შტეფან ეფენბერგი: ბასტიან შვაინშტაიგერ, გამოცოცხლდი!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება და "ბაიერნში" ტემპერატურა მატულობს. მიუნხენურმა გრანდმა ევროპის ელიტური საკლუბო ლიგა ბოლოს 2001 წელს მოიგო და მაშინ გუნდის ლიდერი და კაპიტანი შტეფან ეფენბერგი გახლდათ.

"ვალენსიასთან" ტრიუმფიდან 11 წლის შემდეგ 43 წლის ეფემ ჩვენს გერმანელ კოლეგებთან "ჩელსისთან" მატჩზე მისთვის ჩვეულ სტილში, ძალიან მკაცრად ისაუბრა.

ეფენბერგის მოსაზრებებიდან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შტეფანის აზრით, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას, მიუნხენურ გრანდს მომავალი სეზონისთვის აუცილებლად სჭირდება გაძლიერება.

"ჩელსის" დამარცხებით და ჩემპიონთა ლიგის მოგებით "ბაიერნს" ამ სეზონის გადარჩენა
შეუძლია და წარმატება საკმაოდ რეალურია, მაგრამ არ მინდა, რომ შესაძლო ტრიუმფმა ფეხბურთელები, ხელმძღვანელები და ფანები ეიფორიაში ჩააგდოს, რაც დამაბრმავებელი იქნებოდა.

ბუნდესლიგამ ცხადად დაგვანახვა, რომ "ბაიერნში" რაღაც-რაღაცები შესაცვლელია, გუნდის გასაძლიერებლად გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი,"
- უთხრა ეფემ საინფორმაციო სააგენტო SID-ს.

შტეფანმა "ბაიერნის" ხელმძღვანელების ბოლოდროინდელი სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა: "იმ მოთამაშეებს, რომლებიც რეკორდმაისტერმა ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე შეიძინა, არაფერი დაეწუნებათ, მაგრამ ძალიან არ მომწონს ის, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები თავს ძალიან მშვიდად გრძნობენ, რაც გუნდზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

კონკურენცია ნებისმიერი ამბიციური გუნდისთვის აუცილებელია. ასე რომ, ჩემი აზრით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებს ზაფხულში ბევრი საქმე ექნებათ. ძალიან მაინტერესებს, რა ნაბიჯებს გადადგამს რეკორდმაისტერი იმისათვის, რომ მომავალ სეზონში დორტმუნდის "ბორუსიას" ორწლიანი ჰეგემონია დაამხოს".


ამბიციური გრანდი მუდმივად ერთი ტაქტიკით არ უნდა თამაშობდეს
ეფეს არც ის მოსწონს, რომ "ბაიერნი" მუდმივად ერთი ტაქტიკური სქემით თამაშობს: "ისეთ ამბიციურ გუნდს, როგორიც ბავარიული გრანდია, რამდენიმე ტაქტიკა უნდა ჰქონდეს დამუშავებული და სქემის შეცვლა არა მარტო თამაშიდან თამაშამდე, არამედ უშუალოდ ერთ კონკრეტულ შეხვედრაშიც უნდა შეეძლოს.

დღევანდელი "ბაიერნი" თავისი უცვლელი 4-2-3-1-ით ყველასათვის გასაგებ ფეხბურთს თამაშობს და მოულოდნელობის ეფექტის შექმნა არ შეუძლია.

დაუშვებელია ის, რომ "ბაიერნის" მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ყველა მატჩში იმის იმედი აქვს, რომ მეტოქე გუნდის ფლანგის მცველები რობენს და რიბერის ვერ შეაჩერებენ. ტაქტიკა და სტრატეგია მოქნილი უნდა იყოს".


"ბაიერნის" ძველი "შეფი" "ჩელსისთან" ფინალისთვის ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას, როგორც მოსალოდნელი იყო, ბასტიან შვაინშტაიგერს აკისრებს - ეფენბერგს მიაჩნია, რომ რეკორდმაისტერის სული და გული სწორედ შვაინია, რომელსაც გამოცოცხლება მართებს.

კითხვაზე, არის თუ არა შაბათს გასამართი ფინალი შვაინშტაიგერის სიმწიფის უმთავრესი ტესტი, ეფემ ასე უპასუხა: "დიახ! ოდესმე ხომ უნდა მოგვევლინოს ნამდვილ ლიდერად? ფანებს, პირველ რიგში, არა რობენის ან რიბერის, არამედ სწორედ შვაინშტაიგერის იმედი აქვთ! ბასტიანი უკვე ისეთ ასაკშია, რომ დრო აღარ აქვს - სწორედ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ ლიდერია.

საინტერესოა, რამდენად მოახერხებს მოედნის ცენტრში ტემპის დარეგულირებას. შვაინშტაიგერმა "ჩელსისთან" ინტელიგენტურად და ჭკვიანურად უნდა ითამაშოს!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული