ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ

AutoSharing Option
ოთხშაბათის ტოპ-მატჩი უდავოდ დორტმუნდში დაგეგმილი შეხვედრაა, სადაც გერმანიის ჩემპიონი "ბორუსია" ესპანეთის ჩემპიონ "რეალს" მასპინძლობს.

"მილანი" "მალაგასთან" გასვლითი მატჩის წინ უმძიმესი წნეხის ქვეშაა, "მანჩესტერ სიტის" კი ამსტერდამში წაგების უფლება არ აქვს.


A ჯგუფი
პსჟ ზაგრებში საკადრო პრობლემებით ჩადის

"პორტუმ" ორივე თამაში მოიგო, არცერთი გოლი არ მიუღია და თუ 24 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე კიევის "დინამოსაც" დაამარცხებს, ეს მერვედფინალისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება.

აღსანიშნავია, რომ გასულ უქმეებზე პორტუგალიური გრანდის თავკაცმა ვიტორ პერეირამ სათასო მატჩში თითქმის ყველა ვარსკვლავი დაასვენა. მართალია, ამ ექსპერიმენტის გამო პერეირა
კინაღამ დაისაჯა, რადგან გაცილებით სუსტი მეტოქე "სანტა ეულალია" მხოლოდ 1:0 დაამარცხა, მაგრამ მთავარი ხომ შედეგია.

სამაგიეროდ, კიეველებთან გასამართ შეხვედრაში "პორტუ" დასვენებული პირველი შემადგენლობით ითამაშებს და ფავორიტადაც მიიჩნევა.

"დინამოს" "რეპეტიცია" ჩაუვარდა: ოლეგ ბლოხინის შეგირდები ხარკოვის "მეტალისტთან" 1:3 დამარცხდნენ.

თუმცა უკრაინელებს ჩრდილოპორტუგალიელებთან კარგი მოგონებები აკავშირებთ - ოთხი წლის წინ "დრაგაოზე" ხომ 1:0 მოიგეს. მაშინდელი "დინამოდან" დღეს კიეველთა განაცხადში მეკარე შოვკოვსკი, ასევე მიხალიკი და ვუკოევიჩი არიან.

პორტუ-დინამო (კ) 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-1-2-3): ელტონი - დანილო, ორამენდი, მაიკონი, მიგელ ლოპესი - დეფური - ლუჩო, მოუტინიო - ვარელა, მარტინესი, ჯეიმსი.
დინამო /კ/ (4-2-3-1): კოვალი - დანილო, მიხალიკი, ხაჩერიდი, ტაიო - ჰარმაში, მიგელ ველოზო - იარმოლენკო, კრანჩარი, გუსევი - იდეიე.
არბიტრი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

* * *
ჯგუფის მეორე მატჩი ზაგრების "დინამოსა" და "პარი სენ-ჟერმენის" დუელია.

ხორვატებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე შეხვედრა დათმეს და უკვე ზედმეტია თუნდაც იმაზე ლაპარაკი, რომ "დინამოს" მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსი აქვს. თანაც, ხორვატიის ჩემპიონს ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი ნახევარმცველი ადემი (ტრავმა) აკლია.

პარიზელთა თავკაც კარლო ანჩელოტის უფრო სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, მაგრამ ისეთი შემადგენლობა ჰყავს, რომ წესით, ზაგრებიდან მაინც სამი ქულა უნდა წაიღოს.

ანჩელოტის ნენე, შანტომი, ტიაგო მოტა და ლავეცი აკლია. სამაგიეროდ, ლაზარეთიდან ბოდმერი ბრუნდება.

დინამო (ზ)-პსჟ 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო /ზ/ (4-1-4-1): კელავა - ვიდა, ტონელი, შიმუნიჩი, პივარიჩი - ადემი - რუკავინა, სამირი, კოვაჩიჩი, კოპი - ბეჩირაი.
პსჟ (4-3-2-1): სირიგუ - ჟალე, ალექსი, სახო, მაქსველი - ბოდმერი, მატუიდი, სისოკო - პასტორე, მენეზი - იბრაჰიმოვიჩი.
არბიტრი: ფირათ აიდინუსი (თურქეთი)

გუნდი
1 პორტუ 2 2 0 0 3-0 6
2 პსჟ 2 1 0 1 4-2 3
3 დინამო (კ) 2 1 0 1 3-4 3
4 დინამო (ზ) 2 0 0 2 0-4 0


B ჯგუფი
ლუის ჰოლტბი ყურადღების ცენტრში

რურის დიდი დერბის მოგების შემდეგ "შალკე" ლონდონის "არსენალს" სტუმრობს და ეს მატჩი განსაკუთრებულია გელზენკირხენელთა ინგლისური წარმოშობის მქონე ფეხბურთელ ლუის ჰოლტბისთვის, რომელიც გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია და იძულებული გახდა, ნათესავებისთვის ამ შეხვედრის 20 ბილეთი ეშოვნა.

რაკი დორტმუნდში მოიგეს, შალკელები ლონდონში თავაწეულები ჩავიდნენ. მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი კარში კვლავ ახალგაზრდა ლარს უნერშტალს ჩააყენებს, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან კარგად თამაშობს და გამოცდილი ტიმო ჰილდებრანდი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო.

საინტერესოა, ვის გაამწესებს ჰოლანდიელი სპეციალისტი ერთ-ერთ საყრდენად - გამოცდილ ჯერმეინ ჯონსს თუ ახალგაზრდა მარკო ჰიოგერს, რომელმაც რურის დერბიში ძალიან კარგად ითამაშა.

"შალკესგან" განსხვავებით, "არსენალმა" გასულ უქმეებზე კალენდარული მატჩი წააგო - "ნორვიჩთან" (0:1) ლონდონელებმა ძალიან ცუდად ითამაშეს, ნამატჩევს კი განსაკუთრებული კრიტიკა "მეთოფეთა" გერმანელმა ფეხბურთელებმა, პერ მერტეზაკერმა და ლუკას პოდოლსკიმ დაიმსახურეს.

არსენ ვენგერმა ამ მარცხს შოკი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მისი შეგირდები "შალკესთან" გაცილებით ფხიზლად იქნებიან.

ვენგერს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დაუშავდა, რომელიც დღეს ვერ იასპარეზებს.

არსენალი-შალკე 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-3-3): მანონე - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, ანდრე სანტოსი - არტეტა, რემსი, კასორლა - ჟერვინიო, ჟირუ, პოდოლსკი.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - ნოიშტედტერი, ჰიოგერი - ფარფანი, ჰოლტბი, აფელაი - ჰუნტელაარი.
არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

* * *
მეორე შეხვედრაში "მონპელიე" "ოლიმპიაკოსს" მასპინძლობს და ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის მერვედფინალში მოსახვედრად გაბრძოლების ერთ-ერთი უკანასკნელი შანსია.

გელზენკირხენში მოპოვებული ქულით (2:2) "მონპელიემ" ჩემპიონთა ლიგაში პირველი ქულა აიღო, თუმცა ფრანგულ კლუბს იმ შეხვედრაში გარი ბოკალი გაუძევეს, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

მწვრთნელი რენე ჟირარიც ტრიბუნაზე დაჯდება, რადგან იმ მატჩში ხელები და განსაკუთრებით თითები უშნოდ ატრიალა.

"ოლიმპიაკოსი" უშანსოდ ნამდვილად არაა - მართალია, ბერძნებმა ორივე მატჩი დათმეს, მაგრამ, სამაგიეროდ, საბერძნეთის ჩემპიონატში შვიდივე თამაში მოგებული აქვთ.

მონპელიე-ოლიმპიაკოსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
მონპელიე (4-2-3-1): პიონირი - ჟონეშამპი, კონგრე, ჰილტონი, ბედიმო - საი, სტამბული - კამარა, ბელჰანდა, კაბელა - ერერა.
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კეროლი - ტოროსიდისი, მანოლასი, კონტრერასი, ჰოლებასი - მანიატისი, მოდესტო - აბდუნი, ფუსტერი, მიტროღლუ - ჯებური.
არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)

გუნდი
1 არსენალი 2 2 0 0 5-2 6
2 შალკე 2 1 1 0 4-3 4
3 მონპელიე 2 0 1 1 3-4 1
4 ოლიმპიაკოსი 2 0 0 2 2-5 0

C ჯგუფი
თუ ალეგრი ამ თამაშსაც წააგებს...

ისევე, როგორც სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგა ოთხშაბათ საღამოსაც 8 საათზე დაიწყება, რადგან რუსული კლუბი საკუთარ მოედანზე თამაშობს: "ზენიტი" "ანდერლეხტს" მასპინძლობს და ისევე, როგორც B ჯგუფში, მეოთხე და მესამეადგილოსნების დაპირისპირება აქაც ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი და მიმართულების მიმცემია.

ფავორიტი, გასაგები მიზეზების გამო, "ზენიტია" და თუ ლუჩანო სპალეტის გუნდს მართლაც სურს მერვედფინალში გასვლა, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს.

სტატისტიკაც "ზენიტის" მხარესაა: 2010/2011 წლების სეზონში პეტერბურგელებმა ბელგიელებს ორივე თამაში მოუგეს.

რაც შეეხება "ანდერლეხტს": მართალია, ბელგიელებს ჯერ ერთი გოლიც არ გაუტანიათ, მაგრამ მილანში 0:0-ს მიაღწიეს, რაც "ანდერლეხტისთვის" ყურადსაღები წარმატებაა. თუმცა ბელგიურ კლუბს 24 ოქტომბერს ტრავმის გამო მთავარი დამრტყმელი ძალა, მბოკანი დააკლდება.

ზენიტი-ანდერლეხტი 20:00
სავარაუდო შემადგენლობები
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ჰუბოკანი, კომბერტსი, კრიშიტო - ფაიზულინი, ვიტსელი, შიროკოვი - ბისტროვი, კერჟაკოვი, ჰალკი.
ანდერლეხტი (4-4-2): პროტო - ჟილე, კუიტაკე, ნუიტინკი, დეშახტი - იაკოვენკო, კანუ, ბილია, იოვანოვიჩი - პრაე, დე სუტერი.
არბიტრი: ივან ბებეკი (ხორვატია)

* * *
გაცილებით საინტერესო უნდა გამოვიდეს "მალაგასა" და "მილანის" დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს ამ სეზონის გუნდი-აღმოჩენა (მალაგა) და გუნდი-იმედგაცრუება (მილანი) ხვდებიან.

თუ "მალაგა" მესამე თამაშსაც მოიგებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერვედფინალში ითამაშებს, თუმცა მოგება ძალიან სჭირდება "მილანსაც", რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ბოლო 71 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი სტარტი აიღო.

ჩვენი იტალიელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ "მალაგასთან" წაგების შემთხვევაში "როსონერის" შეფები მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის გაათავისუფლებენ.

მალაგა-მილანი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
მალაგა (4-1-4-1): კაბალიერო - გამესი, ველიგტონი, დემიკელისი, მონრეალი - კამაჩო - ხოაკინი, ისკო, პორტილიო, ელისეუ - სავიოლა.
მილანი (4-1-3-2): ამელია - დე შილიო, ბონერა, საპატა, ანტონინი - ამბროზინი - ემანუელსონი, მონტოლივო, კ.-პ. ბოატენგი - პაცინი, ელ შაარავი.
არბიტრი: პედრო პროენშა (პორტუგალია)

გუნდი
1. მალაგა 2 2 0 0 6-0 6
2. მილანი 2 1 1 0 3-2 4
3. ანდერლეხტი 2 0 1 1 0-3 1
4. ზენიტი 2 0 0 2 2-6 0

D ჯგუფი
დორტმუნდის დაცვას რთული გამოცდა ელის

მესამე ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, სიკვდილის ჯგუფში გაიმართება: გერმანიის ჩემპიონი დორტმუნდის "ბორუსია" ესპანეთის ჩემპიონ მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

დორტმუნდელთათვის ეს იდეალური მატჩია იმისათვის, რომ საკუთარ ფანებს მოსისხლე მტერ "შალკესთან" წაგების (1:2) გამო ღირსეულად მოუბოდიშონ.

ფაქტია, რომ წელს "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე ბუნდესლიგას, რაც იურგენ კლოპის შეგირდებმა "აიაქსთან" (1:0) და "მანჩესტერ სიტისთან" გასვლით შეხვედრაში (1:1) დაამტკიცეს.

ფაქტია ისიც, რომ კლოპი აღარ ათამაშებს გუნდს შეცვლილი ტაქტიკით, უარს იტყვის ექსპერიმენტულ 3-5-2-ზე და 4-2-3-1-ს დაუბრუნდება.

იაკუბ ბლაშჩიკოვსკი
და ილქაი გიუნდოგანი ისევ ლაზარეთში არიან, მარიო გიოტცე კი, ბოლო ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამომდე გამოჯანმრთელებას ასწრებს.

საკადრო პრობლემები "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოსაც აქვს - პორტუგალიელს დაცვაში მოუწევს ექსპერიმენტირება. "რეალისთვის" კადრების მხრივ კარგი მხოლოდ ისაა, რომ საყრდენი ნახევარმცველი სამი ხედირა გამოჯანმრთელდა.

აქვე ვთქვათ, რომ ორ ტურში "რეალმა" ყველაზე მეტი, შვიდი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც (კრიშტიანო რონალდო) რეალელია.

მოკლედ, "დორტმუნდის" დაცვას დღეს სერიოზული გამოცდა ელის.

"დორტმუნდის "ბორუსია" სწრაფად პროგრესირებადი და უკვე ძალიან კარგი გუნდია. დორტმუნდელებს თავიანთ სტადიონზე ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ",
- განაცხადა მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინიომ.

ბორუსია (დ)-რეალი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, გროსკროიტცი - ს. ბენდერი, კელი - გიოტცე, პერიშიჩი, როისი - ლევანდოვსკი.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, ვარანე, პეპე, ესიენი - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - იგუაინი.
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

* * *
მეორე მატჩში "აიაქსი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს და თუ ჯგუფიდან გასვლა უნდა, რობერტო მანჩინის გუნდი უნდა დაამარცხოს.

თავის მხრივ, წაგება "სიტისაც" აკრძალული აქვს.

აიაქსი-მანჩესტერ სიტი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-2-3-1): ვერმეერი - ვან რინი, ალდერვეირელდი, მოისანდერი, ბლინდი - პოულსენი, ერიკსენი - სანა, დე იონგი, ბურიგტერი - ბაბელი.
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - რიჩარდსი, კომპანი, ლესკოტი, კლიში - მილნერი, იაია ტურე, ბერი, ნასრი - ჯეკო, აგუერო.
არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

გუნდი
1. რეალი 2 2 0 0 7-3 6
2. ბორუსია (დ) 2 1 1 0 2-1 4
3. მანჩესტერ სიტი 2 0 1 1 3-4 1
4. აიაქსი 2 0 0 2 1-5 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული