- ფინანსური თვალსაზრისით, ბუნდესლიგაში ისინი ყველას აღემატებიან. ამ მხრივ ის ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელსაც მდიდარ ინგლისურ კლუბებთან კონკურენცია შეუძლია. ბოლო 40 წლის განმავლობაში მიუნხენელები მუდმივად ლიდერთა შორის იმყოფებიან.
გერმანული ფეხბურთისთვის არატიპური მოვლენაა, როცა კლუბს ერთბაშად შეუძლია 20-30 მილიონი ევროს დახარჯვა ფეხბურთელებში.
რაკი ლიდერადაა აღიარებული, ეს მასზე განსაკუთრებული ზეწოლის საფუძველი ხდება ხოლმე.
გულშემატკივრები მათგან მხოლოდ ჩემპიონობას ითხოვენ.
გუნდი გამოკვეთილი გარემარბებითა და თავდამსხმელის უკან მყოფი ერთი შემტევით თამაშობს. დაცვის ხაზის წინ კი ორი საყრდენი მოქმედებს, რომელთაგან მხოლოდ ერთს აქვს შეტევაში ჩართვის უფლება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "ბაიერნის" შემადგენლობაში რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა. ისინი უკვე მაღალ დონეზე თამაშობენ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რანაირად ახერხებს გერმანიის ნაკრები ასეთ წარმატებულ თამაშს.
მანუელ ნოიერი 19 წლის იყო, როცა "შალკეში" დებიუტი ჰქონდა. "ბაიერნმა" მასში ძალიან დიდი ფული გადაიხადა. ნოიერი გერმანიაში ნამდვილად ნომერი პირველი მეკარეა. ის კარგად თამაშობს ფეხით და მშვენიერი გრძელი გადაცემებიც ეხერხება.
ფილიპ ლამი აქამდე მარცხენა მცველად თამაშობდა, მაგრამ გუნდს დაცვაში პრობლემები ჰქონდა და კაპიტანმა მარჯვენა მხარეს გადაინაცვლა.
ამ ფლანგს ის იოლად აკონტროლებს განსაკუთრებით მაშინ, როცა მასთან ერთად არიენ რობენი თამაშობს. ის საკმაოდ ტექნიკურია და კარგად თამაშობს დაცვაში. უკანა ხაზში "ბაიერნს" ჯერომ ბოატენგიც ეყოლება. მას, ალბათ, ყველა იცნობს "მანჩესტერ სიტიში" თამაშის წყალობით.
"ბაიერნს" კარგი შემტევი ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ ფინალში გუნდს შეიძლება დაცვითი ტიპის შუახაზელები დააკლდნენ. მიუნხენელებს ამ მხრივ ყველაზე დიდი იმედი, ალბათ, ბასტიან შვაინშტაიგერის უნდა ჰქონდეთ. ისინი ძალიან ძლიერები არიან თავდასხმაში. არიენ რობენის დამატებით წარდგენა არავის სჭირდება.
ჰოლანდიელს არათანაბარი სეზონი ჰქონდა, მაგრამ "რეალთან" მან ბრწყინვალედ ითამაშა. ფრანკ რიბერის, პირიქით, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.
ძირითადად, სწორედ ის უქმნის მომენტებს რობენს, მას კი გოლები გააქვს. ფრანგი მოედნის ცენტრში ხშირად იწევს და ამით მეტად სახიფათო ხდება. სტანდარტული მდგომარეობებისას კი რობენს ხშირად ფლანგებს უცვლის.
მარიო გომესი ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ის გერმანიის საუკეთესო გოლეადორია, კარგად თამაშობს თავით და ორივე ფეხით თითქმის თანაბრად ეხერხება დარტყმა.
როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე თასზე 5:2-ს აგებ, ეს ყოველთვის ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქოლოგიურად.
"ჩელსის" 4 ფეხბურთელი არ ეყოლება, მაგრამ ლონდონელებს გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ.
მიუნხენელებს კი ჰოლგერ ბადშტუბერი და დავიდ ალაბა ძალიან დააკლდებიან. საშინაო სტადიონზე "ბაიერნის" დამარცხება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ამის შანსი არსებობს. ფინალში მე "ჩელსის" ვუგულშემატკივრებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"