სად არის მანჩესტერი? ყალბია ეს!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა

ვაშა, რაფაელ ბენიტესმა "ინტერი" იპოვნა და ჩვენც გვაჩვენა; "უაით ჰართ ლეინზე" ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ცოცხლად მოსმენა მსუყე გამარჯვებით აღნიშნეს; "შალკეს" და "ლიონს" მხოლოდ ბუნდესლიგა და შესაბამისად, საფრანგეთის ჩემპიონატი "არ მოწსონთ", თორემ ჩემპიონთა ლიგაში იცოცხლე, ბობოქრობენ; "მანჩესტერმა" კონტროლირებადი კატენაჩოს თამაში დაიწყო, "რეინჯერსი", დაწყებულს წარმატებით აგრძელებს, ყაზანის "რუბინი" კი "ბარსელონასთვის" "კერკეტ კაკლად" ჩამოყალიბდა.
განცდები და რეაქციები ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვაში:

A ჯგუფი

ინტერი-ვერდერი 4:0
გოლები: 1:0 ეტო"ო (20), 2:0 ეტო"ო (27), 3:0 სნეიდერი (34), 4:0
ეტო"ო (81)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სამუელ ეტო"ო (ინტერი)

ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, როგორც იქნა, ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორსაც მისგან ქომაგები ელიან და ითხოვენ, ბრემენის "ვერდერი" კი, "ჰამბურგთან" ჩრდილოეთის დერბის მოგების შემდეგ, მეცხრე ცაზე რომ იყო, ისევ მიწაზე დაეშვა. გერმანული კლუბის დაცვამ იმდენად ამაზრზენად ითამაშა, რომ დეტალურ აღწერას აზრი არ აქვს - ეს უბრალოდ უნდა გენახათ. "ნერაძურის" უსწრაფესი და ძალიან მონდომებული ახალბედა გარემარბები, კოუტინიო და ბიაბიანი "ვერდერის" ფლანგის მცველებს, სილვესტრსა და ვესლის (ეს უკანასკნელი სულაც გამთამაშებელია, მაგრამ "მუსიკოსთა" თავკაცი თომას შააფი იძულებული იყო, დაცვაში გაემწესებინა) კატა-თაგვობანას ეთამაშებოდნენ. ტორსტენ ფრინგსის არყოფნაში, "ვერდერის" შუა ხაზში, იენსენმა და ბარგფრედემ კამბიასოსთან და სტანკოვიჩთან ბრძოლას ალღო ვერაფრით აუღეს.

მოკლედ, "ინტერმა" ბრწყინვალედ ითამაშა - ფაქტია, რომ რაფა ბენიტესმა "ნერაძურის" თავისი ხელი უკვე დაატყო. სამუელ ეტო"ოს ჰეთ-თრიკი კი უკვე ამ ყველაფრის "შესაკმაზი ინგრედიენტია" - კამერუნელმა კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ტოტენჰემი-ტვენტე 4:1
გოლები: 1:0 ვან დერ ვაარტი (46), 2:0 პავლიუჩენკო (50-პენ), 2:1 ჩადლი (56), 3:1 პავლიუჩენკო (64-პენ), 4:1 ბეილი (86)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რომან პავლიუჩენკო (ტოტენჰემი)

"ტოტენჰემის" ქომაგებს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის ცოცხლად მოსმენის პირველი დღე სიკვდილამდე ემახსოვრებათ: "უაით ჰართ ლეინზე" "მამლებმა" "ტვენტე" 4:1 დაამარცხეს და რაფაელ ვან დერ ვაარტი დღის მთავარი პროტაგონისტი გახლდათ. ჰოლანდიელმა ერთ შეხვედრაში იმდენი რამ მოასწრო და მოახერხა, ბევრს რამდენიმე მატჩიც რომ არ ყოფნის ხოლმე. 41-ე წუთზე მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, შესვენების შემდეგ კი შეცდომა გამოასწორა და გოლი შეაგდო (თამაშიდან). ცოტა ხანში "სპურზმა" მეორე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ ვან დერ ვაარტი ნიშნულთან აღარ მიუშვეს, პენალტი რუსმა რომან პავლიუჩენკომ შეასრულა და გაიტანა. 61-ე წუთზე კი ვან დერ ვაარტისთვის თამაში ნაადრევად დასრულდა - ჰოლანდიელმა მეორე გაფრთხილება მიიღო და გაწითლდა. შესაბამისად, "ტოტენჰემის" სასარგებლოდ დანიშნულ მესამე თერთმეტმეტრიანი განსჯის საგანი აღარ ყოფილა - ისევ პავლიუჩენკომ გაიტანა. ეს უკანასკნელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის (თანაც, ორივე პენალტით შეაგდო) გამო არ დაგვისახელებია - რუსი თავდამსხმელი ბრწყინვალე ფორმაშია. "ტოტენჰემისთვის" მისი ნებისმიერი მოძრაობა რაღაცის მომტანი იყო.

"ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ფანები გვყავს. საზეიმო საღამო გამოვიდა, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და მსუყე ანგარიშით მოვიგეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ," - ეს გარეთ ბეილის სიტყვებია. მატჩს წერტილი სწორედ ამ უკანასკნელმა დაუსვა.


თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 2 1 1 0 6-2 4
2. ტოტენჰემი 2 1 1 0 6-3 4
3. ტვენტე 2 0 1 1 3-6 1
4. ვერდერი 2 0 1 1 2-6 1

B ჯგუფი

შალკე-ბენფიკა 2:0
გოლები: 1:0 ფარფანი (73), 2:0 ჰუნტელაარი (85)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯეფერსონ ფარფანი (შალკე)

მატჩის წინ "შალკეს" ყველა ქომაგს ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: ვინ ითამაშებდა დაცვის ცენტრში, კრისტოფ მეტცელდერის მხარდამხარ - საშინელ ფორმაში მყოფი პლესტანი თუ სამადლოდ აყვანილი ფარენჰორსტი, რომელიც "შალკეს" მოყვარულთა გუნდში ირჯება ხოლმე. "ხუმარების" თავკაცმა ფელიქს მაგათმა კი მესამე ალტერნატივა გამონახა და სასტარტოში 18 წლის გამოუცდელი ღლაპი, კირიაკოს პაპადოპულოსი გაამწესა. გადაწყვეტილება მეტად სარისკო ჩანდა, მაგრამ მაგათს გაუმართლა: მეტცელდერმა და პაპადოპულოსმა, რომლისთვისაც ეს ჩემპიონთა ლიგაში პირველი მატჩი იყო, "ბენფიკას" ფორვარდების, კარდოსოსა და სავიოლას განეიტრალება შეძლეს.

ლისაბონელები მხოლოდ ფლანგებიდან ახერხებდნენ ხიფათის შექმნას. მაგალითად, ფაბიო კოენტრაომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ იყო ზაფხულში მასზე დიდი ბრძოლა გაჩაღებული. ხავი გარსია "შალკეს" ესპანელ ფლეიმეიკერზე, მანუელ ხურადოზე კარგად ზრუნავდა, რის გამოც რაულს უმეტესად უკან დახევა და დირიჟორობის შეთავსება უხდებოდა. სწორედ რაულის ერთ-ერთი ასეთი გარღვევის შედეგი იყო მეორე გოლი, რომელიც კლაას იან ჰუნტელაარმა გაიტანა. ანგარიში კი ჯეფერსონ ფარფანმა ჭკვიანური დარტყმით გახსნა და საერთოდ, ფარფანი მოედანზე საუკეთესო იყო.

"ნელ-ნელა თავდაჯერებასაც ვიბრუნებთ და შედეგებიც გამოვასწორეთ. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა, "ბენფიკა" აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა და მიხარია, რომ ასეც მოხდა," - თქვა მატჩის შემდეგ მაგათმა.

ჰაპოელი-ლიონი 1:3
გოლები: 0:1 ბასტოსი (8-პენ), 0:2 ბასტოსი (36), 1:2 ენიემა (79-პენ), 1:3 პიანიჩი (92)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მიშელ ბასტოსი (ლიონი)

რაც "ლიონმა" საფრანგეთის ჩემპიონატში დაიკლო (5 ქულა 7 ტურის შემდეგ, მე-18 ადგილი), ტრადიციისამებრ, ჩემპიონთა ლიგაში ინაზღაურებს. მიშელ ბასტოსის ორი გოლის შემდეგ, თამაშის ბედი ყველას გადაწყვეტილი გვეგონა, მაგრამ ჰოვარდ ვებმა თელ ავივში მიმდინარე მოვლენები 79-ე წუთზე კიდევ ერთხელ დაძაბა, დანიშნა რა პენალტი "ლიონის" კარში. თერთმეტმეტრიანი "ჰაპოელის" კარის დარაჯმა, ვინსენტ ენიემამ (მსოფლიოს ჩემპიონატიდანაც გეხსომებათ) შეასრულა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ ბოლოს პიანიჩმა საბოლოო წერტილი დასვა და "ჰაპოელი" ჯგუფის აუტსაიდერობისთვის გაწირა.


თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 2 2 0 0 4-1 6
2. შალკე 2 1 0 1 2-1 3
3. ბენფიკა 2 1 0 1 2-2 3
4. ჰაპოელი 2 0 0 2 1-5 0

ჩ ჯგუფი
ვალენსია-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 ერნანდესი (85)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერი)

ამ ქვეჯგუფისა და ზოგადად მეორე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა წესით, ამაზე გაცილებით საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ რად გინდა - "ვალენსიამ" ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და მსუყე იერიშებზე უარი თქვა, "მანჩესტერის" თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს კი ამ სიბერეში გადაუწყვეტია "კატენაჩოს" აღიარება...

რაკი გუნდები უმეტესად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყვნენ კონცენტრირებულები და რისკზე წასვლა არ უნდოდათ, თამაშიც მოსაწყენი გამოდგა. თუ ვინმეზე უნდა ვთქვათ, რომ ინიციატივის დაუფლებას ცდილობდა, პირველ რიგში "ვალენსიაზე" - "ღამურებმა" მომენტებიც შექმნეს, მაგრამ სიზუსტე აკლდათ. ის ის იყო, ვიფიქრეთ, გუნდები საბოლოოდ შეთანხმდნენ ქულების გაყოფაზე, რომ ფერგიუსონის შეცვლებმა გაამართლეს: მაკედას პასით ერნანდესმა, იგივე ჩიჩარიტომ იხეირა და "მანჩესტერს" "მესტალიადან" სამი ქულა წააღებინა.


რეინჯერსი-ბურსა 1:0
გოლი: 1:0 ნეისმიტი (18)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: სტივენ ნეისმიტი (რეინჯერსი)

ორი ტურის შემდეგ, ჩ ჯგუფს სათავეში გლაზგოს "რეინჯერსი" უდგას - ამას ვინ იფიქრებდა? შოტლანდიელებმა მანჩესტერიდან ქულის წაღების შემდეგ, საკუთარ "აიბროქსზე" თურქეთის ჩემპიონი "ბურსა" მოკრძალებული ანგარიშით (1:0) კი დაამარცხეს, მაგრამ ფაქტია, რომ 4 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. "ბურსამ" მხოლოდ მეორე ტაიმში გაიღვიძა და თურქები ბევრსაც ეცადნენ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ ეყოთ: ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ "ბურსასპორს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არაფერი ესაქმებოდა. ჯერ "რეინჯერსის" კრეატივი რა ვთქვით და მერე ისიც, რომ გლაზგოელებმა თურქეთის ჩემპიონი ამ ასპექტში აშკარად დაჩაგრეს.


თ მ ფ წ ბ ქ
1. რეინჯერსი 2 1 1 0 1-0 4
2. მანჩესტერი 2 1 1 0 1-0 4
3. ვალენსია 2 1 0 1 4-1 3
4. ბურსა 2 0 0 2 0-5 0


D ჯგუფი
რუბინი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 ნობოა (30-პენ), 1:1 დავიდ ვილია (60-პენ)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პედრო (ბარსელონა)

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ყაზანის "რუბინი" "ბარსელონასთვის" ურთულეს მეტოქედ ყალიბდება. კატალონიურმა გრანდმა რუსული კლუბის დამარცხება ვერც შარშან შეძლო (1:2, 0:0) და წელსაც, ყაზანიდან ოდენ ქულა წაიღო. "რუბინი" "ბარსას", რა თქმა უნდა, დაცვაში ჩაუდგა, მაგრამ იმდენად კარგად, რომ პეპ გვარდიოლას ბიჭებმა პირველ ტაიმში მხოლოდ სამი მომენტი შექმნეს და გოლის გატანა სამივე შემთხვევაში პედროს შეეძლო, მაგრამ ვერ ივარგა. 30-ე წუთზე კი, კატალონიელთა კარში სავსებით სამართლიანად დანიშნული პენალტი ნობოამ გაიტანა და ყაზანელ ფანებსაც მორიგი სენსაციის იმედი ჩაუსახა...

მეორე ტაიმში "ბარსელონა" უკვე დიდი მონდომებით უტევდა, მაგრამ ერთზე მეტის გატანა ვერ შეძლო. ის ერთიც, დავიდ ვილიამ პენალტით გაიტანა - პენალტით, რომელიც მას მერე დაინიშნა, რაც ლაშა სალუქვაძემ საჯარიმოში ინიესტა წააქცია. მერე გვარდიოლამ მოედანზე ლეო მესი შეუშვა და კატალონიელთა თამაშიც კიდევ უფრო გაცოცხლდა, მაგრამ "რუბინმა" "ბარსას" მეტი აღარაფერი გააბედინა. პირიქით, მატჩის მიწურულს "რუბინის" შემადგენლობაში შეცვლაზე შესულ ობაფემი მარტინსს სენსაციის მოხდენის შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ვალდესის კარის ძელს მოხვდა...

გვარდიოლას თავის მართლება არ დაუწყია, პირდაპირ თქვა, შარშან "რუბინთან" მარტო ერთი ქულა რომ მოვიპოვეთ, ეს შემთხვევითობა არ ყოფილა, რაშიც დღესაც დავრწმუნდიო. პეპი აღიარებს, რომ "რუბინის" კარში გოლის გატანა თვით "ბარსასთვისაც" საკმაოდ ძნელია.


პანათინაიკოსი-კოპენჰაგენი 0:2
გოლები: 0:1 ნ"დოიე (28), 0:2 ვინგაარდი (37)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი:L მათიას იორგენსენი (კოპენჰაგენი)

ორი აზრი არ არსებობს, "კოპენჰაგენი" ჯერჯერობით ახალი სეზონის მთავარი აღმოჩენაა. მარტო ის რად ღირს, რომ ეს გუნდი ორი ტურის შემდეგ "ბარსელონას" და მის გამამწარებელ "რუბინსაც" უსწრებს. ესეც რომ არ იყოს, "კოპენჰაგენის" დასაფასებლად თუნდაც ის ფაქტი კმარა, სტუმრად "პანათინაიკოსი" 2:0 რომ დაამარცხა. მართალია, ბერძნები თავიდანვე დომინირებდნენ, მაგრამ დაკვირვებული თვალი იოლად შეამჩნევდა, რომ "კოპენჰაგენის" ფეხბურთელები უფრო ჭკვიანურად მოქმედებდნენ და ადრე თუ გვიან, გაცილებით გამოცდილ მეტოქეს თავს აუცილებლად აატკივებდნენ. ასეც მოხდა: "კოპენჰაგენმა" "პანათინაიკოსს" საქმე პირველივე ტაიმში მოუთავა, მეორე ნახევარში კი საკუთარ საჯარიმოს უკვე თავისუფლად იცავდა. ბერძნებმა ვეღარაფერი გაბედეს, რაც პირველ რიგში სტუმართა ცენტრალური მცველის, მათიას იორგენსენის დამსახურებაა, რომელსაც ვასახელებთ კიდეც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.


თ მ ფ წ ბ ქ
1. კოპენჰაგენი 2 2 0 0 3-0 6
2. ბარსელონა 2 1 1 0 6-2 4
3. რუბინი 2 0 1 1 1-2 1
4. პანათინაიკოსი 2 0 0 2 1-7 0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული