ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი: ჩაგვეძინება საფინალო სასტვენამდე?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩების წინ

მადრიდის "რეალი" იდეალურ სიტუაციაშია: ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილს "ბარსელონასთან" ექვსქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი კი (აპოელ-თან) მადრიდელებისთვის ფორმალობაა, რადგან ნიქოზიაში 3:0 მოიგეს და ნახევარფინალში თამაში, სადაც მიუნხენის "ბაიერნი" ელით, განაღდებული აქვთ.

განსაკუთრებით დამაინტრიგებელი არც მეორე მატჩია, რომელშიც "ჩელსი" "ბენფიკას" უმასპინძლებს. მიზეზი იგივეა: ლონდონელებმა ლისაბონში 1:0 მოიგეს, "ბენფიკა" კი, ერთი შეხედვით, ნაღდად არ ჰგავს ისეთ გუნდს, "სტემფორდ ბრიჯზე" მოგება რომ შეძლოს...

რეალი-აპოელ- 22:45
პირველი მატჩი: 3:0
ნახევარფინალში "ბაიერნისა" და "რეალის" უაღრესად საინტერესო
დუელებს რომ ვნახავთ, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ მანამდე "რეალს" ჩემპიონთა ლიგაში ვალი აქვს მოსახდელი: მადრიდელები 4 აპრილს "სანტიაგო ბერნაბეუზე" აპოელ-ს მასპინძლობენ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ "სამეფო გუნდის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოედანზე ექსპერიმენტალურ შემადგენლობას გაიყვანს და თუ მთლად მეორე გუნდი არ ათამაშა, მოედანზე არაერთ ისეთ მოთამაშეს ვიხილავთ, პრინციპულ მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში თამაშზე მხოლოდ ოცნებით რომ შემოიფარგლებიან ხოლმე.

რთული გამოსაცნობია, ვის დაასვენებს და ვის გადაამოწმებს პორტუგალიელი სპეციალისტი...

კვიპროსელები კი, უბრალოდ, თავისუფლად ითამაშებენ და შეეცდებიან, ერთი მხრივ, მიღწეულით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ, მეორე მხრივ კი, ჩემპიონთა ლიგას ღირსეულად გამოეთხოვონ. აპოელ-ის ფეხბურთელებისთვის "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში უდიდესი პატივია, მაგრამ მოტივაციის არქონა ფეხბურთს ყოველთვის ხიბლს უკარგავს...

აილტონ ალმეიდასა და ალექსანდრუს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, მაგრამ სავარაუდოდ, ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ამ უდიდეს ზეიმს არ დააკლდნენ და "სანტიაგო ბერნაბეუს" ბალახი დააგემოვნონ.

ტრავმირებულია ტრიკოვსკიც, რომელიც აპოელ-ს მადრიდში გაჰყვა, მაგრამ ამ უკანასკნელს მოედანზე, ალბათ, ვერ ვიხილავთ - ივან იოვანოვიჩი მას, ალბათ, "ანორთოსისთან" უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის დაასვენებს.

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - შაჰინი, ჩაბი ალონსო - კალეხონი, კაკა, რონალდო - იგუაინი.
აპოელ-ი (4-2-3-1): ქიოტისი - პურსაიტიდისი, კაკა, პაულო ჟორჟე, ვოავენტურა - ნუნუ მორაისი, მარსინიო - ხარალამბიდისი, ალექსანდრუ, მანდუკა - აილტონი.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

ჩელსი-ბენფიკა 22:45
პირველი მატჩი: 1:0
ერთი შეხედვით, ამ წყვილის ბედიც პირველივე რაუნდში გადაწყდა - "ჩელსიმ" ლისაბონში გამარჯვებით (1:0) ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა - მაგრამ "ბენფიკა" თუნდაც მხოლოდ ისტორიულად არის ისეთი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება.

საქმე საქმეზე თუ მიდგა და პორტუგალიელებმა "სტემფორდ ბრიჯზე" ანგარიში გახსნეს, მერე თავდაუზოგავი ბრძოლა გაჩაღდება. მოვლენების ასეთი განვითარების სცენარზე თამამად ის ფაქტორიც გვალაპარაკებს, რომ "ჩელსი" "ციდან ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტს.

ფერნანდო ტორესმა გოლების გატანა დაიწყო და ჩვენი ინგლისელი კოლეგების აზრით, რობერტო დი მატეო ესპანელს ჩემპიონთა ლიგაშიც მისცემს თავის გამოჩენის შანსს - ტორესს, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ. შეგახსენებთ, რომ "ელ ნინიოს" უკანასკნელი ჩემპიონთალიგური გოლი 2011 წლის ოქტომბრით თარიღდება.

"ბენფიკას" დაცვაში ძალიან უჭირს, რადგან გარაის, ვიტორისა და ჟარდელის სახით ლისაბონელებს სამი წამყვანი უკანახაზელი აკლიათ...

სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, გ. კეჰილი, ტერი, ე. კოული - ლემპარდი, ესიენი, რამირესი - მატა, ფერნანდო ტორესი, სტარიჯი.
ბენფიკა (4-1-3-2): არტური - მაქსი პერეირა, ლუიზაო, ხავი გარსია, ემერსონი - მატიჩი - გაიტანი, აიმარი, ბრუნო სეზარი - როდრიგო, კარდოსო.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული