კახა კაჭარავა: ამ სეზონშიც საუკეთესო მაინც ლიონელ მესია!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალი ძალიან დრამატული გამოდგა. 25 აპრილს "რეალი"-"ბაიერნი" იყო და, რა თქმა უნდა, მთელი საფეხბურთო მილეთი ახლა ამ თამაშზე ლაპარაკობს.

ისეთი შეხლა იყო, საკამათო და სამასლაათო ბევრი გააჩინა. ასეთ თამაშს ყველა უყურებს - ზოგი ქომაგობს, ზოგი რაღაცას სწავლობს, ზოგი კი, უბრალოდ, სიამოვნებას იღებს.

სპეციალისტები კი, ალბათ, განსაკუთრებულად, სულ სხვანაირად ჭვრეტენ ასეთი რანგის თამაშებს...

კახა კაჭარავა, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:
"რეალის" ქომაგი ვარ, მაგრამ რეალურად უნდა შევხედო სიტუაციას - მადრიდელებმა კარგად ჩაატარეს შეხვედრის პირველი 20-25 წუთი, მერე კი რა
მოხდა, ჩემთვის ძნელი სათქმელია.

მე მაინც მგონია, რომ თავი იჩინა გერმანულმა ხასიათმა და დისციპლინამ. მიუნხენელებმა მალევე გაუშვეს ორი გოლი, მაგრამ გუნდი მაინც არ გატყდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ 2:0-ის შემდეგ შეხვედრა "ბაიერნის" უპირატესობით მიმდინარეობდა. ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა და აქცენტი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა, "რეალს" კი ორივე ფრონტზე სურდა წარმატების მიღწევა.

არც "ბაიერნი" და არც "ჩელსი" ფინალში შემთხვევით არ გასულან. გერმანელებმა თამაშის ხარისხით მნიშვნელოვნად აჯობეს მადრიდელებს.

ძალიან საინტერესო იყო რობენის და მარსელოს დაპირისპირება. მარსელო შეტევაში კარგად მიდიოდა. დაცვაში ისეთნაირად ითამაშა, რომ რობენი ისე ვერ ბრწყინავდა, როგორც მას შეუძლია. ვერ ვიტყვით, რომ ჰოლანდიელმა მეურვე დაჩაგრა. საბოლოოდ უპირატესობა მაინც რობენის მხარეს იყო.

კარგად გამოჩნდა, რომ "რეალი" თანახმა იყო, დამატებით დროში გადასულიყო მატჩი, "ბაიერნი" კი პირიქით - ძირითად დროში ცდილობდა წერტილის დასმას.

შეიძლება ითქვას, რომ რიბერის ძალიან კარგად არ გამოუვიდა თამაში, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ "ბაიერნის" ყველა ფეხბურთელმა საკუთარი ფუნქცია პირნათლად შეასრულა.

შვაინშტაიგერი საუკეთესო ფორმაში ვერ არის. ისეთი გამორჩეული არ იყო, როგორც იოზილი, თუმცა კლასის და გამოცდილების ხარჯზე ბევრი სასარგებლო გააკეთა "ბაიერნისთვის".

გამიკვირდა, მოურინიომ იოზილი რომ შეცვალა. იოზილი ზედმიწევნით შემქმნელი ფეხბურთელია. ასეთი კი ბოლომდე უნდა იყოს მოედანზე - მე ასე მიმაჩნია. გასაგებია, რომ კაკა ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ ტრავმის შემდეგ ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც "მილანში".

უმეტესობას ეგონა, რომ ფინალში "რეალი" და "ბარსელონა" გავიდოდნენ. "ჩელსი" ათი კაცით რომ დარჩა, სტუმრად ორი გოლი გაუტანა "ბარსელონას".

ლონდონელებმა დაცვითი ფეხბურთი ითამაშესო - გულშემატკივრის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ დი მატეომ თავის ფეხბურთელებს ის დავალება მისცა, რისი გაკეთებაც კარგად შეუძლიათ. მწვრთნელმა ზუსტად გათვალა ყველაფერი.

ხშირად სვამენ ხოლმე ამ კითხვას - უფრო მაინც რამ განაპირობა გუნდის წარმატება, ფეხბურთელებმა თუ მწვრთნელის ფაქტორმა? ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის ერთია - ყველაფერს ფეხბურთელები წყვეტენ.

მწვრთნელის ესა თუ ის გადაწყვეტილებაც რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, თქმა რად უნდა. რატომ შეცვალა გვარდიოლამ ფაბრეგასი კეიტათი? ალბათ, იმიტომ, რომ კეიტა მეორე სართულზე კარგად თამაშობს, მაგრამ კეიტას გამოსვლის შემდეგ "ბარსელონას" მაღალი ჩაწოდებები არ გაუკეთებია. მაშ, რა აზრი ჰქონდა ამ შეცვლას?..

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ გავიდა, ესპანეთის ჩემპიონატშიც სტაბილურად ვერ თამაშობს, მაგრამ ამ სეზონშიც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ისევ მესია.

ის დიდი ინდივიდუალისტია და ამავე დროს, გუნდისთვის თამაშობს. მას ხშირად ქაჩავენ მაისურზე, ფეხებში ურტყამენ, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად იქცევა მოედანზე, არ უბრაზდება მსაჯს, არ ჩხუბობს მეტოქე ფეხბურთელებთან. ის მართლაც სამაგალითოა ახალგაზრდებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული