- ჰერ კან, როგორ ფიქრობთ, იქონიებს თუ არა გავლენას "ბაიერნზე" გერმანიის თასის ფინალში განცდილი კრახი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ?
- გააჩნია, რას ფიქრობენ "ბაიერნის" ფეხბურთელები ამ დღეებში: რამდენად იოლად გადაიტანეს დორტმუნდის "ბორუსიასთან" შერცხვენა. ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი რამის უფლება არ აქვთ.
- რას გულისხმობთ?
- მათ არ უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვა "რატომ". არ უნდა გადაიტვირთონ თავები იმაზე ფიქრით, თუ რატომ განადგურდნენ
არამედ თავში მხოლოდ ერთი რამ უნდა ჰქონდეთ: უნდა იფიქრონ იმაზე, რისი მიღწევაც "ჩელსისთან" გამარჯვებით შეუძლიათ. ჩემპიონთა ლიგა ყველა საკლუბო ტურნირზე მაღლა დგას და ფეხბურთის ისტორიას არაერთი ისეთი სუპერვარსკვლავი ახსოვს, ვინც ამ თასის მოგება ვერ მოახერხა.
კარგი იქნება, თუ ბაიერნელები ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე განცდილი კრახის ანალიზს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დაიწყებენ.
- "დორტმუნდია" ასეთი ძლიერი, თუ "ბაიერნია" ასე სუსტი?
- სხვათა შორის, გერმანიის თასის ფინალში დორტმუნდელებს ბრწყინვალე ფეხბურთი ნაღდად არ უჩვენებიათ.
უბრალოდ, გუნდური ფეხბურთი აჩვენეს და ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად ეხმარებოდნენ.
ბაიერნელებმა კი უამრავი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს. ეს განსაკუთრებით დაცვის ხაზს ეხება, რაც პრინციპში, არც მიკვირს, რადგან ალაბა, ბოატენგი და ბადშტუბერი ჯერ კიდევ ძალიან გამოუცდელები არიან. როგორც ჩანს, "ბაიერნის" ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ იმ ფაქტთან შეგუება, რომ არსებობს გუნდი, რომელმაც რეკორდმაისტერი ზედიზედ ხუთჯერ დაამარცხა და შექმნილ რეალობას არაადეკვატურად უდგებიან.
ასეთ დროს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ორმაგად დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთ შემთხვევაში ბაიერნელები იტყვიან, ევროპაში საუკეთესოები ვართ და "დორტმუნდს" მომდევნო მატჩში აუცილებლად მოვუგებთო.
- ანუ "ბაიერნს" "დორტმუნდთან" გარკვეული კომპლექსი გამოუმუშავდა?
- ასეა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალოს.
- რა შანსი აქვს გერმანულ გრანდს "ჩელსისთან"?
- სხვათა შორის, ლონდონურ კლუბშიც გაორებული განწყობაა: "ჩელსიმ" პრემიერლიგაში ცუდად იასპარეზა, სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ლონდონელებსაც აწუხებთ კომპლექსები და ისიც კარგად ახსოვთ, რომ 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ტრაგიკულად წააგეს.
ანუ "ჩელსი" დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩვენ ვიყავით 2001 წელს, როცა კარგად გვახსოვდა 1999 წლის ტრაგიკული ფინალი. ცხადია, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ბაიერნელებმა იფიქრონ, "ჩელსი" საშუალო დონის გუნდიაო, მაგრამ პირადად მე არა მგონია, რომ ასე მოხდეს.
- თქვენი პროგნოზი?
- კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ ფინალის მოგება ორივე გუნდს ხელეწიფება. "ბაიერნი" არასტაბილურია, რაც ამ გუნდისთვის უჩვეულოა – რეკორდმაისტერი ჯერ "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან აგდებს, მერე კი "დორტმუნდთან" 2:5-ზე ნადგურდება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"