ბაიერნი-მარსელი 2:0 (2:0): ივიცა ოლიჩის დღე

AutoSharing Option
წესით, ამ მატჩზე ბევრი აღარ უნდა გვესაუბრა, მაგრამ "ბაიერნის" ქომაგებისთვის გულის დაწყვეტა არ შეიძლება - რეკორდმაისტერმა მარსელის "ოლიმპიკს" მეორე მატჩიც 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეექვსედ გავიდა, სადაც მადრიდის "რეალთან" ორი უაღრესად საინტერესო დუელი ელის.

თითქმის უმოტივაციო მატჩში ძირითად შემადგენლობაში სამადლოდ გამწესებულმა ივიცა ოლიჩმა დუბლი შეასრულა და ყველას შეახსენა, რომ კარგი თავდამსხმელია. "ბაიერნისთვის" ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მიუნხენურ გრანდს "რეალთან" პირველ ნახევარფინალურ მატჩში არცერთი ფეხბურთელი არ ეყოლება დისკვალიფიცირებული, რადგან ბოატენგი, ლუის გუსტავო, კროოსი და მიულერი ყვითლებს გადაურჩნენ.

რეაქციები
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ბუნდესლიგაში პირველობის რეალური შანსი გაგვიჩნდა. გერმანიის თასის ფინალში ვართ და ახლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავედით - ჩვენი ფანები, წესით, კმაყოფილები უნდა იყვნენ.

იმედია, არავის გაუკვირდა ან ეწყინა ის, რომ არიენ რობენი და მარიო გომესი დავასვენე. ეს აუცილებელი იყო, რადგან ძალები ჭკვიანურად უნდა გადავანაწილოთ. რობენის მოედანზე შეყვანის აუცილებლობა არც მეორე ტაიმში დამდგარა და როცა ეს ჰოლანდიელს ავუხსენი, მშვიდად მიიღო. სამაგიეროდ, დღეს ივიცა ოლიჩის მოტივირება შევძელი. მან კი დამიმტკიცა, რომ შემიძლია, ნებისმიერ დროს ვენდო".

ფრანკ რიბერი (ბაიერნი): "ყველანი კმაყოფილები ვართ და ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით "რეალს". ფაქტია, რომ სეზონის მიწურულს ძალიან კარგად ვთამაშობთ. ივიცა ოლიჩის გოლებმა ძალიან გამახარა".

ივიცა ოლიჩი (ბაიერნი): "ჩემპიონთა ლიგაში თამაში და გოლების გატანა ძალიან მომნატრებია - უბედნიერესი ვარ. როცა მითხრეს, რომ ვითამაშებდი, ძალიან გამიხარდა. როცა მოედანზე ვარ, ყოველთვის უდიდესი თავდადებით ვთამაშობ და იმედია, დღეს ეს ყველამ დაინახა".

TOP-ფეხბურთელი
ივიცა ოლიჩი (ბაიერნი)

თითქმის ზუსტად ორი წლის წინ ხორვატმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გამარჯვების გოლი (2:1) გაიტანა და მაშინ მთელ მიუნხენს მასზე აბოდებდა. მართალია, "მარსელის" კარში გატანილი გოლები გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ, რაც მთავარია, ოლიჩმა დაამტკიცა, რომ ისევ 100 პროცენტით ბაიერნელია.

FLOP-ფეხბურთელი
სესარ ასპილიკუეტა (მარსელი)

პირველ ტაიმში ასპილიკუეტა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა და, უმეტესად, მხოლოდ რიბერის ზურგს ხედავდა. მეორე ნახევარში კი დიდიე დეშამმა დაცვის მარცხენა ფრთაზე გადასწია და იქაც სუსტი გახლდათ - რაფინიამ არაერთხელ დაჩაგრა. ამასთან, ასპილუკუეტამ არაზუსტი პასებიც აკეთა.

ტაქტიკა-სტრატეგია
ჰაინკესმა უარი თქვა ისეთ წამყვან მოთამაშეებზე, როგორებიც არიან რობენი და გომესი. ნახევარდაცვის ცენტრში ლუის გუსტავოსთან ერთად ტიმოშჩუკი ათამაშა, კროოსი გამთამაშებლად გაამწესა, მიულერი მარჯვნივ გადასწია, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი ოლიჩს ენდო.

ფრანგებს ძირითადი მეკარე და კაპიტანი მანდანდა დაუბრუნდათ, ნახევარდაცვის ცენტრში კი დეშამმა დიარა შეირუთი შეცვალა.

ანალიზი
"ბაიერნმა" თამაში კონცენტრირებულად დაიწყო: კროოსი "მარსელის" ნახევარდაცვასა და დაცვას შორის შექმნილ დერეფნებს კარგად იყენებდა და ბურთს მშვენივრად ანაწილებდა - მისი პასების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართულება კი მარცხენა ფლანგი გახლდათ, სადაც ხან რიბერი იხსნებოდა, ხანაც ოლიჩი, რომელსაც ძალიან უყვარს ხოლმე ფლანგზე გადასვლა.

სამაგიეროდ, ბავარიელები დაცვაში არ იყვნენ ყურადღებით: მაგალითად, ჰოლგერ ბადშტუბერი ორჯერ შეცდა და "მარსელს" საგოლე მომენტები შეაქმნევინა. ოლიჩმა ანგარიში სწორედ იმ დროს გახსნა, როცა დეშამის შეგირდები მიუნხენელებს ცოტათი შეუთამამდნენ...

25-ე წუთიდან "ბაიერნი" უფრო უკეთ ათამაშდა და გამოჩნდა, რომ "მარსელის" კარში მეორე გოლი მწიფდებოდა. მიუნხენელები განსაკუთრებით კარგად მარცხენა ფლანგზე გამოიყურებოდნენ, სადაც ალაბა რიბერის იდეალურად ეხმარებოდა და აზღვევდა. ბლიც-კონტრიერიშს კი ოლიჩის მეორე გოლი მოჰყვა...

"ბაიერნს" მატჩზე კონტროლი არც მეორე ტაიმში დაუკარგავს - ფლანგები აქტიური დარჩა, ცენტრში კი ტიმოშჩუკი და გუსტავო იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე - ისინი მარსელელთა იდეებს მოედნის ცენტრშივე კლავდნენ. ბოლო 25 წუთში კი საინტერესო და გასაანალიზებელი აღარაფერი მომხდარა.

დასკვნა
"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უპრობლემოდ გავიდა - რეკორდმაისტერმა "მარსელი" ორივე მატჩში პირწმინდად დაჩაგრა.

ნახევარფინალში კი მიუნხენელებს ძველი, ვერაგი მტერი, "რეალი" ელით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული