ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი დღე ძალიან საინტერესო გამოდგა. ბელორუსში გამართული მატჩის გარდა, არცერთ სხვა შეხვედრაში გადაწყვეტილი ბოლო წუთამდე არაფერი იყო.

საბოლოოდ რამოდენიმე მოულოდნელი შედეგი მივიღეთ, ზოგ თამაშში კი აუტსაიდერებს სენსაციამდე ძალიან ცოტა დააკლდათ...

E ჯგუფი
ნორდსიელანდი-იუვენტუსი 1:1
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ბეკმანი (50), 1:1 ვუჩინიჩი (81).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იესპერ ჰანსენი (ნორდსიელანდი)

კოპენჰაგენის "პარკენზე" ჩატარებული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "ნორდსიელანდის" მეკარე იესპერ ჰანსენი გახდა. დანიელთა გოლკიპერმა მრავალი რთული დარტყმა მოიგერია და საკუთარ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში პირველი ქულა მოუტანა.

ტურინულმა გრანდმა ევროთასების
რეკორდი დაამყარა - "ბებერმა ქალბატონმა" ევროპაში ზედიზედ მე-9 ფრე ითამაშა. შეგახსენებთ, რომ 2010/11 წლების სეზონის ევროპალიგაზე "იუვემ" ჯგუფში ექვსივე შეხვედრა ფრედ დაასრულა.

დანიელებმა წინა ტურებშიც დაამტკიცეს, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ ჰყავთ და ეს ყველაფერი "იუვენტუსთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა.

მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ სებასტიან ჯოვინკო საგოლე მომენტებს შესაშური სტაბილურობით ანიავებდა.

მეორე ტაიმის 50-ე წუთზე კი "პარკენზე" სენსაციის სუნი დატრიალდა: მიკელ ბეკმანმა საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაში "ნორდსიელანდის" ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა.

მხოლოდ ამის შემდეგ გაიყვანა კონტე-კარერა-ალესიოს ტრიომ მოედნიდან ინერტული მატრი და მის მაგივრად თამაშში მირკო ვუჩინიჩი ჩართო, რომელმაც საბოლოოდ ტურინელებისთვის ქულა იხსნა.

იესპერ ჰანსენი (ნორდსიელანდი): "დღეს მართლაც ბევრი საქმე მქონდა. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან უძლიერეს მეტოქეს ვეთამაშებოდით და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, მაინც გავძელით და საპატიო ქულა მოვიპოვეთ".

ანჯელო ალესიო ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და მაინც ვერ მოვიგეთ. ვფიქრობ, დღეს გამარჯვებას ვიმსახურებდით და რომ ვერ მოვიგეთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია".

შახტარი-ჩელსი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ალექს ტეიშეირა (3), 2:0 ფერნანდინიო (52), 2:1 ოსკარი (88).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტომაშ ჰიუბშმანი (შახტარი).

დონეცკელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ტომაშ ჰიუბშმანი კი დაასახელეს, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს პრიზი პეტრ ჩეხს უფრო ეკუთვნოდა, რომელსაც მთელი შეხვედრის განმავლობაში არაერთი რთული ბურთის მოგერიება მოუწია. რომ არა ჩეხი, საბოლოო ანგარიში შეიძლებოდა გაცილებით დიდიც ყოფილიყო.

პირველი გოლი მასპინძლებმა უკვე მესამე წუთზე გაიტანეს - თავი ალექს ტეიშეირამ გამოიჩინა, რომელმაც გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო.

უპირატესობის განვრცობა დონეცკელებს პირველივე ტაიმში შეეძლოთ. განსაკუთრებით აქტიური ჰენრიკ მხითარიანი იყო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესანიშნავად თამაშობდა პეტრ ჩეხი.

ეს დღე ლონდონელებისთვის ყოველმხრივ უიღბლო გამოდგა, რადგან გარდა იმისა, რომ "შახტარი" უდიდეს უპირატესობას ფლობდა, სტუმრებმა მე-18 წუთზე ფრენკ ლემპარდი დაკარგეს, რომელმაც ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მეორე ტაიმის დებიუტში ფერნანდინიომ ლუის ადრიანოს პასი მიიღო და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

ამის შემდეგ "შახტარი" დამშვიდდა, უკან დაიხია და ბურთი მეტოქეს დაუთმო, მაგრამ ეს არ იყო "ჩელსის" დღე - სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ. 88-ე წუთზე ოსკარმა კი გაიტანა, მაგრამ ეს გოლი კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავდა.

საბოლოოდ შეხვედრა ლოგიკური შედეგით (და არა ანგარიშით) დასრულდა და სამი ტურის შემდეგ ჯგუფს სათავეში "შახტარი" ჩაუდგა, რომელიც თუ ასე გააგრძელებს, არა მარტო ჯგუფიდან გავა, არამედ პლეი-ოფის შორეულ ეტაპებზეც გააღწევს.

მირჩა ლუჩესკუ ("შახტარის" მთავარი მწვრთელი): "შეხვედრა ჩვენთვის იდეალურად დაიწყო და ასეც გაგრძელდა. შესაძლოა, ბოლო პერიოდში ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო".

დავიდ ლუიზი (ჩელსი): "ჩვენი თამაშის გამო შოკირებული ვარ. ნორმალურად თამაში მხოლოდ ბოლო 15 წუთში მოვახერხეთ. "შახტარს" ამ გამარჯვებას ვულოცავ, ჩვენ კი უკვე მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ".

უნდი
1 შახტარი 3 2 1 0 5-2 7
2 ჩელსი 3 1 1 1 7-4 4
3 იუვენტუსი 3 0 3 0 4-4 3
4 ნორდსიელანდი 3 0 1 2 1-7 1

F ჯგუფი
ბატე-ვალენსია 0:3
გოლები: 0:1 სოლდადო (45-პენ), 0:2 სოლდადო (55), 0:3 სოლდადო (69).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტო სოლდადო (ვალენსია).

ბელორუსები იმედოვნებდნენ, რომ მათი გუნდი ევროპას მესამედაც გააოცებდა და ამჯერად "ვალენსიას" დამარცხებას შეძლებდა, მაგრამ ისევე, როგორც ორი კვირის წინ, დინამოს სტადიონზე კვლავ ესპანელებმა იზეიმეს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ არენაზე დაამარცხა ესპანეთის ნაკრებმა ბელორუსი - 4:0.

შეხვედრის გმირი, რა თქმა უნდა, რობერტო სოლდადო გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი გაიფორმა და ლიგის ბომბარდირთა დავაში ალანს და ოსკარს წამოეწია.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და ტაიმის ბოლომდე ასეც გაგრძელდა. 45-ე წუთზე კი, როდესაც ყველა შესვენებისთვის მოემზადა, რობერტო სოლდადომ ბურთი ბატე-ს საჯარიმოში მიიღო და მცირე კონტაქტის შემდეგ დაეცა. შეხვედრის არბიტრმა, შოტლანდიელმა კრეიგ ტომპსონმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, 11-მეტრიანი კი გოლად თავად დაზარალებულმა აქცია.

პირველი ტაიმის ბოლო წამებზე გაშვებულმა გოლმა, თანაც საკმაოდ საეჭვო პენალტის შემდეგ, ბელორუსებზე ძალიან ცუდად იმოქმედა და მეორე ტაიმში მასპინძლები დაბნეულები ჩანდნენ.

ვიქტორ გონჩარენკოს შეგირდები ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ და ბურთს საკუთარ საჯარიმოსთანაც კი კარგავდნენ. "ვალენსიამ" მეტოქის დაბნეულობით ძალიან კარგად ისარგებლა და 69-ე წუთისთვის ყველაფერი მოამთავრა - სოლდადოს ჯერ გუარდადომ გაატანინა, შემდეგ კი - ტინო კოსტამ.

მაურისიო პელეგრინო ("ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი): "საკმაოდ კარგ სიტუაციში ვართ, რადგან მომდევნო ტურში ბატე-ს სახლში ვეთამაშებით. ჩვენ მომატება კიდევ შეგვიძლია, მაგრამ ახლა ამაზე არ ვფიქრობ და უბრალოდ, ბედნიერი ვარ".

ვიქტორ გონჩარენკო (ბატე-ს მთავარი მწვრთნელი): "ნახევარდაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით, რაც ჩვენი მეტოქის დამსახურებაა - მათ ძალიან კარგად შეგვისწავლეს და გვაიძულეს, რომ შეცდომები დაგვეშვა".

ლილი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 მიულერი (20-პენ).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ტონი კროოსი (ბაიერნი).

მიუნხენის "ბაიერნმა" გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეძლო საფრანგეთიდან სამი ქულის წაღება. მიუხედავად იმისა, რომ "ლილს" სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა, სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, ისიც 11-მეტრიანიდან.

მასპინძლებს ტრავმის გამო კაპიტანი რიო მავუბა, ერთ-ერთი წამყვანი მცველი მარკო ბაშა და იდრისა გეიე არ ჰყავდათ, ხოლო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მატიო დებუში დისკვალიფიცირებული იყო.

რუდი გარსიამ მოედანზე ძალიან შემტევი შემადგენლობა გამოიყვანა, მაგრამ ფრანგებმა ვერც ამით იხეირეს.

ძირითადში იყო სალომონ კალუც, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნთან" დაპირისპირება ძალიან კარგად ჰქონდა დაცდილი (მაისში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კოტდივუარელი "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში იყო), მაგრამ ამჯერად მისი გუნდი დამარცხდა, თავად კალუმ კი თავი ვერაფრით გამოიჩინა, ისევე, როგორც ნოლან რუმ და ტულიო დე მელომ.

მიუნხენელების შესახებ კი სათქმელი ბევრიც არაფერია. "ბაიერნმა" გოლი სწრაფად გაიტანა და შემდეგ კლასის ხარჯზე, ძალების ზედმეტი დახარჯვის გარეშე, მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ბენუა პედრეტი (ლილი): "მათ ბევრი საგოლე შანსი არ ჰქონიათ, გოლი პენალტიდან გაგვიტანეს და ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, მაგრამ, სამწუხაროდ, კარში ზუსტად დარტყმა გვიჭირდა".

უნდი
1 ვალენსია 3 2 0 1 6-2 6
2 ბატე 3 2 0 1 6-5 6
3 ბაიერნი 3 2 0 1 4-4 6
4 ლილი 3 0 0 3 1-6 0

G ჯგუფი
სპარტაკი-ბენფიკა 2:1
გოლები: 1:0 რაფაელ კარიოკა (3), 1:1 ლიმა (33), 2:1 ჟარდელი (43-საკ. კარში).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნიკოლას პარეხა (სპარტაკი).

მოსკოვის "სპარტაკმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. მასპინძლებს ეიდენ მაკგიდი ჰყავდათ ტრავმირებული და ამიტომ ძირითადში ჯანო ანანიძე გამოჩნდა, რომელმაც 57-ე წუთამდე ითამაშა და ერთ ეპიზოდში გაიბრწყინა, როდესაც ლისაბონელებს მარცხენა ფლანგზე თავბრუ დაახვია და არის პასიც გაუკეთა, მაგრამ ამ უკანასკნელის ქუსლით დარტყმა არტურმა მოიგერია.

მატჩის ბოლოს უპირატესობას "ბენფიკა" ფლობდა, მაგრამ სტუმრებს ბევრი მომენტი არ ჰქონიათ. ყველაზე რეალური შანსი ხელიდან ედუარდო სალვიომ გაუშვა - არგენტინელი მოსკოველთა დებიუტანტ მეკარე რებროვთან პირისპირ დარჩა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მიუხედავად მარცხისა, პორტუგალიელებს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვთ, რადგან დარჩენილ ტურებში ორივე კონკურენტს შინ ეთამაშებიან.

უნაი ემერი ("სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი): "ბურთს ძალიან კარგად ვაკონტროლებდით და მეტოქესაც ბევრი არაფერი გავაბედინეთ. ძალიან კარგია, რომ პირველი ქულები ავიღეთ, მაგრამ მთავარია, რომ წარმატებას სხვა შეხვედრებშიც მივაღწიოთ".

ბარსელონა-სელტიკი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 სამარასი (18), 1:1 ინიესტა (45), 2:1 ალბა (90).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფრეიზერ ფორსტერი (სელტიკი).

"ბარსელონას" ისევ გაუჭირდა და კვლავ მატჩის ბოლოსკენ მოიგო. მიმდინარეობდა შეხვედრის 94-ე წუთი, როდესაც ადრიანოს ჩაწოდებულს საჯარიმოში ფეხი ხორდი ალბამ დაუხვედრა და გლაზგოელებს მთელი შრომა წყალში ჩაუყარა.

"სელტიკმა" გმირულად იბრძოლა, მაგრამ მაინც დაეცა. "ბარსელონა" უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტებს იშვიათად ქმნიდა. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ფრეიზერ ფორსტერმა, რომელმაც ყველა სახიფათო დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბოლო წამებზე ისიც უძლური იყო.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური წყარო გოლის ავტორად გეორგიოს სამარასს მოიხსენიებს, ბურთი საკუთარ კარში აშკარად ხავიერ მასკერანომ გაიტანა.

უეფას ოფიციალური საიტის მონაცემებით, ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 90:10-ზე იყო, რა თქმა უნდა, კატალონიელთა სასარგებლოდ.

მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბარსას" მომენტების შექმნა უჭირდა და გოლის გატანა მხოლოდ 45-ე წუთზე შეძლო. კატალონიელთა დიდებული ტრიოს, მესი-ჩავი-ინიესტას კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა - ბარსა უტევდა, მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა. ასე გაგრძელდა შეხვედრის ბოლო წამამდე, ხოლო თუ რა მოხდა 94-ე წუთზე, ეს უკვე მოგახსენეთ.

ნილ ლენონი ("სელტიკის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან იმედგაცრუებული, მაგრამ ამავე დროს, ამაყი ვარ. ჩვენ ყველას ჩამოწერილები ვყავდით, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ უძლიერეს გუნდებთან თამაშის უნარი შეგვწევს".

უნდი
1 ბარსელონა 3 3 0 0 7-3 9
2 სელტიკი 3 1 1 1 4-4 4
3 სპარტაკი 3 1 0 2 6-7 3
4 ბენფიკა 3 0 1 2 1-4 1

H ჯგუფი
მან. იუნაიტედი-ბრაგა 3:2
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ალანი (2), 0:2 ალანი (20), 1:2 ხ. ერნანდესი (25), 2:2 ევანსი (62), 3:2 ხ. ერნანდესი (75).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი).

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მორიგი ე.წ. "ქამბექი" შემოგვთავაზა და კვლავ ისე მოიგო, რომ მატჩის მიმდინარეობისას აგებდა, თანაც ამჯერად ორბურთიანი სხვაობით.

ეს ამ სეზონში "იუნაიტედისთვის" მე-12 ოფიციალური მატჩი იყო. ამ 12 შეხვედრიდან სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებმა გოლი 9-ში გაუშვეს და ამ 9 მატჩიდან 8-ჯერ დაწინაურება მეტოქემ მოახერხა.

ერთადერთი თამაში, სადაც საბოლოოდ "მანჩესტერმა" გოლი გაუშვა, მაგრამ ანგარიში თავად გახსნა, "ნიუკასლთან" ინგლისის ლიგის თასის დაპირისპირება იყო, რომელშიც "იუნაიტედმა" 2:1 იმარჯვა.

შეხვედრის წინ სერ ალექსმა "ბრაგა" შეაქო და განაცხადა, რომ ეს გუნდი სტუმრად უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე შინ.

შოტლანდიელის სიტყვები მე-20 წუთისთვის, როდესაც ალანმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში 0:2 გახადა, ბოლომდე გამართლდა.

მასპინძელთა საბედნიეროდ, მათ ერთი ბურთის გაქვითვა მალე შეძლეს და ამის შემდეგ "იუნაიტედის" საბოლოო გამარჯვებაში ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი, რადგან ასეთი სურათი უკვე ათასჯერ გვაქვს ნანახი და კიდევ არაერთხელ ვნახავთ.

საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც აქამდე ბევრჯერ მომხდარა - ევანსმა და "ჩიჩარიტომ" მეორე ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და საკუთარ გუნდს მესამე გამარჯვება მოუპოვეს.

ალექს ფერგიუსონი ("მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი): "მთელი სეზონია, ასე ვართ, ჯერ გოლს ვუშვებთ და ამის მერე დადებითი შედეგისთვის ვიბრძვით. ძალიან კარგია, რომ ასეთი მებრძოლი კოლექტივი ვართ, მაგრამ ყველა შეხვედრაში პირველი გოლის გაშვება უკვე მართლაც დამაფიქრებელია".

გალათასარაი-კლუჟი 1:1
გოლები: 0:1 ნუნკუ (19-საკ. კარში), 1:1 ბურაკ ილმაზი (77).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ფელიჩე პიკოლო (კლუჟი)

ამ სათამაშო დღის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია სტამბულში დაფიქსირდა, სადაც ძლიერი წვიმის გამო ატალახებულ "ალი სამი იენის" მოედანზე "გალამ" მოდუ სუგუს გარეშე დარჩენილი "კლუჟის" დამარცხება ვერ შეძლო.

სტუმრებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს და შემდეგ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გააკეთეს აქცენტი.

მატჩის 28-ე წუთზე პაოლო ტალიავენტომ რუმინელებს მატიას აგირეგარაი გაუძევა, ხოლო 35-ეზე კი მათ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ფელიპე მელომ ვერ გაიტანა. კაცნაკლულობის მიუხედავად, "კლუჟი" თავს ძალიან კარგად იცავდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ყოფილმა "იუვენტუსელმა" ფელიჩე პიკოლომ შეიტანა.

ფათიჰ თერიმი სირცხვილისგან ცვლილებაზე გამოსულმა ბურაკ ილმაზმა იხსნა, თუმცა "გალათასარაიმ" მეტის გატანა ვეღარ მოასწრო და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

დარჩენილი მატჩების კალენდრის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, თერიმის გუნდმა ჯგუფიდან გასვლა შეძლოს.

იოან ანდონე ("კლუჟის" მთავარი მწვრთნელი): "ჩემი ფეხბურთელები ნამდვილი გმირები არიან. მათ ბოლომდე იბრძოლეს იმისთვის, რომ ჩვენზე გაცილებით ძლიერი მეტოქე დაგვემარცხებინა".

უნდი
1 იუნაიტედი 3 3 0 0 6-3 9
2 კლუჟი 3 1 1 1 4-3 4
3 ბრაგა 3 1 0 2 4-5 3
4 გალათასარაი 3 0 1 2 1-4 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული