "ჩელსიმ" არ გაატანინა.

"ნოუ კამპზეც" ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც "სან სიროზე" ვიბრძოლეთ და ასეთ შემთხვევაში, ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს.

პირველ მატჩშიც კარგი მომენტები გვქონდა და მჯერა, შანსები ბარსელონაშიც მოგვეცემა. მთავარია, გამოვიყენოთ", - ოპტიმისტურადაა განწყობილი "როსონერის" ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი და 13 სექტემბერს იხსენებს, როცა "მილანმა" "ნოუ კამპზე" 2:2-ს მიაღწია.

ასეთი შედეგი "მილანს" ნახევარფინალში გაიყვანდა...

გაიტანს მესი ორმოცდამეათეს?
ერთი სიტყვით, "ბარსელონა" საკმაოდ მძიმე წნეხის ქვეშაა მოქცეული - თუკი შეიძლება, რომ "ბარსაზე" ასეთი რამ ითქვას, რადგან კატალონიური გრანდი ვალდებულია, მოიგოს, რათა ზედიზედ მეხუთედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

თანაც, რაკი "ბარსა" პრიმერადივიზიონში "რეალს" 6 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგა კატალონიელთათვის, ფაქტობრივად, უკანასკნელი შანსია იმისა, რომ ფანები გაახარონ.

მართალია, ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ესპანეთის თასის ფინალშია, სადაც "ბილბაოს" ხვდება, მაგრამ ფანებს ამ ტიტულით სრულფასოვნად აშკარად ვერ დააკმაყოფილებს.

"ფაქტია, რომ ურთულესი მატჩი გველის, - ამბობს პედრო როდრიგესი, - "მილანს" ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და თუ ნახევარფინალში თამაში გვინდა, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ".

ცხადია, ბარსელონელთა უმთავრესი იმედი ისევ და ისევ ლიონელ მესია, რომელმაც "სან სიროზე" "მილანის" უკანახაზელებს ვერაფერი მოუხერხა. ახლა კი იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგაში თავის 50-ე გოლს (65-ე მატჩში) გაიტანს.

იბრაჰიმოვიჩი ალესილია
"მილანიდან" კი ყურადღების ცენტრში ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელსაც მიმდინარე სეზონის 35 ოფიციალურ მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი. თანაც, 30 წლის შვედი პირველად ითამაშებს "ნოუ კამპზე" მას მერე, რაც "ბარსა" დატოვა და "მილანს" მიაშურა.

მაშინ, 2009/10 წლების სეზონში იბრას გვარდიოლასთან კონფლიქტი მოუვიდა და ისე გამოვიდა, რომ "ბარსელონადან" დაიფრინეს. შესაბამისად, ზლატანს შურისძიების და კატალონიელთათვის თავისი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილი ჰკლავს.

"მოემზადეთ ეპოქალური მატჩისთვის!" - ასე მიმართა გუშინ იბრაჰიმოვიჩმა თავის ფანებს სოციალურ ქსელ "თვითერზე"...

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, ფაბრეგასი.
მილანი (4-1-2-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, მექსე, ანტონინი - ამბროზინი - ნოჩერინო, ზეედორფი - კ. პ. ბოატენგი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ბაიერნი-მარსელი 22:45
პირველი მატჩი: 2:0
ლოგიკურად, მხოლოდ "მარსელის" გამოუსწორებელ ოპტიმისტ ფანებს უნდა სჯეროდეთ იმის, რომ კრიზისში მყოფ "ოლიმპიკს" მიუნხენში სასურველი, სამბურთიანი სხვაობით მოგება შეუძლია და ალბათ ასეცაა, მაგრამ ხომ იცით, როგორები არიან გერმანელები - ბევრს ეცადნენ თუ ცოტას, ჟურნალისტებმა ვერცერთ ბაიერნელს ვერ დააცდევინეს პირდაპირ ის, რაც ყველასათვის ცხადია: მიუნხენური გრანდი ნახევარფინალშია, სადაც "რეალს" შეხვდება (მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი მადრიდელებისთვისაც ფორმალობაა).

მეოთხედფინალიდან ჯერ არასდროს გავარდნილა ის გუნდი, რომელსაც პირველი მატჩი სტუმრად 2:0 ჰქონდა მოგებული და ცხადია, ასეთი კრახი არც რეკორდმაისტერს უნდა დაემართოს - მით უმეტეს ისეთ გუნდთან, როგორიც წელს "მარსელია". შესაბამისად, "ბაიერნის" თავკაცი იუპ ჰაინკესი ძირითად შემადგენლობაში გარკვეულ როტაციას არ გამორიცხავს, თუმცა საერთო ჯამში მოედანზე იმ ფეხბურთელებს შეუშვებს, რომლებსაც ფეხი არაფრისდიდებით არ დაუცდებათ, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ნამდვილად ვერ ითამაშებს ბასტიან შვაინშტაიგერი, რომელმაც "ველოდრომზე" მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

მარსელი გადახალისებული შემადგენლობით?
"მარსელს" დისკვალიფიკაციამოხდილი მეკარე სტივ მანდანდა უბრუნდება და დიდიე დეშამის გუნდში სხვა ცვლილებებიცაა მოსალოდნელი, რადგან "ოლიმპიკს" საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში პსჟ-სთან უმნიშვნელოვანესი, პრესტიჟული დუელი აქვს და ფაქტია, რომ "მარსელისთვის" ის შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დღევანდელი, უიმედო მატჩი.

მართალია, ალუ დიარამ თქვა, "ბაიერნის" გაგდება შეუსრულებელი მისია არ არისო, მაგრამ მისთვის ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან ადვილია, რადგან დისკვალიფიცირებულია და თავად არ მოუწევს იმის მტკიცება, რომ მიუნხენში მოგება, თანაც მინიმუმ ორბურთიანი სხვაობით, "მარსელისთვის" ფანტასტიკის სფერო არ არის...

სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ასპილიკუეტა, ფანი, ნკულუ, მორელი - კაბორე, მბია - ამალფიტანო, ვალბუენა, ა. აიუ - რემი.
არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული