ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი: "ბარსელონას" მომავალი საფრთხეშია!

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლას ერაში "ბარსელონას" ასეთი კრიზისი არასდროს ჰქონია. მართალია, ხანდახან სხვა სუპერგრანდები "ასეთ კრიზისზე" ოცნებობენ ხოლმე, მაგრამ გვარდიოლას ფორმაციის კატალონიური გიგანტისთვის ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი მატჩის წაგება, რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულოა.

ამ დონეზე დრამატული მინი-სერია "ბარსამ" ბოლოს 2009 წლის მაისში გამოაცხო, მაგრამ მაშინ ერთმანეთის მიყოლებით ესპანეთის ჩემპიონატის ორი თამაში წააგო - ორივე, ფაქტობრივად, უმნიშვნელო, რადგან მაშინ "ბარსელონას" ჩემპიონობა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი ამბავი იყო და პეპმა წამყვანი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის დაასვენა...

დღეს, იმ ამბებიდან სამი წლის შემდეგ, "ბარსა" გაცილებით ცუდ სიტუაციაშია: შაბათს,
"ნოუ კამპზე" მადრიდის "რეალთან" წაგებამ (1:2) საბოლოოდ გაარკვია, რომ კატალონიელები ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობას ვეღარ მოიპოვებენ. ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის "ჩელსის" მასპინძლობენ, რომელთანაც პირველი თამაში 0:1 აქვთ წაგებული.

"რეალთან წაგების შემდეგ ამ სეზონის ავკარგიანობა სწორედ ამ მატჩზეა დამოკიდებული, - განაცხადა ჩავიმ 23 აპრილს გამართულ
პრესკონფერენციაზე, - მთავარი ისაა, რომ თავდაჯერებულები ვართ და გვჯერა, რომ "ჩელსის" გავაგდებთ, რაც ისტორიული მოვლენა იქნება".

გვარდიოლა: ასეთი სიტუაციებიდან არაერთხელ გამოვმძვრალვართ
კატალონიელთათვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ ლეო მესის მაინცდამაინც ახლა დაეწყო ისეთი კრიზისი, იშვიათად რომ სჩვევია: არგენტინელმა ბოლო ორ მატჩში გოლი ვერ გაიტანა.

არადა, მანამდე, თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული, 15 მატჩში 26 გოლი ჰქონდა გატანილი. გარდა ამისა, წლების მანძილზე პირველად ხდება ისე, რომ გასული უქმეების მერე კატალონიელებს მათთვის უჩვეულო განცხადებების გაკეთება უწევთ:

"ესპანეთის ჩემპიონობაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ამ საქმიდან აღარაფერი გამოვა, მაგრამ წინ თასის ფინალია და ცხადია, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამ სეზონში, საერთო ჯამში, ხუთი ტიტულის მოგება შეგვიძლია", - ამბობს ჩავი.

ხუთი ტიტული? ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი და კიდევ? რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, 32 წლის ნახევარმცველი ისეთ მეორე თუ მესამეხარისხოვან ტიტულებს გულისხმობს, როგორებიცაა ევროპისა და ესპანეთის სუპერთასები, ასევე, მსოფლიო თასი.

"ბარსას" ქომაგებს საგონებელში აგდებს ის ფაქტიც, რომ გვარდიოლას მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია - პეპს ზაფხულში კონტრაქტი ეწურება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერაც არ გაუფორმებია.

"სწორედ ახლა გვმართებს მაქსიმალური კონცენტრაცია, - აცხადებს "ბარსას" 41 წლის დამრიგებელი, - ჩემი ფეხბურთელები არაერთხელ ყოფილან ასეთ სიტუაციაში და თითქმის ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ წნეხი მათზე ხშირად დადებითად მოქმედებს.

ბარსელონამ" "ჩელსისთან" საუკეთესო ფეხბურთი უნდა აჩვენოს და ასეთ შემთხვევაში ფინალში გავალთ. ეს ჩვენთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშია, რომელიც გუნდის მომავალზე გავლენას იქონიებს
".

მესი ჩელსის ვერ უტანს
თავდაჯერება არც "ჩელსის" ფეხბურთელებს აკლიათ. ლონდონელებმა რობერტო დი მატეოს ხელში 14 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგეს და რაკი ერთი კვირის წინ "ბარსას" დამარცხება მოახერხეს, საკუთარი ძალების რწმენა მოემატათ.

გასულ უქმეებზე "ჩელსიმ" "არსენალთან" 0:0 ითამაშა და დი მატეოს თქმით, ეს თამაში "ბარსასთან" საპასუხო დუელის წინ იდეალური ვარჯიში იყო.

"ჩელსი" 2006 წლიდან "ბარსელონასთან" მატჩებში დაუმარცხებელია, რაც "არისტოკრატების" ქომაგებს ოპტიმისტურად განაწყობს. მათი ოპტიმიზმის მიზეზი ისიცაა, რომ მესის "ჩელსისთან" ჩატარებულ 7 მატჩში არცერთი გოლი არ აქვს გატანილი...

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-ჩელსი 23:45
პირველი მატჩი: 0:1

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, ფაბრეგასი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ე. კოული - დავიდ ლუიზი, მიკელი - მატა, რაულ მეირელეში, რამირესი - დროგბა.

არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაც ბარსამ და გვარდიოლამ გააკეთეს გააკეთოს სხვამ !! ეს ერთი მეორე რო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი არააა მეორედ ხარისხოვარი !! მესამე ის რო თუ ტასი ესპანეთის ბარსამ აიღო სუპერ თასი ბარსა რეალი იქნება და არც ეგაა მეორედ ხარისხოვანი !! და კიდევ რამდენჯერ უნდა თქვას ამ გვარდიოლამ რო ნუ ამბობთ მესის ვერ გააქვს ამა თუ იმ გუნდის კარში :D დაახევენ ბურთს თავზე მაგრამ მსაჯი თურქია და ეგაა მარტო საეჭვო :@
katalonia
18:24 24-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული