ჩელსი-ბენფიკა 2:1 (1:0): "ბარსასთან" რაღას იზამენ?

AutoSharing Option
მერვედფინალის პირველი რაუნდის შემდეგ, "ჩელსის" მეოთხედფინალში გასვლასაც კი არავინ უწინასწარმეტყველებდა და აი, ლონდონელები ნახევარფინალშიც კი გავიდნენ.

ფეხბურთი ასეთია: ის, რაც ნეაპოლში განცდილი კრახის (1:3) შემდეგ არარეალური ჩანდა, დღეს უკვე აღარავის ახსოვს, რადგან "არისტოკრატებმა" მეოთხედფინალში ლისაბონის "ბენფიკას" ბარიერი, პირდაპირ ვთქვათ, იოლად გადალახეს და ახლა ნახევარფინალში არიან, სადაც თვით "ბარსელონა" ელოდებათ.

პესიმისტური მოლოდინი არ გამართლდა: საპასუხო მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და მეტიც: "ბენფიკა" "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" სჯობდა კიდეც! თანაც, ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ მე-40 წუთიდან ლისაბონელები მოედანზე ათი კაცით დარჩნენ (პერეირა
გააძევეს).

85-ე წუთზე კი ვითარება უკიდურესადაც კი დაიძაბა, რადგან ფრენკ ლემპარდის მიერ 21-ე წუთზე გატანილ პენალტს, ხავი გარსიამ 85-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებით უპასუხა და "ბენფიკას" ნახევარფინალამდე ერთი გოლიღა აკლდა. თუმცა სხვა საქმეა ის, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო და პორტუგალიელებმა აქეთ მიიღეს გოლი.

ამრიგად, ლონდონური კლუბი მეექვსედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც ისევე, როგორც 2009 წელს, "ჩელსის" ამჯერადაც "ბარსასთან" ექნება საქმე. პირველი მატჩი ლონდონში 18 აპრილს შედგება, საპასუხო კი - "კამპ ნოუზე", 24 აპრილს.

რეაქცია
ფრენკ ლემპარდი (ჩელსი): "დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გავედით და მთავარიც ესაა.

"ბარსელონა" ულაპარაკოდ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და შესაბამისად, ჩვენთანაც აშკარა ფავორიტი იქნება. მაგრამ დაუმარცხებელი არავინაა - მათ შორის, არც "ბარსა"!

ცხადია, ახლა ყველას 2009 წელი გაახსენდება, როცა კატალონიურ გრანდს უმძიმესი ბრძოლა გავუმართეთ და მხოლოდ იმიტომ ვერ დავამარცხეთ, რომ არ გაგვიმართლა".

TOP ფეხბურთელი
ხავი გარსია (ბენფიკა)
ხავი გარსია ცენტრალური მცველი არ არის, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ პოზიციაზეც ვარგებულა! მან პირველიდან ბოლო წუთამდე იდეალურად ითამაშა. უკან უკომპრომისო გახლდათ და ფერნანდო ტორესს უმეტესად ჩაგრავდა, წინ კი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაიტანა გოლი, რომლითაც "ბენფიკას" ნახევარფინალში გასვლის იმედის ნაპერწკალი გაუღვივა.

ხავი გარსია მოედანზე საუკეთესო იყო. ასევე კარგად ითამაშეს გაიტანმა და კარდოსომ, "ჩელსიდან" კი კაპიტანი ჯონ ტერი გამოირჩეოდა.

FLOP ფეხბურთელი
მაქსი პერეირა (ჩელსი)
რატომ? იმიტომ, რომ მე-40 წუთზე უდიდესი სისულელე ჩაიდინა. უკვე გაფრთხილებული იყო, როცა მიკელისკენ გაშლილი ფეხით "გაფრინდა" და მსაჯს წითელი ბარათი ფაქტობრივად ძალით გამოსტყუა.

რომ არა მისი გაძევება, არავინ იცის, გავიდოდა თუ არა "ჩელსი" ნახევარფინალში, რადგან ლისაბონელები საკმაოდ კარგად თამაშობდნენ.

ტაქტიკა-სტრატეგია
რობერტო დი მატეომ დროგბა და სტარიჯი სათადარიგოთა სკამზე დატოვა - ალბათ უფრო დაასვენა. ამასთან, ლონდონური კლუბის ძირითადში არც ესიენი და მეირელესი ვიხილეთ - მცირე ტრავმების გამო. სამაგიეროდ, დი მატეომ რამირესით, მიკელითა და კალუთი დაიწყო თამაში.

"ბენფიკას" ჟარდელი, გარაი და ვიტორი აკლდნენ, რის გამოც დაცვის ცენტრში საყრდენი ნახევარმცველი ხავი გარსია ვიხილეთ.

ანალიზი
ლისაბონელებმა პირველივე წუთებიდან აგრესიულ პრესინგს მიმართეს და "ჩელსის" ფეხბურთელებს შეცდომები დააშვებინეს. "ბენფიკას" წინა ხაზზე აიმარი, გაიტანი და კარდოსო პოზიციებს ხშირად ცვლიდნენ და ამით ლონდონური კლუბის უკანახაზელებს დიახაც აბნევდნენ. თუმცა პორტუგალიურ კლუბს შეტევაში ასე საჭირო სიმშვიდე და თავდაჯერება აკლდა.

ისევე, როგორც პირველ მატჩში, სადაც "ბენფიკას" ფეხბურთელებმა "ჩელსის" კარისკენ 25-ჯერ დაარტყეს, ლისაბონელები ამჯერადაც შორეული დარტყმებით ცდილობდნენ პეტრ ჩეხის კარის დალაშქვრას, "ჩელსის" კი, პირდაპირ ვთქვათ, არაფერი გამოსდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ "ბენფიკა" ვაჟკაცურად უტევდა და უკან დერეფნები რჩებოდა, ლონდონელებმა ამით ვერცერთი კონტრშეტევის დროს ისარგებლეს - თითქოს მონდომება აკლდათ, ფერნანდო ტორესი კი ცაში გამოკიდებულივით იყო.

თუმცა "ჩელსიმ" პირველი ტაიმი მაინც მოიგო - რაღაცნაირად...

მიუხედავად კაცნაკლულობისა, "ბენფიკა" მეორე ტაიმშიც სჯობდა "ჩელსის", თუმცა მერე და მერე დი მატეოს შეგირდები გამოფხიზლდნენ. ყველაზე მეტად მატა და კალუ გააქტიურდნენ და ლისაბონელი მცველები გვარიანად დაწნეხეს.

მიუხედავად ამისა, მაინც შეუმჩნეველი იყო ის, რომ "ჩელსის" მოედანზე ერთით მეტი ფეხბურთელი ჰყავდა...

მოკლედ, "ბენფიკას" ურიგოდ არ უთამაშია, "ჩელსის" კი საკმაოდ გაუმართლა, ნახევარფინალში რომ ამოყო თავი. თუ დი მატეოს გუნდი მნიშვნელოვნად არ მოუმატებს, ლონდონელებს "ბარსელონასთან" შანსი არ აქვთ...

დასკვნა
"ჩელსი" დღეს არ ჰგავს ისეთ გუნდს, რომელსაც "ბარსელონასთან" წარმატების მიღწევის შანსი ექნება. ლონდონურმა კლუბმა "ბენფიკა" მხოლოდ იმიტომ გააგდო, რომ "არისტოკრატები" დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ეფექტურები იყვნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული