მესი ყაზანშია, რუნი სახლში, მილიტო უხასიათოდ, არნაუტოვიჩი კბილებს ილესავს...

AutoSharing Option

A ჯგუფი
ინტერი-ვერდერი


პირველი ტურის შემდეგ, A ჯგუფში ოთხივე გუნდს აბსოლუტურად თანაბარი მონაცემები აქვს - თითო-თითო ქულა და ბურთების შეფარდება 2:2. ორი კვირის წინ, საკუთარ "ვეზერშტადიონზე" "ტოტენჰემს" რომ დაუზავდა, ის "ვერდერი" დღეს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, მილანის "ინტერს" სტუმრობს. უნდა ითქვას, რომ სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ, ბრემენულ კლუბში ვითარება გამოსწორდა და თომას შააფს კოლექტივში ახლა საკმაოდ კარგი განწყობა აქვს. "მუსიკოსებზე" ეს განსაკუთრებით მას მერე ითქმის, რაც გასულ უქმეებზე ჩრდილოეთის დერბი ("ჰამბურგთან" 3:2) მოიგეს. "ინტერმა" სერია A-ში "რომასთან" მარცხი იწვნია და

ბრემენულ კლუბს სილაგარტყმული ხვდება. თუმცა "ვერდერს" ქულისთვის ბრძოლაც კი ძალიან უნდა გაუჭირდეს, რადგან გერმანულ კლუბს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს.

"ვერდერის" ყველაზე პრობლემატური ზონა დაცვის ხაზია, სადაც ბიონიშის, პასანენისა და ნალდოს შემდეგ, ტრავმა მარჯვენა მცველმა კლემენს ფრიტცმაც მიიღო. კიდევ კარგი, რომ ერთი კვირის წინ პერ მერტეზაკერი გამოჯანმრთელდა, თორემ შააფს უდიდეს ექსპერიმენტებზე წასვლა მოუწევდა და სხვათა შორის, ისედაც მიდის ექსპერიმენტზე, რადგან იძულებულია, დაცვის მარჯვენა ფლანგზე ამპლუით გამთამაშებელი ვესლი გაამწესოს. "ვერდერის" პრობლემები ამით არ ამოწურულა: ორშაბათს გაირკვა, რომ ბრემენულ კლუბს მილანში კაპიტანი ტორსტენ ფრინგსი და მთავარი თავდამსხმელი კლაუდიო პისაროც ვერ გაჰყვებოდნენ. პირველს "მარადმწვანე სათადარიგო" დანიელ იენსენი შეცვლის, მეორეს კი უგო ალმეიდა, რომელიც წინა ხაზში მარკო არნაუტოვიჩს შეუწყვილდება. ეს უკანასკნელი კი "ინტერის" წინააღმდეგ განსაკუთრებით მოტივირებული იქნება, რადგან გასულ სეზონში "ტვენტედან" სწორედ "ინტერში" იყო განათხოვრებული...

რაც შეეხება "ინტერს" - რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შარშანდელ ტრიუმფატორს წელს დაცვაში უჭირს. "ნერაძურის" ყველა მატჩში ეტყობა, რომ ვალტერ სამუელი და ხავიერ ძანეტი ტრავმირებულები არიან. წინა ხაზში კი მილანურ გრანდს "მკვლელის ინსტიქტი" აკლია, რადგან დიეგო მილიტოა ცუდ ფორმაში. მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა არგენტინელი ფორვარდი სერია A-ს მეხუთე ტურში მოედნიდან ნაადრევად მეოთხედ გაიყვანა...

სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, კორდობა, კივუ - სტანკოვიჩი, კამბიასო - პანდევი, სნეიდერი, ეტოო - დ. მილიტო.
ვერდერი (4-2-2-2): ვიზე - ვესლი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - დ. იენსენი, ბარგფრედე - ჰანტი, მარინი - არნაუტოვიჩი, უგო ალმეიდა.
არნიტრი: უნდიანო მალენკო (ესპანეთი)


ტოტენჰემი-ტვენტე
"უაით ჰართ ლეინზე" ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აქამდე არასდროს აჟღერებულა და დღეს ეს პირველად მოხდება: "ტოტენჰემი" მასპინძლობს ჰოლანდიურ "ტვენტეს", რომელსაც ინგლისურ კლუბებთან ძალიან უარყოფითი ბალანსი (0/1/5) აქვს. ინგლისურ კლუბს საკმაოდ მძიმე კვირა ჰქონდა: ჯერ იყო და, ჰარი რედნაპის გუნდი ლიგის თასზე "არსენალთან" 1:4 დამარცხდა, მერე კი პრემიერლიგაში "ვესტ ჰემთან" მატჩის სახით, მეორე დერბიც წააგო (0:1). აი, ჰოლანდიის ჩემპიონს კი უკეთესი უქმეები ჰქონდა: "ტვენტემ" შაბათს "აიაქსთან" 2:2 ითამაშა.

"ბრემენში ფრით კმაყოფილი ვიყავი, "ტვენტესთან" კი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. "ტოტენჰემს" საკუთარ მოედანზე ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, ოთხშაბათს სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ," - ეს რედნაპის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-4-1-1): კუდიჩინი - ჰატონი, ჩორლუკა, ბასონგი, ასუ-ეკოტო - ლენონი, ჰადლსტოუნი, მოდრიჩი, ბეილი - ვან დერ ვაარტი - კრაუჩი.
ტვენტე (4-3-3): მიჰაილოვი - როსალესი, დუგლასი, ვისგერჰოფი, კუიპერი - ბრამა დე იონგი, იანსენი - რუისი, იანკო, ჩადლი.
არბიტრი: ტერიე ჰაუგე (ნორვეგია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ვერდერი 1 0 1 0 2-2 1
2. ტვენტე 1 0 1 0 2-2 1
3. ინტერი 1 0 1 0 2-2 1
4. ტოტენჰემი 1 0 1 0 2-2 1


B ჯგუფი

ჰაპოელი-ლიონი
თამამად უნდა ვთქვათ, რომ "ლიონი" უმძიმეს კრიზისშია. ამ უქმეებზე "ოლიმპიკმა" "სენტ ეტიენთან" ლოკალური დერბი წააგო (0:1) და 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვს, რის გამოც საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაშია. არადა, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "ლიონს" "სენტ ეტიენთან" 1993 წლის შემდეგ აღარ ჰქონდა წაგებული. შესაბამისად, "ლიონის" თავკაცი კლოდ პუელი უკვე დენთის კასრზე ზის. თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ჟან-მიშელ აულამ "სენტ ეტიენთან" მატჩის შემდეგ, მწვრთნელს მხარი დაუჭირა და განრისხებულ ქომაგებს მიკროფონით ასე მიმართა: "რატომ უნდა გავაგდო პუელი? წლებია, რაც "სენტ ეტიენთან" დერბის მუდმივად ვიგებდით. დღეს კი წავაგეთ, მერე რა მოხდა? ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში უნდა ვითამაშოთ, "სენტ ეტიენის" ფეხბურთელები კი ამ ტურნირს მარტო კომპიუტერში თამაშობენ..."

ჩემპიონთა ლიგაში პუელის გუნდს სამი ქულა აქვს, რადგან პირველ ტურში "შალკე" დაამარცხა, ახლა კი თელ ავივის "ჰაპოელს" სტუმრობს.

სავარაუდო შემადგენლობები
ჰაპოელი (4-4-2): ენიემა - ბონდარვი, სილვა, ფრანსმანი, დედი - ვერმუთი, როკი, იადინი, ზაჰავი - საჰარი, შეხტერი.
ლიონი (4-3-3): ლორისი - რევეილერი, დიაკიტე, ლოვრენი, სისოხო - გურკუფი, ტულალანი, კალსტრიომი (ან პიანიჩი) - ბრიანი, გომისი, ბასტოსი.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)


შალკე-ბენფიკა
თუ "შალკეს" ჯგუფიდან გასვლა უნდა, ლისაბონის "ბენფიკასთან" საშინაო მატჩში აუცილებლად სამი ქულისთვის უნდა იბრძოლოს და ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გელზენკირხენულმა კლუბმა სეზონი ამაზრზენად დაიწყო და ბუნდესლიგაში ექვსი ტურის შემდეგ, მხოლოდ ბოლოსწინა (!) ადგილზეა, მთავარი მწვრთნელი ფელიქს მაგათი ამბობს, რომ "ბენფიკასთან" მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს. ისე, ბოლო დროს "შალკე" ცოტათი გამოსწორდა და ბუნდესლიგაში, "ფრაიბურგთან" მოგებას, "გლადბახთან" 2:2 მოაყოლა. მართალია, ეს სულაც არ არის მისასალმებელი შედეგი, მაგრამ მაინც: "ხუმარები" 0:2-ს აგებდნენ და ამოქაჩეს. თანაც, კლაას იან ჰუნტელაარი უკვე სრულფასოვანი "შალკელია", რადგან მის ანგარიშზე სამი გოლია. "გლადბახთან" კი თავისი პირველი გელზენკირხენული გოლი რაულმაც გაიტანა. სამაგიეროდ, ფელიქსმა ვერაფრით დაალაგა დაცვის ხაზი, სადაც მუდმივად ცვლილებებს მიმართავს და იდეალური კვარტეტის ძიებაშია. "ბენფიკასთან" დისკვალიფიცირებული ბენედიქტ ჰიოვედესი ვერ ითამაშებს, რადგან ეს უკანასკნელი ორი კვირის წინ გააძევეს. რაც შეეხება ლისაბონურ კლუბს, "ბენფიკაში" კარდოსოა საშინელ ფორმაში. ამ უქმეებზე პორტუგალიურმა გრანდმა "მარიტიმუ" დაამარცხა (1:0) და იმ მატჩში გამარჯვების გოლი ფაბიო კოენტრაომ შეაგდო.

სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-1-2-1-2): ნოიერი - უჩიდა, პლესტანი, მეტცელდერი, შმიტცი - მატიპი - ჯონსი, რაკიტიჩი - ხურადო - რაული, ჰუნტელაარი.
ბენფიკა (4-1-2-1-2): რობერტო - მაქსი პერეირა, ლუიზაო, დავიდ ლუისი, სეზარ პეიშოტო - ხავი გარსია - კარლოს მარტინსი, ფაბიო კოენტრაო - აიმარი - სავიოლა, კარდოსო.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბენფიკა 1 1 0 0 2-0 3
2. ლიონი 1 1 0 0 1-0 3
3. შალკე 1 0 0 1 0-1 0
4. ჰაპოელი 1 0 0 1 0-2 0


C ჯგუფი

ვალენსია-მანჩესტერი

"ვალენსიასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება ლოგიკურად ისეთი უნდა გამოვიდეს, ავ თვალს რომ არ დაენახვება. დღევანდელი მატჩებიდან ეს აშკარად ტოპ-შეხვედრაა და ის ფაქტი, რომ პირველი ტურის შემდეგ, "ვალენსიას" 3 ქულა აქვს, ხოლო "მანჩესტერს" კი მხოლოდ ერთი, ამ დაპირისპირებას ინტრიგას უორმაგებს. მანკუნიანელებს გასულ უქმეებზე "ჩელსის" წაფორხილებით სარგებლობა შეეძლოთ, მაგრამ ვერ მოახერხეს - სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი "ბოლტონთან" წაგებას ძლივს გადაურჩა (2:2). "მანჩესტერმა" ვერც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში მოიგო (0:0 რეინჯერსთან) და ეს ყველაფერი ამ გუნდისთვის ძალიან ცოტაა, მით უმეტეს, რომ "ბოლტონთან" მატჩში "მანიუმ" ლიდერები, უეინ რუნი და რაიან გიგზი დაკარგა (ორივე დაშავდა). უელსელი ორ კვირას დაისვენებს და ვალენსიაში გუნდს ვერც რუნი გაჰყვა.

ერთი სიტყვით, "იუნაიტედს" "მესტალიაზე" ურთულესი მატჩი ელის, რადგან "ვალენსია" ძალიან კარგ ფორმაშია: "ღამურებმა" პირველ ტურში თურქეთის ჩემპიონი "ბურსა" 4:0 გაანადგურეს, ესპანეთის ჩემპიონატში კი 5 ტურის შემდეგ ლიდერები არიან. "ვალენსიას" სასარგებლოდ მეტყველებს სტატისტიკაც: "მანჩესტერი" ესპანეთში სულ 18-ჯერ ჩავიდა და პირენეის ნახევარკუნძულიდან გამარჯვებული მხოლოდ ერთხელ დაბრუნდა.

სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): სესარ სანჩესი - მიგელი, ნავარო, რ. კოშტა, მეთიუ - ალბელდა, ბანეგა - ხოაკინი, მატა, ერნანდესი - ადურისი.
მანჩესტერი (4-5-1): ვან დერ სარი - ოში, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, გიბსონი, ფლეტჩერი, სქოულზი, პარკი - ბერბატოვი.
არბიტრი: ვიკტორ კასაი (უნგრეთი)


რეინჯერსი-ბურსა
წესით, "რეინჯერსმა" და "ბურსამ" ამ ჯგუფში მესამე-მეოთხე ადგილები უნდა გაიყონ და ამ ლოგიკის მიხედვით, დღეს გლაზგოში გასამართი შეხვედრა ორივესთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუმცა "რეინჯერსმა" პირველ ტურში "ოლდ ტრეფორდზე" ფრეს მიაღწია და ვინ იცის, იქნებ შოტლანდიურ გრანდს მესამე ადგილზე დიდი ამბიციაც კი გაუჩნდა. თუ ასეა, უოლტერ სმიტის გუნდმა "ბურსა" მით უმეტეს უნდა დაამარცხოს, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ თურქული გუნდი ასე იოლად არ დანებდება. მერე რა, რომ "ბურსასპორი" პირველ ტურში განადურდა - ჩვენ ამ გუნდისგან რეაქციას ველით.

სავარაუდო შემადგენლობები
რეინჯერსი (4-4-2): მაკგრეგორი - ბროუდფუტი, უეირი, ბუგერა, პაპაცი - ვაისი, მაკალოხი, ედუ, ნეისმიტი - ლაფერტი, მილერი.
ბურსა (4-4-2): ივანკოვი - ვედერსონი, ერდოღანი, თანდოღანი, სტეპანოვი - ჩიმშირი, სენი, ბატალია, ინსუა - ილდირიმი, ნუნიესი.
არბიტრი: სერგე გუმიენი (ბელგია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ვალენსია 1 1 0 0 4-0 3
2. რეინჯერსი 1 0 1 0 0-0 1
3. მანჩესტერი 1 0 1 0 0-0 1
4. ბურსა 1 0 0 1 0-4 0


D ჯგუფი
რუბინი-ბარსელონა


დღეს ყაზანში დიდი დღეა: "რუბინი" "ბარსელონას" მასპინძლობს და თანაც, კატალონიურმა გრანდმა თან წაიყვანა ლიონელ მესიც, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია. თუმცა ყაზანში ასეთი დიდი დღე პირველად როდია - "რუბინი" და "ბარსა" შარშანაც ერთ ჯგუფში იყვნენ. ისიც გეხსომებათ, რომ კატალონიურმა სუპერგრანდმა შარშან ყაზანურ კლუბს ერთხელაც ვერ მოუგო: ყაზანში მატჩი 0:0 დასრულდა, "ნოუ კამპზე" კი "რუბინმა" 2:1 მოიგო!

ყაზანელები რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან, ჩამორჩებიან რა  მხოლოდ "ზენიტს" და ჩემპიონთა ლიგაშიც ცუდი სტარტი (0:1 კოპენჰაგენში) აიღეს. "ბარსამ" კი "პანათინაიკოსის" განადგურებით პირველივე ტურში აგრძნობინა სამივე მეტოქეს, რომ ჯგუფის "ყოჩია". პეპ გვარდიოლას გუნდმა პრიმერადივიზიონშიც ზედიზედ ორი თამაში მოიგო, თანაც მესის გარეშე, რომელიც ტრავმირებული გახლდათ. მაგრამ როგორც გითხარით, მესი ყაზანშია და დიდი შანსია, ითამაშოს.

სავარაუდო შემადგენლობები
რუბინი (4-2-3-1): რიჟიკოვი - კუზმინი (ან სალუქვაძე), ნავასი, ორეხოვი, ანსალდი - ნობოა, ბისტროვი - ნაჩო, კარლოს ედუარდო, კასაევი - კორნილენკო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ბოიანი, ვილია, პედრო.
არბიტრი: გიუნეით ჩაქირი (თურქეთი)


პანათინაიკოსი-კოპენჰაგენი
"პანათინაიკოსს" ნული ქულა აქვს და თუ მერვედფინალში გასვლის პრეტენზია აქვს, სამქულიან "კოპენჰაგენთან" მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქროს. ბერძნებს ახალწვეული სიდნი გოვუ არ ეყოლებათ - მან ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და ორი კვირა დაისვენებს.

სავარაუდო შემადგენლობები
პანათინაიკოსი (4-3-3): ცორვასი - ვინტრა, სარიეგი, კაცურანისი, მარინოსი - სიმაო, ჟილბერტო სილვა, კარაგუნისი - ლეტო, ნინისი, სისე.
კოპენჰაგენი (4-4-2): ვილანდი - პოსპეჩი, ანტონსონი, ზანკა, ვენდტი - ვინგაარდი, კლაუდემირი, კვისტი, ბოლანოსი - გრონკიაერი, ნდოიე.
არბიტრი: ვილიამ კოლუმი (შოტლანდია)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 1 1 0 0 5-1 3
2. კოპენჰაგენი 1 1 0 0 1-0 3
3. რუბინი 1 0 0 1 0-1 0
4. პანათინაიკოსი 1 0 0 1 1-5 0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული