ლოგიკური და ლეგიტიმური იყო მათი ფიქრები იმის შესახებ, რომ "ბარსა" კიდევ გაიტანდა 1-2 გოლს. იმ მომენტში დედამიწის ზურგზე ვერ ნახავდით ადამიანს, რომელიც თამამად იტყოდა, "ბარსა" ფინალში მაინც ვერ გავაო...
ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ხიბლი სწორედ მის ალოგიკურობაშია; ფეხბურთი (მინიმუმ, ქვეცნობიერად) იმიტომაც გვიყვარს, რომ გადაჭრით ვერასდროს ვერაფერს იტყვი და
საწინააღმდეგო მოსაზრებების ისეთი კატეგორია, როგორიც შეიძლება იყოს "თამაში გაყიდულ-ჩაწყობილ-ნაყომარები იყო" ან "აბრამოვიჩმა ბარსა" იყიდა, რა თქმა უნდა, არ მიიღება!
"ჩელსი" ფინალშია და 19 მაისს მიუნხენში ითამაშებს - ოღონდ ტერის, ივანოვიჩის, რაულ მეირელეშისა და რამირესის გარეშე (ოთხივე დისკვალიფიცირებული იქნება), მაგრამ რობერტო დი მატეოსთან ერთად, რომელმაც მოახერხა ის, რაც თავის დროზე ვერ მოახერხა ჟოზე მოურინიომ.
აი, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთი ასე ძლიერ გვიყვარს და გვაინტერესებს.
რეაქციები
სანდრო როსელი ("ბარსელონას" პრეზიდენტი): "ეს უდიდესი და უმძიმესი დარტყმა იყო, მაგრამ რას ვიზამთ - ფეხბურთი ასეთია. მიუხედავად წარუმატებლობისა, მე მაინც ვამაყობ იმით, რომ ჩვენს სტილს ბოლომდე არ ვუღალატეთ და არც ვუღალატებთ.
ხანდახან ბურთი კარში, უბრალოდ, არ გადის - ასე იყო დღესაც. ორი მატჩისა და 180 წუთის ჯამში დაუჯერებლად ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ლონდონელებს კი სულ სამი შანსი მიეცათ და სამივე გამოიყენეს".
ხოსეპ გვარდიოლა ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ჩვენ მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ფინალში გვეთამაშა, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. "ჩელსის" გულწრფელად ვულოცავ ამ გამარჯვებას. ამ დღეებში პრეზიდენტს შევხვდები და დაველაპარაკები იმის შესახებ, თუ რა როგორ ჯობია "ბარსელონასთვის". სანდრო როსელი და მე ერთად გადავწყვეტთ, დავრჩები თუ არა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე".
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა): "ფეხბურთი ხანდახან ძალიან უსამართლოა. ფინალში გასვლას ჩვენ ვიმსახურებდით! არა უშავს, "ბარსელონა" აუცილებლად დაბრუნდება!"
სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა): "მთავარი დამნაშავე მე ვარ! იმიტომ, რომ პირველ მატჩში იდეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე".
რობერტო დი მატეო ("ჩელსის" მწვრთნელი): "ეს ზღაპრული და ისტორიული წარმატება, პირველ რიგში, ფეხბურთელების დამსახურებაა. მათ დაამტკიცეს, რომ გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე საფეხბურთო საზოგადოებას აქამდე ეგონა.
ცხადია, არ მოველოდით იმას, რომ "ნოუ კამპზე" ასე მალე დავრჩებოდით კაცნაკლულები - ტერის გაძევებამ ისედაც თითქმის შეუსრულებელი მისია კიდევ უფრო გაართულა. "ბარსელონა" გენიალური გუნდია, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არც "ჩელსია" ცუდი გუნდი. ამ გუნდმა ურთულესი სეზონი გადაიტანა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ. ჩემს შეგირდებს ბრძოლისუნარიანობა თითქოს სისხლში აქვთ გამჯდარი.
ფინალში ტაქტიკამ კი არა, უდიდესმა მონდომებამ და კონცენტრაციამ გაგვიყვანა. ცხადია, ცოტათი გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ გამართლება წარმატების მისაღწევად ყოველთვის საჭიროა".
ფერნანდო ტორესი (ჩელსი): "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, მაგრამ ერთ კონკრეტულ თამაშს ყოველთვის საუკეთესო ვერ იგებს ხოლმე. "ბარსას" ასეთი სიძლიერე ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო".
ხუან მატა (ჩელსი): "ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა გასახდელში მატჩის შემდეგ. ასეთი რთული სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ნამდვილი სასწაულია. ძალიან მაგრად ვიბრძოლეთ და ოცნება, ფაქტობრივად, ძალით ავიხდინეთ!"
TOP-ფეხბურთელები
მეირელეში, მიკელი და ლემპარდი (ჩელსი)
ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამორჩევა ძალიან გაგვიჭირდა და თუ გნებავთ, საუკეთესო ამ სამეულიდან თქვენ თვითონ შეარჩიეთ - მეირელეში, მიკელი და ლემპარდი ცალ-ცალკე და ერთად იყვნენ საუკეთესოები.
ისინი ცოფიანი ძაღლებივით დარბოდნენ და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან კატალონიელებს მედგრად ებრძოდნენ - კეტავდნენ საპასე დერეფნებს და ცენტრში თითქმის ყველა ზონას აკონტროლებდნენ.
FLOP-ფეხბურთელი
ჯონ ტერი (ჩელსი)
2008 წელს ფინალში გაცუდებული გადამწყვეტი პენალტის გამო ჯონ ტერი ტრაგიკული ფიგურა გახდა და ეს სტატუსი კინაღამ მეორედაც დაიმსახურა. ლონდონელებს "ბარსა" რომ ვერ გაეგდოთ, კაპიტანი ამ მატჩის ანტიგმირის წოდებას კიდევ უფრო მძიმედ დაიმსახურებდა.
შეტევა სანჩესზე, რაც ჯონს გაძევების ფასად დაუჯდა, მისი მხრიდან აბსოლუტურად უსარგებლო გადაწყვეტილებაც იყო და ამავე დროს, ასოციალურიც - არა მარტო სანჩესის, არამედ, პირველ რიგში, თანაგუნდელების წინაშე. მართალია, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტერის გაძევება "ჩელსის" გარკვეულწილად დაეხმარა კიდეც (კონცენტრაციის ამბავში), ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მის საქციელს ვერც ეს არგუმენტი გაამართლებს.
მსაჯი
თურქმა არბიტრმა ჩუნეით ჩაქირმა ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი სწორად განსაჯა. ტერის გაძევებაც სამართლიანი გადაწყვეტილება იყო და ლონდონელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანიც. ასატანი გახლდათ უამრავი გაფრთხილებაც. ერთადერთი გადაწყვეტილება, რის გამოც შეიძლება, რომ თურქ მსაჯს შევეკამათოთ, ისაა, რომ 72-ე წუთზე შეეძლო, ლემპარდისთვის (ფაბრეგასთან ორთაბრძოლა) სხვა ფერის ბარათი ეჩვენებინა.
ტაქტიკა-სტრატეგია
პეპ გვარდიოლამ პიკე ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და ბევრისთვის მოულოდნელად, სანაცვლოდ დანი ალვეში "გაწირა". პიკესთან ერთად, დაცვაში მასკერანო და პუიოლი გამაგრდნენ და ამგვარად, "ბარსას" თანამედროვე ფეხბურთისთვის უიშვიათესი ტაქტიკური სქემა, 3-3-4 (დეტალურად: 3-1-2-3-1) გამოუვიდა. საკმაოდ მოულოდნელი იყო სასტარტოში წინა ხაზზე ახალგაზრდა კვენკას გამოჩენაც.
"ჩელსის" თავკაცმა რობერტო დი მატეომ კი პირველი მატჩის დარი ტაქტიკა და ძირითადი შემადგენლობა აირჩია - ერთადერთი თავდამსხმელი ისევ დიდიე დროგბა გახლდათ.
ანალიზი
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "ბარსამ" თამაში იშვიათი ტაქტიკით, 3-3-4-ით დაიწყო. სქემატურად, ყველაზე წინ ალექსის სანჩესი იყო გამწესებული, მის უკან კი ფაბრეგასი/მესი/კვენკას ტრიო მოქმედებდა. კატალონიელებმა ლონდონელები თავიდანვე უკომპრომისოდ დაწნეხეს - "ჩელსის" ფეხბურთელები კი, როგორც მოსალოდნელი იყო, თავს იცავდნენ - ასევე უკომპრომისოდ, რადგან ინგლისელთა საჯარიმოში უმეტესად ათი ლონდონელი იდგა.
საყრდენი ნახევარმცველები, მიკელი და მეირელეში, რიგრიგობით ლიბეროებადაც კი გვევლინებოდნენ, ხოლო მატა, ლემპარდი და რამირესი კლასიკურ საყრდენებად. ისევე, როგორც პირველ მატჩში, თვით დროგბაც მეტწილად დაცვას ეხმარებოდა და შესაბამისად, "ბარსელონას" მიეცა იმის საშუალება, რომ მხოლოდ შეტევებზე ყოფილიყო კონცენტრირებული.
სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვნახეთ "ბარსასთვის" დამახასიათებელი, ხელბურთის მატჩის სტილში შესრულებული კომბინაციები "ჩელსის" საჯარიმოს მისადგომებთან.
ცხადი იყო, რომ "ჩელსის" დაცვა "ბარსას" დიდხანს ვერ გაუძლებდა, რადგან კატალონიელები უფრო და უფრო აზრიანად უტევდნენ, ლონდონელები კი ასეთი უკომპრომისო დაცვით უფრო და უფრო იღლებოდნენ და იფიტებოდნენ. პირველი გოლის დროს საგოლე პასის ავტორ კვენკას არავინ მეურვეობდა, მეორე გოლის დროს კი, "ჩელსის" უკანახაზელები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნაში შეცდნენ.
ტერის გაძევებამ არაფერი შეცვალა, გარდა იმისა, რომ "ჩელსის" ფეხბურთელები უფრო კონცენტრირებულები გახდნენ, ხოლო რამირესის გოლი, ფაქტობრივად, არაფრისგან გავიდა...
მეორე ტაიმში სურათი მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა. მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ ბარსელონელებსაც დაღლა დაეტყოთ. გვარდიოლამ კვენკა მარცხენა ფლანგზე გადასწია, საიდანაც ეს უკანასკნელი უფრო უხიფათო გახდა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ნელ-ნელა დაიკარგა თვით მესიც.
მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა "ჩელსის" დაცვაში ხვრელებს მაინც მიაგნეს და მესის გაფუჭებულ პენალტს თავი რომ დავანებოთ, გოლამდე სანტიმეტრები აკლდებოდათ: სანჩესის არჩათვლილი გოლის დროს ალვეშმა პასი თამაშგარე მდგომარეობიდან გააკეთა, მესიმ კი 83-ე წუთზე 17 მეტრიდან ბურთი ჩეხის კარის ძელს მოარტყა.
სულ ბოლოს მასირებულ და უკვე ნერვულ შეტევებზე გადასულ კატალონიელებს ფერნანდო ტორესის არსებობა გადაავიწყდათ. ამ უკანასკნელმა კი თავისუფლად ირბინა ვიქტორ ვალდესამდე, "ბარსას" მეკარეს გვერდი აუარა და ცარიელი კარი დალაშქრა - ასე დაფიქსირდა 2:2.
დასკვნა
კაცნაკლულმა ლონდონელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს. იღბალიც მათ მხარეს იყო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწიეს. "ბარსელონაში" კი რაღაც-რაღაცები უნდა შეიცვალოს - როგორც მინიმუმ, კატალონიურ გრანდს ასეთი სიტუაციებისთვის ერთი კლასიკური ცენტრფორვარდი და შეტევების ოდნავ განსხვავებულად განვითარების გეგმა მაინც სჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"