ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბოატენგი, კონტენტო - შვაინშტაიგერი, კროოსი - რობენი, თ. მიულერი (86. ვან ბუიტენი), რიბერი (97. ოლიჩი) - გომესი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბოსინგვა, დავიდ ლუისი, გ. კეჰილი, ე. კოული - მიკელი, ლემპარდი - კალუ (84. ტორესი), მატა, ბერტრანი (73. მალუდა) - დროგბა.
95-ე წუთზე რობენმა (ბაიერნი) ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
გოლები: 1:0 თ. მიულერი (83), 1:1 დროგბა (88)
პენალტების სერია: 1:0 ლამი, 1:0 მატა (მეკარე), 2:0 გომესი, 2:1 დავიდ
გაფრთხილება: შვაინშტაიგერი - ე. კოული, დავიდ ლუისი, დროგბა, ტორესი
კუთხური: 20-1; ჯარიმა: 14-26; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 43(7)-9(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 62 500
კარლო ანჩელოტი, გუუს ჰიდინკი, თვით ჟოზე მოურინიო - ეს იმ დიდი მწვრთნელების ჩამონათვალია, რომლებიც რომან აბრამოვიჩის ფორმაციის, ანუ ძალიან მდიდარ "ჩელსის" წვრთნიდნენ და მათ ლონდონურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა ვერ მოაგებინეს.
მთავარ მწვრთნელად მუშაობაში აბსოლუტურად გამოუცდელმა რობერტო დი მატეომ კი შეუძლებელი შეძლო და აბრამოვიჩს ოცნება აუსრულა! უცნაურია, არა? მეტიც, შაბათს მიუნხენის "ალიანს არენაზე" მომხდარს ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია, პარადოქსიც კი ვუწოდოთ...
"ჩელსის" გამარჯვება კი პარადოქსი არ არის! ნეაპოლში განცდილი მარცხის შემდეგ ლონდონელებმა ხომ მართლაც უდიდესი პროგრესი განიცადეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნახევარფინალიდან თვით "ბარსელონა" დაიფრინეს.
"ჩვენი ქალაქი, ჩვენი სტადიონი, ჩვენი თასი!" - მიუნხენელი ქომაგების ოცნება ლეგიტიმური გახლდათ და რეკორდმაისტერს ტრიუმფისთვის ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი.
მაგრამ არიენ რობენმა ჯერ კიდევ თამაშის დროს ვერ გაიტანა პენალტი, მარიო გომესმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გაატანა ქარს, პენალტების სერიაში კი ნერვებმა ივიცა ოლიჩს და ბასტიან შვაინშტაიგერს უმტყუნეს. "ჩელსის" კი ორი გმირი ჰყავდა: დიდიე დროგბა, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება იმ დროს მოახერხა, როცა ამის აღარავის სჯეროდა და გადამწყვეტი პენალტიც უნაკლოდ შეასრულა და პეტრ ჩეხი, რომელმაც თამაშის დროს ლონდონელები არაერთხელ გადაარჩინა, დამატებით დროში რობენის პენალტი აიღო, თერთმეტმეტრიანებში კი ოლიჩის დარტყმული მოიგერია.
"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო და ეს უკვე დიდი გუნდია. "ბაიერნმა" კი ჩემპიონთა ლიგაში პირველად წააგო პენალტების სერია...
რეაქციები
რობერტო დი მატეო ("ჩელსის" მწვრთნელი): "ნაპოლისთან" საპასუხო მატჩის წინ ამას ვერც კი წარმოვიდგენდი - ეს საღამო ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება! "ბაიერნმა" ძალიან კარგად ითამაშა, მიუნხენელებმა ჩვენზე მეტი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ჩვენ უფრო გაგვიმართლა, ვიდრე გერმანულ გრანდს.
მიუხედავად ამისა, ვერავინ იტყვის, რომ "ჩელსიმ" დაუმსახურებლად მოიგო. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და შრომა დაგვიფასდა. ახლა კი არნახული ზეიმის დროა".
პეტრ ჩეხი (ჩელსი): "არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა, ჩემი ტვინი აღარ ფუნქციონირებს. ეს ფანტასტიკაა, "დას ისტ ფანტასტიშ"! ფეხბურთი საოცარი სპორტია, ფეხბურთი გადასარევია! 2008 წელს პენალტების სერიაში წავაგეთ, ახლა კი მოვიგეთ.
ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ იმ სეზონში, რომელშიც პრემიერლიგაში საშინლად გამოვიყურებოდით - ეს დაუჯერებელია!"
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "მთელ რიგ ეპიზოდებში ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ასე არ შეიძლება! ამდენი შანსის გამნიავებელი გუნდი ყოველთვის ისჯება ხოლმე და ჩვენც დავისაჯეთ.
პენალტების სერიაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ეს ლატარიაა. "ჩელსის" გაუმართლა, მაგრამ ლონდონელებმა მაგრად იბრძოლეს და ითამაშეს ისე, როგორც შეეძლოთ.
"ჩელსის" გამარჯვებას ვულოცავ!" ჩვენი წარუმატებლობა მხოლოდ ჩვენი ბრალია, რადგან უამრავი ვერ გამოვიყენეთ.
თომას მიულერი იმიტომ შევცვალე, რომ ეს მან მთხოვა - მეტი აღარ შეეძლო. ნოიერმა პენალტის დარტყმა თვითონ მოითხოვა და მიხარია, რომ გაიტანა. დი მატეოს ვულოცავ! მე რომ "ჩელსის" მფლობელი ვიყო, რობერტოს ახლავე, მინიმუმ, სამწლიან კონტრაქტს გავუფორმებდი!
მანუელ ნოიერი (ბაიერნი): "ყველანაირი ლოგიკის მიხედვით, ჩვენ უნდა მოგვეგო. სამი "მატჩბოლი" გვქონდა და ვერცერთი გამოვიყენეთ! იმედგაცრუებულები ვართ. ვინც თამაშს უყურა, ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო. გასახდელში სამარისებური სიჩუმე იყო, საშინელება მოხდა."
ული ჰიონესი ("ბაიერნის" პრეზიდენტი): "არ ვიცი, ვერაფრით ამიხსნია, რატომ დავმარცხდით. ანგარიში იდეალურ მომენტში გავხსენით და ვფიქრობ, ძირითად დროშივე უნდა მოგვეგო, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, დამატებით დროში პენალტი მოვიპოვეთ და ვერ გავიტანეთ. პენალტების სერიაც იდეალურად დაიწყო და არ ვიცი, მართლა ვერ ვხვდები, როგორ წავაგეთ ეს ფინალი".
ფრანც ბეკენბაუერი ("ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი): "პენალტების სერიაში იღბალია საჭირო და დღეს "ჩელსის" გაუმართლა.
"ბაიერნი" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და ბოლოსღა გატყდა. ძირითად დროში ამდენი მომენტის ვერგამოყენების გამო პენალტების სერიის წინ გული ცუდს მიგრძნობდა..."
ტაქტიკა-სტრატეგია
"ბაიერნის" ტაქტიკა და ძირითადი შემადგენლობა გამოვიცანით: როგორც მოსალოდნელი იყო, იუპ ჰაინკესმა ალაბა კონტენტოთი შეცვალა, ბადშტუბერი ტიმოშჩუკით, ხოლო ლუის გუსტავო კი თომას მიულერით, რომელმაც გამთამაშებლის პოზიცია დაიკავა, საყრდენად კი კროოსმა გადაინაცვლა.
ამრიგად, "ბაიერნს" შეტევაზე ორიენტირებული ნახევარდაცვა გამოუვიდა. ვან ბუიტენი ოთხთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ რეკორდმაისტერის განაცხადში პირველად გამოჩნდა.
"ჩელსის" თავკაცმა რობერტო დი მატეომ კი სიურპრიზი შემოგვთავაზა: მარცხენა გარემარბად არა სტარიჯი, არამედ აბსოლუტურად გამოუცდელი და ბევრისთვის უცნობი ბერტრანი გაამწესა.
TOP-ფეხბურთელები
პეტრ ჩეხი, დიდიე დროგბა (ჩელსი)
უეფას ოფიციალური ვერსიით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დიდიე დროგბა გახდა. კოტ დ’ივუარელი მართლაც ბრწყინვალე იყო, მაგრამ ჩვენ არც პეტრ ჩეხს დავუკარგავთ დამსახურებას - მეტიც: ვფიქრობთ, რომ ლონდონელთა გამარჯვებაში ჩეხმა დროგბაზე არანაკლები (თუ მეტი არა) წვლილი შეიტანა. დროგბამ ანგარიში გაათანაბრა და გადამწყვეტი პენალტი შეაგდო; ჩეხმა კი ჯერ ძირითად დროში იხსნა თანაგუნდელები რამდენჯერმე, მერე დამატებით დროში რობენის პენალტი მოიგერია, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ოლიჩსაც აუღო. "ჩელსის" ბრწყინვალე მეკარე ჰყავს!
FLOP-ფეხბურთელი
მარიო გომესი (ბაიერნი)
"ბაიერნის" ბომბარდირმა გოლის გატანის ორი იდეალური შანსი ვერ გამოიყენა და მთელი მატჩის განმავლობაში დაკარგული იყო. გარდა ამისა, გომესმა კეჰილს და ლუისს ორთაბრძოლებში ვერაფერი მოუხერხა და ძალიან ცუდადაც იხსნებოდა. ფაქტია, ეს არ იყო მარიოს დღე და წესით, ჰაინკესს ის უნდა შეეცვალა, მაგრამ "დონ იუპს" მარიოს ხეირიანი ალტერნატივა არ ჰყავს - საერთაშორისო დონეზე აბსოლუტურად გამოუცდელი პეტერსენის გამოყვანას ისევ გომესის ბოლომდე ნდობა სჯობდა.
მსაჯი
თამამად ვიტყვით: პორტუგალიელმა პედრო პროენსამ ძალიან კარგად იმსაჯა. შვაინშტაიგერს მეორე წუთზე სამართლიანად უჩვენა ყვითელი ბარათი და სამართლიანად დანიშნა ის პენალტი, რომელიც რობენმა ვერ გაიტანა. პორტუგალიელი მთელი მატჩის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა, არც რთული ორთაბრძოლების შეფასებისას შემცდარა და დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის არბიტრია.
ანალიზი
"ბაიერნმა" "ჩელსი" თავიდანვე დაწნეხა. მიუნხენელები აქცენტს მარცხენა ფლანგზე აკეთებდნენ: კონტენტომ დასაწყისში ორიდან ორი ორთაბრძოლა მოიგო და დაამტკიცა, რომ თავდაჯერებული იყო; ხოლო რიბერიმ "ჩელსის" უკანახაზელები რამდენჯერმე აანერვიულა. პირველ წუთებში ტემპი საკმაოდ მაღალი გახლდათ და სხვათა შორის, ლონდონელები საკუთარ საჯარიმოს არ მიეჯაჭვნენ - დი მატეოს შეგირდები ბურთის მიღების შემდეგ შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ.
ჰაინკესს პლუსად უნდა ჩავუთვალოთ ის, რომ "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველები, რიბერი, მიულერი და რობენი ადგილებს ხშირად ცვლიდნენ, რითაც "ჩელსის" უკანახაზელებს, დიახაც, აბნევდნენ.
"ჩელსი" თავს ღრმად და კომპაქტურად კი იცავდა, მაგრამ მცველებსა და ნახევარმცველებს შორის მაინც ჩნდებოდა დერეფნები, მაგრამ "ბაიერნმა" ამით ხეირი ვერ ნახა, რადგან შვაინშტაიგერი და კროოსი ვერ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე.
მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში რეკორდმაისტერი თვალსაჩინო უპირატესობას ფლობდა და მოედანზე განვითარებულ მოვლენებს სრულად აკონტროლებდა.
როცა ბურთს ლონდონელები ჩაიგდებდნენ, მიუნხენელთაგან ბურთიან ფეხბურთელს უმეტესად ორი მოთამაშე აწუხებდა, რაც "ჩელსის" მეტწილად ბურთის დაკარგვის ფასად უჯდებოდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ პირველ ტაიმში მიუნხენელებმა ლონდონელთა კარისკენ 13-ჯერ დაარტყეს, მაგრამ აქედან ზუსტი მხოლოდ ორი დარტყმა იყო.
თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეიცვალა. "ჩელსიმ" კვლავ უარი თქვა შემტევ ფეხბურთზე და როცა ბურთი ლონდონელებს ჰქონდათ, შეტევის განვითარებისთვის უმეტესად მხოლოდ ორიდან ერთ ვარიანტს ირჩევდნენ: ან წინ მაღალი პასი კეთდებოდა, ანაც ლემპარდი უპასებდა დროგბას.
უმეტესად "ბაიერნი" უტევდა, მაგრამ პრობლემებით - მიუნხენელებს ბოლო პასის გაკეთება ძალიან უჭირდათ.
დაახლოებით 65-ე წუთიდან "ჩელსიმ" უფრო უკან დაიხია და შეხვედრა ნელ-ნელა "ბარსელონა"-"ჩელსის" ნახევარფინალს დაემსგავსა: ბავარიელები უტევდნენ, მაგრამ საქმე კარში დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ.
დაახლოებით მე-80 წუთიდან დაიწყო ფაზა, როცა "ჩელსიმ" მეტი გარისკა და თომას მიულერმა ანგარიში სწორედ ამ დროს გახსნა. მერე კი იყო კუთხური და დროგბას გოლი: დიდიემ, რომელიც მანამდე თითქმის საერთოდ ჩანდა, თავისი კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
დამატებით ტაიმებში "ჩელსი" უფრო თავისუფლად თამაშობდა - ლონდონელები კიდევ უფრო მეტ რისკზე მიდიოდნენ და, ასე ვთქვათ, უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანის შანსი ისევ "ბაიერნს" მიეცა - დროგბას უაზრო ფოლის გამო დანიშნული პენალტი რობენმა ვერ გაიტანა.
ამის შემდეგ "ჩელსიმ" საბოლოოდ მოაწერა ხელი პენალტების სერიაზე - ლონდონელებს შეტევაზე სერიოზულად აღარ უფიქრიათ. "ბაიერნს" კი კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი, რომელიც შეცვლაზე შესულმა ოლიჩმა ვერ გამოიყენა.
რიბერის მოედნიდან გასვლის შემდეგ რეკორდმაისტერის შეტევები მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, მაგრამ რობენმა ეშლი კოულს და კომპანიას ვერაფერი მოუხერხა.
პენალტების სერია ბავარიელთათვის ძალიან კარგად დაიწყო (მატას ნოიერმა აუღო), მაგრამ მერე ჩეხმა ოლიჩის დარტყმული მოიგერია, ლონდონელები კი აღარ შეცდნენ და ბოლოს შვაინშტაიგერის გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა დროგბას "ოქროს პენალტის" გატანის შანსი მისცა, რომელიც დიდიემ ნერვაუტოკებლად გამოიყენა.
დასკვნა
თუკი "ჩელსის" ტაქტიკამ "ბარსელონასთან" გაამართლა, რატომ არ უნდა გაემართლებინა "ბაიერნთან"? ჰო, ლონდონელებს კიდევ ერთხელ გაუმართლათ, მაგრამ მიუნხენელებმა მარცხი მხოლოდ თავიანთ თავს, ან გომესს და რობენს უნდა დააბრალონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დღეს ჩელსი არ არის ევროპის საუკეთესო გუნდი!